კახეთის ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი ყოფილა?! - კვირის პალიტრა

კახეთის ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი ყოფილა?!

"თუ ეკოლოგიას არ მივხედეთ, ყველაფერი უკან დაგვრჩება", - ასე აფასებენ ეკოლოგიური ექსპერტები ჩვენს ქვეყანაში შექმნილ გარემოს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რაც მოსახლეობაზე უკვე რეალურად აისახა. ეს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერჯერობით არ ანაღვლებს. ბატონი ოთარ ტყემალაძე ერთი-ერთი ექსპერტთაგანია.

- არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია, ქვეყანა არ გაეჩეხა, არ გაეძარცვა და ეკოკატასტროფის წინაშე არ დაეყენებინა მიწა, ტყე, ზღვა, მდინარეები, ჰაერი. ყველაზე საშიში ეკოლოგიური უბედურების ზონებია, რომელთა არსებობას ნებისმიერი ქვეყანა უბედურებად მიიჩნევს და არაფერს ზოგავს მათ მოსასპობად. ამ ზონებს ეკოლოგიური კატასტროფები და ვანდალიზმი წარმოქმნის. ჩვენ ასეთი ზონა უკვე ორი გვაქვს - მდინარე მაშავერას აუზი და ბორჯომის ხეობა. ბევრს ახსოვს, რა ამბავი ატეხა დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალაუფლების ხელში აღებამდე მდინარე მაშავერასა და კაზრეთულას აუზში მდებარე მადნეულის კომბინატის თაობაზე. კომბინატი, რომლის სიმძლავრე წელიწადში მილიონი ტონა სპილენძი და 250 000 ტონა ბარიტია, მთავარ ეკოლოგიურ მონსტრად გამოაცხადეს, საიდანაც მძიმე ლითონები მდინარეებში ჩაედინება, იქიდან ნიადაგში და სავარგულებში ხვდება (მაგალითად, სპილენძი ნიადაგში დაშვებულზე 10-ჯერ მეტია, თუთია, - 5-ჯერ, კადმიუმი - 4-ჯერ). კატასტროფას აძლიერებს ისიც, რომ წყლის დაბალი მჟავიანობის გამო ეს ლითონები წყალში იხსნება. დღეს ეს კატასტროფული ზონა ხელისუფლებისათვის შემოსავლის წყაროდ იქცა. გარემოს დაცვის სამინისტროში დევს შეთანხმება, რომლის ძალითაც ხელისუფლებამ ბოლნისის მადნეულის კომბინატს 13 მილიონ ლარად აპატია(?!) 1995 წლიდან 2012 წლამდე გარემოს მოწამვლა, ხალხის გაუბედურება, ბუნებრივი რესურსების გაჩანაგება...

- ანუ კომბინატი დააჯარიმა?

- ამ აქტს დავარქმევდი საპროცესო გარიგებას სისხლის სამართლის დანაშაულზე. ფული, იმის ნაცვლად, რომ ეკოლოგიური კატასტროფებისავე აღმოფხვრას მოხმარებოდა, კაცმა არ იცის, საით მიედინება. დაუფინანსებლად დატოვეს ეროზიისა და გაუდაბნოების პროგრამები. მთიან აჭარაში მეწყერს მიაქვს ყველაფერი, მხოლოდ 24 ჰექტარზე ჩატარდა ეროზიული სამუშაოები, რაც ბროშურის გამოცემით დაადასტურეს. ბროშურა უშველის ამ უბედურებას?!

ასეთივე უბედურება გვჭირს ბორჯომის ხეობაში, სადაც რუსებთან ომისას 950 ჰა ტყე გადაიწვა, რაც დარჩა, მავნებლები ჭამენ! ხალხს ტყეებზე ატეხილი ხმაურიც კარგად ახსოვს, რომელიც ალბათ უცხოეთიდან დახმარების მოზიდვას ემსახურებოდა, თორემ რა ეტყობა ტყეებს აღდგენისა!

