ჩემი სიმღერები ჩემი ცხოვრების დღიურებია" - კვირის პალიტრა

ჩემი სიმღერები ჩემი ცხოვრების დღიურებია"

"სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი ჩრდილში მოექცა"

მამაჩემი "გიჟპოეტას" მეძახდა...

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, კომპოზიტორმა, პოეტმა, მომღერალმა ნატო გელაშვილმა "კვირის პალიტრასთან" პაემანზე უარი ვერ თქვა და თავისი ცხოვრების შესახებ გულახდილად გვესაუბრა.

- რას ვიფიქრებდი, თუ  ჩემი ცხოვრება მუსიკას დაუკავშირდებოდა. ლექსებს პატარაობიდან ვწერდი. მამაჩემი "გიჟპოეტას" მეძახდა... სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდების დაწყებამდე სამი თვე იყო დარჩენილი, რომ მითხრა, - თავს იღუპავ, შენისთანები მუსიკას სჭირდებაო. მეც მეტი რა მინდოდა და გადავწყვიტე, ექიმი არ გამოვსულიყავი.

სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა... არადა, პირდაპირ კონსერვატორიაში ვერ ჩააბარებდი -  ჯერ მუსიკალური შვიდწლედი ან ტექნიკუმი უნდა დაგემთავრებინა.  მე ტექნიკუმის დამთავრებამ მომიწია... მოკლედ, აღმოვჩნდი მუსიკის გზაზე, რომელიც ალბათ ჩემი ხვედრი იყო...

- საქართველომ ნატო გელაშვილის სახელი როდის გაიგო?

- პირველი ყველაზე დიდი აღიარება იყო ბათუმის ფესტივალი, სადაც ჩემმა სიმღერამ გრან-პრი მიიღო. ეს იყო 1995 წელს. როცა კამერები მომიშვირეს, იმდენად უცხო იყო ჩემთვის, ავტირდი, - ნუ მიღებთ-მეთქი. თუმცა მანამდე თბილისში გარკვეული წრე უკვე იცნობდა ჩემს სიმღერებს, მაგრამ არ იცოდნენ, ავტორი ვინ იყო... ასე ნელ-ნელა წავედი წინ. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში იოლად არაფერი მოსულა. ალბათ, როცა რაღაც ადვილად მოდის, ადვილადვე იკარგება. მე საკმაოდ რთული  გზა გავიარე.

- ნატო გელაშვილი სევდიან სიმღერებს წერსო, - ამბობენ.

- ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული... ვიღაცას თუ გართობა უნდა, მას შეკვეთით სიმღერებს ვერ დავუწერ. უამრავი სიმღერა მაქვს ისეთი, სადაც ბედნიერების განცდა გეუფლება... ცხოვრება ასეთია: სიყვარულით, მოულოდნელობით, ბედნიერებით, სევდითა და მწუხარებით სავსე. ყველა სიმღერაში ჩემი ცხოვრების რაღაც ეპიზოდია ჩადებული. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი დღიურებია. ვწერ იმაზე, რაც მინდა, რომ იმ წუთას ვთქვა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა სევდიანია და ჩემს სიმღერებში აუცილებლად მოძებნის საკუთარ თავს. თუ ბედნიერია, ბედნიერებასაც იპოვის.

- კონკრეტულ ადამიანებს უძღვნით სიმღერებს?

- რა თქმა უნდა. თუმცა ვის, ამას არ ვიტყვი. სიმღერის დაწერის დროს ჩემი მუზა ფილმის სიუჟეტიც კი ყოფილა. ასევე ადამიანებიც, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში გარკვეული კვალი დატოვეს.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი სიხარული და  დიდი ტკივილი?

- სიხარულია, რომ მყავს შვილები - ჩემი გიო და ლუკა. ვარ ბედნიერი დედა და ბედნიერი ცოლი.  მყავს მეგობრები. ჩემთვის სიმშვიდე და კომფორტი ისეთ დეტალებს უკავშირდება, რაც შეიძლება სხვისთვის უმნიშვნელო იყოს. მძიმე პერიოდი ხშირად მქონია, მიზეზი ხან რა ყოფილა, ხან - რა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. როცა რაღაც მანგრევს, დიდხანს მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ.  ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. მარტო, ჩემს გულში ვუმკლავდები უსიამოვნებას...

- მითხარით, ბედნიერი ცოლი ვარო. როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

- ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. მე და ვახომ  ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როცა არაფრის სურვილი არ მქონდა, ვიყავი დატვირთული ჩემი პრობლემებით, ვახო - თავისი პრობლემებით. წელიწად-ნახევრის მერე შევუღლდით. მას შემდეგ ათი წელი გავიდა.  ჯერჯერობით არ ვნანობ...

