კლდეზე ამოსული სიყვარულის ლეგენდა - კვირის პალიტრა

კლდეზე ამოსული სიყვარულის ლეგენდა

"ისღა დამრჩენია, შევიყვარო უშბის უფსკრულები... რადგან იქ შენ მეგულები"

მართლა გულდასაწყვეტია - ბევრი რამ "საუცხოო" გადავაყოლეთ ხელს... "საუცხოო" იმიტომ ვთქვი, რომ იმით, რასაც ჩვენ ვერ ვაფასებთ, გამოჩნდება მავანი უცხოელი და მოიხიბლება - ეს რა ვნახე, ეს რა გავიგონეო. დიდი ამბავი, თუ ჩვენ გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც თურმე მთელი სიცოცხლე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის შეულევია! ამ დროს გამოჩნდება ეს "შენი" უცხოელი და იტყვის, - ამას რას სჩადიხართო?! ამგვარად მიანიჭეს ამერიკელებმა გეოგრაფია-გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში "წლის ქალბატონის" წოდება; მათვე შეიყვანეს 2001 წელს "მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის" და 2002 წელს "მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის" სიაშიც! ეს უკანასკნელი წოდება რომ არ ყოფილიყო,  პირადად მე, ამ ქალბატონისთვის შევქმნიდი - 90 წლის ასაკში არავინ მინახავს ასეთი საინტერესო და ლამაზი. ვუთხარი კიდეც. იმან, ჩემმა სილამაზემ ცხოვრება დამინგრიაო... მე კი მგონია, რომ ელენე აბაშიძემ ლეგენდა შექმნა. ნამდვილად ღირს ამაზე გიამბოთ.

- მე ერთადერთი დავრჩი იმ თერთმეტკაციანი ექსპედიციიდან, რომელიც 1945 წელს პირველად ავიდა ხვამლის მთაზე და რომელსაც ისეთი კაცი მეთაურობდა, მისი შესადარი არც სიმამაცით, არც კეთილშობილებით არავინ შემხვედრია. ეს კაცი პირველი ქართველი ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე იყო. სოფელ კაცხში გავიცანი. მე ოცდასამი წლის ვიყავი, ის - ორმოცდახუთის. 1944 წელი იყო - ომი და უბედურება. მაშინდელმა ჭიათურის რაიკომის მდივანმა ძალით გამიშვა ჯერ მასწავლებლად, მერე კაცხის ბავშვთა ბანაკის ხელმძღვანელად. ბედი იყო თურმე... ერთ საღამოს მეწისქვილემ ბანაკში ხალხი გამომიგზავნა, - თბილისიდან არიან ჩამოსულები, ღამის გათევა უნდათო... ერთ-ერთი მწერალი ლევან გოთუა იყო. მითხრა, სახელგანთქმული ხალხი მოვიყვანე - მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე, მწერალი აკაკი ბელიაშვილი და არქეოლოგი ვახტანგ ცინცაძე, კაცხის სვეტზე უნდა ავიდეთო... ვერ დავიჯერე, მაგრამ გათენდა დილა და ალიოშა ჯაფარიძემ ჩანთაში ხელსაწყოების ჩალაგება დაიწყო. არადა, გრიგალს სვეტის თავზე შავი ღრუბლების დოღი ჰქონდა გამართული. ლევან გოთუა ალიოშას ეუბნებოდა, - რას შვრები, კაცო, დღეს მანდ ასვლა როგორ შეიძლებაო! ალიოშას კი ვითომ არ ესმოდა, მშვიდად ალაგებდა ჩანთაში ხელსაწყოებს. მის ძლიერ ხელებსა და მხრებს რომ ვუყურებდი, შიში ნელ-ნელა ქრებოდა. კლდეზე ასვლა რომ დაიწყო, მაშინაც შევხედე, - კაცი და კლდე ერთმანეთს ერწყმოდა. მერე შიშით ვერ ვუყურებდი...

მაშინღა გამოვერკვიე, როცა აკაკი ბელიაშვილმა ტაში შემოჰკრა! მივხვდი, ალიოშა უკვე სვეტის თავზე იდგა. მერე  ლევანიც ავიდა... მეწისქვილემ ბიჭებს კალათით ზემოთ პური და ღვინო აუგზავნა, ალიოშას ხმა შემომესმა, - კალათში ბანაკის უფროსიც ჩასვით და ამომიგზავნეთო.

ამ კაცმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. კაცხის შემდეგ ხვამლზე ერთად ავედით, მერე ქლუხორის ექსპედიციაში მთხოვა წაყოლა, უარი ვუთხარი და მაშინვე ვინანე... სხვა დრო იყო, არ მინდოდა ხალხს ეჭორავა. მერე, უშბაზე წავიდა... მახსოვს, ახლობელთან მივედი, რომელიც "ზარია ვოსტოკას" რედაქციაში მუშაობდა. მან - ალიოშა ექსპედიციაში დაიღუპა, მისმა დამ შეგვატყობინაო...  გავქვავდი, აღარ მესმოდა, რას ლაპარაკობდა ის ქალი. მერე კარი გამოვაღე და ბარბაცით გავუყევი გზას. მეორე დილით სვანეთში წავედი და დღიურში ჩავწერე: "მწვერვალებიდან შენი თვალები მომჩერებია. მინდა, ჩემს მეტოქე უშბას შევავლო თვალი. ის მართლა დიადი ყოფილა. დამძლია, მაჯობა, გაიმარჯვა. აწი ისღა დამრჩენია, შევიყვარო მისი უფსკრულები... რადგან იქ შენ მეგულები"...

