რა კაფია უძღვნა პრეზიდენტს ხადელმა გრიშა პაპამ - კვირის პალიტრა

რა კაფია უძღვნა პრეზიდენტს ხადელმა გრიშა პაპამ

გრიშა ზაქაიძე: "როგორ დავბეჩავდით, რომ ქისტეთში ჩვენზე ლაპარაკობენ, - ქართველებს ისე აქვთ საქმე, რომ შეიძლებოდეს, ნახევარ ბალღს გააჩენენო"

გრიშა პაპა მთიულია, ხადელი. აქ თავისნაირ ხუთ ყრანტთან (ასე ეძახის ბებრებს!) ერთად ცხოვრობს. ოთხნი გზის აქეთ არიან, ორნიც იქეთ - თამარი და ანიკო ზაქაიძეები. ზამთარში რომ ჩამოთოვს, ცოცხალი არიან თუ მკვდარი, ერთმანეთის სახლის საკვამურიდან ამოსული კვამლითღა ხვდებიან.

ამ ზაფხულს გრიშა პაპა  სახსრებმა შეაწუხა და ბრაზობს, - ცოცხალი კაცი ჯდომისთვის უნდა გაცდესო?! - მითხრა, მერე გვერდზე გაიწია, ჩამოჯექიო, -  და დასძინა: - მიშასთან რამე უნდა დაგაბაროო.

პრეზიდენტთან-მეთქი? ჰო, მაგრამ ჯერ ჩემს სოფელზე გეტყვი, ხადაზე რო ლექსია, იცი? "არ ვიცი ხანდო-ჭართალი,/ გუდამაყარი სად არი,/ ხადაში გამიგონია/ სამოცი ციხე მაღალი,/ კაცი არ შემომხვედრია/ ზეზვაი ვაჟზე მაგარი!" ეგ ზეზვა და ელგუჯა ხადელები იყვნენ, თურქები რო შემოვიდოდნენ, ჭიანჭველებივით სრესდნენ თურმე. ერთხელაც თურქებს მაინც უჯობნიათ ხადელებისთვის და სოფელში დამდგარან. ელგუჯა 30 კაცთან ერთად გამოქვაბულში დამალულა. იმ გამოქვაბულს ახლაც ელგუჯას გამოქვაბულს ვეძახით. გამოვიდოდა დილით იქიდან, ავიდოდა ხეზე და უცქერდა მოპარპაშეებს გულგაგლეჯილი. ერთხელაც ხედავს, თურქების ბელადი აქეთ-იქით დადის. სიარული მასე არ უნდა, მოხდეს, რაც მოსახდენიაო და გაუგორებია თოფით. არეულა მტერი უბელადოდ და ელგუჯაც გამოჰკიდებია თავისი ბიჭებით - ან ახლა უნდა გავწყვიტოთ, ანდა მერე თავად გაგვწყვეტენო. მისდიეს წილკნამდე და მარტო ერთი კოჭლი კაცი დაუტოვეს მომხდურს ამბის გადამტანად, - აგე წინ კარი, წადი შენიანებთან და უთხარი, ქართველებისკენ გამოხედვა აღარ გაბედონო. ამიტომაც წილკანს ადრე წინკარი ერქვა. ახლა ამით რატო დავიწყე ლაპარაკი - რაზეც დავფიქრებულვარ, ყველაფერი გონებით ამიხსნია, ეს ერთი რამ კი ვერ ამოვხსენი, - ამდენი უსაქციელობა რამ დაგვმართა! არიხილოს კალო გაგიგია?

- თუ არხილოსი?

- არიხილოსი-მეთქი! არ იხილო იმიტომ ერქვა, რომ ზედ თურქებმა თოთო ბალღები მტევნებივით დაჭყლიტეს ცხენებით. ცოცხლად ვინც დარჩნენ, ერთმანეთს ეხვეწებოდნენ, იქაურობა არ ნახოო! არ იხილოო! იმიტომ ადრე ჩვენი ქალი თათარს დაეკვლევინებოდა და არ დანებდებოდა, ახლა თავად უცვივიან ხელებში! ეს არის საქციელი?!

