"ღია ბიბლიოთეკა" ბათუმში - კვირის პალიტრა

"ღია ბიბლიოთეკა" ბათუმში

ბათუმის ბულვართან, სანაპიროზე, დაიწყო "პალიტრამედიის" ახალი, სოციალური პროექტი, სახელწოდებით "კითხვა ბუნებრივია". სპეციალურად მოწყობილ ღია თაროებზე განთავსებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნები და "მაკულიტერატურის" პროექტის (შეგახსენებთ, ამ პროექტის ფარგლებში მოსახლეობა ძველ მაკულატურას აბარებს და სანაცვლოდ ახალგამოცემული წიგნები მიაქვს. მაკულატურაში კი ხანდახან ისეთი წიგნებიც გამოერევა, რომელთა გადამუშავება დასანანია) ფარგლებში გადარჩეული "გადარჩენილი" წიგნები. ყველა მსურველს შეუძლია, აირჩიოს სასურველი წიგნი, მიეფიცხოს მზეს, დაისვენოს და თან გამდიდრდეს ინტელექტუალურად, წაკითხვის შემდეგ კი წიგნი ღია ცის ქვეშ მოწყობილ ბიბლიოთეკაში დააბრუნოს.

- ეს პრაქტიკულიცაა და სასარგებლოც, - გვითხრა სანაპიროზე მოსეირნე ახალგაზრდა ქალმა, ლიანა მასხულიამ, - ჩემს სამი წლის ვაჟს გაჭირვებით ვაჩერებდი ნაპირზე, წარამარა წყლისკენ მიიწევდა. ახლა საბავშვო წიგნებს აქვე ვიღებ და ხმამაღლა ვუკითხავ. რომ იცოდეთ, როგორი თვალებგაფართოებული მისმენს. მეც დავისვენე და ისიც ბევრ რამეს სწავლობს...

- მართალია ჩემი შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ სულ ვცდილობ, სკოლაში შესვლამდე რამდენიმე ლექსი მაინც დაისწავლოს. ახლა კი, ძალიან მოსწონს, ასეთ ვითარებაში რომ ვუკითხავ, დღეს ორი ლექსი ვასწავლე, - ღიმილით გააგრძელა საუბარი ნატალია ვაზაგანოვამ.

- ეს პროექტი ბავშვებისთვის კი არა, უფროსებისთვისაც ძალიან მოსახერხებელია, - წიგნის თაროებთან ბათუმელ მამია მაისურაძეს ვხვდებით, - ხომ გაგიგონიათ, თუ მთა არ მიდის მუჰამედთანო... წიგნთან არ მიდიან ახალგაზრდებიო და აგერ - წიგნმა მოაკითხა, ახლა აიღებენ და წაიკითხავენ...

- დღეს საოცარი რამ მოხდა, მაკულიტერატურის ფარგლებში გადარჩენილ წიგნს მივაკვლიე, რომელიც სტუდენტობის მერე არსად შემხვედრია, არადა, ჩემი საყვარელი წიგნი იყო და სულ მენატრებოდა. დღეს ვკითხულობდი. დამპირდნენ, ხვალისთვისაც შეგინახავთო, - კმაყოფილია ნარგიზა გიგაური.

მართლაც სხვანაირად გახალისებულია სანაპირო. საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი დამსვენებლები ინტერესით ათვალიერებენ წიგნის თაროებს... მოგეხსენებათ, წიგნები მძიმე სატარებელია, როცა დასასვენებლად მიდიხარ, ამიტომ ხშირად დამსვენებლები აგარაკზე ყიდულობენ წიგნს "გულის გადასაყოლებლად", მერე კი შინ წაღება უჭირთ. ასეთი წიგნი კი მკითხველმა შეიძლება ბიბლიოთეკას შესწიროს... ამან იქნებ ერთგვარი აქციის სახეც მიიღოს, რომელიც თანამედროვეთა წიგნიერების სამსახურში ჩადგება. ყველას შეუძლია, ბიბლიოთეკას ერთი წიგნი შემატოს. რაც უფრო დიდი იქნება არჩევანი, დიდი იქნება ალბათობა, რომ კიდევ ერთი ადამიანი გაიხდის კითხვას ბუნებრივ მდგომარეობად.

