საწამლავი საკვების შეფუთვით(?!) - კვირის პალიტრა

საწამლავი საკვების შეფუთვით(?!)

ნაწლავის ჩხირი, მატლები და ჭიები საკვებში - სურსათი, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყიდება

"იოლის" ჭიქის ნაყინებში - "სამგორი" და "მაქსშეიქი" კოლიბაქტერიები აღმოჩნდა. კოლიფორმებით იყო დაბინძურებული შპს "ბოკოლას" ასაწონი პელმენი. კოლიბაქტერიები აღმოჩნდა საშაურმეში (შპს "ლინა") შეძენილ შაურმაში, "გუდვილში" შეძენილ ხორცის ფარშსა და "იოლში" შეძენილ კრაბის სალათში. მომხმარებლებმა აღმოაჩინეს შავი ჭიები შვრიაში და მატლები წიწიბურაში. ლაბორატორიულმა კვლევამ ცხადყო, რომ მაღაზიებში კარტოფილის სენით დაავადებული პური იყიდებოდა. ყველა ამ კვლევას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მომხმარებლების საჩივრების საფუძველზე ახორციელებს და ცხადია, რომ სურსათი, რომელსაც ვყიდულობთ, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

რა არის კოლიბაქტერია და საიდან ხვდება ის საკვებში? ეს ფაქტობრივად ნაწლავური ჩხირია და პროდუქტი კოლიბაქტერიებით შეიძლება დაბინძურდეს რამდენიმე შემთხვევაში: თუ სურსათი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეხებაშია ცხოველის ფეკალურ მასებთან; ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომლებიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად, ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად; სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს ჰიგიენურ ნორმებს და სურსათი ჭუჭყიანი ხელებით ბინძურდება; შენახვისას ან გადაზიდვისას პროდუქტი შეეხო სხვა, დაბინძურებულ სურსათს.

რას იწვევს კოლიბაქტერია? თუ ტემპერატურულმა პირობებმა ხელი შეუწყო, საკვებში მოხვედრილი კოლიბაქტერია ძალიან სწრაფად მრავლდება. შესაბამისად, პროდუქტის სუნი და გემო მკვეთრად უარესდება. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი მომწამვლელია. ასეთი საკვების მოხმარება იწვევს: ნაწლავურ ინფექციებს, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანებას, მენინგიტს... სიმპტომებიც სხვადასხვაგვარია: პირღებინება, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის აწევა, სისუსტე ან უმადობა. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლოა განვითარდეს სეფსისიც.

სურსათის ექსპერტები განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ირღვევა როგორც სურსათის წარმოების, ასევე მისი შენახვის წესები, სახელმწიფო კონტროლი კი ამ მიმართულებით იმდენად სუსტია, რომ მეწარმეები ხშირად იქცევიან არაკეთილსინდისიერად, რასაც მომხმარებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ეწირება.

ლია თოდუა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი: "მომხმარებელს არავითარი გარანტია არ აქვს იმისა, რომ პროდუქტი, რომელსაც მოიხმარს უვნებელია ჯანმრთელობისთვის. ხშირად მინახავს, რომ ნაყინი ქათმის ბარკლებთან, ან სხვა ტიპის სურსათთან ერთად არის მოთავსებული სამაცივრე დანადგარში. ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში კვების პროდუქტები სწრაფად ფუჭდება, მეწარმეები და რეალიზატორები კი ხშირად ელექტროენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით მაცივრებს თიშავენ. ხომ გინახავთ გადამზიდავი, ე.წ. სადისტრიბუციო მანქანები, რითაც ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები გადააქვთ? ხშირად ასეთ მანქანებში მაცივარი არ აქვთ დამონტაჟებული. ეს დაუშვებელია, რადგან არ შეიძლება გაყინული პროდუქტი, თუნდაც მცირე ხნით, მაცივრის გარეშე შეინახო. როგორც კი ის ლღვობას დაიწყებს, მასში ბაქტერიების გამრავლების პროცესიც იწყება. თავიდან გაყინვისას კი უკვე გაფუჭებულ და საკვებად გამოუსადეგარ პროდუქტს ყინავ. არავინ აქცევს ამას ყურადღებას. წელს სადაც კი შევსულვარ ნაყინის საყიდლად, ყველგან გამლღვალი პროდუქტი ჰქონდათ.

