ახირება თუ "ძვირად ღირებული" ახალი კურორტები - კვირის პალიტრა

ახირება თუ "ძვირად ღირებული" ახალი კურორტები

რეპორტაჟი ანაკლიიდან და განმუხურიდან

გზას, რომელსაც ანაკლიისკენ მივყავართ, ევროპული სტანდარტებით არის გაკეთებული, მაგრამ აქა-იქ ამოყრილი.ადგილობრივები ჩივიან, რომ მიმდინარე მშენებლობების გამო, სატვირთო მანქანები გამუდმებით მიდი-მოდიან და ახლად გაკეთებული გზები გაფუჭდა... გზადაგზა ვჩერდები და ანაკლიელებს ვეკითხები, - რა შეიცვალა თქვენთვის გასულ წელთან შედარებით? - ამერიკული პეპელა აღარ არის, გვიან გაზაფხულზე ვერტმფრენით გადაუფრინეს და საფუძვლიანად შეწამლეს, ამიტომ ტურისტები და დამსვენებლები ჩვენს ეზოში შემოსვლას აღარ ერიდებიან, - ამბობს 64 წლის ნათელა გადელია. - შარშან ბანკიდან კრედიტი ავიღე, სახლის კეთილმოწყობისთვის. "ზემოდან" მითხრეს, თანდათან ქალაქის ცხოვრების სტილზე გადაერთეთო.აბაზანა და ტუალეტი გავაკეთეთ, ეზო მოვაასფალტეთ. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ოთახების გაქირავებით აღებული ფულით ცხოვრება შეიძლება, მაგრამ გვეუბნებიან, ყველაფერი შეიცვლებაო. ვნახოთ, რა იქნება...

იმედიანად განწყობილ ქალბატონს ვემშვიდობები და სანაპიროსკენ მივდივარ. ახლად გახსნილი თუ ახლად სტატუსმინიჭებული კურორტის კვალობაზე აქაურობას დამსვენებელი არ აკლია. გასართობი საშუალებების არჩევანი არც ისე დიდია, მაგრამ ყველა მათგანთან რიგია. ბატუტზე ხტომა 5 ლარი ღირს, კვადროციკლით სეირნობის ფასი 20 ლარია... ღია კაფეებში ერთი ფინჯანი ყავის ფასიც 5 ლარამდე მერყეობს. ზომაზე მეტად გარუჯული, ჩალისქუდიანი ქალი მოხარშულ სიმინდს მთავაზობს 2 ლარად. იგივე ფასი აქვს ერთ ნაჭერ საზამთროსა და ნესვსაც. მათ დამტარებლებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. მიუხედავად სანაგვე ურნების სიმრავლისა, სანაპიროზე სიმინდის ნაქურჩალი და ხილის ქერქი უხვადაა მიმოფენილი...

სათვალიანი ქერა ტურისტისკენ მივდივარ. მის ასევე ქერა შვილებსაც ფერზე ეტყობათ, ანაკლიის ზღვასთან მწყრალად არ უნდა იყვნენ. სერგეი მაქსიმენკო მეუღლესაც მაცნობს და ღიმილით მეუბნება, - ერთ კვირაზე მეტია, აქ ვართო...

- უკრაინელი ვარ, საქართველო ძალიან მიყვარს. ანაკლიაში ჩემმა ქართველმა მეგობრებმა დამპატიჟეს. აქამდე, წლების განმავლობაში, ოჯახთან ერთად აჭარაში დავდიოდი, მიყვარს იქაურობა, მაგრამ რამდენიმე ადგილს თუ არ ჩავთვლით, ბათუმის წყალი არასდროს მომწონდა. ზღვა თითქმის ყოველთვის ბინძური იყო... აქ ჯერჯერობით სუფთა წყალია, მერე მშენებლობების შედეგად თუ არ გაბინძურდა. თუმცა ინფრასტრუქტურის მხრივ, ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია. ამას წინათ ჩემს პატარა ბიჭუნას ალერგია მისცა და აფთიაქის ძებნაში რამდენიმე კილომეტრის გავლა მომიწია. ძალიან შევშინდით. აქაური ხელმძღვანელობა კარგს იზამს, თუ ახლომახლო სამედიცინო პუნქტსაც გახსნის. საკუთარი მანქანით არ ჩამოვსულვარ, აქ ოჯახში ვარ დაბინავებული და როცა რაიმე მჭირდება, მასპინძელს ვუსხამ მანქანაში საწვავს ან ტაქსის ვიძახებ.

- მასპინძლის ოჯახში როგორი პირობები გაქვთ?

