"არ მესროლოთ, ილია ვარ!" - კვირის პალიტრა

"არ მესროლოთ, ილია ვარ!"

გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟი ამბობს რაღაც ამბის მოყოლისას, ისეთი ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა, როგორსაც მხოლოდ სტადიონზე თუ შეხვდებიო. მართლაც, სტადიონის ტრიბუნა ხომ (მაშინ, როდესაც ხალხი ფეხბურთზე დადიოდა) ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით შეიძლებოდა მსხდარიყვნენ პროფესორი, ტაქსის მძღოლი, ბაზრის მოვაჭრე, მასწავლებელი, საგანგებოდ ამ დღისთვის ქალაქად ჩამოსული გლეხი და თუნდაც ჯიბის ქურდიც (ოღონდ იქ "სამუშაოდ" არ დადიოდა)...

არ გაგიკვირდეთ, თუკი ჩვენი გაზეთის უკვე საყოველთაოდ საყვარელ პროექტთან ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ") დაკავშირებით ეს თითქოს შეუსაბამო ამბავი გამახსენდა დოჩანაშვილის შემოქმედებიდან, მაგრამ როდესაც შვებულებაში მყოფმა რედაქციაში დავრეკე და ვიკითხე, მომავალი ნომრისთვის რაზე უნდა დავწერო-მეთქი და მიპასუხეს, ილია ჭავჭავაძის მოთხრობებზეო, უცებ სწორედ ეს გამახსენდა: წინაზე სკოტ ფიცჯერალდის "ნაზია ღამე", იმის წინ "დორის ლესინგის "ოქროს რვეული" და უცებ... ილია!

იმას, რასაც მე ყოველ ორ კვირაში გთავაზობთ, საპრეზენტაციო წერილები ჰქვია და, ცხადია, მათი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ყოველი ახალი წიგნის რეკლამაც გახლავთ. ბუნებრივია, როდესაც საუბარი დორის ლესინგს, ჯორჯ ორუელს, ფრედერიკ ბეგბედერსა თუ სხვებს - ქართულად მკითხველი საზოგადოებისთვის არც ისე ნაცნობ სახელებს ეხება, ამ წერილების ასეთი ფუნქცია ბუნებრივიც არის. შედარებით "მიჭირს", თუკი დოსტოევსკი, სტაინბეკი, სტენდალი ან დიუმა უნდა "გაგაცნოთ" ხოლმე, მაგრამ, როდესაც "ვეფხისტყაოსანი" გამოვეცით, მას შემდეგ ასეთი "გასაჭირი" არ დამდგომია, როგორც თვით ილია ამბობს, "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" მომავალ ორშაბათს ჩვენი პროექტი ილია ჭავჭავაძის მოთხრობებს გთავაზობთ და რა შემიძლია ახალი გითხრათ, როგორ "დავარეკლამო" ეს წიგნი? რეკლამაზე გამახსენდა: ჩვენს გამომცემლებს ერთგვარად რისკიც გაუწევიათ - ბოლოს და ბოლოს, წიგნის ბეჭდვა ხომ კომერციაც არის და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წიგნები ბეჭდვის ხარისხთან მიმართებაში უიაფესია, ყველა ქართულ ოჯახში მაინც არის ილიას მოთხრობები და იქნებ მკითხველმა აღარც გაიმეტოს ის 7 ლარი?..

კარგი, ფინანსურ მოგება-წაგებაზე ღელვას კომერციულ სამსახურს გადავულოცავ და ყველა დროის უდიდესი ქართველის პროზას დავუბრუნდები: "მგზავრის წერილები", "გლახის ნაამბობი", "კაცია, ადამიანი?!"... ილიას სიცოცხლეშივე და მერეც ამბობდნენ: უფრო პოეტია, ვიდრე პროზაიკოსიო; მეორენი პასუხობდნენ: ილია, უპირველესად პუბლიცისტი და გამომცემელიაო; ზოგიერთი ეკამათებოდა: არც ერთია, არც მეორე და არც მესამე, მწერლობა მისთვის "მეორე პროფესიაა", ილია უპირველესად საზოგადო მოღვაწეაო; სხვები უფრო აკონკრეტებდნენ: კარგი ბანკირი იყო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც მის გარეშე ვერ იქნებოდა ისეთი ეფექტური და სხვა ქართული წამოწყებების მთავარი მებაირაღეც ხომ ყოველთვის ილია იყოო.

რაც მთავარია: ყველა მათგანი მართალი იყო და იმის მიუხედავად, რომ არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდგომ პოლიტიკური მტრებისგან ლაფის სროლა არ დაჰკლებია, მაინც სიცოცხლეშივე დაფასდა და "ერის მამის" თიკუნიც მოირგო. ლაფის სროლასა და ლანძღვას რაც შეეხება: როდესაც დიდი დიმიტრი ყიფიანის მიერ წამოწყებული საშვილიშვილო საქმე წარმატებით დაგვირგვინდა და პეტერბურგიდან ბანკის დაარსების ნებართვა მოვიდა (უფრო სწორად, ილიამ წამოიღო რუს ჩინოვნიკებთან ათთვიანი ჭიდილის შემდეგ), ხოლო მალე ამ ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ რომ აირჩიეს, ავყიებმა მაშინვე წამოსძახეს, მაგას ბანკისა რა გაეგებაო. არადა, შეიძლება ითქვას, ილია ჭავჭავაძე პროფესიონალი ბანკირი იყო, რადგან პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ე. წ. "კამერალურ განყოფილებაზე" სწავლობდა, რომელიც ადმინისტრაციულ მართვასთან ერთად, სწორედ ფინანსურ-ეკონომიკურ ცოდნას იძლეოდა. ამიტომ ის, რომ ბანკმა უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა, სრულიად ბუნებრივი იყო.

