"თუკი "ქართული ოცნება" არ გაიმარჯვებს, საქართველო რუკიდან წაიშლება" - კვირის პალიტრა

"თუკი "ქართული ოცნება" არ გაიმარჯვებს, საქართველო რუკიდან წაიშლება"

"წარმოგიდგენიათ, რობიკო სტურუა რუსთაველის თეატრიდან გააგდეს!"

"რა მოუვიდა XXI საუკუნეს ასეთი, რომ მსოფლიო ტვინი შეირყა. ამდენი სისხლი იღვრება მსოფლიოში, ამას ემატება ღვთის რისხვა, - კატასტროფები, ხანძრები და წარღვნები. უფალი ამით გვეუბნება, გეყოთ, ადამიანებო, ამდენი სისხლი,  დასხედით, მოილაპარაკეთო. ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ღმერთი მაღალია, საქართველოს არ გაწირავს და რაღაც განათება მოხდება ჩვენს სამშობლოში", - მეუბნება სახელოვანი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.

- არათუ მხარს ვუჭერ "ქართულ ოცნებას", არამედ მიმაჩნია, რომ თუკი "ქართული ოცნება" არ გაიმარჯვებს, საქართველო რუკიდან წაიშლება. "ქართული ოცნების" გამარჯვება არის ერთადერთი შანსი, რომ საქართველო დარჩეს მომავალ ისტორიაში.

- "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება ხშირად "რუსულ ოცნებას" უწოდებს.

- ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო.  ყველაფერს რომ დააკვირდეთ, შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ანტირუსულობას თამაშობენ. ჩვენმა პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უშვერად აგინებს, რუსეთს  მნიშვნელოვანი ობიექტები მიჰყიდა ან მიაქირავა. ეს ისეთი ბნელი თამაშია, ჩვენ ამაში ვერ გავერკვევით. ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს კი არა, ქართველი ერის არსებობას ებრძვის. აბა, რას ნიშნავს დავით აღამაშენებლის ძეგლების ერთი ადგილიდან მეორეზე თრევა თბილისსა და ქუთაისში?

რას ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ქართული კინემატოგრაფი? კინოსტუდია "ქართულ ფილმს" ბოქლომი ადევს. იქ ორი დარაჯისა და ადმინისტრატორის გარდა აღარავინაა. აღარ არის ქართული თეატრი. წარმოგიდგენიათ, რობიკო სტურუა რუსთაველის თეატრიდან გააგდეს! აღარ არის სამეცნიერო ინსტიტუტები, უნივერსიტეტმაც დაკარგა სამოძღვრო ფუნქცია.  ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ქართულ ეკლესიაზე. ვხედავ მათ დამოკიდებულებას პატრიარქის მიმართ. გამოუვალ მდგომრეობაში აყენებენ ამ დიად ქართველს.  ასეთი პატრიარქი ხომ ქართველი ერის ბედნიერებაა! რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძრის გახსნაზე პატრიარქტი არ იმყოფებოდა. ვფიქრობ, ამით გამოხატა, რომA არ უნდოდა ისეთ ზეიმში მონაწილება, რაც რეალურად ვანდალიზმია (დაამახინჯეს ეს ტაძარი). ეკლესიის საქმეებში ვინც ჩაერია, სიკეთით  არავის მიბრუნებია. ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება ასეთი მოურიდებელი მოქმედება ქართული ეკლესიის მიმართ.

ქართული ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების შეურაცხყოფასა და გათელვას "ქართული ოცნება" არ დაუშვებს და ამიტომაც ვარ "ქართული ოცნებისა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხარეს.

აღმაშფოთებელია ის ხერხები, რითაც ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მაგრამ მგონია, ამ საქმეში საერთაშორისო სამართალი ჩაერევა და გააუქმებს ასეთ ვანდალურ გადაწყვეტილებას. ეგენი იმით სარგებლობენ, სახელმწიფო ვართო და კანონებით კი არა, ძალით მოქმედებენ. ეს დიდხანს არ გასტანს.

- ხშირად სვამენ კითხვას, წავა ასეთი ხელისუფლება არჩევნებით?

- ვფიქრობ, ვითარება მეტად დაიძაბება. აქამდე პატარ-პატარა მიტინგებზე რაც ხდებოდა, - გაზის გაშვება და რეზინის ტყვიები, კარგ მოგონებად დაგვრჩება იმასთან შედარებით, რაც არჩევნებამდე გვაქვს გადასატანი.  ძალიან ტრაგიკული ამბების მოლოდინი მაქვს. ასე მგონია, ეგენი სისხლის დაღვრაზეც არ დაიხევენ უკან, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეგენი არ იტყვიან, დავმარცხდით და წავალთ ხელისუფლებიდანო. ვფიქრობ, ხელისუფლება არაფერს მოერიდება, სისხლს დაღვრის. ამის მიუხედავად ქართველი ერი მაინც გაიმარჯვებს. მეშინია, რომ ამაში გარეშე ძალებიც ჩაერევიან და გაართულებენ მდგომარეობას. აჯობებდა, მსოფლიოს დემოკრატიულ ძალებს მოენახათ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა, რომ ერი არ დაზარალდეს და ხალხი არ დაიხოცოს. იმედია, ქართველი ერი გაუძლებს ამ განსაცდელს და საბოლოოდ გაიმარჯვებს.