"დღეს პრიორიტეტული თითოეული მოქალაქის გადარჩენაა" - კვირის პალიტრა

"დღეს პრიორიტეტული თითოეული მოქალაქის გადარჩენაა"

ვარდების ხელისუფლების მთავარი ამოცანა და უპირველესი მიზანი  - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - აგვისტოს ომმა გააცამტვერა. ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად, მიწები დავკარგეთ. XXI საუკუნეში, ფაქტობრივად, ლეკიანობა დაბრუნდა. გლეხი ტყესა და ყანაში შიშით ვეღარ გასულა, რადგან იტაცებენ და "საზღვრის დარღვევისათვის" ასამართლებენ. ასეთ ვითარებაში პრიორიტეტებიც შეიცვალა. რა არის დღეს პრიორიტეტული და რა უნდა გახდეს ქართველი საზოგადოების უპირველესი ამოცანა? ამ საკითხებზე ფსიქოლოგიის დოქტორი მარინა ბალიაშვილი გვესაუბრა:

- ხშირად გაიგონებთ, მოვითმინოთ, იყოს ეს კაცი, სანამ საპრეზიდენტო ვადა არ გაუვა. კანონის ფარგლებიდან არ გავიდეთო. ეს ფორმულა ლოგიკურად მოიკოჭლებს და  პარადოქსულიც კი ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული რომ იყო, ყველამ იცის. მიუხედავად ამისა, არჩევნების  დადებითად შეფასებით საერთაშორისო ორგანიზაციებმა სააკაშვილის მმართველობა კიდევ ერთი ვადით მოგვახვიეს თავს. ამას კონკრეტული მიზანი ჰქონდა, - სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვება. დასავლეთზე ზედმეტი წარმოდგენა შევიქმენით. რა არის საქართველო, რა სივრცეში მოდიან  და რისთვის, ვერც აცნობიერებენ. ჩინოვნიკურად უდგებიან ყველაფერს და  ჰგონიათ, რაც ზამბიაში გააკეთეს, აქაც იგივე ფორმა გამოდგება. ჰგონიათ, მიაგნეს   უნივერსალურ ფორმულას, - ქვეყნის სათავეში დასვან თავიანთი კაცი, რომელიც მათ პოლიტიკას გაატარებს. მაგრამ ამ თითქოსდა "უნივერსალურმა ფორმულამ" საქართველოში მარცხი განიცადა. სააკაშვილი მათ პოლიტიკას ვერ ატარებს, რადგან არც საქართველოა ზამბია და არც სააკაშვილი იმდენად უნარიანი, სხვისი დავალება კარგად შეასრულოს. დასავლეთმა კარგად დაინახა, რომ არჩევანი შეეშალა. წესით, უნდა შეცვალონ მიდგომა, მაგრამ მიუხედავად დიდი შეცდომებისა, სააკაშვილს ისევ უპირობო მხარდაჭერა აქვს. შეცდომების გამო პასუხს არავინ სთხოვს და ისიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. რატომ გამოდის ხალხი ქუჩაში და რა აწუხებს, ამაზე ხელისუფლებაში არავინ  ფიქრობს.

- ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ საზოგადოების აქტიურობა სააკაშვილს სკამზე უარს ათქმევინებდა, მაგრამ ამან პრეზიდენტს გული ვერ აუჩვილა.

- ოპოზიციამ ყოველდღიურად უნდა შეაწუხოს ხელისუფლება. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება რამეს შეცვლის. პროტესტს შედეგი რომც არ ჰქონდეს, ის ჩვენ გვჭირდება. საზოგადოებამ  უნდა გააპროტესტოს ის, რაც არ მოსწონს, რაც შეურაცხმყოფელია მისთვის. პროტესტი აქცევს ადამიანს პიროვნებად. მხოლოდ ცხოველი ეგუება ნებისმიერ ვითარებას და არა აქვს პროტესტი. ღირსებააყრილი კაცი სრულფასოვანი ადამიანი არ არის. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნა. მიუხედავად იმისა, იცოდნენ, რომ ფაშისტებს ვერ აჯობებდნენ, ფრანგებმა მიიჩნიეს, რომ თავად ქვეყანას სჭირდებოდა ეს მოძრაობა. ასევე სჭირდება დღეს საქართველოს პროტესტის გამოხატვა. სჭირდება იმის დასადასტურებლად, რომ ჯოგი კი არა, ხალხი ვართ და უდიერ დამოკიდებულებას  არ ვეგუებით.

მაინც არაფერი გამოვა და  შევეგუოთო, ხელჩაქნეული ხალხის პოზიციაა. არ ვამტყუნებ ამის გამო.

ერი აპათიაშია. ამ დროს ადამიანისთვის ყველაფერი სულერთია, ოღონდაც თავი დაანებონ, არ შეაწუხონ და ხვალ რა იქნება, აღარ დაეძებს. ეს უმძიმესი  მდგომარეობაა. ადამიანი მომავალზე ორიენტირებული არსებაა და როდესაც ეს განცდა აღარა აქვს, მისი  არსებობის ხარისხი ძალიან მდარე ხდება. ადამიანი უნდა შეეწინააღმდეგოს აპათიას, ძალას მოუხმოს, რეზერვები აამოქმედოს. შემგუებლობა დააზარალებს. როგორც წესი, მაღალი კულტურის ადამიანი შემგუებელი არ არის.

-  საზოგადოების წარმმართველი  საპროტესტო მოძრაობის დროს ოპოზიცია იყო. მან რა შეცდომები დაუშვა?

