"ნუ ეცდებით ჩვენს გადაკიდებას, ეს შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"ნუ ეცდებით ჩვენს გადაკიდებას, ეს შეუძლებელია"

"ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს ჩვენი მეგობრობის დარღვევას"

"როგორ უნდა დავუჯერო იმას, ვინც მეტყვის, რომ ჩემგან განსხვავებულად მოაზროვნე ქართველი ჩემი მტერია?"

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე "ქართული ოცნების" ემბლემიანი მაისურით შემოსილი ბიჭები ხელგადახვეული დგანან თანატოლებთან, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობის" მაისურები აცვიათ, წარწერით "მე მიყვარს საქართველო".

დღეს, როდესაც აზრთა სხვადასხვაობის გამო უკიდურესი დაძაბულობაა ხალხში და მათ შორის ახალგაზრდებშიც, ეს ფოტო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ვინ არიან ეს ბიჭები, როგორ მოახერხეს, რომ მათი პოლიტიკური ცნობიერება ადამიანური ღირებულებების დამთრგუნველი ვერ გახდა, არ შეეშინდათ, ამ ფოტოს გამო პარტიული ბოსებისგან არათუ საყვედურის, დასჯისაც კი და, ნებსით თუ უნებლიეთ, სამაგალითონი გახდნენ. როდესაც ფოტოს ისტორიის კვლევა დავიწყე, კიდევ უფრო გასაოცარ ამბავს წავაწყდი, ასეთი შინაარსის კადრის აღბეჭდვის იდეის ავტორიც და გადამღებიც ტყიბულელი სკოლის მოსწავლე, 16 წლის გიორგი ტოფაძე აღმოჩნდა.

"ვუყურებდი, როგორ ვერ უშლიდა ბიჭებს ხელს "პოლიტიკური" მაისურები, რომ ძველებურად მეგობრები ყოფილიყვნენ, ამიტომაც გადავწყვიტე ფოტო გადამეღო. ვიმედოვნებდი, რომ  ჩემი საავტორო კადრი გახდებოდა სტიმული ახალგაზრდებში ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის გასაძლიერებლად.

როგორი მაისურიც უნდა გვეცვას, რომელ პოლიტიკურ მხარესაც უნდა წარმოვადგენდეთ, ყველას გვიყვარს საქართველო და სწორედ ამ სიყვარულიდან გამომდინარე ვოცნებობთ ისეთ მომავალზე, სადაც ჩვენ სრულფასოვანი მოქალაქეები ვიქნებით. ფოტოზე გამოსახული ბიჭები სიამოვნებით დამეთანხმნენ, რომ მათთვის ფოტო გადამეღო. ისინი სოფელ ცუცხვათის მკვიდრნი არიან. ტყიბულში დეპუტატობის კანდიდატ ელისო ჩაფიძეს ჰქონდა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველანი იქ ვიყავით, "ნაციონალების" აქტივისტები შუა აქციის დროს შემოგვიერთდნენ. მათთან ცუცხვათის გამგებლის შვილებიც იყვნენ. ერთმა თქვა, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახერხებს ჩვენი მეგობრობის დარღვევასო და მეც ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მათი სამაგალითო მეგობრობა საქართველოსთვის მენახებინა.

მჯერა, რომ ასეთი მეგობრობა ბევრ ახალგაზრდას, ბევრ გოგო-ბიჭს აქვს დღეს და ისინი არაფრად აგდებენ პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას.  არ მომწონს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური პოზიციების გამო ახალგაზრდობის ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს.

ზრდასრული, ჭკუადამჯდარი ადამიანები რატომ უშვებენ ასეთ საქციელს? ან როგორ უნდა დავუჯერო იმას, ვინც მეტყვის, რომ ჩემგან განსხვავებულად მოაზროვნე ქართველი ჩემი მტერია? რას ნიშნავს, ვინც "ნაციონალი" არ არის, ჩვენი მტერიაო? მხოლოდ მათია საქართველო? არ მომწონს, რომ ჩვენ, ბავშვები, იძულებული გავხდით პოლიტიკაში ჩავრეულიყავით და საუკეთესო მომავლის ძიებაში ბავშვობა დაგვეკარგა.

მე ისეთი საქართველო მინდა, რომელსაც ჭკუადამჯდარი, ღირსეული ხალხი მართავს და არა შარიანი ბიძები, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს, როგორმე დარჩნენ ხელისუფლებაში, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ქართველებში სიძულვილის დათესვა. ეს ცნობილ წყევლას მახსენებს, თუ მე არა, ქვა ქვაზეც არ დარჩენილაო. მე 16 წლის ვარ და არ მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო, რომელიც ვიღაცის ინტერესისთვის ჯოჯოხეთს ემსგავსება. ნუ ეცდებით ჩვენს გადაკიდებას, ეს შეუძლებელია".