ქართველი ერისთვის მეომარი - კვირის პალიტრა

ქართველი ერისთვის მეომარი

იჯდა შინ მრავალი წიგნის გარემოცვაში, საწერ მაგიდაზე ისევ ხელნაწერები ჰქონდა გაშლილი და თავისი ერის ისტორიას ჩაჰკირკიტებდა...

თბილისში, 1940 წლის 19 ნოემბერს, ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ლექცია თემაზე "ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები". დარბაზი გაჭედილი იყო. ზუსტი დეტალებია ცნობილი: აკადემიკოსი მხოლოდ 38 წუთი კითხულობდა ლექციას, შემდეგ თავი ცუდად იგრძნო... პირველი სცენაზე აკაკი შანიძე აიჭრა. ავის მომასწავებელ დუმილში აუდიტორიას საშინელი ცნობა მოედო: აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა....

ივანე ჯავახიშვილი 1876 წელს თბილისში, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლოდა პეტერბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოს პირველი პოლიტიკური რუკა. იკვლევდა საქართველოს ისტორიასა და ისტორიულ გეოგრაფიას, ეკონომიკას, ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურასა და საეკლესიო ცხოვრებას. წერდა საქართველოს ისტორიას... მაგრამ მისი ცხოვრება სულაც არ გახლდათ მშვიდ გარემოში თავაუღებელი შრომა... ეს იყო დრამატიზმით სავსე, განსაცდელის პირისპირ მდგომი კაცის თავგანწირვა იმისთვის, რომ შექმნილიყო მეცნიერული შრომები, რომელიც ერის ცნობიერების განმტკიცებას შეუწყობდა ხელს... სწორედ ამის გამო, 30-იან წლებში, კომუნისტებმა ქართული ინტელიგენციის დევნასთან ერთად ჯავახიშვილის შევიწროებაც დაიწყეს. არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ ჯერ უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი გააძევეს უნივერსიტეტიდან. იმ მძიმე წლებშიც კი, როცა უმუშევრად დარჩენილი მეცნიერი იძულებული იყო, სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტად ემუშავა, საქართველოს ისტორიაზე ფიქრი და კვლევა არ შეუწყვეტია. მისკენ თითს იშვერდნენ, უკიჟინებდნენ, რომ მარქსიზმამდე ვერ ამაღლდა.

იჯდა შინ მრავალი წიგნის გარემოცვაში, საწერ მაგიდაზე ისევ ხელნაწერები ჰქონდა გაშლილი და თავისი ერის ისტორიას ჩაჰკირკიტებდა... მისი სახლის პირდაპირ კი, კათოლიკურ ეკლესიაში, მაშინ, როცა არც წირვა ტარდებოდა და არც რაიმე დღესასწაული იყო, მოულოდნელად აჟღერდებოდა ორგანი... მეცნიერს გულში სითბო ჩაეღვრებოდა ხოლმე და სარკმელს მიადგებოდა. ტაძარში მის მხარდასაჭერად უკრავდნენ, ორგანთან მისი ერთგული მეგობარი ზაქარია ფალიაშვილი იჯდა... ასეთი უსიტყვო აქცია ხშირი იყო....

არასოდეს მიუღია ჯილდო და პრემია, თუ არ ჩავთვლით მესამე კურსზე დაწერილი სამეცნიერო ნაშრომის გამო მიღებულ ოქროს მედალს... მეცნიერი რუდუნებით ინახავდა ამ ჯილდოს, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინა გაყიდვას - ხელმოკლეობის ჟამს 120 მანეთად დააგირავა თურმე... გამოსატანად მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით მისულა. უარი უთხრეს: უკვე გაიყიდაო.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ივანე ჯავახიშვილს იმისი საშუალებაც კი არ ჰქონდა, რომ ორბელიანისეული სახლი, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, რიგიანად გადაეხურა და მუდმივად წვიმა არ ჩამოსულიყო მის საწერ მაგიდაზე...

ივანე ჯავახიშვილის არც ერთი ნაშრომი არ უნდა დაბეჭდილიყო - ასეთი იყო საბჭოთა ხელისუფლების ვერდიქტი. "ამაზე მეტი ვეღარაფერი გადამხდება... ბედმა ბევრი უსიამოვნება მარგუნა, მეტადრე უკანასკნელ ათეულში და ერთადერთი ნუგეში ჩემთვის კვლევა-ძიება იყო. ყოველთვის ასეთ შემთხვევაში მღელვარება მიმშვიდდებოდა და მოყენებული უსამართლობის სიმწარე მავიწყდებოდა ხოლმე", - წერდა გულმოკლული მეცნიერი.

