სახელმწიფო დაზღვევა, მილიონიანი თანამედროვე აპარატურა და გადაუმზადებელი კადრები - კვირის პალიტრა

სახელმწიფო დაზღვევა, მილიონიანი თანამედროვე აპარატურა და გადაუმზადებელი კადრები

წინასაარჩევნოდ, 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა, რომლის თანახმადაც, უფასო სადაზღვევო პოლისით ისარგებლებენ პენსიონერები, 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სულ 2,4 მილიონი ადამიანი. სხვა საკითხია, ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდება თუ არა, ან რატომ არ ამოქმედდა ეს პროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე?.. ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ სარგებელზე კი არა, პროექტის რეალურ სარგებლიანობასა და რეგიონებში არსებულ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ვითარებაზე მოგითხრობთ.

ახალი არ არის, რომ დაზღვევის თვალსაზრისით ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაა. არაერთხელ მოგვისმენია, რომ დაზღვეულები დაზღვევის პოლისს სრულფასოვნად ვერ იყენებენ, რადგან მკურნალობა ხვეწნა-მუდარის, გაწევ-გამოწევის ფასად უჯდებათ... ამიტომ ბევრს ურჩევნია, თანხა გადაიხადოს და მკურნალობა ნერვების მოუშლელად  გააგრძელოს.

თუმცა, ნერვების მოშლის გარეშე, სამედიცინო მომსახურებით ხშირ შემთხვევაში ვერც ის ადამიანები სარგებლობენ, ვისაც დაზღვევა არ აქვს და ოფიციალურ გადასახადს სრულად იხდის... მიზეზი სხვადასხვაა, ყველაზე ხშირად კი,  არაკვალიფიციურობასა და გულგრილ დამოკიდებულებას ვაწყდებით.

1 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, `სამინისტრომ 440 მონიტორი გადაამზადა, რომლებიც ხელს შეუწყობენ კლინიკებში რიგების მართვას, ახლად დაზღვეულებს კი პოლისის გამოყენების წესებს განუმარტავენ~, თუმცა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე არაფერი უთქვამს. ეტყობა, ბატონმა მინისტრმა არ იცის, რომ სამედიცინო კადრების გადამზადების სერიოზული დეფიციტია. ხშირია შემთხვევები, როცა ექიმები თანამედროვე, ციფრული აპარატურით ვერ მუშაობენ და ეს ძვირად ღირებული ნივთები ან დერეფანში დგას ან ექიმის ოთახს `ამშვენებს~. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში იგრძნობა...

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის თქმით, `არ შეიძლება ყველაფერს უარყოფითად შევხედოთ, რადგან დაზღვევა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულთა რიგებს მილიონამდე ადამიანი მიემატება. მთლიანობაში, ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობა ორ-ნახევარ მილიონს მიუახლოვდება, სახელმწიფოს ინვესტიცია კი, დაახლოებით 200 მილიონი ლარია... ეს პაკეტი, რომლის ნომინალური ღირებულება 15 ლარია, რეალურად გაცილებით ძვირი ღირს. ინდივიდუალურად ეს შესაძლოა, ათჯერ და თხუთმეტჯერ ძვირი იყოს”, - განგვიმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ზოგადად, დაზღვევის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე არავინ დაობს, მაგრამ ამ ნაირ-ნაირი დაპირებების ფონზეც არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ მოსახლეობას ისევ და ისევ მომსახურების ხარისხთან და ექიმების კვალიფიციურობასთან ექმნებათ პრობლემები. როგორც ჩანს, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ამ წინასაარჩევნო პიარისა და პროექტის ავტორებს, ეტყობა, წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ჯანდაცვის სფეროში. პროცესებს რეალურად თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა ახალი საავადმყოფოების გახსნა და ძველების ნაჩქარევი გარემონტება არ არის. ამ პრობლემებს ყველაზე მწვავედ რეგიონების მოსახლეობა აწყდება. ამიტომ ცდილობენ, თბილისში ჩამოსვლას.

ანა მაქაცარია, ზუგდიდის მკვიდრი:

- აქ არჩევანი არ არის. უმეტეს შემთხვევაში, სასწაულის იმედზე ვართ... დაზღვევის გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია, უნდა იბრძოლო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო... არადა, მაშინ, როცა შენი ოჯახის წევრს სასწრაფოდ სჭირდება ექიმის დახმარება, ძნელია უყურო, როგორ ცოდვილობს ადგილობრივი მედიცინის მუშაკი თანამედროვე აპარატურასთან, პაციენტის მდგომარეობაში რომ გაერკვეს.

ეს მძიმე რეალობა საკუთარი თვალით ვნახე ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახელობის (ე.წ. ჭითაწყარის) საავადმყოფოში, რომლის გარემონტებასა და გარემონტებულის გაფუჭებას ერთი და იგივე დრო დასჭირდა. უხარისხო რემონტის თვალსაჩინოებისთვის უკვე აყრილი მეტლახი და მოშლილი კარებიც საკმარისია (ამასთან დაკავშირებით ჩვენ მკითხველს უფრო ვრცლად, ოდნავ მოგვიანებით მოვუთხრობთ. - ავტ.). მედპერსონალთან საუბრისას მიხვდებით, რომ რეგიონებში საბჭოთა ეპოქა ჯერაც არ დასრულებულა; ექთნები მოურიდებლად წუწუნებენ, რომ ხელფასი სულ რაღაც 160 ლარია... როგორც `მითარგმნეს~, ეს იმას ნიშნავს, რომ მათგან პროფესიული მოვალეობის ზედმიწევნით შესრულება არ უნდა მოვითხოვოთ.

სამედიცინო აპარატურა ახლახან შეიტანეს და უმეტესობისთვის მასზე მუშაობა იგივეა, რაც ჩინური იეროგლიფების წაკითხვა...

მერაბ კურცხალია, ზუგდიდის მკვიდრი:

- ჩემს ახალშობილ შვილს ნეიროსონოსკოპია დასჭირდა. მითხრეს, რომ ამ აპარატზე ერთადერთი ექიმი, მაია ფიფია მუშაობდა, რომელიც შვებულებაში იყო. საბედნიეროდ, გავარკვიე, რომ ის ქალბატონი ქალაქში იმყოფებოდა, შინ  მივაკითხე და წამოვიყვანე...

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით. ამ დროს ზუგდიდელი ექიმები პაციენტს ქუთაისში აგზავნიან, მაგრამ პრობლემა აქაც არსებობს, - მთელ დასავლეთს საქართველოში ერთი კატასტროფის ცენტრის სამსახურის რეანომობილი არსებობს, რომელიც ახალშობილებს, სამედიცინო დახმარებას გზაშიც გაუწევს, მაგრამ თუ ერთი გამოძახება უკვე გადაცემულია, სხვა, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატარას რამდენიმესაათიანი ლოდინი უწევს...

ქუთაისის ცენტრის კატასტროფის ცენტრის სამსახურის უფროსს ედიშერ ასათიანსა და კატასტროფის ცენტრის ექიმებს ესმით, რომ ეს საფრთხის შემცველია, მაგრამ გამოსავალი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა. არადა, ყოფილა შემთხვევა, ერთ დღის განმავლობაში, მხოლოდ ზუგდიდიდან ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში 4 ახალშობილი გადაუყვანიათ. ზუგდიდიდან ქუთაისამდე კი 2 საათის სავალი გზაა...

P.S.. სამწუხაროდ, ეს არ არის იქ არსებული მდგომარეობის სრული სურათი და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამის შესახებ მკითხველს ოდნავ მოგვიანებით მოვუთხრობ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)