"კახეთში არაფერი შეცვლილა" - კვირის პალიტრა

"კახეთში არაფერი შეცვლილა"

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ეუბნებიან, ივანიშვილმა გადაგიხუროთო"

"მაგათი მოცემული ორი ტომარა ფქვილი რამდენ ხანს გვიშველიდა?"

კახელი გლეხები ჩივიან, რომ ხელისუფლება საკომპენსაციოდ შეპირებულ ფულს არ აძლევს. გამოგველია მაგათი მოცემული ორი ტომარა ფქვილი, რამდენ ხანს გვიშველიდა ზღვაში წვეთივით დახმარება? არ ვიცით, თავი რა გზას მივცეთ, მალე ბავშვები შიმშილით აგვიტირდებიან. ბიძინა ივანიშვილს რომ იმხელა ფული წაატყავეს, სად არისო, - ამბობენ გურჯაანელები და თელაველები. "კვირის პალიტრა" "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მანანა ბერიკაშვილს კახეთში დაუკავშირდა.

- მძიმე სიტუაციაა. თითქოს არაფერი შეცვლილა. მოსახლეობას ვხვდებით, ვავსებინებთ ანკეტას, რათა გავიგოთ, ვის როგორ და რა აუნაზღაურდა. სახურავების ნაწილი გადაიხურა, ისიც სანახევროდ. ჩვენს მხარდამჭერებს კი ეუბნებიან, ივანიშვილმა გადაგიხუროთო. პოლიტიკური ნიშნით ხდება ხალხის გამორჩევა. 1.500 ლარი, ხელისუფლებას ამ ხალხისთვის რომ უნდა გადაერიცხა, დაზარალებულებამდე ჯერაც არ მისულა.

ჩვენი აღწერით, გლეხები საშუალოდ ათი ათასი ლარით დაზარალდნენ, არ უნდა დავივიწყოთ საბანკო სესხებიც, რომელთა ერთი წლით გადავადება ხელს არ აძლევს გლეხს, რადგან ის ერთი წლის შემდეგაც ვერ მიიღებს მოსავალს. ენით არ ითქმის, ისეთი რთული სიტუაციაა კახეთში.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმის სახით გადაიხადა 80 მილიონი, ითქვა, რომ გააკონტროლებდა, თუ სად წავიდოდა ეს ფული.

- ჩვენ მხოლოდ იმას ვაკონტროლებთ, გადაირიცხა თუ არა დაპირებული თანხები, მაგრამ ვიმეორებ, ჯერ არავისთვის არაფერი მიუციათ, არადა, თვე გადის უკვე. სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, რომ ეს ფული დროულად მიეცეს ხალხს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მას სხვა გზა არ დაუტოვეს და მხოლოდ ამ ფორმით შეუძლია დაეხმაროს ხალხს. ის თავის სიტყვას საბოლოოდ აასრულებს ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ხელ-ფეხი გაეხსნება. ხელისუფლებას ვუკიჟინებთ, რომ მისცეს გლეხს თავისი კუთვნილი. ვნახოთ, რას იზამს.