რატომ იძარცვება მასობრივად "მედიაპალიტრის" პრესის ჯიხურები?! - კვირის პალიტრა

რატომ იძარცვება მასობრივად "მედიაპალიტრის" პრესის ჯიხურები?!

"დარწმუნებული ვარ, დანაშაულს ერთი პირი ან ჯგუფი სჩადის"

ბოლო პერიოდში თბილისში ერთიმეორის მიყოლებით გაიქურდა "ელვა მარკეტის" ჯიხურები, სადაც, ძირითადად,  გაზეთები, წიგნები და ასევე თამბაქო, საღეჭი რეზინი და სხვა წვრილმანები იყიდება. უკანასკნელად "ელვა მარკეტის" ჯიხური 6 აგვისტოს ღამეს, აფრიკის დასახლებაში გაქურდეს. "ელვა მარკეტი" "მედიაპალიტრის" კუთვნილი პრესის გამავრცელებელი ჯიხურების ქსელია, - სულ 22 ობიექტი, რომელთა განსათავსებლად მედიაჰოლდინგმა მერიის აუქციონში გაიმარჯვა. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში "ელვა მარკეტის" 8 ჯიხური გაიქურდა, მათ შორის ორი 2-2-ჯერ გატეხეს(?!).

ვახტანგ მაისურაძე, "ელვა მარკეტის" დირექტორი: "პოლიციამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაკვლია დამნაშავეს. 14 წლის მოზარდი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა და მოგვიანებით არასრულწლოვნობის გამო გაათავისუფლეს (არ ვფიქრობ, რომ ის ბავშვი სხვა ძარცვებშიც მონაწილეობდა), ცხრა შემთხვევა კი რადიკალურად განსხვავებული იყო პირველისგან და ერთნაირი ხელწერით გამოირჩეოდა: ვიტრინას წებოვანს აკრავენ, შუშას გატეხენ და შედიან. იმდენად ოსტატურად აკეთებენ ამას, რომ კვალს არ ტოვებენ. თავდაპირველად, ობიექტებს დამცავი მექანიზმები არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯიხურების მასობრივად გატეხა დაიწყეს, დაცვის პოლიციას მივმართეთ და მისი მომსახურებით ვსარგებლობდით.

ბოლო ქურდობის დროს ობიექტებზე დამონტაჟებული იყო სიგნალიზაცია, მოძრაობისა და მსხვრევის დეტექტორები, მაგრამ რატომღაც არ ჩაირთო(?!). მძარცველები არ არჩევენ ნივთებს, მიაქვთ ყველაფერი, რაც ჯიხურში ინახება, აფრიკის დასახლებაში მხოლოდ "კვირის პალიტრის" მიერ გამოცემული დაახლოებით 150 ლარის ღირებულების წიგნები წაიღეს. საერთო ჯამში ზარალმა 13-14 ათას ლარს მიაღწია. ყოველ ჯერზე მოდიან გამომძიებლები, პატრული, კინოლოგები, კრიმინალისტები. თითქოს აიღებენ კვალს, მაგრამ კვალი მალე იკარგება და გამოძიებაც ერთ ადგილს ტკეპნის. გაქურდვის მიზეზებზე საუბარი მიჭირს, თუმცა, შემთხვევათა გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, დანაშაულს ერთი პირი ან ჯგუფი სჩადის. ამჯერად ყოველი ჯიხურის საქმე სხვადასხვა გამომძიებელს აქვს მიბარებული, რადგან ჯიხურები სხვადასხვა რაიონშია გატეხილი. გვინდოდა გაერთიანებულიყო ეს საქმეები, მაგრამ უარი გვითხრეს, არსებობს ერთიან მონაცემთა ბაზა და საქმეებს ვერ გავაერთიანებთო. ამიტომ ვუვლი მთელ ქალაქს წრეს და რაიონიდან რაიონში დავდივარ საქმის სხვადასხვა გამომძიებელთან გასარკვევად".

ჩანს, საქმის გარკვევას სამართალდამცავ სტრუქტურებში მაინცდამაინც არ ჩქარობენ. ხელისუფლებას თავისუფალი მედია არასოდეს ეხატებოდა გულზე და ეტყობა, მისი ჯიხურების მასობრივად გაქურდვის საქმეები მნიშვნელოვან საქმეთა შორის არც განიხილება.

ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე გამომძიებელთან დაკავშირებას. პრესასთან საუბარს მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის გამომძიებელი დათანხმდა, რომელიც თემქის გაქურდული ობიექტის გამოძიებას ხელმძღვანელობს და გვითხრა, რომ ახალი არაფერია, არ არსებობს თითის ანაბეჭდები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს არა აქვთ ღამის ხედვის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, გამოძიება წინ ვერ მიდის(?!).

პრესის ჯიხურებით, რომელიც სხვათა შორის არ არის დიდად მომგებიანი ბიზნესი, მერია სოლიდურ შემოსავალს იღებს. ამას კი ახლა ისიც დაემატა, რომ ამ "უსაფრთხო ქალაქში" "ელვა მარკეტის" პრესის ჯიხურები ერთიმეორის მიყოლებით გაქურდეს და ჯერჯერობით დამნაშავის დაჭერა ვერ მოხერხდა.

ძარცვა-ქურდობა სად არ ხდება, მაგრამ გასაოცარი ის არის, "ყველაზე უსაფრთხო ქალაქში", სადაც მერაბიშვილის ყოფილი უწყების შიშით ცაში ჩიტი ვერ დაფრინავს და მიწაზე ჭიანჭველა ვერ დაცოცავს, როგორ მოხდა, რომ ვერა და ვერ მოხერხდა ქურდების დაკავება, რომლებიც თითქმის ყოველღამ ძარცვავენ "მედიაპალიტრის" ჯიხურებს?!