- ხშირად გვესმის, ქართული ესტრადა ტაშ-ფანდურს დაემსგავსა,  სცენაზე დიმპიტაურის შემსრულებლები დგანანო. რას ფიქრობთ ამაზე?

-  რას იზამ, თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვს ამ ჟანრის მუსიკას. ჩემი აზრით, არ უნდა მოხდეს ფასეული მუსიკის, რომელმაც წლებს გაუძლო, იმ მუსიკასთან არევა, რასაც დღეს უხვად გვაწვდიან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსმენელსაც. როცა კონცერტზე ბევრი პროფესიონალი მოდის, ნიშნავს, რომ ეს მომღერალი მეტ-ნაკლებად ღირებულია. უამრავ მოსაწვევს მიგზავნიან, მაგრამ შეიძლება მხოლოდ ორ კონცერტზე წავიდე, რადგან არ შემიძლია ყველა პროგრამის მოსმენა... კი ბატონო, იყოს ისიც, პრეტენზია არ მაქვს. რადგან არის, მაშასადამე, ვიღაცას მოსწონს, მაგრამ პროფესიონალი და დილეტანტი სცენაზე ერთად არ უნდა იდგნენ. ალბათ დრო დაწმინდავს ამასაც. ხშირად ხდება ასე, შემოვარდება რაღაცა ან ვიღაც მოდაში და მერე ამას მალევე წარსულში იხსენებ, უცებ მომღერლიანად ქრება. მე ცოტა პრეტენზიული მსმენელი ვარ, არ ვარ იოლად მოსატყუებელი. შეიძლება ეკრანზეც ჩანდე და ტაშსაც გიკრავდნენ, მაგრამ ვერ მიიღო ის მუხტი, რაც ხალხისგან მუსიკოსს სჭირდება. ჩვენ ხომ მჩატე ერი არ ვართ, ღირებული მაინც რჩება ბოლოს. კრიტიკულები ვართ, გემოვნებიანნი, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის კარგი და  რა - ცუდი.

- იმ სიტუაციას, რაც დღეს ქართულ სცენაზე ხდება, ხშირად უკავშირებენ პოლიტიკურ პროცესებს, რომ ხელოვნებაში უხეშად მოხდა პოლიტიზირება იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს სცენაზე დგანან, პროფესიონალები კი ჩრდილში ექცევიან.

- სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი ჩრდილში მოექცა. არადა პროფესიონალი სცენაზე უნდა იდგეს! ეს შეიძლება პოლიტიკური პროცესების გამოც იყოს.  მინდა, როგორც ყოველთვის ვიდექით სცენაზე ერთად, ასევე ვიდგეთ დღესაც. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, მინდა ერთად ვიყოთ! ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მომღერლები. დღეს ყველა კი მღერის, მაგრამ ღირებული და პროფესიონალი მომღერლის ჩამოსათვლელად შეიძლება ათი თითი გეყოს და მათ უნდა გავუფრთხილდეთ!

- სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში "მე მიყვარს საქართველო" თქვენ იყავით ერთ-ერთი მენტორი. გაამართლა ამ პროექტმა?

- ამაზე ხშირად მისაუბრია. ალბათ სხვა ფორმატი უნდა მოიძებნოს. არ შეიძლება ამ დოზით მენტორის ჩარევა. როდესაც ტარდება "მე მიყვარს საქართველო" და მე ვიბარებ ავტორის სიმღერას, ის მართლაც ავტორის სიმღერა უნდა იყოს. იქ იყო ისეთი სიმღერებიც, რომლებსაც ვერ გააჟღერებდი. ხშირად არაფრისგან რაღაცის გაკეთება გვიწევდა. ეს  არასწორია. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს დახმარება მენანება, უბრალოდ ის ხვალ ვერ დაწერს დამოუკიდებლად. ორგანიზატორებთანაც მქონდა ამ საკითხზე ლაპარაკი. მონაწილეებმა დამოუკიდებლად უნდა წარმოაჩინონ თავი და არა მენტორების ჩარევით.

- სიახლეს თუ ელოდება მსმენელი ნატო გელაშვილისგან?

- დაწყებული მაქვს მუშაობა ალბომზე. გზადაგზა იმდენი რამე გამოჩნდა, რომ ხან ერთი თვით გადავდე მუშაობა, ხან - ორით. თუ მოვასწარი, წლის ბოლოს გამოვა, თუ არა - 2013 წლის დასაწყისში. ალბომში ათი ახალი სიმღერა შევა. ვფიქრობ, საინტერესო  იქნება...

ქეთი საგინაშვილი