მიშა რო მეორედ პრეზიდენტად მოდიოდა, ვიდექ და ნიორსა და პურსა ვჭამდი, ტელევიზორში რო გამოჩნდა, მივედი და ხმა ავუწიე, იქნება კარგი რამე გვითხრას-მეთქი - ჩემი მეორე პრეზიდენტობის დროსა, პენსია 100 დოლარი გაგიხდებათო. ტყუილს ამბობსო, - მძახალმა. რას ამბობ-მეთქი! მერე დამცინოდა. ჩემს მძახალს რუსეთმა პენსია 400 ლარი დაუნიშნა - იქ ცხოვრობდა, ჩვენ აქ პენსიონრები 100 ლარსაც არ ვიღებთ! ეს რა საქციელია, ქვეყნის პატრონი რო იტყუება?

მშიერს გვხოცავს. უნდა დაგვხოცოს კიდეცა! მაგას ვენაცვალეო, რო მიცვივდებიან ეს პენსიონრები და პირსა კოცნიან. 30 წელიწადი ვიყავი ცხვრის ციხეში - მეცხვარე, როგორც დილეგს ტუსაღი, ცხვარსა და ჯოხს ვერ მოშორდება; ზოგი ჩვენებური 60 წელიწადსაც იყო ცხვარში და ახლა 100 ლარი პენსია მიუგდეს, უსაქციელობა არ არის ესა?

ან ის მითხარი, შვილო, რაღა დროს  ხარებით ხვნაა, ახალგაზრდობას კიდეც რო დააძალო, შენს მიწაზე გაჩერდი და მოხანიო, მაგათი ტოლები ლამისაა ზეცაში რაკეტებით გაფრინდნენ, ჩვენებს კი არაფერი ეღირსათ. ზამთარში გზები რომ გვეკეტება, მიცვალებული თუ არ გვეყოლა, გამგეობა გზებს არ გაწმენდს. თანაც განა მარტო დღევანდელი გამგეობაა ეგრე, სულ ეს გვაქ მთაში მოსჯილი - ადრინდელი გამგებელი რომ იყო კობა ბუჩუკური, ის ამოვიდა ერთხელ  - რა უყავით, აქ რომ კოლმეურნეობის ქონება გქონდათო. აქეთ მოიხედე-მეთქი! სანამ ჩვენამდე მოხვიდოდი, მდინარის სათავესთან რო ჩამოიარე, იქ რატომ ვერ ჩაიხედე, რაც ხდებოდა, წყალი აქ არ აიმღვრეოდა, სათავიდან რო მღვრიე არ მოდიოდეს-მეთქი! გაჩუმდა. სათავიდან მოდის ყველაფერი. რატო ვიყავით თამარის დროს 12 მილიონი? მეფის ხელშეწყობა გვქონდა და ვმრავლდებოდით. ახლა კიდევა, დღეს დილით რო აჭმევ ბალღს, მთელი ღამე არ გძინავს, ხვალ დილას რაღა ვაჭამოო! საშიმშილოდ ბალღს რომელი ჭკუათამყოფელი გააჩენს? ისე წავხდით და დავბეჩავდით, ქისტეთში ლაპარაკობენ თურმე, - ქართველებს ისე აქვთ საქმე, რომ შეიძლებოდეს, ნახევარ ბალღს გააჩენენო.

- პრეზიდენტთან რას მაბარებდით?

- კაფიას. კაფიაობა არყის სმისას სჯობს, მაგრამ გული თუ გეტყვის, ისედაც შეიძლება, -  დამაცა:

"მე იმას გირჩევ, ძმობილო,/ შენს ხალხს მიუგდე ყურია,/ ქვეყანა დაგვიცოტავდა,/ დაძვირდა ჩვენი პურია,/ გაგვექცა ახალგაზრდობა,/ ბოღმით დაგვისკდა გულია.../ დაფერდდა ჩვენი სახლები,/ ჯიბეში გაქრა ფულია,/ თუ ამას ვერა პატრონობ,/ სხვა რაღა დაგვიგულია?"