კანონიც არსებობს სურსათის უვნებლობის შესახებ და სახელმწიფო უწყებაც, მაგრამ მეწარმეებს თუ არავინ შეამოწმებს, რად გინდა?! წლის განმავლობაში, 20-40 ათასი მეწარმიდან, სურსათის უვნებლობის სამსახური მხოლოდ 200-ს მეწარმეს ამოწმებს და ისიც მხოლოდ მსხვილ მეწარმეებთან შედის კონტროლზე. გამოდის, რომ უმეტესობა თავის ნებაზეა მიშვებული. თუ არ მოგთხოვთ, შეასრულებთ იმ ნორმას?! ზოგმა არც იცის, რომ საკვების წარმოებისა და შენახვის ნორმები არსებობს. ეს, ფაქტობრივად, მხოლოდ მეწარმის ცოდნასა და სინდისზეა მინდობილი. ერთ-ერთმა მეწარმემ, რომლის პროდუქციაშიც კოლიბაქტერიები აღმოჩნდა, დაგვირეკა: შენი ჭირიმე, ერთი ამიხსენი, კოლიბაქტერია რას ნიშნავსო(?!).

ასეთ პირობებში მომხმარებლის უფლებები, ფაქტობრივად, დაუცველია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეეცდები დაამტკიცო, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული პროდუქტით მოიწამლე, შენახული უნდა გქონდეს ჩეკი, რომელზეც აღბეჭდილია, როდის და სად შეიძინე პროდუქტი, ეტიკეტი, თავად პროდუქციის ნიმუში და სხვ. არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არის ასე თავის ნებაზე მიშვებული საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზება. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუძლია სახელმწიფო მაკონტროლებელს შევიდეს და შეამოწმოს საწარმო, ჩვენთან კი, ძირითადად, გეგმიურ შემოწმებებს ატარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარ აფრთხილებენ მწარმოებელს: უნდა შემოვიდე და შეგამოწმოო. მიუხედავად ამისა, მაინც უამრავი დარღვევაა. ჰიგიენურ ნორმებსაც კი არ იცავენ მწარმოებლები.

ჩვენ ყველა აღმოჩენილი დარღვევის შესახებ ვუგზავნით ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მაგრამ გვპასუხობენ - თუ არავინ მოიწამლება, რეაგირება არ იქნებაო(?!). მოწამვლის ფაქტი კი ექიმის ცნობით უნდა დადასტურდეს და თურმე მხოლოდ მაშინ შევა მაკონტროლებელი მეწარმესთან არაგეგმიურ შემოწმებაზე.

მადონა კოიძე, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე: "ყველაზე რთული პერიოდი ზაფხულია, როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია და პროდუქციის ეტიკეტზე მითითებული შენახვის პირობები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. თუ პროდუქტს სჭირდება მაცივარი, ის აუცილებლად უნდა იყოს მოთავსებული ამ დანადგარში. სამწუხაროდ, ხშირად პროდუქტზე მითითებული ვარგისიანობის ვადაც კი არ არის იმის გარანტი, რომ პროდუქტი საკვებად ვარგისია. პროდუქტის შენახვის ბოლო ვადა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვადის ამოწურვამდე განსაზღვრულ პირობებში ინახებოდა. როცა პროდუქტი ღია დახლზე დევს სამაცივრე დანადგარის გარეშე, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი უკვე გაფუჭებულ პროდუქტს ყიდულობს.

ხშირად რეკავენ მომხმარებლები და გვეუბნებიან, რომ შეიძინეს იოგურტი და მასში ობის ბურთულა აღმოჩნდა... ზოგ შემთხვევაში რეალიზატორები იბრუნებენ ასეთ პროდუქციას, მაგრამ ხშირად ხელმძღვანელობენ პროდუქტზე მითითებული ვარგისიანობის ვადით და თავს ამით იმართლებენ, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, რამდენ ხანს ჰქონდათ მაცივრის გარეშე.

სურსათის უვნებლობის სამსახური უნდა ასაჯაროებდეს იმ კომპანიების ვინაობას, სადაც დარღვევებია აღმოჩენილი, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია მათ შესახებ. თუმცა ამას არ აკეთებენ იმ საბაბით, რომ მეწარმის რეპუტაცია ძალიან სათუთია და მხოლოდ მათთვის ხარვეზების გამოსასწორებლად მიცემული გონივრული ვადებით, ან საჯარიმო სანქციებით შემოიფარგლებიან. ასეთ პირობებში მომხმარებელი, ფაქტობრივად, დაუცველია".

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის საიტზე მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 2009 წელს საქართველოში ნაწლავური ინფექციის 9065 შემთხვევა აღინუსხა და აქედან 16 პაციენტი გარდაიცვალა. 2010 წელს კი ამ დაავადების 11437 შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამ საიტზე 2011 წლის სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)