- არ იყო სწორი თარიღების დათქმა და კონკრეტულ საკითხზე ხალხისთვის მოლოდინის შექმნა. ოპოზიციას ხალხი პასიურ მდგომარეობაში არ უნდა ჩაეყენებინა, უნდა ეთქვა ხალხისთვის, - ერთად გავაკეთოთ ეს საქმეო. მან კი გაამარტივა ამოცანა, - თუ ბევრი გამოხვალთ, სააკაშვილი გადადგებაო. ვინც პრეზიდენტს იცნობს, უნდა სცოდნოდა, რომ ხალხის გამოსვლა გადადგომას ვერ აფიქრებინებდა. ეს არ არის კაცი,  რომელიც წესსა და კანონს მისდევს. მისთვის საკუთარი თავი და მდგომარეობაა მთავარი, ძალაუფლება ძალაუფლებით ტკბობისთვის კი არა, ბავშვობაში არარეალიზებული სურვილების დასაკმაყოფილებლად უნდა. სააკაშვილი არ არის სტალინი, რომელიც ძალაუფლებით ტკბებოდა და დახეული ტანსაცმლით დადიოდა. სტალინისთვის ძალაუფლება არ იყო საშუალება, რომ რესტორანში წასულიყო და ქალებთან დრო ეტარებინა. სააკაშვილს კი კარგი ცხოვრება უნდა და ამის საშუალება მისთვის ძალაუფლებაა. პრეზიდენტის გარემოცვაშიც ანგარებიანი, მატერიალურ კეთილდღეობასა და კარგ ცხოვრებაზე დახარბებული ხალხია. დააკვირდით, სააკაშვილმა კონსულტანტების რჩევით მოიყვანა ხელისუფლებაში არაფრის მქონე ხალხი და "რაღაცად" აქცია. ეს მართვის ძალიან მარტივი ხერხია. ყველა დიქტატორი ამას აკეთებდა.

- რა მთავარი შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?

- ხელისუფლებამ  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაისახა ამოცანად და ისიც დაკარგა, რაც გვქონდა. მეტი რაღა უნდა დაისახოს? ის ახლა დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავს, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ხელისუფლებაშიო. იმდენი ცუდი გაუკეთეს ქვეყანას, დიდი დრო დასჭირდება ყველაფრის გამოსწორებას. ახლა ყველა კონკრეტული ინდივიდი უნდა ეცადოს, თავი გადაირჩინოს. დღეს პრიორიტეტული თითოეული მოქალაქის გადარჩენაა. უნდა დავიცვათ ის წესები და ღირებულებები, რამაც ამდენი საუკუნე გაგვაძლებინა. ჩვენი ცხოვრების წესი, კაცთმოყვარეობა, რელიგია ის ღირებულებებია, რაც დრომ გამოსცადა. ჩვენსავით ძველი ერი განა ბევრია? რახან გადავრჩით, ე. ი. სწორად მოვდიოდით. ამიტომ ის უნდა შევინარჩუნოთ, რაზეც ვიდექით.

ხალხის ბრძოლა, ემოცია ფუჭად არ ჩაივლის. სჯობდა, ეს ბრძოლა შედეგიანი ყოფილიყო, მაგრამ კარგი ისაა, რომ  ამ ბრძოლაში ქართველი საზოგადოება გაიზარდა და აღიდგინა თავმოყვარეობა. ის უთუოდ  გადააფასებს თავის ნაბიჯებს, უფრო მომთხოვნიც გახდება და მის სწორ ქმედებებსაც უნდა ველოდოთ. ხელისუფლების ნათქვამზე, გზა გაგიყვანე და დენი მოგეციო, ხალხი არ უნდა დახურდავდეს და ღირსებაზე არ უნდა თქვას უარი. 20 წელი ყალყზე იმიტომ დგას ქართველი ხალხი, რომ ღირსება დენსა და გზაზე გაცვალოს?

იაფფასიანია ამ ხელისუფლების ქმედებები და ფილმიც, რომელშიც სააკაშვილი დიდ ფულს იხდის. ეს ფილმი უცხოეთისთვისაა, ჩვენ ხომ ვიცით, ვინ ვინ არის.

ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვა ბანაკში არიან. ხელისუფლება იმდენად ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში, რომ რეალობას მოსწყდა და ცრუწარმოდგენებს იქმნის. ჯგუფურ იდეოლოგიას ახასიათებს, ჩაუკეტავს ყველას  მისასვლელს და გამოეყოფა გარე სამყაროს. ამ დროს იქმნება საზღვარი - ჩვენ და ისინი.  ამგვარი იზოლირება არაჯანსაღია, რადგან იზოლირებული ხალხი რეალობას აქცევს ზურგს. ჯგუფის იზოლაციის დროს კი გამოიყოფა ერთი, ვინც  მართავს. იზოლირებულებს ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან, რადგან    ერთმანეთისაგანაც ის ესმით, რაც უნდათ, რაც სიამოვნებთ. ეს ნაპრალი ქართველ საზოგადოებაში აქამდე არ ყოფილა და დიდხანს  ვერც იარსებებს. თუ საზოგადოების გახლეჩა გაგრძელდა, შესაძლოა, კიდევ ერთი რევოლუცია მოხდეს.

ხელისუფლებამ ხალხის გარდა  ავტორიტეტებზეც თქვა უარი. სულ რომ ხმა არ ამოიღოს ჭაბუა ამირეჯიბმა, იციან, რასაც ფიქრობს მათზე და ამიტომაც მისნაირი ადამიანების ახალი, ყალბი ავტორიტეტებით ჩანაცვლება დაიწყეს. Mმაგრამ ჭაბუა ამირეჯიბს ზაალ სამადაშვილით ვერ ჩაანაცვლებენ, ოთარ ჭილაძეს კი - ლაშა ბუღაძით.