სტალაგმიტი ჯუნკო პრომეთეს მღვიმეში - კვირის პალიტრა

სტალაგმიტი ჯუნკო პრომეთეს მღვიმეში

კართან ნამდვილი იაპონური დახვეწილობითა და ტაქტით შეგვეგება ქალბატონი ჯუნკო კამოჰარა. ვარდისფერი ნაზად მოჩითული კიმონო თითქოს საკურას ყვავილობის სიმსუბუქით მოსავდა. ღიმილით მიგვიწვია სასტუმრო ოთახში. სადა ინტერიერში დღესასწაულის განცდა შემოჰქონდათ ტრადიციულ იაპონურ თოჯინებს - ნინგუებს.

ნინგუოთა  უმეტესობა ძირითადად პატივისცემის და თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენს. უძველესი დროიდან მოყოლებული, იაპონიის მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანის მსგავს გამოსახულებებს სიმბოლური დატვირთვა გააჩნდათ. ისინი წარმოადგენდნენ ნაყოფიერების თილისმებს, სარიტუალო ფიგურებს, ბავშვების დამცავ ამულეტებს, სამშობლოს დამცავი სულების დროებით განსასვენებელს...

შემთხვევითი არ არის რომ ამომავალი მზის ქვეყნის ელჩის რეზიდენციაში განსაკუთრებული ნათელი იგრძნობოდა - ამომავალი მზისა...

ქართველი სტუმრები საჩუქრით ხელდამშვენებულები ეწვივნენ იაპონიის ელჩს მასიოშო კამოჰარასა და მის მეუღლეს. წყალტუბოს რაიონში, პრომეთეს მღვიმეში არის ერთი სტალაგმიტი, რომელსაც მღვიმის აღმომჩენისა და შემსწავლელის - ჯუმბერ ჯიშკარიანის სურვილითა და მისთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლებით ამიერიდან იაპნიის ელჩის მეუღლის - ჯუნკოს სახელი ეწოდება. სწორედ ამ ფაქტის აღმნიშვნელი ოფიციალური დოკუმენტი და სტალაგმიტის ფოტო, რომელიც გოგა ჩანადირის გადაღებულია, გადაეცა ქალბატონ ჯუნკოს. ის გულწრფელი აღფრთოვანებით შეხვდა ასეთ პატივს... უბრალო საქმე ხომ არ არის, მიწისქვეშეთის ბუნებისაგან შექმნილ სასახლეში, სტალაქტიდს, რომელლიც ათასწლეულებს ითვლის შენი სახელი დაერქვას...

როგორც ჯუმბერ ჯიშკარიანი ამბობს, ეს მიწისქვეშა მშვენიერება წყალმა შექმნა წვეთ-წვეთობით:

- მილიონობით წვეთი გამრავლებული ასეულ ათას წლებზე და... თქვენს თვლწინ გადაიშლება მიწისქვეშეთის იგავმიუწვდომელი პეიზაჟი... რას არ ნახავთ აქ. ბროლივით თეთრ, ზოგჯერ ნარინჯისფერ სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, თეატრალური ფარდის მსგავსად დანაოჭებულ კირქვის ფირფიტებს, ქვის ყვავილებს. ბროლივით კამკამა წყლის გუბეებში მიმობნეულ ქვის მარგალიტებს, იდუმალად რომ ციმციმებენ ხელოვნურ შუქზე. ზოგი ისეთი პატარაა, ხელით ვერც აიღებ, ზოგი მტრედის კვერცხის ოდენაა, მრგვალი ან ოვალურია. ზოგი საოცრად პრიალაა, ზოგიც ხეშეში...საათობით შეგიძლიათ იაროთ ამ თავისებურ მიწისქვეშა მუზეუმში დაოსტატთა შორის ყველაზე საოცარი ოსტატის - ბუნების ჯადოსნური ხელით შექმნილი სამყაროს ხილვით. სწორედ ამ სამყაროში ამიერიდან ერთ სტალაქტიდს სახელად ჯუნკო ერქმევა და დიდებული ისტორიის მქონე ორ ქვეყანას - იაპონიასა და საქართველოს ყველა დამთვალიერებლლისათვის თვალსაჩინოდ დაუკავშირებს ერთმანეთს.

კარლო ქველაძე - ქართულ-იაპონური ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი:

- ქალბატონი ჯუნკო კამოჰარა ოთხი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა საქართველოში, ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართველებისათვის გაეცნო იაპონური კულტურა და ისტორია, რომ რაც შეიძლება მეტად დაახლოებულიყო ეს ორი ერი ერთმანეთთან. ამ მიზნით არაერთი ღონისძიება ჩაატარა საქართველოში. ერთ ბედნიერ დღეს იაპონიის ელჩმა გამოთქვა თანხმობა, რომ ვწვეოდით მწერალ ოტია იოსელიანს, რომლის "დაჩის ზღაპრებიც" ათიოდე წლის წინ ითარგმნა იაპონურად. სწორედ ოტია იოსელიანთან შეხვდა პირველად ბატონი ჯუმბერ ჯიშკარიანი იაპონიის ელჩსა და მის მეუღლეს და გამოთქვა სურვილი, რომ მისი, როგორც მღვიმის აღმომჩენის უფლებით ესარგებლა და ერთი სტალაგმიტისათვის დაერქმია ჯუნკო კამოჰარას სახელი. ეს სტალაგმიტი ამიერიდან მის სახელს ატარებს...

ჯუმბერ ჯიშკარიანის თქმით, ეს მისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ საშუალება მიეცა ამ ფორმით გამოეხატა პატივისცემა და სიყვარული იაპონიისადმი, მისი ელჩის მასიოშო კამოჰარასა და მისი ოჯახისადმი...

- მინდოდა რაღაცით მაინც გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება... პრომეთეს ღვიმეში, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში დგას ულამაზესი სტალაგმიტი, გადავწყვიტე მისთვის მეწოდებინა იაპონიის ელჩის მეუღლის სახელი. გავა დრო, მუდმივი არაფერია, ჩვენ აღარ ვიქნებით... ეს სტალაგმიტი კი იდგება და ყველას ამცნობს იაპონიის ელჩის ოაჯახის კეთილი საქმეებისა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის შესახებ...

იაპონური ტრადიციით წელში მოხრილი იხდიდა მადლობას ქალბატონი ჯუნკო...

- დიდი მადლობა ხალხს, რომელმაც ასეთ ყურადღება დაუთმო ჩემს მეუღლეს, - ბრძანა იაპონიის ელჩმა მასიოშო კამოჰარამ, - ჩვენ ერთად ვცხოვრობთ 36 წელიწადზე მეტია, რომ არა ის, ასე საინტერესოდ ვერ წარვადგენდი ჩვენს კულტურას თქვენს ქვეყანაში... მადლობელი ვარ თქვენი, საქართველოსი...

(სპეციალურად საიტისთვის)