რადიო "პალიტრა" ოთხი წლისაა
რადიო "პალიტრა" ოთხი წლისაა
"მსმენელს ფაქტების კონსტატაცია, ჭკვიანი, პატიოსანი ადამიანების მოსაზრებების მოსმენა სჭირდება და არა - თვალებში  ნაცრის შეყრა"

"რადიო "პალიტრა" თქვენი რადიოა, რადგან აქ ყველაფერი თქვენთვის კეთდება"  

"ჩვენი დევიზია "სიმართლე უმთავრესია"


4 წლის წინ, 2008 წლის 17 აგვისტოს, ქართული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, დამთავრდა თუ არა ომი ცხინვალში, ეთერში ახალი რადიო გავიდა. FM103.9-ზე ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაიწყო მაუწყებლობა რადიო "პალიტრამ." მან პირველი
საინფორმაციო გამოშვებით საზოგადოებას იმდროინდელი ახალი ამბები აუწყა, რაც იმასაც ნიშნავდა, რომ მედიასახლი "პალიტრა" ყველაზე მძიმე დროსაც კი მომავალს იმედით უყურებდა და ცდილობდა, ეს განწყობა მსმენელისთვისაც გადაეცა.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბაია ცანავა მაშინ ამბობდა, რომ ეთერში რადიოს საზეიმოდ წარდგენა მოგვიანებით იყო დაგეგმილი, მაგრამ: "მოგეხსენებათ, ასეთ დროს
განსაკუთრებულად იზრდება ახალი ინფორმაციისადმი მსმენელის მოთხოვნილება და ინტერესი. მედიასახლის საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციებით მკითხველთა დაინტერესებამ და ონლაინსივრცეში მომხმარებელთა სიმრავლემ გვიბიძგა, საგანგებო დროს, საგანგებო რეჟიმში ოპერატიული საინფორმაციო გამოშვებებით ეთერშიც გავსულიყავით. იმედი მაქვს,  შეფერხება არ გვექნება."


უკვე ოთხი წელია, რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში - უფრო ხშირადაც) აცნობს მსმენელს უმნიშვნელოვანეს ამბებს. ოთხი წლის წინ მაუწყებლობა მხოლოდ თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ნატახტრამდე, აღმოსავლეთით კი საგარეჯომდე ვრცელდებოდა. დღეს www.palitratv.ge-ს საშუალებით რადიო "პალიტრას" უსმენენ და უყურებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც კი ინტერნეტი მოქმედებს. დიახ, უყურებენ, რადგან რადიო უჩვენებს კიდეც და დღეს უცხოეთში გაფანტული უამრავი ქართველის ყველაზე ახლობელი საინფორმაციო, შემეცნებითი და საკონტაქტო საშუალებაა. არც ერთ სხვა რადიოს არ აქვს ამდენი საავტორო გადაცემა და ტოქშოუ, ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებობს რადიოს სამი კატეგორია: გასართობი, გასართობი-საინფორმაციო და რადიო "პალიტრა".

ნინო ქვარიანი, რადიო "პალიტრის" დირექტორი: - რადიო "პალიტრის" სპეციფიკურობა იმანაც განაპირობა, რომ ეს არის მედიასაშუალება რადიოსა და ტელევიზიის ზღვარზე. ყველა საავტორო რადიოგადაცემა "პალიტრის" ინტერნეტტელევიზიით გადაიცემა. მაღალ რეიტინგს განსაზღვრავს ყოველ ნახევარ საათში ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება, მსმენელისთვის საინტერესო, აქტუალური თემატიკა და პროფესიონალ ავტორთა გუნდი, რომელიც ზრუნავს, რომ რადიო "პალიტრასთან" ერთად გატარებული დღე საინტერესო იყოს, გაშუქდეს ყველა ის აქტუალური და თავისუფალი თემა, რომლებიც, შესაძლოა, აღელვებდეს მსმენელს. თითქმის ყველა გადაცემაში ჩართულია ინტერაქტივი და მაყურებელი რეკავს პირდაპირ ეთერში. ეს საშუალებას გვაძლევს გაირკვეს, როგორია მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ პრობლემისა და მოვლენისადმი. სწორედ ამ კვლევების შესაბამისად ხდება ცვლილებებიც სამაუწყებლო ბადეში. იქმნება გადაცემები, რომლებიც უფრო აქტუალური და ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი იქნება. შესაძლოა, სექტემბრიდან აღდგეს რეზონანსული პროექტი "სახალხო დარბაზი", რომელიც განსაკუთრებული იყო იმით, რომ გადაცემის სტუმრები იყვნენ რიგითი მოქალაქეები, ისინი, ვისაც მანამდე მედიით აზრის გამოხატვის საშუალება არ ჰქონიათ.

