ხალისიანი ეპიზოდები - კარლო & კაკო წარმოგიდგენთ - კვირის პალიტრა

ხალისიანი ეპიზოდები - კარლო & კაკო წარმოგიდგენთ

წლების წინ, როცა კარლო საკანდელიძეს ვესტუმრე, ბევრი სასაცილო ეპიზოდი მოიგონა. მას განსაკუთრებულად ჰყვარებია ბატონი აკაკი კვანტალიანი და ბუნებრივია, მოგონებებიც, ძირითადად, მის ირგვლივ იყო.

მინდა ის ეპიზოდები მოვიგონო და ჩვენს მკითხველს ბევრი მივიწყებული "კადრი" გავახსენო.

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი "მაგდანას ლურჯა". გადაღებებს მიღმა ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რაც მსახიობებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სასიამოვნო და მნიშვნელოვან მოგონებად დარჩა.

აი, რა გაიხსენა ბატონმა კარლომ მაშინ:

- ფილმი "მაგდანას ლურჯა" მარტო ჩემთვის კი არა, რეჟისორებისთვისაც სადებიუტო გახლდათ. მენახშირე ბიჭის როლის გარდა, ყველა მსახიობი იყო როლზე დამტკიცებული. აკაკი ვასაძემ რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძესთან რეკომენდაცია გამიწია, - ვიღას ეძებთ, აიყვანეთ კარლო და არ ინანებთო. მართლაც ამიყვანეს და დაიწყო მშვენიერი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. აკაკი კვანტალიანი შესანიშნავი პარტნიორი იყო. იგი ნიჭიერი მსახიობი და ძალიან განათლებული ადამიანი გახლდათ, რომელსაც, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, უზადო მეგობრობა შეეძლო.

ერთი ეპიზოდის გადაღებისას ცოტათი დამაგვიანდა. ბატონი კაკო უკვე გადასაღებ მოედანზე დოინჯშემოყრილი მელოდა, თან კიტრს ახრამუნებდა (მას ძალიან უყვარდა კიტრი). საოცრად მოწესრიგებული კაცი იყო. გამიწყრა, - სად ხარ აქამდეო. ჩვენი "ლურჯა" ბევრ პრობლემას გვიქმნიდა ხოლმე გადასაღებ მოედანზე. აგრესიული იყო, ამიტომაც ვეტერინარი ყოველთვის გვახლდა. ის ვირს სპეციალურ წამალს ასმევდა, რომ ცხოველი გათიშულიყო და დაგვმორჩილებოდა. უცებ მან კაკოს ხელიდან კიტრი გასტაცა და თავად ჩაახრამუნა. ამაზე ისე გამწარდა კაკო, რომ მეც და ჩემს ვირსაც ჯერ შოლტი გადაგვკრა, მერე კი წიხლიც გვითავაზა. რეჟისორებს მოეწონათ ექსპრომტი სცენა და დატოვეს.

ჭამა ძალიან უყვარდა კაკოს. თუ მშიერი იყო, ხმას ვერ გასცემდი. შეჭამდა, დანაყრდებოდა და უმალ კარგ ხასიათზე დგებოდა. ერთხელაც, ბაზრის სცენების გადაღება აქვე, მტკვრის სანაპიროზე მიმდინარეობდა. მოღრუბლული დღე უნდა ყოფილიყო, არადა, მზე ანათებდა. მეც და კაკოსაც გრიმი გვქონდა გაკეთებული. ვისხედით და ღრუბელს ველოდებოდით. კაკომ ცაში აიხედა, თქვა, - საღამომდე არ გაწვიმდება, წამო, წავიხემსოთო და მეტეხისკენ წამიყვანა, სადაც კარგი სასადილო ეგულებოდა. შევედით თუ არა, ოფიციანტი გამოგვენთო: აბა, ჩქარა გადით აქედან, თქვე გლახაკებოო. კაკოს გაეცინა. მეორედ კიდევ შევედით. კიდევ გამოგვყარეს. კაკო მზარეულთან მივიდა. ის-ის იყო, იმასაც ყვირილი უნდა დაეწყო, რომ კვანტალიანმა უთხრა: რა იყო, ბიჭო, ვეღარა მცნობ? კაკო ვარო. პირი დააღო მზარეულმა, - რა გჭირს, მაწანწალასავით რატომ გამოიყურებიო? მსახიობი კაცი ხან მაწანწალასავით ივლის, ხან პროფესორივით, ჩქარა ახლა, მაჭამე, თორემ ვერ გადამირჩები, ისე მშია, შენ შეგახრამუნებო. სუფრა უცებ გაიშალა. მალე მთელი გადამღები ჯგუფი შემოგვიერთდა და დიდი ქეიფიც გავაჩაღეთ...

შინ პერანგის "ამხანაგით" უყვარდა ყოფნა. როცა სტუმრები მივიდოდნენ მასთან, მოუბოდიშებდა, - პრასტიტე, ია ბეზ გალსტუკაო, - შევიდოდა ოთახში და იქიდან ისევ ნიფხვით გამოვიდოდა, ოღონდ ყელზე ჰალსტუხი ეკეთა.

ორი რამ უყვარდა ძალიან: წიგნი და ქართული სამზარეულო. ბევრს კითხულობდა. ხშირად ცალ მხარეს წიგნი ედო, მეორე მხარეს თეფშით საჭმელი. ძმისშვილს, რომელიც მაშინ სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, არაერთხელ უთქვამს მისთვის: არ შეიძლება, კაკო ძია, ჭამის დროს კითხვა. მაგ დროს სისხლი კუჭს მიეწოდება და თავი ცარიელდებაო. კაკოც ერთსა და იმავეს პასუხობდა: შენ ჯერ დიპლომი აიღე და მერე მელაპარაკეო.

ერთად რომ დაგვინახავდნენ, ეღიმებოდათ, - მოვიდნენ კაკო და კარლო და ახლა კარგ დროს გავატარებთო. დაიწყებდა კაკო რაღაცის მოყოლას, მეც მხარს ავუბამდი და იყო სიცილი და ხარხარი.

ვისაც კაკო სუფრასთან უნახავს, ძნელია დაივიწყო მისი სადღეგრძელოები. ის დაუვიწყარ დროს ატარებინებდა თანამეინახეებს. სიცილისგან გული უწუხდათ ხოლმე. ყველასთვის დაუზოგავად შეეძლო მხიარულების ჩუქება.

(სპეციალურად საიტისთვის)