გურამ ასათიანის ბიჭური ოცნება, ოჩოს "ავარია" ველოსიპედით და "პარტისტორიას გადაყოლილი" ბიჭები... - კვირის პალიტრა

გურამ ასათიანის ბიჭური ოცნება, ოჩოს "ავარია" ველოსიპედით და "პარტისტორიას გადაყოლილი" ბიჭები...

"სანამ აზროვნების უნარი გამაჩნია და თქვენთან ურთიერთობა შემიძლია, ყაბულსა ვარ, ასეთ მდგომარეობაში ვიცოცხლო თქვენთან ერთად, თუნდაც დიდხანს"

ახლახან 30 წელი გასრულდა გურამ ასათიანის გარდაცვალებიდან... 12 აგვისტოს 84 წლის გახდებოდა. თუმცა ასაკის ხსენება მასთან უაზრობაა, რადგან სიბერე სათოფეზე ვერ გაეკარებოდა, 84 წლამდე კი არა, 104 წლამდე რომ ეცხოვრა. ყმაწვილური სული, დაუშრეტელი ენერგია მარადიულ ახალგაზრდად დატოვებდა.

რას არ ჰყვებიან გურამ ასათიანზე, - რა დღესასწაულს ქმნიდა, როგორ შეეძლო კაცის აყოლიება და ერთფეროვანი ცხოვრებიდან ზღაპრულ სამყაროში გადაყვანა. როგორ ხუმრობდა და როგორ ილხენდა... ის კი, რაც მის წიგნებშია თავმოყრილი, გამაოგნებლად მოგეჩვენება: როდის ასწრებდა? განა, ასეთ ხალისიან, მოუსვენარ ადამიანს წარმოიდგენდა ვინმე მაგიდასთან მჯდომარეს და კალმით ხელში საფიქრალს მიცემულს? მაგრამ ასე იყო... თუმცა დიდი ნიჭი საშუალებას აძლევდა, ძალდაუტანებლად ეკეთებინა თავისი საქმე და ბრწყინვალე ლიტერატურული ნამუშევრები თითქოსდა ერთი ხელის მოსმით შეექმნა...

უკვე მძიმე სნეულს უთქვამს უახლოესი მეგობრებისთვის: "მოგზაურობა, ალპინისტობა და ნადირობა არასდროს მიტაცებდა. ჩემი ცხოვრება იყო ფიქრი, ანალიზი, წერა და მეგობრებთან ყოფნა. ხომ ვიცი, რა უპერსპექტივოდ ვწვალობ და თქვენც გაწვალებთ, მაგრამ სანამ აზროვნების უნარი გამაჩნია და თქვენთან ურთიერთობა შემიძლია, ყაბულსა ვარ, ასეთ მდგომარეობაში ვიცოცხლო თქვენთან ერთად, თუნდაც დიდხანს"... ეს სიტყვები მისმა ბავშვობის მეგობარმა - ნოდარ ცერცვაძემ ჩაიწერა და გურამ ასათიანის ცხოვრების სხვა ეპიზოდებთან ერთად ერთ წიგნში გააერთიანა. ბევრი ამბავი გადაურჩა ამით დავიწყებას და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაცხადდა: მეგობრობა შეუძლებელს შეგაძლებინებს...

უერთმანეთოდ ერთი დღის გატარება არ უნდოდათ. კლასიც განსაკუთრებული ჰქონდათ: შემდეგში ცნობილი მხატვარი გოგი თოთიბაძე, მეცნიერი დათუნა მუსხელიშვილი, ნეიროქირურგი გოგი ყუფარაძე, გეოლოგი ნოდარ (ოჩო) ცერცვაძე და ლიტერატორი გურამ ასათიანი... მაშინ ფოტოების გადაღება მთელი რიტუალი იყო და ეს ფოტოც საგანგებოდ გადაუღიათ... ოჩომ - ძირმაგარა მაქვს ყურთან და თავყბაშეხვეულმა არ მინდა გადავიღოო, მაინც წასულან... 15 წლისანი არიან, "კაცური" პალტოები აცვიათ და თბილისში მაშინ მოდური ქუდები ახურავთ. გურამ ასათიანი აქაც განსხვავებულია - უფრო არტისტული, წიგნით ხელში, ყელზე კაშნეთი... იქნებ ეს არტისტიზმი თეატრიდანაც ჰქონდა წამოყოლილი, სადაც უამრავი დრო გაეტარებინა...

