"დემოკრატია, ჯიბე და მაცივარი" - კვირის პალიტრა

"დემოკრატია, ჯიბე და მაცივარი"

სექტემბრიდან, "პალიტრა TV"-ის ეთერში ახალი გადაცემა გავა: "დემოკრატია, ჯიბე და მაცივარი"

რადიო "პალიტრისა" და ინტერნეტტელევიზია "პალიტრა TV"-ის ეთერში სექტემბრიდან გავა გადაცემა "დემოკრატია, ჯიბე და მაცივარი". მას  ჟურნალისტი და ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი წაიყვანს. გადაცემათა ამ ციკლის მიზანია მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების ეკონომიკური პროგრამების შესახებ.

სოსო სიმონიშვილი: - ხშირად მომისმენია, რომ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა შეიძლება არ იყოს საინტერესო, თუმცა, ამ აზრს არ ვეთანხმები. ისიც საკითხავია, ვის რა მიაჩნია ეკონომიკურ თემატიკად. წელს ჩატარებული ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით ხალხს ყველაზე სერიოზულ პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია, მეორე და მესამე ადგილებზე ჯანდაცვისა და განათლების საკითხებია. გასაგებიც არის, - უმუშევრობა და შემოსავლების უქონლობა სიღარიბეს იწვევს, სიღარიბე კი ხალხს ხარისხიანი ჯანდაცვისა და შვილებისათვის კარგი განათლების მიცემის საშუალებას არ აძლევს. თავად უმუშევრობის მიზეზი კი ის არის, რომ ბიზნესი არ განვითარდა საკმარისად. ცხადია, ისიც გამოსარკვევია, ბიზნესის განვითარებას რაღამ შეუშალა ხელი და ამ არჩევნების შემდეგ მაინც თუ შეიქმნება ბიზნესის სწრაფი განვითარების, ხალხის დასაქმებისა და ქვეყნის გამდიდრების რეალური შესაძლებლობები. ახლა, რა ვქნათ ჟურნალისტებმა, არ ვკითხოთ პოლიტიკოსებს, თუ რატომ არ ვითარდება ეკონომიკა ისეთი სისწრაფით და მოცულობით, რომ ხალხს საქართველოში სამუშაოს შოვნა არ უჭირდეს, რომ ოჯახიდან ერთი-ორი ადამიანი მაინც მუშაობდეს და რომ ხელფასი ღირსეული ცხოვრების საშუალებას იძლეოდეს? ხალხი, უპირველეს ყოვლისა, ამ კითხვებზე პასუხს ელოდება პოლიტიკოსებისაგან.

გადაცემა ასევე მიმზიდველი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვისაც. მათ აქ საშუალება ექნებათ, უფრო ჩაღრმავებული და კონკრეტული ეკონომიკური გეგმებისა და პროექტების შესახებ ილაპარაკონ, რადგან ასეთი საუბრები ამომრჩევლის მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე ყველაფრის შესახებ გაფანტული და ზედაპირული განცხადებები. გადაცემის წამყვანი და გადაცემის მონაწილე ეკონომიკური საკითხების ექსპერტი შეეცდებიან, რომ ეკონომიკის, ანუ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების გეგმებზე საუბარი მარტივი და გასაგები ენით წარიმართოს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ძალიანაც დაინტერესდება, პირდაპირ ეთერში ბევრი დარეკავს და საინტერესო კითხვებსაც დასვამს.

- ბატონო სოსო, რატომ დაარქვით გადაცემას ,,დემოკრატია, ჯიბე და მაცივარი"?

- იმიტომ, რომ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ქვეყანაში დემოკრატიის დანერგვა მყისიერად უნდა აისახებოდეს ხალხის ჯიბესა და მაცივარზე. თუ დემოკრატიას ხალხისთვის კეთილდღეობა არ მოაქვს, მაშინ იქ რაღაც არ არის წესრიგში. სიღარიბე და დემოკრატია შეუთავსებელი ცნებებია. მეუბნებოდნენ, ვის აინტერესებს პარტიების პროგრამები, მით უმეტეს, ეკონომიკური და ვინ მოუსმენს ასეთ გადაცემას, ხალხი ლიდერებს აძლევს ხმას და არა პროგრამებსო. მე ამას არ ვეთანხმები, ბოლოს და ბოლოს, უნდა წარიმართოს საქართველოშიც ჯანსაღი დისპუტი და კამათი ამა თუ იმ პარტიის პროგრამებსა თუ დაპირებებზე, რომ შემდეგ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ხალხს ამ პოლიტიკოსებისთვის პასუხის მოთხოვნაც შეეძლოს - რომ მპირდებოდი, რატომ არ შემისრულეო, ეს ცივილიზებული მიდგომაა, რის დამკვიდრებასაც ამ გადაცემით შევეცდები.

რა კითხვებზე მოუწევთ პოლიტიკოსებს პასუხის გაცემა

გადაცემაში "დემოკრატია, ჯიბე და მაცივარი" პოლიტიკოსებს შემდეგ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა:

1. რა გზებით აპირებთ ქვეყნის გამდიდრებას?

2. რა გზებითა და ხერხებით გეგმავთ მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის დაჩქარებული ტემპით ზრდას?

3. რა მექანიზმებით შეძლებთ უმუშევრობის შემცირებას? ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის მაქსიმალურად დასაქმებას?

4. ქვეყანაში წლის განმავლობაში შექმნილი სიმდიდრე (მთლიანი შიდა პროდუქტი) ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის, მეორე კი ოჯახების ბიუჯეტებში, ანუ ამ სიმდიდრის შემქმნელებს რჩებათ. თქვენი აზრით, რა პროპორციით უნდა მოხდეს განაწილება? ანუ ოჯახების ბიუჯეტებში რა პროცენტი უნდა დარჩეს?

5. რა მექანიზმებით აპირებთ ეროვნული ვალუტის ინფლაციის პრაქტიკულად ნულოვან დონეზე დაყვანასა და შენარჩუნებას?

6. თუ ნულოვანი ინფლაციის მიღწევას არ გეგმავთ, მაშინ გვითხარით, ეთანხმებით თუ არა, ევროკავშირში მიღებულ ნორმას, ანუ წლიური ინფლაციის ზედა ზღვრად 3%-ის აღიარებას და რა მექანიზმებით აპირებთ ამის მიღწევას?

7. რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ იმისთვის, რომ ბანკებმა საინვესტიციო (დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი) კრედიტების გაცემა დაიწყონ?

8. რა მექანიზმით შეძლებთ სავაჭრო და საგადამხდელო დეფიციტის შემცირებას ან დაძლევას, ანუ საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსის შეცვლას დადებითი ბალანსით?

9. რა მექანიზმებით უზრუნველყოფთ ქვეყანაში საკუთრების უფლების სრულად დაცვას, ანუ საკუთრების სრულ ხელშეუხებლობას?

10. რა მექანიზმებით შეძლებთ ქვეყანაში კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას?

11. რა მექანიზმებით შეძლებთ ადამიანის ძირითადი - ბუნებრივი უფლებების, კერძოდ, სიცოცხლის, საკუთრების, წარმოების, გამოხატვის, სიტყვის, ქვეყნის მართვაში მონაწილეობის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების სრულ დაცვას?

12. როგორ მოახერხებთ ყოველივე ამას ისე, რომ არ დაზიანდეს ბუნება, ეკოლოგიური მდგრადობა და მოხერხდეს ეკოლოგიური კატასტროფების პრევენცია, რომ საზოგადოებას საკმარისი რესურსი გაუჩნდეს ეკოლოგიური კატასტროფების შედეგთან გამკლავებისა?