ჩვენი მსმენელები, ძირითადად, 20-დან 65 წლამდე ასაკის სოციალურად აქტიური ადამიანები არიან. ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდა მსმენელის რაოდენობას გაზრდის, ასევე ვმუშაობთ ღამის გადაცემებზეც. სექტემბრიდან გვექნება უფრო მეტი შემეცნებითი გადაცემა, სადაც მსმენელს წამყვანთან აქტიური ურთიერთობა და ღია ეთერში აზრის გამოხატვა შეეძლება.

რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის წარმატებას განსაზღვრავს ე.წ. ინტეგრირებული "ნიუსრუმი", საინფორმაციო ოთახიც, რომელიც ქმნის ახალი ამბების ბაზას როგორც "ინტერპრესნიუსისთვის", ისე რადიო "პალიტრისა" და ინტერნეტტელევიზია "პალიტრა TV"-სათვის". ვულოცავ ყველას, ვინც გვისმენს და გვეხმიანება და ყველას, ვინც მცირე თუ დიდი წვლილი შეიტანა რადიო "პალიტრის" დღევანდელი სახის შექმნაში."  
პროგრამების რედაქციის ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ რადიო "პალიტრის" წარმატებას განაპირობებს მორალური და ეთიკური პრინციპების ერთგულება: "ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც ახალი ინფორმაცია ჰაერივით სჭირდება მსმენელს. ადამიანებს, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა და მისი მომავალი, სურთ, იცოდნენ, რა ხდება გარშემო. რადიო "პალიტრა" უტყუარ ინფორმაციას აწვდის მათ.

ხშირად გვეკითხებიან, ამ დროში, როდესაც ქართული მედია თითქმის პოლარიზებულია, როგორ ვახერხებთ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. ვფიქრობ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს, იოლიც, თუ ხარ პატიოსანი, არ გახასიათებს სიყალბე, არ ხარ ანგაჟირებული. დიახ, ჩვენ ვახერხებთ, არ ვემსახუროთ ერთ რომელიმე მხარეს, სწორედ იმიტომ, რომ არაფერი ჩაგვიდენია ისეთი, რისიც შეიძლება შეგვრცხვეს. მსმენელს ფაქტების კონსტატაცია, ჭკვიანი, პატიოსანი ადამიანების მოსაზრებების მოსმენა სჭირდება და არა - თვალებში ნაცრის შეყრა. ანუ ჩვენი დევიზია "სიმართლე უმთავრესია".

ყველა მსმენელი არ არის კვალიფიციური საიმისოდ, რომ ნებისმიერ საკითხში ადვილად გაერკვეს, ამიტომაც საჭიროა მიუკერძოებელ ექსპერტთა მოსმენა. სწორედ ამას აკეთებს რადიო "პალიტრა". ჩვენი დიდი გამარჯვება იქნება, თუ მომდევნო წლებშიც შევძლებთ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას, შევძლებთ, გვქონდეს საქმიანი და ობიექტური გარემო ეთერშიც და კოლექტივშიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში ამზადებს რადიოს პროგრამებს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. თუ ამ ურთიერთობას და პროფესიულ მიუკერძოებლობას შევინარჩუნებთ, ვიქნებით ძალიან ძლიერები. დღეს კი, ჩვენი რადიოს დაბადების დღეს ვულოცავ მსმენელს. ეს თქვენი რადიოა, რადგან აქ ყველაფერი თქვენთვის კეთდება".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
15-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?