ტყის განადგურებას და ქარსაფარი ზოლების გაჩეხას კი მიწის ეროზია, მეწყერი და გაუდაბნოება მოჰყვა. ბოლო წლებში 3 000 ჰექტარი მიწის გაუდაბნოება დაიწყო. ამას ხელს გლობალური დათბობაც უწყობს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უდაბნოს ზონა არ არის, რომ ამ მიწების გადარჩენა არ შეიძლებოდეს - ტყის, ქარსაფარი ზოლის აღდგენა და კარგი სარწყავი სისტემა უშველის ამ საქმეს. რაც დაგვრჩა, იმ ტყეებსაც ანადგურებენ უცხოელებიც და ჩვენც. ისპობა გამწვანება ქალაქშიც - იმის მეათასედიც არ ირგვება, რაც მოიჭრა. ქალაქებში კატასტროფულადაა დაბინძურებული ჰაერი. თბილისში აზოტის, გოგირდის დიოქსიდის, ნახშირჟანგის, ჭვარტლის შემცველობა მრავალჯერ აღემატება ნორმას. გახშირდა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები. არავინ ფიქრობს, ეს უბედურება შეაჩეროს... საწარმოები ან წყლის ძველი გამწმენდებით მუშაობენ, ან გამწმენდები საერთოდ არ გააჩნიათ და ნარჩენებს პირდაპირ წყალში ყრიან.

69 ნაგავსაყრელიდან არც ერთში არ არის დაცული სანიტარიული ნორმები.  არსებობს დამარხული შხამიანი ნაგავსაყრელებიც, მაგალითად, მარტყოფის რადიაციული ნივთიერებების სამარხი, რომელსაც ისეთი ღობეც არ გააჩნია, ადამიანი თავისუფლად ვერ შევიდეს.

-  არ შეიძლება, რომ მსგავს საფრთხეებზე მონიტორინგი გამოცხადდეს?

- შეიძლება, მაგრამ ამას ფული სჭირდება. ხელისუფლებამ კი ისეთი სტიქიური უბედურებების თავიდან ასაშორებლადაც ვერ გაიმეტა ფული, როგორიც ახლახან კახეთის დასეტყვა იყო. კაცი რომ დაიღუპება, მერე ტირიან ნიანგის ცრემლებით. ხელისუფლებისთვის მთავარია, რაიმეზე ხმაური ატეხოს და ვითომ ხალხის მფარველად გამოჩნდეს, ვიდრე უბედურება ააშოროს. გასულ საუკუნეში არსებობდა საშუალებები, რომელიც კახეთს სეტყვისგან 70 პროცენტით იცავდა. ამ დანადგარს "ალაზანი" ერქვა...

როცა მეტეოსადგურები სეტყვის ღრუბელს დააფიქსირებდნენ, ზარბაზნებს ესროდნენ და იფანტებოდა. ხანდახან სეტყვას ბოლომდე ვერ ერეოდნენ, მაგრამ სად მთელი მოსავლის განადგურება და სად - მცირე ნაწილისა! მწყობრიდან გამოსული ზარბაზნები დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს(!). მას შემდეგ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების შეძენა აზრად არავის მოსვლია. დღეს კაცობრიობამ ბევრად უკეთესი რადარებიც შექმნა, მაგრამ ისინი ჩვენი გლეხისთვის არ არის ხელმისაწვდომი. რაზეა ლაპარაკი, როცა სტიქიური მოვლენების პროგნოზის სადგურებია მთლიანად განადგურებული.

საქართველოში 300 მეტეოსადგური იყო, რომლებიც სეტყვის, ქარიშხლის, ღვარცოფების პროგნოზს ორი დღით ადრე ატყობინებდნენ მოსახლეობას. დღეს კი მხოლოდ 40 მეტეოსადგური გვაქვს, უმრავლესობა - ბიძინა ივანიშვილის წყალობით.

როცა მსოფლიო მეტეოსაზოგადოებიდან  საწევროს შეუტანლობის გამო გაგვრიცხეს, ბატონმა ბიძინამ შემთხვევით გაიგო და დაგროვილი საწევრო -  50.000 დოლარი გადაიხადა. შემდეგ წამოვიდა დახმარებები სხვადასხვა ქვეყნიდან, რითაც 40 მეტეოსადგური შევიძIინეთ. მაგრამ შეუძლებელია, 40-მა მეტეოსადგურმა მთელი საქართველოს მასშტაბით გააკეთოს მოსალოდნელი კატაკლიზმების სრული ანალიზი.