ცხოვრებაში დაკარგულები
ცხოვრებაში დაკარგულები
"თავშესაფრის მოლოდინში მყოფ მოხუცს შეიძლება რიგმა მოუწიოს თუ ვინმე გარდაიცვლება"

82 წლის გულაბ მიკირტიანი აღმაშენებლის გამზირზე რესტავრირებულ კინოთეატრ "აპოლოსთან" ჩამომჯდარიყო და მძიმედ სუნთქავდა. მითხრა, დაკარგული ვარო. მეგონა, სახლს ვერ აგნებდა, მაგრამ ამიხსნა, ცხოვრებაში დაკარგული ვიგულისხმეო. დიდი ხნის წინ  ერთადერთი ქალიშვილი მოულოდნელად მოჰკვდომია. სანამ შრომა შეეძლო, თავშესაფარიც ჰქონდა, მერე რაც მოხდა, ამის გახსენება აღარ სურს. დიდი ხანია ღამეებს იაფფასიან სასტუმროებში ათენებს, სადაც  ერთ ლარად აძლევენ უფლებას, რომ იატაკზე დაწვეს. ზოგჯერ, როდესაც
ღრმად ჩაეძინება, ვინმე მასავით ღატაკი, მაგრამ თავზე ხელაღებული ფუთაში საგულდაგულოდ დამალულ ფულს ჰპარავს. ფული? რა სათქმელია, ეს მათხოვრობით მოგროვებული გროშებია, რომელსაც მაშინ ხარჯავს, თუ ძალა არ ეყო და უფასო სასადილომდე ვერ მიაღწია. ზაფხულში  მაღაზიების განათებულ ვიტრინებთან წვება, სადაც ვერავინ გაუბედავს გაძარცვას. მოხუცის ნაღვლიან თვალებში  შიმშილი,
მარტოობა და მიუსაფარი ადამიანის სევდა იკითხებოდა. წყალი და ნამცხვარი ვუყიდე. ნდობით შემომხედა. აქვე "კათარზისია", იქ დაგაპურებენ, ღამის გასათევს მოგცემენ, ან  თემქაზე მოხუცთა თავშესაფარში რომ წახვიდეთ-მეთქი?! თავი გააქნია, ადგილი არა აქვთ, რომ მუდმივად თავისთან გამყოფონო.


ეს მოხუცი ერთადერთი  არ არის, ამას წინათ 90 წელს მიტანებულ სიმონ გაჩეჩილაძეს  ზედ "კათარზისის" შესასვლელთან გადავეყარე. ძლივს იდგა ფეხზე. სად მიდიხართ-მეთქი? არ ვიცი, აქ ვერ დავრჩებიო. გამიკვირდა, მოხუცი ქუჩაში როგორ გამოუშვეს-მეთქი და "კათარზისის"  დირექტორის მოადგილეს გულიკო რომანიშვილს შევხვდი.

-  ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და მხოლოდ შემოწირულობებით ვსარგებლობთ. ზოგს ჰგონია, სახელმწიფო გვიხდის თანხას, მოხუცები რომ შევიფაროთ. სახელმწიფო მუნიციპალური თავშესაფარი თემქაზეა, სადაც დაახლოებით 200 ადგილია და ყველა დაკავებულია. ჩვენ კი 10 ადგილი გვაქვს და ისიც მხოლოდ ქალებისთვის. არა გვაქვს იზოლირებული ოთახები და მამაკაცებს ვერ ვიტოვებთ.

აღმაშენებლის პროსპექტის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩვენს შენობაზეც დააშენა მერიამ მანსარდა,  სადაც 32 კაცისთვის ვგეგმავთ თავშესაფრის გაკეთებას. 600 კვ მეტრის მოწყობა არ არის იოლი საქმე, მერიამ მხოლოდ გარეთა ფასადი გააკეთა და ცხადია, ინტერიერის მოწყობაზე არ დაგვეხმარებიან.
თავშესაფარში არა მხოლოდ უსახლკარო მოხუცებს ნახავთ. შვილები, რძლები მოდიან და გვთხოვენ მათი მოხუცების მიღებას. ზოგიერთს, ფართი რომ გამოითავისუფლოს, ურჩევნია მოხუცი მოიშოროს.  შეგაძრწუნებთ მათი დამოკიდებულება. ერთ ქალს სამი შვილი ჰყავდა, ორი გათხოვილი ქალიშვილი და ერთიც ვაჟი. ვაჟმა უთხრა,  სახლი გავყიდოთ, უცხოეთში წავალ, ცხოვრებას ავაწყობ და მერე შენც წაგიყვანო. დედა ჩვენთან დატოვეს და როდესაც გარდაიცვალა, მკვდრისთვის საპატრონებლადაც კი არ მოვიდნენ. "კათარზისს" ასეთი უპატრონო მკვდრების სასაფლაოც აქვს. გაცივდა ხალხი. ძალიან გაცივდა.