წარმოიდგინეთ 40-იანი წლების თბილისი, სიცივე, შიმშილი, მხოლოდ თეატრის შენობებია გამთბარი და განათებული. თეატრის კართან ატუზული ბიჭები, რომლებსაც გურამ ასათიანის მამა, თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე ლევან ასათიანი, ბილეთებს აძლევს... ეს თითქმის ერთადერთი ბედნიერებაა...

თუმცა კიდევ არსებობს ბიჭური ოცნებები, რომლებიც ასე მარტივად არ ახდება ხოლმე. მაგალითად, ყველას უნდა ველოსიპედი, მაგრამ არა აქვთ... ერთ დღეს კი გურამს უყიდეს! და როცა ამ ველოსიპედით ოჩო ყვება "ავარიაში" და წინა საბურავი მთლიანად იგრიხება, გურამს ერთი სასაყვედურო სიტყვა არ წამოსცდება, მხოლოდ იცინის... რადგან მეგობრობა ნებისმიერ ველოსიპედზე ძვირფასია!

სკოლა დაამთავრეს და ვინ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ვინ - სამედიცინოზე თუ აკადემიაში... ერთ დღეს ნოდარ ცერცვაძის დედა შუადღისას დაბრუნდა სამსახურიდან და რას ხედავს: ისევ ერთად არიან ბიჭები და ლუდს სვამენ.

- ახლა მაინც დაანებეთ თავი ერთმანეთს, ნუ ცდებით, სესიების დროა!

- ვმეცადინეობთ! - იყო პასუხი...

- ასე ერთად რას მეცადინეობთ? - გულნატკენია დედა და მომავალ მხატვარს, ისტორიკოსს, გეოლოგს, ქირურგს და ლიტერატორს თვალს არ აშორებს...

- პარტისტორიას! - არ იბნევა გოგი ყუფარაძე...

შეუძლებელია არ გიყვარდეთ "პარტისტორიას გადაყოლილი" ბიჭები, საერთოდ რომ არ გადაუშლიათ ეს წიგნი... სამაგიეროდ, სიყვარულის სადღეგრძელოს ისეთი ხალისით გეახლებოდნენ, მოსმენად ღირდა... გოგი თოთიბაძემ მეგობრების არაერთი კარიკატურა დახატა, რომლის უკან ნამდვილი ამბავი იყო, მაგალითად, ერთ-ერთი - გურამის მილენაზე შეყვარებისა... ლექსიც წააწერა: "შენი შექება თუ ძალუძს,/მხოლოდ ბულბულის ტკბილ ენას,/სადღეგრძელოს ვსვამთ სამივე/მრავალჟამიერ მილენას."

- მარქსი, ენგელსი და ლენინი არ ვიცი მეო, - და ერთი ხელის მოსმით დაუხატავს გურამ ასათიანს თავისი, გოგი თოთიბაძისა და ოჩო ცერცვაძის პროფილები... ასე სჯობდა, ცხადია!

რაკი ეს წერილი გურამ ასათიანის გარდაცვალების 30 წლისთავისათვის დაიწერა, ცნობილი მეცნიერის - ზაზა აბზიანიძისეული შეფასებით დავასრულებ: "პირველი და უმთავრესი, რაც გურამ ასათიანმა შეძლო, - ეს იყო ცხოვრებისეული და ლიტერატურული ეთიკის გათანაბრება, ერთ სიბრტყეზე გადატანა. კრიტიკოსის ძნელ, მრავალგზის ჩრდილმიყენებულ პროფესიას მან ღირსება შემატა, რადგან დაამტკიცა, რომ ეს უმადური ხელობა დიდ ლიტერატურას მიეკუთვნება, თუკი მასში კეთილშობილი სული და იერი, გემოვნება და ალღო, ინტელიგენტის ელასტიკურობა და პრინციპულობა არის გაერთიანებული. ამ ბედნიერი შეხამების მეოხებით გურამ ასათიანმა შეძლო წარუშლელი კვალი დაემჩნია ქართული მწერლობისათვის"...

მან წარუშლელი კვალი დატოვა თავის მეგობრებშიც და მთელ ქალაქშიც... რადგან ადამიანი რეალურ ცხოვრებაშივე ლიტერატურის ტოლფასი ინტერესითა და სიყვარულით გაითავისა... ამიტომაც იყო, საწოლს მიჯაჭვული რომ ამბობდა: ყაბულსა ვარ, ასეთ მდგომარეობაში ვიცოცხლო თქვენთან ერთად, თუნდაც დიდხანსო... "ვეფხისტყაოსნისეული" მეგობრობა  XX  საუკუნის თბილისში გააცოცხლა...

სიკვდილის სარეცელზე კი უკანასკნელად ისევ მეგობრებს ეძახდა...