მეტი სარგებელი ხალხს(?!) - კვირის პალიტრა

მეტი სარგებელი ხალხს(?!)

ახლა დედაქალაქში ისეთი სპორტული მოედნებია, რომელთა თანამედროვე ტექნოლოგიით დაგებულ საფარზე ბავშვები უსაფრთხოდ დარბიან. ზოგიერთ რეგიონში კი ასეთი სტადიონი სანთლით არის საძებარი. 2011 წლის ზაფხულში ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სტადიონი გააკეთეს, როგორც ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის დავალებით და ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის საკრებულოს ხელშეწყობით. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავთ. ადგილობრივების თქმით, მუშებმა ის გააკეთეს, რაც დაავალეს:

"მოზომეს ადგილი ისე, რომ საძირკველიც არ გაუჭრიათ, ჩაყარეს რკინის მილები, ზედ შემოავლეს“ელიავას ბაზრობაზე ნაყიდი ლითონის ბადე და დადგეს ორი რკინის კარი. არც მიწის ზედაპირი მოუსწორებიათ და არც ხელოვნური მოლი დაუგიათ, ისე დაუძახეს ბავშვებს და უთხრეს, ბურთი მოიტანეთ, აჰა, თქვენ მოედანიო. რაც დრო გადის, მოედანი მით უფრო სახიფათო ხდება. საძირკვლის უქონლობის გამო საყრდენებს წყალი ძირს მალე გამოაცლის და რკინის ბოძებიც წაიქცევა.

წინათ აქ უფრო დიდი მოედანი იყო, უკეთ მოსწორებული, არც ქვები ეყარა. მხოლოდ“ბადე არ ჰქონდა შემოვლებული. საკრებულოს ხალხმა სოფელში მოაგროვა რკინის ბოძები, რომ მოედნის მშენებლობაზე გამოყოფილი ფული სხვა მიზნებისთვის დაეზოგათ", - ამბობენ ახალგაზრდები.

XXI საუკუნისთვის შეუფერებელი ეს მოედანი შარშანაც შევამჩნიე, მაგრამ მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მითხრეს, ჯერ მშენებლობა არ დაგვისრულებია, მომავალ წელს აქ ლამაზი მოედანი დაგხვდებაო. ერთი წელი გავიდა, აქ კი არაფერი შეცვლილა.

როცა სოფლის გამგებელს, კახა მაჭარაშვილს დავუკავშირდი, ვკითხე, ხუნევში მოედანი დასრულებულია თუ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია-მეთქი? მიპასუხა, მანქანაში ვზივარ, გზაში ვარ, შეიძLლება ტელეფონი გაითიშოს და მე თვითონ დაგირეკავო. ახლაც მის ზარს ველოდები, ალბათ, ჩემთვის სათქმელი პარტიულ უფროსებთან ვერ შეათანხმა.