თუმცა, ბანკირისა და სახელმწიფო მოღვაწისათვის "შეუფერებელი" ერთი თვისება მაინც ბავშვობიდან ჰქონდა, - ძალიან ემოციური ყოფილა, საქმეში კი დიდი აზარტით ებმებოდა და სანამ არ დააგვირგვინებდა, არ ისვენებდა (ამბობენ, აზარტი არც ბანქოს სათამაშო მაგიდასთან აკლდაო). ბრძოლის ეს ჟინი იქნებ გენეტიკის "ბრალი" იყო, - მამამისი გრიგოლ ჭავჭავაძეც ხომ ოფიცერი და რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე იყო, ხოლო გრიგოლის სამი ძმა სწორედ მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პაპებსა და პაპის პაპებზე, რომელთა სახელები განუყოფელია ქართლ-კახეთის სამეფოთა სისხლიანი ისტორიისაგან.

სხვათა შორის, ჭავჭავაძეთა ოჯახს არც რუსეთის მიერ "ნაჩუქარი მშვიდობიანობის" დროს დაჰკლებია მსხვერპლი: 1854 წელს წინანდალზე ლეკთა თავდასხმისას ილიას უფროსი ძმა თეიმურაზი დაიღუპა მათთან ბრძოლაში. ბარემ ილიას დაბადების დღეზეც ვთქვათ: ვინც ყვარელში ილიას სახლ-მუზეუმში ყოფილა, ჭავჭავაძეების ძველი სახლის კედელზე წაიკითხავდა, ამ სახლში ილია ჭავჭავაძე დაიბადაო. სინამდვილეში კი ეზოში მდგარ კოშკში დაბადებულა, სადაც ლეკების თავდასხმისას აფარებდა თავს ოჯახი. სწორედ ასეთ თავდასხმას ელოდნენ 1837 წლის 27 ოქტომბერს. კოშკის მესამე სართულზე ბატონი და შინაყმები იყვნენ გამაგრებული სათოფურებიდან გამოშვერილი თოფებით, ერთი სართულით დაბლა კი ქვეყანას მათი მომავალი ბატონი ევლინებოდა, რომელმაც შემდეგ, საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამდე გაათავისუფლა ისინი და, რაც მთავარია, მთელ საქართველოს ასწავლა ბრძოლა და თავისუფლება.

ილიას ემოციურობა ვახსენეთ და, როგორც ამბობენ, სწორედ ამის დასტურია თბილისში, გიმნაზიის მეოთხე კლასში მიღებული ნიშნების ფურცელი, სადაც წინა წლის გამოცდებთან შედარებით საშინელი შეფასებები აქვს და იმ წელს ჩარჩენილა კიდეც კლასში. მიზეზი კი მამის გარდაცვალება ყოფილა, რომელიც ძალიან მძიმედ გადაიტანა 15 წლის ყმაწვილმა (ხუთი წლით ადრე ხომ დედითაც დაობლდა) და მთლიანად მამიდა მაკრინეს დააწვა ოჯახის სიმძიმე.

შემდეგ იყო უნივერსიტეტი - მზადება "საქართველოს უგვირგვინო მეფობისათვის" და რაც მთავარია, სწორედ სტუდენტობაში დაიწერა ან დაიწყო წერა მისი პოეტური და პროზაული შედევრებისა.

ისე, როდესაც ილიას ნაწარმოებების შექმნის თარიღებს აკვირდები კაცი, გულიც შეიძლება დაგწყდეს, რომ შედევრების შემქმნელი მწერალი ახალგაზრდობის შემდეგ მხოლოდ საზოგადოებრივი საქმეებით "ცდებოდა" და წერისათვის აღარ ეცალა. თანაც, მართლაც ძალიან ცოტაა ის ლიტერატურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით პროზა, რომელიც ერის მამამ დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ძალიან ცოტაა და თანაც ძალიან ბევრი.

"მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო", უთქვამთ და გენიოსიც ერთი სტრიქონითაც შეიძლება ამოიცნო: "რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ", - ლუარსაბსა და მის თანამეცხედრეზე თქვა და ჩვენც გაგვაფრთხილა, ასეთები ნუ იქნებითო... ჰოდა, ვეცადოთ... ილია ჭავჭავაძის მოთხრობებიც კიდევ ერთხელ წავიკითხოთ და შვილებსაც წავაკითხოთ (მე შენ გეტყვი, სკოლაში მოსთხოვენ წაკითხვას), ის ხომ უპირველესად ყველა დროის ქართველი ახალგაზრდობისთვის წერდა.

იქნებ მომავალმა თაობამ მაინც იღოს ყურად ასი წლის წინ წიწამურთან ნაბრძანები: "არ მესროლოთ, ილია ვარ!"

P. S. გამომცემლობა "პალიტრა L" ბავშვებსაც უმზადებს საჩუქარს: მალე გამოვა "კაცია, ადამიანის?!"–ადაპტირებული ვარიანტი, ძალიან საინტერესო სამგანზომილებიანი (გასაშლელი) ილუსტრაციებითა და კომიქსებით. ვფიქრობთ, პატარა ქართველი მკითხველი კმაყოფილი დარჩება და თავიდანვე შეიყვარებს ილიას შემოქმედებას.