- რაც მთავარია, აბაზანა და ცხელი წყალი გვაქვს, სხვა კომფორტის მოთხოვნა ჯერჯერობით უადგილოა. მომავალს წელსაც ჩამოვალთ, ვნახოთ, რა შეიცვლება უკეთესობისკენ. ქართველები თბილი ხალხია და ამიტომ მირჩევნია ნაკლები კომფორტი და მეტი ბუნებრიობა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ვალია არტალოვა, სერგეის მეუღლე:

- ძალიან გემრიელი კერძები გაქვთ. განსაკუთრებით, ხაჭაპური და ელარჯი მომწონს (ჩემმა რესპონდენტმა ეს სიტყვა ბევრად უფრო შეცვლილი ფორმით წარმოთქვა, თუმცა ხელის მოძრაობით მივხვდი, რაც უნდოდა, ეთქვა). ძალიან ძვირია საჭმელი და წვენები. საქართველო ჩემი მეუღლის ახირება იყო, თორემ მე ანტალიაში მინდოდა წასვლა, იქ ამინდიც უკეთესია, მომსახურებაც და ფასებიც. 500-მილიგრამიანი კოკა-კოლა 2 ლარი ღირს, ეს რომელიმე ევროპული კაზინოების ქალაქი ხომ არ არის, აქ ჩვენნაირი უბრალო, მშვიდი დასვენების მსურველი, საშულო დონის მატერიალური შესაძლებლობების მქონე ადამიანები ჩამოდიან. თავიდან მიკვირდა, დამსვენებელთა უმეტესობა რატომ შლიდა სუფრას სანაპიროზე. მერე მივხვდი, მათ ურჩევნიათ, სახლიდან წამოიღონ საჭმელი, რადგან გარშემო არარეალური ფასებია. მეც ასე მოვიქცეოდი... ისე კი, საკმაოდ ბევრი უცხოელი ვნახე. სასტუმროებში ცხოვრობენ და როგორც ჩანს,  კმაყოფილნი არიან.

ანაკლიიდან განმუხურისკენ ავიღე გეზი. ყველაზე მეტი სტუმარი ხიდს ჰყავს. ფოტოებს იღებენ და იქიდან განმუხურისკენ მიდიან. განათებული ხიდი მართლაც ლამაზი სანახავია, თუმცა ერთი თვალის შევლებითაც ეტყობა, რომ ბევრი რამ მიფუჩეჩებულია. მაგალითად, ხისგან გაკეთებული სასეირნო მონაკვეთი გრანდიოზული განათებებისა და შადრევნის ფონზე არცთუ სასიამოვნოდ გამოიყურება. სხვადასხვა ფერებით განათებული პალმების ხეივანი ხალხითაა სავსე, ზოგი ფეხით დასეირნობს, ზოგი - ველოსიპედით. ქართული ხასიათი, - უწესრიგობა, აქაც აშკარაა. მანქანების ჯაჭვით გარშემორტყმულ სანაპიროსთან ასაკოვანი კაცი ისვენებს. ჩაცმულობაზე ეტყობა, აქ მუშაობს.

ნოდარ კაკულია, განმუხურის მკვიდრი:

- აქ ვმუშაობ, შვილო. სასტუმრო და გასართობი ცენტრი უნდა აშენდესო, გვითხრეს. დღეში 25 ლარს გვიხდიან. გვეუბნებიან, ცოტ-ცოტა სამუშაო ყოველთვის იქნებაო. ჩემი მეუღლე რესტორანში მუშაობს ჭურჭლის მრეცხავად, ხანდახან სხვა, პატარ-პატარა საქმეებსაც ავალებენ და 30 ლარამდეც კი ადის. მე მაჯობა... ანაკლიისკენ ნაკვეთი მაქვს, ამბობენ ის ტერიტორია ლაზიკის მშენებლობისთვის არის საჭიროო და 30 ათას დოლარს გვპირდებიან. კარგი იქნება, თუმცა მე არ მჯერა ამ ქალაქის აშენების.

- რატომ?

- რა გითხრათ, ბევრს არ სჯერა...

ილია ვილეცკი:

- ბელორუსი ვარ. აფხაზეთი უსაზღვროდ მიყვარს, მაგრამ იქ აღარასდროს ჩავალ. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ქართველები არ დაბრუნდებიან. განმუხური ახლოს არის აფხაზეთთან, ამიტომაც არის ზღვა ძალიან სუფთა. კარვით ვარ ჩამოსული და სიძვირე რომ არ იყოს, კომფორტზე ყურადღებას მაინცდამაინც არ გავამახვილებდი. უბრალოდ, ფასებია ძალიან მაღალი და კიდევ, მომსახურე პერსონალს ეტყობა, რომ ახალბედები არიან.

ლალი პაპასკირი   (სპეციალურად საიტისთვის)