"მე "ხულიგანი" ვარ" - კვირის პალიტრა

"მე "ხულიგანი" ვარ"

"26 მაისს პოლიციელი ვინმეს კი არ სცემდა, სახელმწიფოს კრიმინალებისგან იცავდა!"

"რობერტ სტურუას სპექტაკლები არასდროს მომწონდა"

სოციალური ქსელის - "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წარსულში სატელევიზიო იუმორისტული გადაცემების წამყვანმა ნიკა ქავთარაძემ მორიგი სტატუსი დაწერა, რამაც მკითხველთა აღშფოთება გამოიწვია. წინასწარ ბოდიშს გიხდით ტექსტის უცენზურო შინაარსისთვის, სტილი დაცულია: "ყველაფერი იმის ბრალია, რომ სირებს, პროჭებს, მოღალატეებს, უნამუსოებს, არაპროფესიონალებს, პირდაპირ არ ვეუბნებით, ვინც არიან. ჩვენი უპრინციპობის ბრალია, რომ "ნათია მიქიაშვილები" შიმშილით არ კვდებიან. ჩვენი ბრალია, რომ ბიძინას პარტიაში არსებული უინტელექტო ინტელიგენცია საკუთარ თავს უფლებას აძლევს საჯარო გამოსვლებში ქვეყნის სიყვარულზე ილაპარაკოს. რადიკალიზმის დრო დიდი ხნის წინ დადგა და ჩვენ ამის გაკეთება გვეშინია დემოკრატიისა და ლიბერალიზმის "შიშით." დადგა დრო, შევქმნათ ქვეყანა, სადაც პროჭებს აღარ უნდა ვუღიმოდეთ".

საზოგადოებამ ამ განცხადების შინაარსი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდებად აღიქვა, ქავთარაძე კი ფაშიზმსა და ადამიანების სიძულვილში დაადანაშაულეს.

"კვირის პალიტრა" ნიკა ქავთარაძეს დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსში გარკვევით არის მითითებული, ვისაც ეხება განცხადება, ქავთარაძე აცხადებს, რომ მის სტატუსს პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასთან საერთო არაფერი აქვს.

- ჩემი ნათქვამი არაპროფესიონალიზმს ეხება, რაც კომუნისტების დროინდელი პრობლემაა. არაპროფესიონალებს განსაკუთრებული სტატუსი არ უნდა ჰქონდეთ. არაპროფესიონალიზმს მოჰყვება ათასი უბედურება. იმისთვის, რომ ვიღაც არაპროფესიონალი წარმატებული იყოს, შესაძლოა, საკუთარი ქვეყნის ინტერესები გაწიროს. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და "ფეისბუკზე" სტატუსიც ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა.  პროფესიონალიზმი არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი. თუ კაცი თავის საქმეს კარგად არ აკეთებს, განურჩევლად პროფესიისა, ის არ არის პატრიოტი. ამ სტატუსის დაწერისკენ მიბიძგა ნათია მიქიაშვილის სატელევიზიო სიუჟეტმა, სადაც ამტკიცებს, რომ თურმე ცხინვალში ომი საქართველოს დაუწყია. ნათია მიქიაშვილი ხალხის ემოციებზე სათამაშოდ ასეთი ტყუილით რომ ფუთავს თავის პროდუქციას, არაპროფესიონალია. მისი გადაცემა დამახინჯებული სიუჟეტებით, ფილმებიდან ამოჭრილი კადრებით არაპროფესიონალიზმია, აბა, რა არის?

- ქართულ ტელეარხებზე სხვა, დამახინჯებული ფაქტებით შეკოწიწებულ სიუჟეტებს არ ნახულობთ? მაშინაც ასეთი რეაქცია გაქვთ?

- ვისაც მინდა, იმას გავაკრიტიკებ, ეს ჩემი გადასაწყვეტია. არ ვარ ისეთი პროფესიის წარმომადგენელი, ვისაც ბალანსი მოეთხოვება.

- ობიექტურობაზე რას იტყვით?

- არ მინახავს ასეთი რამ სხვა არხებზე. არ ვარ ობიექტური, როდესაც  ნათია მიქიაშვილს ვაკრიტიკებ? რობერტ სტურუას სპექტაკლები არასდროს მომწონდა, თქვენ თუ მოგწონთ, უნდა დაგეთანხმოთ? ხომ შეიძლება, ჩემი აზრი მქონდეს? მე კონსტიტუციური უფლება მაქვს, "ფეისბუკზე"  დავწერო, რაც მინდა. ნუ მთხოვთ, რომ ვინც არ მომწონს, მომწონდეს.

- ამას არავინ გთხოვთ, მაგრამ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მიქიაშვილი არ მოგწონთ და "მოდელირებული ქრონიკა" თუ უამრავი მოდელირებული სიუჟეტი ქართულ სამთავრობო არხებზე მოგწონთ?

- უამრავი რამ არ მომწონს, საქართველოში პროფესიონალიზმის დონე ყველა სფეროში ნულის ტოლია.

- თქვენ რა პროფესიის ხართ?

- ხულიგანი ვარ.

- გასაგებია, მაგრამ ხულიგნობა პროფესია არ არის, არც ერთ სასწავლებელში არ ისწავლება, დანაშაულია და სისხლის სამართლით ისჯება.

- ხულიგანი ვარ განწყობით, განა ჯიბგირი ვარ? პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს? წარმოების ეკონომიკა და მართვა დავამთავრე, მაგრამ უნივერსიტეტში ცუდად მასწავლიდნენ. არასდროს მიფიქრია, მემუშავა ამ სპეციალობით. თავიდან დავიწყე იმ პროფესიის ათვისება, რომლითაც ვცხოვრობ. ვარ იუმორისტი, პროდიუსერი, კომიკოსი და ხან ვიღაცას დავცინი და ხან ვიღაცას ვლანძღავ. ეს ჩემი სამსახური კი არ არის, ჩემი არჩევანია. ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია და სავალდებულო არ არის, ყოველთვის საზოგადოებისთვის მოსაწონი აზრი მქონდეს. რატომღაც ჩემს ყველა ნათქვამს პოლიტიკურ პარტიას უკავშირებენ.

- სამოქალაქო პოზიციას გამოვხატავო, ამბობთ. როგორც ვიცი, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი სცეს სხვის უფლებებს და ღირსებას და გაითვალისწინოს ეთიკის ნორმები.

- არავის აქვს უფლება, მორალი მიკითხოს და ჭკუა დამარიგოს. მე, როგორც არა პოლიტიკურმა მოღვაწემ, არა საჯარო მოხელემ, არამედ უბრალოდ, ნიკა ქავთარაძემ, დავწერე  ის, რაც მინდოდა. თუ ეს კანონდარღვევაა ან ვინმე თავს შეურაცხყოფილად თვლის, მიჩივლოს. ვაკრიტიკებ იმათ, ვინც ამას იმსახურებს, იმიტომ, რომ საქართველო და ქართველები მიყვარს.

- როდესაც  2011 წლის 26 მაისს ქართველების ერთი ჯგუფი ქართველების მეორე ჯგუფს სცემდა, რას განიცდიდით?

- ქორწილში ბიჭის მხარე გოგოს მხარეს რომ სცემს, მხარეები ეს არის, 26 მაისს კი პოლიცია იცავდა სახელმწიფოს კონკრეტული კრიმინალებისაგან. ამ შემთხვევაში, ვინც სცემდა, ქართველი კი არა, პოლიციელია, რომელიც კანონს და სახელმწიფოს იცავს. აქ მხარეები და ჯგუფები არ არიან.