ავტოკატასტროფების კატასტროფული სტატისტიკა - კვირის პალიტრა

ავტოკატასტროფების კატასტროფული სტატისტიკა

2011 წელს საქართველოში 4 486 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც დაშავდა 6 638 ადამიანი და გარდაიცვალა 626.

2010 წელს ავტოავარიის 5 099 შემთხვევა მოხდა, აქედან გარდაცვლილია 685 ადამიანი.

ბოლო წლებში ავტოავარიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2008 წელს აღინიშნა - 6 015 და გარდაცვალების 867 შემთხვევა.

გასული წლის მაჩვენებელი კი 2004 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალია - 2936.

ამ სამწუხარო სტატისტიკით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოშიც და რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთაგან 32% ქალია, ხოლო 68% მამაკაცი. ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი უმთავრესად სიჩქარის გადაჭარბება და სიმთვრალეა.

გიორგი ლაღიძე, პარტია "მომავალი საქართველოს" თავმჯდომარე, ასოციაცია "დაცული მოძრაობის" დამფუძნებელი: "მართლაც ხშირია შემთხვევა, როცა მძღოლები საჭესთან ნასვამი სხდებიან, ეს ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს. დასანანია, რომ ნაკლებად კანონმორჩილები ვართ. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში საავტომობილო მოძრაობა არ არის სათანადოდ მოწესრიგებული, ამაში კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სამსახურებს მიუძღვით ბრალი. ძალიან ბევრ ადგილას ჯერაც არ არის შუქნიშანი, არ დგას საგზაო ნიშანი, რამაც მძღოლი უნდა გააფრთხილოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მართვის მოწმობის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მძღოლი ხარ. მიმაჩნია, რომ მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული კურსი უფრო უნდა გართულდეს. საჭესთან უნდა დაჯდეს ის, ვინც საფრთხეს არ შეუქმნის არც საკუთარ თავს და არც სხვის სიცოცხლეს. კარგი იქნება, თუ მართვის მოწმობის მფლობელთა მონიტორინგიც ჩატარდება.

- ამბობენ, რომ მოძრაობის წესებს უფრო ქალი მძღოლები არღვევენ.

- როცა საჭესთან ვზივარ, ყოველთვის ვუფრთხი ქალ მძღოლებს. უმეტესობა იმდენად მოულოდნელად აკეთებს რაიმე მანევრს, ან არ რთავს გამაფრთხილებელ ციმციმას, ან მოულოდნელად ამუხრუჭებს, რომ საავარიო შემთხვევათა რისკი იზრდება.

ავარიული სიტუაციის შექმნას ქალაქში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უწყობს ხელს, რადგან სხვა ქუჩები საავტომობილო ნაკადებით იტვირთება. ბევრი გზა ჯერაც მოუწესრიგებელია".

რობერტ იანტბელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მძღოლი, გზა, სამართლის" პრეზიდენტი: - მთელი მსოფლიოს სპეციალისტები ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას ან მატებას უკავშირებენ იმას, თუ როგორ არის ორგანიზებული ამა თუ იმ ქვეყანაში საავტომობილო მოძრაობა, როგორ და რა მიმართულებით მოძრაობს ტრანსპორტი, რამდენად სწორად არის გადანაწილებული საავტომობილო ნაკადები და ა.შ. თბილისელი მძღოლები ხშირად იძულებული არიან, მოკლე გზა ეძებონ. ამ დროს კი ხშირია საგზაო წესების დარღვევა და საფრთხეში იგდებენ თავს. ეს იმის შედეგია, რომ შესაბამისი სამსახური სწორად არ გეგმავს მოძრაობას და არ ითვა¬ლისწინებს ამა თუ იმ ქალაქისა და რაიონის სპეციფიკას.

დაბალია მძღოლების თვითშეგნების  დონეც. იქ, სადაც არ შეიძლება, არ უნდა დაარღვიო! გზაზე, სადაც დასაშვები სიჩქარე საათში 60 კილომეტრია, არ უნდა იარო 90 კმ/სთ-ით. და კიდევ, როგორც ჩანს, საპატრულო პოლიცია არაეფექტურად მუშაობს. საინტერესოა, იზიარებს იგი პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში გასულ წლებთან შედარებით ავტოავარიებში რამდენიმე ათეული ადამიანით მეტი დაიღუპა? ეს ფუნქცია საპატრულო პოლიციას არ აქვს. ის მხოლოდ შემთხვევებს აფიქსირებს და გამოდის, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კოორდინატორი არავინ არის. ავარია სანამ მოხდება, მანამ უნდა გაატარო ქმედითი ღონისძიებები, ჩვენთან კი პირიქით არის.

