"უთავო მხედრები გვყვანან სათავეში"
14-08-2009
მწერალ  მერაბ ელიოზიშვილს შეკითხვაც არ დასჭირვებია, მისვლისთანავე საქართველოზე ჩამომიგდო სიტყვა. ისიც მითხრა, მარტო რომ ვარ, მაშინაც ხმამაღლა ვფიქრობ ჩვენს უბედურებაზეო.

- რა დღეშიც შარშან ვიყავი, 7 აგვისტოს მერე, იმ დღეში ვარ ახლაც, - ამბობს ბატონი მერაბი, - ცრემლი კი არ მდიოდა, ვაფრქვევდი ცრემლებს. ეგ სიბერისააო. სიბერისა იმიტომ არის, რომ სიბრძნეა სიბერეში. რაც დამიკლია საქართველოს სიყვარულში, სატკივარში, ახლა დავინახე ყველაფერი. ახლა გავიგე, რა არის და როგორ არის, ამიტომაც ვტირი.
ჩვენ ნაგვის
გორაზე გაზრდილები ვართ. რუსის ნაგვის გორაზე. აბა, რას წარმოვიდგენდი, რო ესე ხელში შემოვეჭმეოდით რუსს. ნაკლები არც ოსები არიან. მაგრამ მთავარი უბედურება ისევ ჩვენებმა არ დაგვმართეს? მაგათ რა იცოდნენ, ხურმა რა ხილია. გვირაბი რომ გაივსო ჯოჯოხეთიდან გამოსულებით, არ ველოდითო...
რას ელოდნენ? საქართველოსი რა იცოდნენ?! იმიტომაც იყო,
რო გულანთებულ პატარა ბიჭებს - ჯარისკაცებს ვერ მოუარეს. საქართველოს რომ დასჭირდა, ისევ უბრალო ოჯახებმა მისცეს შვილები, იმათ გაწირეს თავები... მაგ დროს გვინდოდა ძველი - მეფური, თავადური წინამძღოლი - თავი გვინდოდა მხრებზე! ჩვენ კიდევ უთავო მხედრები გვყვანან სათავეში.
რომ გვაჩვენებენ ტელევიზორში მთავრობას და მაგათ ცრემლის ღვრას, ცრემლი თავიანთ უვიცობაზე და არაქართველობაზე უნდა ღვარონ. ის რომ ვნახე, სარდალი ბუჩქებში როგორ გაქანდა, სიკვდილი ვინატრე.
რუსი არ დაგვთმობს. იმას არც ქართველი ადარდებს, არც აფხაზი, არც ოსი. ოსებს ყველაფერი დაავიწყდათ. უჩვენობით ამოწყდებოდნენ, ვინ აჭამა, ვინ ჩააცვა და დაახურა?!
რუსის ჯარი მახსოვს ჩემი ბავშვობიდან. გახდილები იდგნენ ორ წყებად და ეზოში დანთებულ ცეცხლზე ფერთხავდნენ ტანსაცმელს, რომ მკბენარი მოეშორებინათ. ისე ჩაიხდიდნენ, ვითომც არაფერი... მარშისას ჩვენი ბაღის ღობიდან დაძრობილი სარები ჰქონდათ მხარზე გადებული. ეგენი საქართველოს დათმობდნენ?
ოსი პროკურორი მეუბნებოდა ერთხელ: რამდენჯერ მინახავს, მდინარეს მკვდარი ოსი რომ ჩამოჰქონდაო. ვუთხარი: შენ ცოცხლებს ვერ არჩევ ქართველებს ოსებისაგან და წყალში მკვდარს რა შეატყვე, ოსი იყო თუ ქართველი. ზედ ეწერა, რომ გადმოაბრუნე, თუ რა-მეთქი. მაგრად რომ შევჯორე, მერე განჯინა გააღო, კონიაკი გამოიღო, ჩამოასხა. არ დავლიე. ავდექი და წამოვედი. ასე ტყუილ-ტყუილ გამოგვაცურეს სამშობლოდან.
მოჯამაგირეებად ჩამოსულ ოსებს მამა-შვილურად დავხვდით... 1946 წელს 17 ოჯახი ჩასახლდა დვირში. ჩვენი - ქართველებისა სამი ოჯახი დავრჩით მაგათ პირისპირ. საერთოდ, მაგ ხეობას აკლდა ქართველი. მტერთან ბრძოლაში გაწყდნენ ქართლელი ვაჟკაცები.
შარშან, აგვისტოს დღეებში ჩემი მეუღლე ნათელა გაივლიდა-გამოივლიდა, სულ ომის გამო ტიროდა. ვეტყოდი, კარგი, გეყოფა, გული გამისკდება მალე-მეთქი.
რუსმა მიაყენა ბულდოზერები ქართულ სოფლებს - თამარაშენს, ქურთას, ერედვს და მიახვეტეს ყველაფერი ერთმანეთს. თან ხელში ქართველის მოყვანილი ვაშლი ეჭირათ და იმის კბეჩით აყირავებდნენ ხეებსაც და ჩვენს საცხოვრებლებსაც. იქ ვინც დარჩა საცხოვრებლად - ოსია თუ რუსი, რა ახარებთ? ქართულ სოფლებზე გადასხმული ბეტონი მაგათთვისაც ბეტონი არ არის? თვითმფრინავებს შეჭამენ თუ რას იზამენ? რუსი რომ დააცემინებს თავის მკვდარზე ცხვირსა და თვითონაც წაეყუდება, გამოჩნდება ყველაფერი.
თამარ მეფეს რა უნდოდა - საქართველოს ქოში რომ ყოფილიყო, ის ჰქონდა სიამაყედ და აშენებდა საქართველოს! ამათ კი თავზე გუმბათი დაიდგეს, ყველაფერი ჩვენ ვართო! ქვეყნის მართვა ეს ჰგონიათ? იმის პატრონები მაინც ვიყოთ, რაც დაგვრჩა. ამასაც რომ ვერა ვპატრონობთ! ახლა ჩვენ სამმაგი მოსავალი უნდა მოგვყავდეს, გვერდით უნდა ვედგეთ ქართველ გლეხსა და მასთან ერთად ვრგავდეთ და ვხნავდეთ. შრომაში უნდა ვარჩინოთ და ვაშენოთ საქართველო...



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?