"წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოვალ, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს" - კვირის პალიტრა

"წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოვალ, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს"

"სალომე ზურაბიშვილი: უცხოეთში მყოფი საეკლესიო პირები სახელისუფლებო პროპაგანდას ეწევიან"

"საზღვარგარეთ არც არაფერი გაკეთებულა, რამდენიმე დროშის ფრიალის გარდა"

მამუკა გუნცაძე, რომელიც სალონიკში ცხოვრობს, "ფეისბუკში" შემომეხმიანა: ჟურნალისტი ბრძანდებით და მინდა ხმა მივაწვდინო იმ ქართველებს, რომლებსაც ჯერაც ვერ გაურკვევიათ, არჩევნებზე ვის მისცენ ხმაო. არ შემეძლო, უარი მეთქვა მის გულწრფელ თხოვნაზე და აი, მამუკა გუნცაძის გულის ამოძახილიც:

"ძველისძველი ნათქვამია,  რაც მეტი გაქვს, მეტი გინდაო". ამ სიტყვების სიმართლეში ხშირად დავრწმუნებულვართ. ბიძინა ივანიშვილიც თავისი ცხოვრების წესით ამ გამონათქვამს შეესაბამება, მხოლოდ ერთი სხვაობით: რაც მეტი აქვს, მით მეტად უნდა, რომ დაეხმაროს თავის სამშობლოს. დღეს მის აშენებულ ეკლესიებში იწერენ პირჯვარს ხელისუფალნი და მისი შეძენილი კომფორტული ავტომანქანებით ედევნება მათ კორტეჟს "ნაციონალური" პატრული. ივანიშვილმა  ბევრი ადამიანი შიმშილისაგან იხსნა;

უამრავი მოსწავლე გადახურულ, გალამაზებულ სკოლებში სწავლობს, სადაც სასკოლო ინვენტარიც ივანიშვილის შეძენილია. ამ კაცმა ამდენი სიკეთე აკეთა მეოთხედი საუკუნე და ამათ რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა და რა დღეში არიან თავადაც! რამდენი ახალგაზრდის სისხლში აქვთ გასვრილი ხელი; რამდენი პატიმარია უდანაშაულოდ სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე, როგორ მოექცნენ ომის ვეტერანებს, რომლებმაც სამშობლოსათვის თავი არ დაზოგეს?! ქართველო ხალხო, მე ყველაზე დამნაშავე ვარ თქვენ შორის იმის გამო, რომ უცხოეთში ვარ და ამ ყველაფერს ჩემი ხალხის გვერდით არ ვიზიარებ, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, წინასაარჩევნოდ ჩამოვალ, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც მხოლოდ მშვიდობა უნდა. გვინდა მშვიდობიანი გზით, არჩევნებით გავუშვათ ეს მთავრობა. ჩემი არჩევანი ჩემს ხელშია, ჩემს მარჯვენაში, რომელსაც ახლა "ეფერება" ხელისუფლება, რომ 5-იანი შემომახაზვინოს.

ნეტავ იცოდეთ, არალეგალები რა დღეში არიან სალონიკში. არჩევნებში მონაწილეობაზე კი არა, გადარჩენაზე ფიქრობენ.  ქალები თვეში 30 დღე ისე მუშაობენ მოხუცების მომვლელებად, გარეთაც არ გამოდიან. უსაბუთობის გამო თუ დაიჭირეს, დამპალ საკნებში ჩაამწყვდევენ.

საარჩევნოდ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში  და მივცემ ხმას იმ ძალას, რომლის იმედიც მაქვს".

ვენიდან კი რუსუდან რ-ძე გამომეხმაურა. ავსტრიაში მყოფი ემიგრანტების შესახებ მინდა გიამბოთო:  "განადგურებული ვართ საქართველოს ამბებით. სამწუხაროდ, აბსოლუტური დემოკრატია არ არსებობს, რისი ილუზიაც აქ ჩამოსვლამდე გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს, მაგრამ აქ ის მაინც არის, რომ ადამიანი შიმშილითა და უწამლობით არ კვდება, პოლიცია არ დევნის განსხვავებული აზრის გამო. თუ წესიერი ადამიანი ხარ, არავინ გერჩის და ამიტომ გვიჭირს იმ ყველაფრის რეალურად აღქმა, რაც საქართველოში ხდება. გვაოგნებს ადამიანების ერთმანეთისადმი უსულგულო დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არა გვაქვს, რადგან ავსტრიის მოქალაქეები ვართ, მაგრამ მალე დავბრუნდებით საქართველოში და იქნებ გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას".

მოლოდინმა, რომ ქართული ემიგრაციის აქტივობა  ნაყოფს გამოიღებდა და ჩვენი თანამემამულეები ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებდნენ, ჯერჯერობით ფუჭად ჩაიარა. საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ამის გამო "ქართულ ოცნებასაც" უსაყვედურა:"არა ვარ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტკორექტული და გალამაზებული სიმართლის მთქმელი. ჰოდა, უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ არც არაფერი გაკეთებულა, რამდენიმე დროშის ფრიალის გარდა. შედეგიც ასეთია, - მდორე, გაუგებარი და უშედეგო "კამპანია. პოლიტიკური მუშაობა ემიგრაციასთან არ მიმდინარეობს არც ერთი ფორმით, პოლიტიკური გეგმა არ არსებობს, პოლიტიკური სიტყვა უცხოეთში მყოფი საზოგადოებისთვის არ თქმულა. "ოცნებიდან" პოლიტიკური ფიგურები ჩადიან ევროპა-ამერიკაში, მაგრამ არსად პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა.

ხელისუფლებამ უნდობლობა გამოუცხადა ქართულ ემიგრაციას, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ეს არ გამოიყენა და საქართველოს ამ უსერიოზულეს ნაწილს თვითონაც გულგრილად ექცევა.

ასევე სათქმელია, რომ ხშირ შემთხვევაში უცხოეთში მყოფი საეკლესიო პირები, მეტადრე ევროპაში, სახელისუფლებო პროპაგანდას ეწევიან, მრევლს არიგებენ და საელჩოების ფრთის ქვეშ მოთავსებულნი,  ნეიტრალობას არ იცავენ. არ მესმის, რა ხდება? საქმე ფუჭდება და დროზე შველა უნდა...

ხელისუფლებამ გადააგდო რუსეთში მცხოვრები ქართველებიც.  დაახლოებით 300.000-დან ნახევარ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე მივიწყებულია, თუ არა განგებ მიჩუმებული! ხელისუფლებას არ გადაუდგამს თუნდაც ელემენტარული ნაბიჯი - მოეთხოვა შვეიცარიის საელჩოსგან (რომელიც რუსეთში ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს) იქაური ქართველებისათვის საარჩევნო უბნის გახსნა. ნუთუ რუსეთში მცხოვრები ქართველები სხვებზე ნაკლებად ქართველები არიან?

ესეც კიდევ ერთი მაგალითი ამ ხელისუფლების პატრიოტული სულისკვეთებისა!"