- საკმაოდ მაღალი ჯარიმებია დაწესებული სხვადასხვა დარღვევისთვის. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ჯარიმების გაზრდით დარღვევები შემცირდებოდა...

- ჯარიმების გაზრდით უპირველესად ბიუჯეტის შემოსავლები გაზარდეს, რადგან ეს ბიუჯეტის შევსების საუკეთესო და იოლი საშუალებაა. იქ, სადაც გზა არ გვივარგა, სადაც გზის სავალი ნაწილი არ არის განათებული, მოძრაობის ორგანიზება არ გვაქვს სწორად დაგეგმილი, არაფერ შუაშია ჯარიმის მომატების ტარიფები. ქვეყანაში, სადაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის ჯარიმა 200 ლარია, ხოლო ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის - 100 ლარი, როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, ჯარიმას იმიტომ ვზრდით, რომ ავტოკატასტროფები შემცირდეს და მძღოლებმა ნაკლებად დაარღვიონ მოძრაობის წესებიო. ღერძულა ხაზის გადაკვეთა პრიმიტიული დარღვევაა, მძღოლს ასეთი რამ შეიძლება ზოგჯერ უნებლიეთ მოუვიდეს, ჩვენთან კი ეს თითქმის გათანაბრებულია ისეთ შეგნებულ დანაშაულთან, როგორიც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაა. ქვეყანაში არ არის სწორად დადგენილი ავარიის გამომწვევი მიზეზები და, შესაბამისად, არც ჯარიმების მოცულობაა სამართლიანი. მექანიზმმა რომ ეფექტურად იმუშაოს, გონ¬ივრული პოლიტიკაა გასატარებელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 100 000 კაცზე ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა და ავტო¬ავარიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

გარდაცვალება ავტოავარია

საქართველო      16,8                         144,8

რუსეთი          18,5                             55,3

საფრანგეთი       6,9                          12

სომხეთი         13,9                            113,7

აზერბაიჯანი  13,0                            146,1

გერმანია     8,45                                 7,2

თურქეთი      13,4                              97,1

გაერთიანებული სამეფო 3,59        7

უკრაინა         21,5                               153,6

პირველი და მასშტაბური ავარიები

მსოფლიოში პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა 1896 წელს მოხდა. ეს იყო იმ დროისთვის სრულიად ახალი მოდელის ავტომობილი, რომელიც ის-ის იყო კონსტრუქტორმა არტურ ედსელმა შექმნა და პუბლიკისთვის მისი შესაძლებლობების დემონსტრირება სურდა. ექსპერიმენტის დროს მანქანას წინ ქალმა გადაურბინა და დიდი სისწრაფით მიმავალმა მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. 44 წლის ქალი კი მსოფლიოში პირველი ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა.

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა მსოფლიოში. 2010 წელს უკრაინაში სამგზავრო ავტობუსი, გამაფრთხილებელი სიგნალის მიუხედავად, სარკინიგზო ლიანდაგზე გადასვლისას მატარებელს შეეჯახა. ამ ავარიის დროს ადგილზე 40 ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

იმავე წელს 30 ადამიანი გარდაიცვალა და 80 დაშავდა ავტოავარიის შედეგად დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო განაში. სატვირთო მანქანამ, რომლის საბარგულშიც მგზავრები ისხდნენ, წინ მიმავალი ავტომობილის გასწრება სცადა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.

50 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად კონგოში, როცა ხალხით სავსე სატვირთო ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

რამდენიმე თვის წინ, თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თერჯოლის მონაკვეთთან, სოფელ ბარდუბანთან მომხდარ ავტოავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. "შკოდას" მარკის მანქანა ჯერ BMW-ს შეეჯახა, შემდეგ კი მიკროავტობუსს, რომელიც ახალციხე-ქუთაისის რეისს ასრულებდა.

შეჯახების შედეგად მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. "შკოდაში" - ორი ადამიანი დაიღუპა, მიკროავტობუსში კი - ოთხი.

ხალხს დღემდე ახსოვს ტრაგედია, რომელიც 5 წლის წინ მცხეთასთან დატრიალდა. სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მგზავრობდნენ, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩდა. 8 ახალგაზრდა - 6 გოგონა და 2 ვაჟი მანქანაში დაიწვა.

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)