"ანა კარენინა" - წიგნი მარადიულ ტკივილზე, ადამიანის მარტოობასა და უმართავ გრძნობებზე - კვირის პალიტრა

"ანა კარენინა" - წიგნი მარადიულ ტკივილზე, ადამიანის მარტოობასა და უმართავ გრძნობებზე

რომანი, რომელმაც შეძრა სამყარო... ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა - "ანა კარენინას" პრინციპი"

ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" ხსენებაზე უნებურად ერთი ეპიზოდი მახსენდება. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩვენს სკოლაში ცნობილი ქართველი მსახიობები მოიწვიეს, მათ შორის სოფიკო ჭიაურელიც. ჩვენს კლასში სწორედ სოფიკო შემოიყვანეს და გასუსულ ბავშვებს წინ დაგვისვეს... VI ან VII კლასში ვიქნებოდით...

- ბავშვებო, თქვენ ალბათ გიყვართ კითხვა? - თვალი მოავლო მოწაფეებს დიდმა მსახიობმა.

- გვიყვარს, - რამდენიმემ ხმამაღლა უპასუხა, სხვებმა მხოლოდ თავი დააქნიეს...

- "ანა კარენინა" არ წაგიკითხავთ? - გაოცდა ქალბატონი სოფიკო, - ესე იგი, კითხვა არ გყვარებიათ, - დაასკვნა შეწუხებულმა.

მერე ერთი საათის განმავლობაში ჰყვებოდა, ვინ იყო ანა კარენინა და რატომ უნდა წაგეკითხა ეს წიგნი აუცილებლად, რომ ტოლსტოის ნაწარმოებებს შორის ის მარგალიტივით ბრწყინავდა, რომ "ანა კარენინათი" მართლა შეიძლება შეამოწმო, რამდენად კარგი მკითხველი გიზის წინ... რადგან არ შეიძლება, ეს ნაწარმოები არ იცოდე...

"ანა კარენინა" შეუძლებელია, არ იცოდე! სწორედ ამიტომ მოხვდა უამრავი ხმით სერიაში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"... გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მას ორ ტომად მიიღებს მკითხველი.

თანამედროვე ქალის პირად ცხოვრებაზე წიგნის დაწერა 1870 წელს ჩაუფიქრებია ლევ ტოლსტოის, მაგრამ ვიდრე პირველ სტრიქონს დაწერდა, სამი წელი გავიდა... სამი წელი ფიქრობდა, როგორ შეხებოდა ადამიანის ცხოვრებას, სულიერ სამყაროსა და გატაცებებს, თუნდაც გაუგებარს, ან ზოგიერთის აზრით, გაუმართლებელს...

რომანის პირველი ნაწილი 1875 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში "რუსკი ვესტნიკი" და 1877 წელს  დასრულდა... მკითხველები მოუთმენლად ელოდნენ ყოველი ახალი თავის დაწერას და გამოქვეყნებას, რადგან ეს იყო გაცილებით დიდი მოვლენა, ვიდრე უბრალოდ სიახლე ლიტერატურულ ცხოვრებაში. ეს თავად იყო ცხოვრება!

ცნობილია, რომ ლევ ტოლსტოი  რომანის პერსონაჟთა ხასიათებს რეალურ ცხოვრებაში ღრმა დაკვირვებების შემდეგ სრულყოფდა. ამდენად, "ანა კარენინა" იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ ბევრი რამ შეუძლია გიამბოთ ავტორის თანამედროვე გარემოზე, მის პიროვნებაზეც კი... ტოლსტოის სახე იდეალისტ კონსტანტინ ლევინთან არის გაიგივებული. როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს არის მისი დაუფარავი და გულახდილი სახე, რომელსაც არცთუ კარგი მხრიდან უჩვენებს მკითხველს... მაგალითად მრავალთაგან ერთი ფაქტის მოყვანა შეიძლება: რომანის პერსონაჟი შინაგანი ბრძოლის ფონზე გადაწყვეტს და თავის დღიურს საყვარელ ქალს გადასცემს - მათ შორის არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო... სწორედ ასე მოიქცა თავად ტოლსტოი, როცა 34 წლისამ 18 წლის სოფი ბერსზე იქორწინა... სხვათა შორის, ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, დიდი კლასიკოსი სწერდა თავის ბებიას: "მუდმივად განვიცდი, თითქოს მოვიპარე ბედნიერება, რომელიც არ დამიმსახურებია, ჩემთვის არ იყო განკუთვნილი... მისი მესმის და ყველაფერი ისე კარგადაა"... იმავეს განიცდის კონსტანტინი კიტის მიმართ...

ცხადია, "ანა კარენინაში" ამაოდ შეიძლება ეძებოთ ტოლსტოის რომელიმე თანამედროვის ხასიათისა და გარეგნობის ზუსტი ასახვა, მწერალი ქმნიდა ახალ სახეებს, რისთვისაც იყენებდა ერთი თანამედროვის გარეგნულ შტრიხებს,  მეორის ცხოვრების გზას, მესამის ხასიათსა და მეოთხის ცხოვრებისეულ გამოცდილებას... სწორედ ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა "ანა კარენინა" - რომანი, რომელსაც გასული საუკუნეების სუნთქვა მოაქვს, რომელიც არ კარგავს ტრაგიზმსა და ზემოქმედების უნარს, რადგან ის, რაზეც მწერალი გველაპარაკება, მარადიულია.

რომანის პირველი ფრაზებიდანვე მკითხველი ხვდება აფორიზმს, რომელსაც დღეს ხშირად იმეორებენ: "ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად"...

"ანა კარენინა" არის რომანი, რომელმაც შეძრა სამყარო... ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა - "ანა კარენინას პრინციპი", რომელსაც იყენებენ იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე საქმის წარმატება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მრავალი ფაქტორი დაემთხვევა ერთმანეთს... ერთიც რომ ასცდეს, ყველაფერი კრახით დამთავრდება (ეს ტერმინი გამოიყენა ჯარედ დაიმონდმა თავის წიგნში "იარაღი, მიკრობები და ფოლადი").

პირველი ნაწილის  IX  თავში ლევ ტოლსტოი ასეთ ფრაზას წერს: "დაბლა დაეშვა, გაურბოდა, რომ დიდხანს არ ეყურებინა მისთვის, როგორც მზისთვის, მაგრამ ის ხედავდა მას, როგორც მზეს, მაშინაც კი, როცა არ უყურებდა"...

"ანა კარენინა" არის დიდი წიგნი, რომელსაც მაშინაც კი "ხედავ, როცა არ უყურებ", ეს არის წიგნი მარადიულ ტკივილზე, ადამიანის მარტოობასა და უმართავ გრძნობებზე... ეს არის წიგნი, რომელიც მთავარია, წაიკითხო და შემდეგ სულ თან გდევს, როგორც მარადიული მზის ნათელი.