ფლეიტასთან გამიჯნურებული მომავალი დიპლომატი - კვირის პალიტრა

ფლეიტასთან გამიჯნურებული მომავალი დიპლომატი

გაგა შოთაძე ენიო მორიკონეს სტუდიის საავტორო უფლების მფლობელია

მუსიკისა და იტალიური ენის სიყვარულმა გაგა შოთაძე, მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა და ახლა მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მსოფლიო  საინფორმაციო ქსელის -"გუგლის" მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

- ბავშვობაში მუსიკის სიყვარულს უჩვეულოდ გამოვხატავდი - დავიჭერდი ბარაბნის პატარა ჯოხებს და ნებისმიერ საგანზე ვაბრახუნებდი. ქორწილში მუსიკოსების გვერდით ვდგებოდი და ჩასაბერი ინსტრუმენტით რომელიმე მელოდიის გამეორებას ვცდილობდი.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო განყოფილებაში ჩავაბარე, ფლეიტის სპეციალობით... ქუთაისში იტალიელი მისიონერები ცხოვრობდნენ. მამა ჯუზეპე პაჩიტომ შემომთავაზა, იტალიურს უფასოდ გასწავლით, სამაგიეროდ, ჩვენს კონცერტებში მიიღე მონაწილეობაო. მეც მათ კულტურულ ღონისძიებებში ხშირად ვმონაწილეობდი. 2002 წელს, იტალიის საელჩოს გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვე და ფლორენციაში, ლუიჯი ქერუბინის სახელობის კონსერვატორიაში სტაჟირებაზე გავემგზავრე. მონაწილეობა მივიღე კონკურსში  - "გაზაფხულის ფლორენცია"- ეს იყო სააღდგომო კონცერტი. ფლეიტაზე ჩვენი უკვდავი "სულიკო"”შევასრულე, ისეთი დატვირთული ვიყავი ემოციით, ფლეიტა თითებით ძლივს მეჭირა, მაგრამ როგორც კი ათასობით მოლოდინით სავსე თვალი დავინახე, დაძაბულობაც გაქრა. ისე მოეწონათ, რომ ორჯერ მომიწია შესრულებამ... ამ კონკურსში გავიმარჯვე.

აქედან დაიწყო ჩემი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე.. როგორც მერე გავიგე, კონკურსს ესწრებოდა წმინდა ეჯიდიოს საკრებულოს”ფლორენციის წარმომადგენელი ბატონი ადრიანო რიკარდი.

საკრებულო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდებს აერთიანებს  და მისი წევრობა იტალიაში გამართულ ყველა მნიშვნელოვან კონცერტში მონაწილეობის უფლებას იძლევა. ადრიანო რიკარდიმ საკრებულოს წევრობა შემომთავაზა; ხელშეკრულება გავაფორმეთ და  ახლა ამ საკრებულოს საპატიო წევრი ვარ.

გამოხდა ხანი და საქართველოში იტალიის იმდროინდელი ელჩის, ბატონი ფაბრიციო რომანოს რეკომენდაციით, ქალაქ პერუჯაში გავემგზავრე, ამჯერად დანტე ალიგიერის სახელობის უნივერსიტეტში იტალიური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტის სტატუსით. სტუდენტობის წლებმა იქაც ელვის სისწრაფით განვლო და უკვე კურსდამთავრებულმა იტალიური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის დიპლომით საქართველოს მოვაშურე. თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კიდევ ორი თვე მომიწია იქ დარჩენამ. რექტორატისაგან მივიღე შემოთავაზება, რომ ქართული და იტალიური ენების დიალექტების შესახებ მომემზადებინა თემა - "საქართველოსა და იტალიის კულტურა და ტრადიციები". შევარჩიე იმერული კილო, იტალიურის სიცილიური და ტოსკანური დიალექტები.

- გაგა, ვიცი, რომ პროფესორის წოდება გაქვს, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო არ აღიარებს.

- 2005 წელს ახალგაზრდა პროფესორ-ლექტორის წოდება მომენიჭა, რაც უფლებას მაძლევს, ლექციები წავიკითხო არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. იმის გამო, რომ მაგისტრატურა საქართველოში არ დამიმთავრებია, აქ ჩემი დიპლომი არ აღიარეს. მიუხედავად ამისა, ბათუმის იტალიურ სკოლაში მაინც დავიწყე მუშაობა.

გასულ წელს სიენის უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- სამეცნიერო და დიპლომატიურ ასპარეზზე ასეთი წარმატებების მიუხედავად, მუსიკას მაინც არ თმობ -  ენიო მორიკონეს სტუდიის საავტორო უფლების მფლობელიც ხარ...

- რაც უნდა მოხდეს, მუსიკა ჩემთვის მთავარია. ჩემი მეგობარი ზაზა კილასონია კინომუსიკას ქმნის. ვისარგებლეთ ჩემი იტალიასთან კონტაქტებით და იტალიაში, ლეგენდარული ენიო მორიკონეს სტუდიაში, მის მოადგილეს ბატონ ენიო პორეგას ზაზას ორი ნაწარმოები მოვასმენინეთ. ბატონი ენიო ზაზას მუსიკით აღფრთოვანდა და ჩვენ გავხდით მისი სტუდიის საავტორო უფლების მფლობელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ნებისმიერ წამყვან მუსიკალურ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმების ექსკლუზიური უფლება გვაქვს.

რამდენიმე კვირის წინ ბათუმის პრესკაფეში ზაზას შემოქმედებითი საღამო გაიმართა და მასში მეც მივიღე მონაწილეობა. საღამოს შესახებ ინფორმაცია ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე აიტვირთა, რაც იმის ნიშნავს, რომ ჩვენ ამერიკაში უკვე გვიცნობენ. საღამოს ორგანიზატორებმა და ამერიკის საელჩომ ნიუ-იორკში, საკონცერტო დარბაზ "არტ გალერიში",”კონცერტის გამართვა შემოგვთავაზეს.

- ლექსებსაც ხომ არ წერთ?

- ბავშვობაში ვწერდი. შეყვარებულს ჩემი ლექსი რომ წავუკითხე, პირდაპირ მომახალა, ასე ხომ ყველა ჯღაბნისო. იმ დღეს წერტილი დავუსვი ჩემს პოეტობას. ერთ დღესაც გადავწყვიტე, სატრფოსთვის სიყვარული ორიგინალურად ამეხსნა - ქობულეთში პატარა ხიდზე დავდექი და ჩემი ფლეიტა "ავაკვნესე"... არ ვიცი, რა მოხდა - ხიდი ჩატყდა და მიჯნური კაცი წყალში აღმოვჩნდი...

- შენ შესახებ ინფორმაცია  "გუგლით" გავრცელდა...

- "გუგლის" ადმინისტრაციამ ეს იტალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების ინფორმაციებზე დაყრდნობით გააკეთა, ასე რომ, ახლა ჩემი გაცნობა უკვე სამ ენაზეა შესაძლებელი.

გურამ სოზაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)