როგორც ბათუმელებმა აღნიშნეს, პროექტი "კითხვა ბუნებრივია" ძალიან საჭირო და საინტერესო იქნება არა მარტო ზღვის ნაპირზე, არამედ ყველა პარკშიც, სადაც ადამიანები დასასვენებლად ჩამოსხდებიან ხოლმე. თანაც მსგავსი შეთავაზება მომავალი თაობის სწორ ჩამოყალიბებას ემსახურება. როგორც გაბრიელ მაქაცარიამ გვითხრა, მას მერე, რაც მეზობლებმა ეზოში ჭადრაკის თამაში დაიწყეს, შეამჩნიეს, რომ ბავშვებიც ჭადრაკით დაინტერესდნენ და ბანქოსკენ აღარც კი იხედებიან. "იქნებ ეს ბიბლიოთეკები გვექცეს წამლად... მაგალითი თავად მივცეთ ბავშვებს. ავიღოთ წიგნები და წავიკითხოთ. იმ მშობლებს არაფერი გამოუვათ, თავად რომ წიგნს არ ეკარებიან და ბავშვებს უკიჟინებენ - იკითხეთო. დარწმუნებული ვარ, სანაპიროზე გამოტანილი წიგნის თაროები სრულიად სხვა განწყობას შესთავაზებს ურჩ მკითხველსაც კი".

- აქვე ვცხოვრობ და სპეციალურად დავიწყე გამოსვლა დილა-საღამოს, იმდენად სასიამოვნოა ეს სიახლე. ჩამოვჯდები ჩემთვის, ვისვენებ და გატაცებით ვკითხულობ. თითქოს თვალს ვადევნებდი რა წიგნები გამოდიოდა, მაგრამ ბევრი რამ გამომრჩენია, - გვითხრა ქალბატონმა ლიანა მელაძემ, - დღეს, მაგალითად, დილიდან ვათვალიერებ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებს და გაოცებული ვარ: ასეთი ფართო და საინტერესო სპექტრი თუ ჰქონდათ, არ მეგონა. ის წიგნიც ვნახე, რაც ამას წინათ მეგობარმა მირჩია, - იყიდეო. ათიოდე გვერდი წავიკითხე და დავრწმუნდი, მართლაც ღირს ყიდვა.

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი: პროექტის - "კითხვა ბუნებრივია" იდეა არის ახალი შესაძლებლობა, წაიკითხო წიგნები იქ, სადაც შორი მგზავრობის გამო ვერ მიგაქვს საკმარისი ლიტერატურა. ძალიან საინტერესოა ამ ბიბლიოთეკის შემადგენლობაც. აქ ნახავთ არა მარტო ახალ წიგნებს, არამედ ძველ გამოცემებსაც, რომლებიც "მაკულიტერატურის" პროექტის შემდეგ გადარჩენილი წიგნების სახელით შეემატა ჩვენს წიგნის თაროს. თავისუფალი ბიბლიოთეკების გახსნა რეკრიაციულ ზონებში დროთა განმავლობაში იტყვის თავის სათქმელს. პროექტის მიზანია, დასვენება იყოს არა მარტო სასიამოვნო, არამედ სულისა და გონებისთვის სასარგებლოც. ადამიანი ისვენებს, რომ შემდეგ ახალი ენერგიით, იდეებით შეუდგეს საქმეს. სწორედ ამ ახალი იდეების გაჩენას ემსახურება კითხვა... ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ბიბლიოთეკაში წააწყდეთ წიგნს, რომელიც მომავალში თქვენი წარმატებული კარიერის საწინდრად იქცევა...

მარიამ ცაიშვილი, "პალიტრამედიის" წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი: "პალიტრამედიის" სოციალური პროექტი ბათუმით დავიწყეთ და ვფიქრობთ სხვაგანაც გავაკეთებთ.

- რა ღირს ბიბლიოთეკის მომსახურება?

- ეს უფასო ბიბლიოთეკაა. დამსვენებლებმა ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი უნდა დაგვიტოვონ, აირჩიონ სასურველი წიგნი, წაიკითხონ და უკან დაგვიბრუნონ. ეს სოციალური პროექტია და ამიტომ გვინდა, ყველას მიეცეს როგორც წაკითხვის, ისე თანამონაწილეობის შესაძლებლობა. "ღია ბიბლიოთეკა" ბათუმში სეზონის ბოლომდე უმასპინძლებს დამსვენებლებს. ამასთანავე აღვნიშნავ, რომ რადგან ბათუმში ბევრი ტურისტია, ჩვენს ბიბლიოთეკაში შედის როგორც ქართულენოვანი ლიტერატურა, ასევე რუსულენოვანიც; ბავშვებისთვის კი გვაქვს ილუსტრირებული საბავშვო წიგნები.

გვიხარია, რომ ახალმა პროექტმა ძალიან დააინტერესა ბათუმელები და ბათუმის სტუმრები.