გურულების ენაკვიმატობა - ჯემალ ჭკუასელის კურიოზები - კვირის პალიტრა

გურულების ენაკვიმატობა - ჯემალ ჭკუასელის კურიოზები

"კვირის პალიტრის" არქივი, 17 აგვისტო 2012

ნათქვამია: წლები ჩვენი სიმდიდრეაო. რაც დრო გადის, მეხსიერების "სკივრი" უფრო მეტი და მეტი მოგონებით ივსება. ყოველი ლამაზი და სასიამოვნო დღე ჩვენი სახსოვარია... სახსოვარი კი, ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს.

ზაფხულის ამ ცხელ დღეებში, სანამ საარჩევნო ორომტრიალი დაიწყება, გვინდა, ჩვენი მკითხველი გავახალისოთ და რუბრიკით "სახსოვარი" ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან სასიამოვნო და კურიოზული ეპიზოდები შევთავაზოთ.

"ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბატონ ჯემალ ჭკუასელთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ანსამბლის შესახებ უამრავი რამ აქვს მოთხრობილი... არ დაგავიწყდეთ, რომ ის გურულია, გურულ კაცს კი იუმორის გრძნობა დაბადებიდან მოსდევს.

ბატონი ჯემალი სიმღერასთან ერთად იუმორის შესაშური ნიჭითაა დაჯილდოებული, რის გამოც მას ყოველთვის გამორჩეულ რესპონდენტად მივიჩნევ.

ამიტომაც გადავწყვიტე, რუბრიკის პირველ სტუმრად ჯემალ ჭკუასელი მომეწვია.

მას გასახსენებელი ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ ამჯერად რამდენიმე ეპიზოდს მოგვიყვება, იმას, რომელიც ბატონ ჯემალს განსაკუთრებულად უყვარს:

- სოფელ შემოქმედში ვსწავლობდი. მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერვედან კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. საკლასო ჟურნალში ორიანები მომიმრავლდა. პირველი მეოთხედის ბოლოს თითქმის ყველა საგანში ორიანი მქონდა, მხოლოდ სიმღერაში მეწერა ფრიადი. მამაჩემი საკმაოდ მკაცრი ადამიანი იყო. ეს კარგად იცოდნენ მასწავლებლებმაც, ამიტომ კარგა ხანს არაფერს ეუბნებოდნენ. ბოლოს მაინც გადაწყვიტეს, სკოლაში მოეწვიათ და ჩემი სიზარმაცის შესახებ ეთქვათ. სამასწავლებლოში მეც ვიყავი, მასწავლებლები შეწუხებული სახით იდგნენ. სკოლის დირექტორმა ქეთევან ჭანუყვაძემ მამას მორიდებით გადაუშალა საკლასო ჟურნალი, თან ჩემსა და მამას შუაში ჩადგა, აქაოდა ბავშვი "არ შემოაკვდესო" (ამის მეც საკმაოდ მეშინოდა). მამაჩემმა ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი ორიანების რიგი და იკითხა: ბოლოში ხუთიანი რაში უწერიაო?

- სიმღერაში, - ხალისიანად უპასუხეს მასწავლებლებმა.

- აი სიმღერა მე ვასწავლე და თქვენ აქანა არაფერს აკეთებთ? - თქვა მამამ და მკაცრად გადახედა სახტად დარჩენილ მასწავლებლებს.

...ეს ეპიზოდიც სიყვარულს უკავშირდება. წამოვიზარდე და კვლავ მეწვია სიყვარული. ფოტოაპარატი "კომსომოლეცი" შევიძინე. მინდოდა, ჩემი გულის სწორისთვის ფოტოები გადამეღო, მაგრამ იგი ზედაც არ მიყურებდა და ფოტოს გადასაღებად რას გამიჩერდებოდა?! იძულებული გავხდი, ზურგიდან გადამეღო მისთვის სურათები. ეტყობა, მამაჩემმა მიაგნო ზურგიდან გადაღებული სურათების კოლექციას, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, შევეცოდე და მირჩია: შვილო, გაყიდე მაი აპარატი. იცოდე, რასაც "კომსომოლეცი" ჰქვია, სიკეთეს არ დაგაყრის. პაწა ფულს დაგიმატებ და იმისთანა აპარატი იყიდე, მარტო უკანალს კი არა, ცხვირ-პირსაც რომ იღებდესო.

მამას ცხელი ღომი ძალიან უყვარდა. ერთხელაც დედამ სადილად ქაფქაფა ღომის-ღომი შემოიტანა და მაგიდაზე დადგა. მამამ გაგრილება არ აცალა, აიღო კარგა მოზრდილი ნაწილი და გადაყლაპა. ეტყობა, ნამეტანი დაეწვა პირი, წამოხტა და გარეთ გავარდა.

- სად გარბიხარ?- მიაძახა დედამ.

- მე ხომ დევიწვი და დევიწვი, იქნება, სკამი მაინც გადავარჩინოო, - მოგვესმა სათხილედან.

დამეთანხმებით, მამებს ძალიან უჭირთ ქალიშვილების გათხოვება, მით უფრო, ნაადრევად. ჩემი ქალიშვილი, ეკა, ჩემს მოსწავლეს, ქუთაისელ ვანო ჩხაიძეს გაჰყვა ცოლად, უფრო სწორად, გაიპარნენ, რადგან იცოდნენ, რომ მათ შეუღლებას იმ პერიოდში არ დავუშვებდი. კარგა ხანს ვემდუროდი, მაგრამ ბოლოს მაინც შევურიგდი. ვანიჩკა კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ჩემს ანსამბლში მღერის, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ქალიშვილის უკითხავად წაყვანა კარგა ხანს ვერ ვაპატიე, ამიტომაც სულ საბაბს ვეძებდი ოხუნჯობისთვის.

ერთხელ ჩვენი ანსამბლი საგასტროლოდ იმყოფებოდა უცხოეთში. კონცერტიდან დაღლილები ვბრუნდებოდით სასტუმროში. ავტობუსში მოწყენილობა სუფევდა და გადავწყვიტე, ჩემს სიძეზე მეხუმრა. ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი:

- ჩემი საქმე ვერაა კარგად, ხალხო!

უმალ გამოფხიზლდა ყველა, რა ხდებაო, შემომაჩერდნენ. მე განვაგრძე:

- რაღა რა ხდება, ერთობ "ორიგინალური" სიძე შემხვდა, წარმოშობით გურულია (მერე, მაგას რა სჯობიაო, მითხრეს აქეთ-იქიდან), მარა ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, თანაც ებრაელების უბანში, დედა მეგრელი ჰყავს (ძალიანაც კარგიო, - გახალისდნენ მეგრელები), ბიჭო, გამოტყდი, კიდევ რა უბედურება გჭირს-მეთქი, მივუბრუნდი ჩემს სიძეს.

ვანიჩკა აქამდე ჩუმად ისმენდა ჩემს "ბრალდებებს", ბოლო კითხვაზე კი ვეღარ მოითმინა და მითხრა: თქვენი სიძე რომ ვარ, ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა მჭირდესო?!

ასეთ პასუხზე სხვა რაღა უნდა მეთქვა? მოვკაკვე თითი.

(სპეციალურად საიტისთვის)