- იმიტომაც არის სიყვარული მარადიული, რომ ასეთი გრძნობების გაღვიძება წლების შემდეგაც შეუძლია. სამაგიეროდ, ის ორი კვირა ხომ დაუვიწყარი იყო, ხვამლზე რომ ერთად გაატარეთ?

-  იქაც 70-მეტრიანი კიბე პირველმა ალიოშამ აიტანა და მერე ზემოდან ბიჭებს ჩამოსძახა, - ელენე არ ამოუშვათო, მაგრამ ვინ დაუჯერა! ლევან გოთუას კიბე კი ეჭირა, მაგრამ ისეთი ძლიერი ქარი იყო, ადამიანთან ერთად აქეთ-იქით აფრიალებდა. მაინც ავედი... გამოქვაბულში ვათევდით ღამეს. იქ პიქტოგრამები დაგვხვდა. ახლაც მახსოვს, ცხენზე ამხედრებული მშვილდოსანი მეომრები ირემს მისდევენ.

- ამბობენ, ხვამლის ექსპედიცია სტალინმა საიდუმლოდ დაგეგმა. ალბათ მოსვენებას არ აძლევდა ჟამთააღმწერლის ჩანაწერები "ქართლის ცხოვრებაში", - როცა საქართველოს  ჯალალედინი შემოესია, მეფეთა განძი ხვამლში გადამალესო და: "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლმა იხსნასო"...

- რაც საიდუმლოა, საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ალიოშას ამის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. მაგრამ ის ამ ექსპედიციამდეც, 1939 წელს, ორ მუშასთან ერთად ავიდა ხვამლის გამოქვაბულში. განძის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ იქ რამდენიმე დაფარული განყოფილება მართლაც იყო, ეს თვალის ერთი შევლებითაც ჩანდა... ისე კი ხვამლი ზღაპრული სიზმარია, მთვარით განათებული ცა ისეთ სურათს ქმნიდა, თავი სხვა სამყაროში გეგონებოდა.

იმ წლების სილამაზე გამყვა მთელი ცხოვრება. მერე ბევრი ტკივილი იყო... მინდოდა ალიოშას დავიწყება, ამიტომ ნაჩქარევად გავთხოვდი. ასე გაჩნდა ჩემი შვილი მანანა, რომელიც ბავშვობაშივე წავიდა ამ ქვეყნიდან. მაინც დავდექი ფეხზე. მერე ორი დისერტაცია დავიცავი. აღმოვაჩინე, რომ წყალსაცავების საყრდენი კირქვის ნაპრალები ყოველ წელიწადს ორი მილიმეტრით ფართოვდება. ეს რას ნიშნავს, იცით? დროთა განმავლობაში წყალსაცავი დაინგრევა და ყველაფერს წალეკავს. ახლა ჩვენი მთავრობა ახალი წყალსაცავების აგებას აპირებს. ამ საქმეში ბევრი საგულისხმო დეტალია გასათვალისწინებელი. წერილობით მივმართე, - ჩემი გამოცდილება გაითვალისწინეთ-მეთქი. სანაცვლოდ კორეელები ჩამოიყვანეს ამ პროექტებზე სამუშაოდ... არადა, ამ ნაშრომებისთვის ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა რამდენიმე ჯილდოზე წარმადგინა. წერილიც გამომიგზავნეს, - სთხოვეთ თქვენს ხელისუფლებას, თქვენი შრომა დააფასოს და იუბილე გადაგიხადონო. გამეცინა... რას იზამ, ვერ გამომიყენა ჩემმა სამშობლომ, მაგრამ მას არავინ ირჩევს.  როგორიც იყო, ისეთს ვემსახურე და ვემსახურები.

12 წელი უშბის ყინულებში...

კაცი ლეგენდა, - ასე უწოდებდნენ ალიოშა ჯაფარიძეს. მან 1930 წელს დალაშქრა თეთნულდი, 1934 წელს, - უშბა, 1940 წელს ხელმძღვანელობდა ცენტრალური კავკასიონის ტრავერსს. პირველმა შეისწავლა ხვამლის, ტვიშის, ორპირის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. 1945 წელს, უშბის ექსპედიციაში, მწვერვალებიდან მოწყვეტილი ზვავით ალიოშასთან ერთად ქელეშბ ონიანი და ნიკოლოზ მუხინი დაიღუპნენ. ალიოშას დის თავგანწირული მცდელობა, როგორმე ეპოვა ძმის ცხედარი, უშედეგო გამოდგა. მხოლოდ 12 წლის შემდეგ, როცა უშბის ყინულები დადნა, შეატყობინეს, მთამსვლელების ცხედრები გამოჩნდაო, უშბაზე ავიდა და ძმის ცხედარი ფეხზე მოკვეთილი თითებით იცნო, - ალიოშას, ისე როგორც ლევან გოთუას, ოდესღაც თითები ექსპედიციაში მოყინვის გამო ჰქონდა მოკვეთილი.

(სპეციალურად საიტისთვის)