როგორ დავიცვათ თავი პატარა "ვამპირებისაგან"? - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი პატარა "ვამპირებისაგან"?

ლურჯი ცა, ზღვაზე, ან მთაში გატარებული სასიამოვნო დღეები... - ეს ის შეგრძნებებია, რომლებსაც ჩვენში ზაფხული იწვევს. თუმცა არსებობს ერთი საშიშროება - კოღოები, რომლებმაც შეიძლება მთელი ზაფხული ჩაგვიმწაროს. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ პატარა, აბეზარი არსებებისაგან? - ამ კითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელს, ზურაბ ფუტკარაძეს მივმართეთ, რომელმაც რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგვცა:

- ზაფხულის პერიოდში ყოველთვის მრავლდებიან მწერები და მათ შორის კოღოებიც. ჩვენს ქვეყანაში კოღოები თითქმის ყველგან ბინადრობენ - როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საბედნიეროდ, დღეს კოღოს ნაკბენი ისე საშიში აღარ არის, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო. მოგეხსენებათ, ადრე საქართველო მალარიის კერად იყო მიჩნეული, აქ ბინადრობდა კოღოს ძალზე საშიში სახეობა "ანოფელესი", რომელიც მალარიის გადამტანია. "ანოფელესი" ბუდობდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც. ამ კოღოს გამო მალარიით ათასობით ადამიანი ავადდებოდა, დღეს კი ჩვენთან მალარიის შემთხვევები არ აღინიშნება, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში იყვნენ და დაავადება იქიდან გამოიყოლეს. ამის მიუხედავად, კოღოებისაგან თავის დაცვა მაინც საჭიროა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პატარა მწერები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიან ყველას, რადგან კოღოს ნაკბენი იწვევს ქავილს, სიწითლეს, გაღიზიანებას და ზოგჯერ - ალერგიულ რეაქციასაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაწუხებელია ნებისმიერი ადამიანისათვის - დიდი იქნება ის, თუ პატარა. თუმცა კოღოები ყველაზე მეტად მაინც ბავშვებს აზიანებენ, რადგან ბავშვის კანი შედარებით ნაზი და დაუცველია.

- როგორ დავიცვათ თავი ამ უსიამოვნო არსებებისაგან?

- კოღოებთან ბრძოლის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ, მათ შორის ყველაზე აპრობირებული და საიმედო მექანიკური საშუალებებია: ფანჯრებზე უნდა გავაკრათ ბადეები, ან ისეთი ქსოვილი, რომლის წყალობითაც სახლში კოღოები ვეღარ შემოფრინდებიან. არსებობს სპეციალური ქიმიური პრეპარატებიც, რომლის სუნსაც კოღოები ერიდებიან, სადაც ამ სუნს იგრძნობენ, იქ აღარ ჩერდებიან. გარდა ამისა, აფთიაქში იყიდება სპეციალური მალამოები, რომლებსაც სპეციფიკური სუნი აქვს. თუ ამ მალამოებს წაისვამთ, კოღო ახლოს აღარ მოგეკარებათ. ბაზრობებსა და აფთიაქებში იყიდება სპეციალური სითხეები და ტაბლეტები, რომლებიც ისეთ არომატს გამოყოფს, რომელიც კოღოებს აფრთხობს. თუ ნესტიან ადგილას ცხოვრობთ და ირგვლივ ძალიან ბევრი კოღოა, რომელსაც ამ მარტივი, საყოველთაოდ გავრცელებული მეთოდებით ვეღარ ერევით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდეთ, მოვლენ და თქვენს საცხოვრებელ ადგილს სპეციალური ნივთიერებებით დაამუშავებენ.

- საშიშია თუ არა კოღოს ნაკბენი ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

- როგორც გითხარით, საქართველოში არ არის ისეთი მომწამვლელი და შხამიანი კოღოები, როგორიც ზოგიერთ ქვეყანაშია. გაცილებით საშიშია ზოგიერთი სახეობის ბზიკის, ან ფუტკრის ნაკბენი, ჩვენში გავრცელებული კოღოს ნაკბენი კი არ იწვევს ინტოქსიკაციას და მისი მკურნალობაც საჭირო არ არის, თუ ძალიან არ გაღიზიანდა. საბედნიეროდ, კოღოს ის ჯიშები, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული, არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: შეიძლება კოღოებმა ადამიანს ღამით დაძინების საშუალება არ მისცენ, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ქავილიც, თანაც, კოღოს ნაკბენი შეიძლება გაღიზიანდეს, განსაკუთრებით - ბავშვებში.

P.S. ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მინიმალური დანახარჯებით შეებრძოლოთ კოღოებს: პირველ რიგში უნდა ეცადოთ, რომ ისინი სახლში არ შემოუშვათ, მაგრამ თუ მაინც შემოაღწიეს და დაგკბინეს, ეცადეთ ქავილისაგან თავი შეიკავოთ, რადგან გაღიზიანებული ნაკბენი შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს. არსებობს რამდენიმე, უმარტივესი ხალხური მეთოდი, რომლის დახმარებითაც ამ უსიამოვნებას თავს დააღწევთ:

ხუთი გრამი მიხაკი და ერთი ჭიქა წყალი ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. მიღებული სითხის ათი წვეთი ნებისმიერ ოდეკოლონთან შეაზავეთ, საკმარისია ერთი სუფრის კოვზი ოდეკოლონიც. მიღებული სითხე წაისვით კანზე და 2-3 საათის განმავლობაში კოღოები თქვენთან მოახლოებასაც ვერ გაბედავენ.

კარგია, თუ აბზინდის ნახარშს წაისვამთ: აბზინდის ფესვებს ნახევარი ლიტრი წყალი დაასხით და როცა ეს ნაზავი განელდება, გამოიყენეთ.

თუ აგარაკზე ხართ, ეზოში დაანთეთ ცეცხლი და შიგ ნაძვისა და ფიჭვის გირჩები ჩაყარეთ. კოღოებს ეს სუნი საშინლად არ მოსწონთ.

ნაკბენ ადგილას უნდა დაიდოთ რაიმე ცივი - ყინულის ნაჭერი, ან სხვა რამ - ეს ხსნის ქავილს და აქრობს შეშუპებას.

კარგია, თუ წაისვამთ ბრილიანტის მწვანეს, მაგრამ თუ ამანაც არ გიშველათ და კოღოს ნაკბენი ძალიან გაღიზიანდა, უმჯობესია ექიმს მიმართოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)