საბჭოთა ხელისუფლებამ ივანე ჯავახიშვილის სიცოცხლე იქნებ იმიტომ არ ხელყო, რომ მან ერთგვარ ხერხს მიმართა და სტალინის წარმოშობის შესახებ კვლევის დაწყებაზე თანხმობა განაცხადა. 1939 წელს ივანე ჯავახიშვილი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, რაც იმ დროისათვის დიდ პატივად მიიჩნეოდა. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული მხარე იყო. მეცნიერთან ფარული დაპირისპირება არ შეწყვეტილა.

საბჭოთა სახელმწიფოსათვის არსშივე მიუღებელი იყო, რომ ვიღაც "ქართველი ერის ისტორიას" წერდა. ეს არავის სჭირდებოდა მოსკოვში... კავკასიის ულამაზესი ბუნებით ტკბობის მოყვარულ მოძმე ქვეყნებს სულაც არ აძლევდა ხელს, რომ ამ წალკოტში მცხოვრებ ხალხს თავის დიდ ისტორიაზე ზღაპრად თქმული ამბებით კი არა, სამეცნიერო ნაშრომით ელაპარაკა.

საქმეც ეს იყო... დიდი მეცნიერი, რომელსაც თბილისში შინ წვიმა ჩასდიოდა, საკუთარ სახლში - ხოვლეში კი აღარ მიესვლებოდა, რადგან ხელისუფლებამ ერთი ოთახის დატოვებაზეც კი უარი უთხრა, რომელსაც საკუთარი გარდერობის გაახლების სახსრებიც კი არ ჰქონდა, მეომარივით იდგა ბრძოლის წინა ხაზზე და ხელიდან იარაღს არ უშვებდა... ოღონდ იარაღი ის ისტორიული მასალა გახლდათ, რომელიც გაიაზრა და სისტემურად დაალაგა ნაშრომში "ქართველი ერის ისტორია".

"ქართველი ერის ისტორიის" ხუთტომეულს საფუძვლად დაედო ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა თორმეტტომეულის I-III ტომები. აღსანიშნავია, რომ ხუთტომეულში შესულია მეცნიერის არქივში დაცული სხვა ნაშრომები, რომლებიც ძველ გამოცემებში არ შესულა. ეს წიგნი ჩვენი ბრძოლის სიმბოლოა და ეროვნული ცნობიერების გადარჩენის მეცნიერული საყრდენი. სწორედ ამიტომ არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, ამიტომ უნდა იყოს და იქნება კიდეც ყველა საქართველოს მოქალაქის ოჯახში. ვინც ეს მაშინ ვერ მოახერხა, როდესაც "ქართველი ერის ისტორია" პირველად დაიბეჭდა, "კვირის პალიტრასთან" ერთად ახლა მიეცემა ამისი საშუალება და თავის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს ერის საგანძურად ქცეული სამეცნიერო ნაშრომით...

1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა ტოპოგრაფ ევგენი ბარამიძესთან ერთად შეადგინა საქართველოს ისტორიული რუკა, რომელიც შინაგან საქმეთა კომისარიატმა დაბეჭდა. წლების განმავლობაში რუკის დედანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. ამჟამად ის რესტავრირებულია და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტში იქნება დაცული

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

ხოვლეში ეს სახლი, სადაც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმია, ივანე ჯავახიშვილის მამამ ააშენა.

ოჯახი ყოველ ზაფხულს ხოვლეში ისვენებდა. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ სახლი გაძარცვეს, მოგვიანებით კი სოფლის ადმინისტრაციამ იქ სკოლა და კლუბი გახსნა.

ამ სახლს უკავშირდება ერთი საინტერესო ამბავი: ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილმა მუსიკის წერას თავი დაანება. სწორედ მაშინ ივანე ჯავახიშვილმა მეგობარი ხოვლეში მიიწვია.

ერთ საღამოს, სასეირნოდ სოფელში გასულებს, საოცრად ნაღვლიანი სიმღერა შემოესმათ - გლეხი მღეროდა. ფალიაშვილს უკითხავს, - ასე ნაღვლიანად რატომ მღერიო, გლეხს მიუგია, - შვილი დამეღუპაო. მაშინ ფალიაშვილს ჩაულაპარაკია, ამ უბირ გლეხს შვილის დაღუპვის მერეც არ მიუტოვებია სიმღერა და მე კი რას ჩავდივარო. ამბობენ, იმ დღიდან სოფელ ხოვლეში - ივანე ჯავახიშვილის აგარაკზე მიუბრუნდა ისევ მუსიკას.