- მათ, ვისაც არც პატრონი ჰყავთ და თავშესაფარიც სჭირდებათ, ვის უნდა სთხოვონ დახმარება?
- მუნიციპალური თავშესაფრები არის თბილისში, ქუთაისსა  და რუსთავში, რაც ნამდვილად არ კმარა. ამიტომაც უწევთ რიგში დგომა მოხუცებს. რიგი იმაზეა დამოკიდებული, ვინმე გარდაიცვლება თუ არა. ვისაც ბინა არა აქვს, მან მერიას ან ადგილობრივ მმართველობას, გამგეობას უნდა მიმართოს, დაწეროს განცხადება, დაურთოს საჭირო დოკუმენტები, დევნილია, ომის მონაწილე, სიღატაკის ზღვარზე მყოფი თუ სხვა. შემდეგ კომისია შეისწავლის მის მდგომარეობას, რაც თვე, თვე-ნახევარი გრძელდება. აიყვანენ აღრიცხვაზე და ერთ დღეს, ალბათ, გამოუჩნდება ადგილი ჭერქვეშ. იკითხავთ, მანამდე რა უნდა ქნასო. რა გითხრათ? წესდებაში არ გვიწერია გზააბნეული მოხუცების მიღება და თუნდაც ერთი ღამით შეფარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიცია შეიქმნა, ძირითადად, ჩვენთან მოჰყავთ ასეთი მოხუცები. მათ შორის დაკარგულებიც. უკვე 509 დაკარგულ მოხუცს ვუპოვეთ ახლობლები. ზოგიერთს სულაც არ უხარია მოხუცის წაყვანა. იმის გამო, რომ ბევრს სკლეროზი აქვს და ვერაფერს იხსენებს, ზოგჯერ თვეზე მეტხანს გვიწევს მათი ოჯახების ძებნა. რა ვქნათ, არ არსებობს  სამსახური, რომელიც ამას გააკეთებს. ხშირად მოჰყავთ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ. ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, იქნებ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, მაგრამ იქაც უამრავი სირთულეა, თავისი წესები აქვთ, თუ პოლისი არა აქვს, ვერ ეხმარებიან. ვის დაწვენასაც ვახერხებთ, რომ გამოწერენ, საავადმყოფოში არ იციან, სად წაიყვანონ და ისევ ჩვენ გვირეკავენ.

- თქვენ თქვით, რომ დაკარგული მოხუცების ახლობლებს ეძებთ, ეს საქმე ხომ სოციალურმა აგენტმა უნდა გააკეთოს?
- სამინისტროს რომ მივმართოთ, ერთ-ორ დღეში საკითხს ვერ მოაგვარებს, ამას დრო სჭირდება, ამ ხნის განმავლობაში კი მიუსაფართ თავშესაფარი არა აქვთ, ამიტომაც გამოსავალს მივაგენით, საპენსიო ბაზაში ვრეკავთ და ვთხოვთ, მოხუცის სახელისა და გვარის მიხედვით გვითხრან მისი მისამართი. ძალიან ვწვალობთ, თუ მოხუცს პასპორტში სხვა სახელი უწერია, ან სკლეროზის გამო არაფერი ახსოვს.

P.S. როდესაც გულაბ მიკირტიანი ქუჩაში ვნახე, დასახმარებლად საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, იქნებ თავშესაფარში გადავიყვანოთ-მეთქი. არ მიიღებენ, იქ ადგილები არ არისო. იმის გამო, რომ პოლიციას უფლება არა აქვს მიუყვანოს მოხუცი მუნიციპალურ თავშესაფარს, კერძო ორგანიზაციაში მიჰყავს, იქ კი მხოლოდ ერთ ღამეს იტოვებენ "ცხოვრებაში დაკარგულებს" და მერე ისევ იწყება ხეტიალი ღია ცის ქვეშ.
nana
25 აგვისტო 2012 08:11
მათ შვილებსაც ასეთი ცხოვრება ელით. დარწმუნებული ვარ მათი შვილებიც ისე გამოყრიან მათ გარეთ. არ თქვათ ახლა საჭმელის ფული არ აქვთ და მიტომ იქცევიან ასეო. ახლანდელი პენსია იმდენი მაინც არის რომ ელემენტარული სუპი მაინც აჭამონ. უბრალოდ მათ შვილებს გული არ აქვთ სინდისზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. ღმერთს ვევედრები ისეთი სიბერე ქონოდეთ, რომ მათი მშობ ლების სიბერეც სანატრელი შექნოდეთ
olga
21 აგვისტო 2012 22:41
და ლაზიკის ასაშენებლად ფული არსებობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები