"აირჩიე, ქართველო ერო" ანუ ისტორიის ვერნასწავლი გაკვეთილები - კვირის პალიტრა

"აირჩიე, ქართველო ერო" ანუ ისტორიის ვერნასწავლი გაკვეთილები

ერთხელ ბიზანტიის ღვთისმოშიშ მეფეს, მავრიკიოსს თავისი სარდალი ფოკა აუჯანყდა. ტახტიდან ჩამოაგდო, მის ხუთ ვაჟს მამის თვალწინ თავები მოჰკვეთა, ბოლოს მავრიკიოსიც მოკლა და მოკლულთა თავები საჯაროდ გამოფინა. ერთმა ღვთისმოსავმა კაცმა ღმერთს შეჰღაღადა: "უფალო, რით განგარისხეთ, რომ ასეთი ტირანი გამოგვიგზავნე მეფედ?" ამ დროს მას უფლის ხმა მოესმა: "ბევრი ვეცადე, ძალიან ცუდი მეფე მომეძებნა ჩემი ერისთვის, რათა ის თვითნებობისთვის დამესაჯა, მაგრამ ფოკაზე უარესი ვერა ვნახე. ამის შემდეგ შენც ნუ გამოეძიებ ღვთის განგებულებასო".

ეს საგულისხმო ამბავი თითქოს თვალწინ გვიცოცხლდება, როცა ჩვენი ერის უახლოეს ისტორიას ვიხსენებთ. "აირჩიე, ქართველო ერო" - მოგვიწოდებდნენ ოცი წლის წინ, ოთხმოცი წლის წინ და ერმაც, ქრისტესა და წმინდა ილია მართლის გზის ნაცვლად, ბარაბას გზა და სოციალ-დემოკრატების მოძღვრება აირჩია. ამიტომაც დავისაჯეთ! ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი უცხოტომელებს ჩაუვარდა ხელთ. დანარჩენი საქართველო კი იმ ადამიანებს ერგო სამართავად, ვისთვისაც სიტყვა "სამშობლო" არაფერს ნიშნავდა.

როცა წმინდა ილია მართალი მოკლეს, უკეთ გამოჩნდა, ვინ ვინ იყო. პეტერბურგში ქართველ სტუდენტთა კრებიდან ტფილისში სამძიმრის დეპეშა უნდა გამოეგზავნათ, 45 მომხრის გარდა, ამის მოწინააღმდეგე 42 სტუდენტი იყო. ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ: ილია, როგორც მემამულე, მოსაკლავი იყოო. ამ ახალგაზრდების უმეტესობა სოციალ-დემოკრატები იყვნენ და სიამოვნებით იმეორებდნენ თავიანთი ლიდერის, ნოე ჟორდანიას "ფრთიან" ფრაზას, ნათქვამს ილიას მკვლელობაზე: "ხეს (იმპერიას - კ.კ.) რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა" (აღსანიშნავია, რომ 30 წლის მერეც ჟორდანია იმავეს იმეორებდა, ილია ჭავჭავაძემ გლეხებს უღალატაო). "ნაფოტი" თურმე ილია მართალი ყოფილა. სადამდე შეიძლება იყოს კაცი გაბოროტებული საკუთარ ერზე, რომ მისი სულიერი მამა, მოკლულიც კი არ დაინდოს და შეურაცხყოს.

ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსული სოციალ-დემოკრატების ნაწილად მიიჩნევდნენ თავს, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას 1917 წელსაც ისევე ეწინააღმდეგებოდნენ, როგორც 1905 წლის რევოლუციისას. მათ რუსოფილურ მოღვაწეობას დადებითად აფასებდა კავკასიის მეფისნაცვალი ვორონცოვი, იგი თავის 1906 წლის უქვეშევდრომილეს მოხსენებაში წერდა: "ერთ-ერთი დამცველნი რუსეთის ბატონობისა საქართველოში ქართველი სოციალ-დემოკრატები არიან, დანარჩენი საქართველო სეპარატისტული არის".

ეჭვგარეშეა, სოციალ-დემოკრატებსაც ჰყავდათ ბევრი ნიჭიერი წევრი, რომლებსაც ენატრებოდათ თავისუფალი საქართველო, მაგრამ ამაზე ლაპარაკი იმ დროს სირცხვილიც კი იყო! "რას იზამდნენ", სხვადასხვა გარემოებამ აიძულა ისინი, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. რას შვრებით, ამხანაგებო, თქვენ ხომ ამით ღუპავთ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციასო, - უთქვამს ერთ-ერთ ცნობილ ქართველ მენშევიკს იმ დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, კიდევ დიდხანს ფრიალებდა სასახლის თავზე წითელი დროშა - რევოლუციის სიმბოლო და არა დამოუკიდებლობისა, თავისუფალი ქვეყნისა.

გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხელში ჩაიგდო მთელი სახელმწიფოს მეთაურობა. საქართველოში იმ დროს საკმაოდ იყო ინტელიგენცია, გამოცდილი მოხელეები და სხვანი, მაგრამ მათ არავინ იყენებდა, თუ ისინი სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრნი არ იყვნენ. ამ მიზეზის გამო სამხედრო მინისტრის თანამდებობა ექიმ-გენეკოლოგს ეკავა, გენერალ-გუბერნატორად სოფლის აგრონომი იყო, კიდევ სხვა მინისტრად - დურგალი. მენშევიკების ხელისუფლება უფრო განმტკიცდა 1919 წელს, როცა საქართველოში დაფუძნებული კრება აირჩიეს. ქართულ პარლამენტში უმეტესობად მენშევიკები შევიდნენ, 600 ათასმა ქართველმა მისცა მათ ხმა. მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ კი არა, ეროვნული ერთიანობისა და თავისუფლების იდეას მისცა ხმა, მაგრამ ვაი, რომ მწარედ შეცდნენ! ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ვერ შევიდნენ ეროვნული მიმართულების პარტიები. "ჟორდანიამ ილია ჭავჭავაძე დაამარცხა", - ამბობდნენ ზოგიერთნი და "მართალნიც" იყვნენ, ერმა მხარი დაუჭირა არა ილიას დისშვილს, ეროვნულ-დემოკრატ კოტე აფხაზსა და მის მეგობრებს, არამედ მათ, ვინც შინაგანად მტრობდა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ბევრი შეცდომა დაუშვეს მენშევიკებმა, ქართველი ხალხიც მალე მიხვდა თავის შეცდომას, განსაკუთრებით ე.წ. "აგრარული რეფორმის" მერე, რომელმაც საერთოდ დასცა ჩვენში სოფლის მეურნეობა. კიდევ ერთი, რაც ასე აწუხებდა ჩვენს ხალხს, ქვეყანაში გამეფებული კრიმინალური ფონი იყო. ქათმებივით ხოცავდნენ ადამიანებს და წესრიგის დასაცავად არავინ ზრუნავდა. მთავრობამ თავადაზნაურობას - დიდს თუ მცირეს, ყველას მიწები ჩამოართვა, რევოლუციურად განწყობილი ბრბო კი ქართველი თავად-აზნაურების ოჯახებს ეცემოდა თავს, ბევრი მთლად ამოწყვიტეს და მათი დასაფლავების ნებას არავის აძლევდნენ. ქურდბაცაცები არავის ინდობდნენ.

სად იყო ამ დრო ეკლესია? - იკითხავს მკითხველი.

გონიერი მთავრობა, მცოდნე თავისი სამშობლოს ისტორიისა, ეკლესიის გავლენით ისარგებლებდა სახელმწიფო ორგანიზმის განსამტკიცებლად, ყოველ ღონეს იხმარდა ეკლესიის გასაძლიერებლად. მით უმეტეს, საუკუნეზე მეტი ხანი საქართველოსავით ეკლესიასაც დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა. ამ დროს კი რას აკეთებს ათეისტური სულის მენშევიკური მთავრობა. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ წმინდა გიორგის ხატი არ გამოსახეს რესპუბლიკის ემბლემაზე. მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, წმინდა გიორგის გამოსახვა (გნებავთ, თეთრი გიორგისა) კლერიკალიზმი და უკან დაბრუნებააო. ამიტომაც, თეთრ გიორგის, წმინდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოაშორეს. სამაგიეროდ, გერბზე გაჩნდა შვიდი მნათობი, რომელთაც წარმართი ქართველები ეთაყვანებოდნენ. მენშევიკურმა პარლამენტმა, მთავრობამ უარი უთხრა პატრიარქს დალოცვაზე, არ გვჭირდებაო. ამის შემდეგ უკვე ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრეს ქართველმა "დემოკრატებმა", ახლად ავტოკეფალია აღდგენილი, ჯერაც სუსტი ეკლესიისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. იმ პერიოდში ათონის მთიდან ბერძნებისგან გამოყრილი ატირებული ქართველი ბერები იმედით ბრუნდებოდნენ თავისუფალ სამშობლოში, ეგონათ, "ცრემლს მოჰხოცდა" ჟორდანია. "თურმე ისიც მდევნელია ეკლესიებისა და რას ცრემლებს მოგვხოცდა", - სწერს ავტობიოგრაფიაში წმინდა იოანე მაისურაძე.

1918 წლის 26 ნოემბერს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა ტიპისა და საფეხურის, სახაზინო და კერძოუფლებიან სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობა. ხსენებულ სკოლებში დაიხურა კრედიტი, რომელიც გახსნილი იყო საღმრთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისთვის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყოფილი სასულიერო სასწავლებლის ქონება-შენობები სახალხო განათლების სამინისტროს გადაეცა. როცა ეკლესიის წარმომადგენლები მათ მოაგონებდნენ, რომ ისინიც კანონიერი მეპატრონეები იყვნენ ამ ქონებისა, სასამართლოსკენ მიუთითებდნენ, წადით და იქ დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენიაო. მთავრობამ სპეციალური დეკრეტით ეკლესიებს ჩამოართვა მიწები, ვენახები, სათიბები, ტყეები, წისქვილები, არსებობის სახსარი მოუსპო. ეკლესია-მონასტრების საცავებიდან მილიციის ძალით გამოზიდეს ისტორიული და სარწმუნოებრივი მნიშვნელობის ყველა ნივთი.

უწმინდესმა ლეონიდემ წერილით მიმართა ჟორდანიას და ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობაში სამართლიანობის დაცვა მოსთხოვა. ამ წერილმა შედეგი არ გამოიღო. უწმინდესი შეხვდა კიდეც მთავრობის მეთაურს. ჟორდანიამ აღუთქვა, რომ მომავალში მთავრობა მიიღებდა გადაწყვეტილებას მონასტრისთვის კერძო მესაკუთრის ნორმით მიღებული მიწების დატოვების შესახებ (რადგან კანონმდებლობით ეკლესიას უძრავი ქონების ყიდვასა და იჯარით აღებასაც კი უკრძალავდნენ, რათა წართმეულის ნაცვლად არსებობის რაიმე ახალი სახსარი არ გაეჩინათ). მაგრამ საქმე წინ წასვლის ნაცვლად უფრო უკან და უკან მიდიოდა. მთავრობამ რელიგიის შესახებ მიღებული კანონით მართლმადიდებელი ეკლესია გაუთანაბრა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიას. "ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის იზოლაცია სახელმწიფო პოლიტიკისგან. მან კარგად უწყოდა ეკლესიის დიდი ისტორიული ავტორიტეტი ქართველ მოსახლეობაში, რომლის ძირითადი ნაწილი ეკლესიასთან ერთად სახელმწიფოში გატარებული რეფორმების წინააღმდეგ შეიძლება გამოსულიყო" (ჟურნალი "ახალი სიტყვა" 1918წ., #1). 1918 წლის 3 დეკემბერს კი სამოქალაქო მეტრიკაციის კანონის შემოღებით, ეკლესიას უფლება წაართვეს "თავის წევრთ შვილი მოუნათლოს, ჯვარი დასწეროს და წესი აუგოს, თუ ამის ნებართვას ისინი არ მიიღებენ რომელიმე მილიციონერის ან კომისრისაგან რაღაც "სარეგისტრაციო მოწმობის" სახით". ძვირფასო მკითხველო, მითხარი, ამდენი უზნეობის შემდეგ, ამდენი უღმერთობის შემდეგ მენშევიკები განა რით განსხვავდებოდნენ მათი განაყარი ძმების - ბოლშევიკებისგან? არც არაფრით, რომ დასცლოდათ, ალბათ უღმერთოთა კავშირებს ისინიც შექმნიდნენ და ეკლესიის, როგორც ფეოდალიზმის გადმონაშთის საბოლოო განადგურებასაც შეეცდებოდნენ.

ცა იქუფრებოდა საქართველოს თავზე. ბაქოში საქართველოს დასაპყრობად იქმნებოდა მეთერთმეტე არმია. ქვეყანას ფაქტობრივად ჯარი არ ჰყავდა, მტრის აგრესიას რომ შეწინააღმდეგებოდა. ხელისუფლება მხოლოდ ეროვნული გვარდიის (ქართული ჯარის პარალელური სტრუქტურის) გაძლიერებაზე ზრუნავდა, რომელიც მხოლოდ მათი დამცველი იყო და არა ქვეყნისა. საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგა. საჭირო იყო ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა და მასში ეროვნული ძალების მოსვლა. საქართველოში არსებული არასოციალისტური პარტიები გაერთიანდნენ და მოქმედების გეგმაც დასახეს. ეს მომხდარა 1921 წლის 23 იანვარს. არასოციალისტური პარტიების გაერთიანებული კონფერენციისთვის სიტყვით მიუმართავს უწმინდესსა და უნეტარესს პატრიარქ ლეონიდეს. მისი უწმინდესობა წუხდა, რომ ქვეყანას სწორედ ის ჯგუფი დაეპატრონა, "რომელნიც პრინციპულად უარყოფდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, გაიძახოდნენ: "სამშობლო იქ არის, სადაც კუჭს გავიძღებთო".

"ქართველების მხცოვანსა და ჭაღარაშერეულ დედას - საქართველოს ეკლესიას შიშველ-ტიტველს, უპატრონოდ და შეურაცხად აძევებენ ამ დარბაზიდან", ისევე როგორც წარმართულ რომში პირველ ქრისტიანებს ეუბნებოდნენ, "ნება არ გაქვთ არსებობისო"... "ჩვენდა სამწუხაროდ, სამარცხვინოდ და სავალალოდ, - ბრძანებს პატრიარქი, - საქართველოში ვერ მოუძებნიათ ადამიანი, რომელსაც ისეთს იურიდიულ ნორმებზე შეეძლოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელნიც დამყარებული იქნება ქართველთა ეროვნულ ფსიქოლოგიას, ზნე-ჩვეულებას და კულტურულ-ისტორიული წარსულის ცოდნაზე". ხელისუფლება ამ რეფორმას ამართლებდა "სინდისის თავისუფლების" საჭიროებით. რაზეც მისი უწმინდესობა ბრძანებდა: "რომელ სინდისის თავისუფლებაზეა საუბარი იქ, სადაც ეკლესიიდან გამოაქვთ სათაყვანებელი სიწმინდენი, სადაც მორწმუნეს ნებას არ აძლევენ, დღესასწაული გაატაროს თანახმად რჯულის მოთხოვნებისა და ეს რჯული სკოლაში შეასწავლოს, სადაც მას აიძულებენ, ჯერ მილიციონერთან მოინათლოს და დაქორწინდეს, მერე კი, თუ ის ნებას მისცემს, ეკლესიაში? საეკლესიო საზოგადოებას უხდება ამა თუ იმ გაბატონებული პარტიის წინაშე ქედი მოიხაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გამოაცხადებენ "სახელმწიფოს მავნედ" და დახურავენ.

იქნება ამ პარტიის სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფოს აშენება-გაბედნიერებას უქადდეს? პირიქით, ის დამღუპველია რესპუბლიკისთვის... ეკლესიის დამცირება, სარწმუნოების შებღალვა და ნათესაობითი გრძნობების შესუსტება, რასაც ხელს უწყობს ახალი პროექტი ქორწინებისა, მხოლოდ შეარყევს საზოგადოებრიობის ფუძეს და "სინდისის თავისუფლების" მაგიერ დაამყარებს ჩვენში "სინდისისგან თავისუფლებას"... ასეთ ძალადობას განიცდის, ბატონებო, დღეს ქართველი ერის სარწმუნოებრივი მმართველი პარტიის პოლიტიკით, რომელსაც თავს ახვევენ მას ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის სახით. მე ვგმობ ეკლესიის სახელით ამ პოლიტიკას, ენერგიულ პროტესტს ვაცხადებ აღნიშნული ძალადობის გამო". წერილის დასასრულს მისი უწმინდესობა მოუწოდებდა კონფერენციის მონაწილეებს, მხარში დასგომოდნენ ეკლესიას, რათა მისი სახელმწიფოსგან გამოყოფის "ახალი, მიზანშეწონილი და გონიერი პროექტი" შეემუშავებინათ... ბოლო კონფლიქტი მენშევიკურ ხელისუფლებასთან პატრიარქს საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ჰქონდა. საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკლესიის საგანძური დროებით ქუთაისში გადამალეს. მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ეს ქონებაც ჩამოართვეს ეკლესიას, ვითომდა "განძარცვისგან გადასარჩენად". პატრიარქმა ლეონიდემ სასწრაფო აუდიენცია ითხოვა ჟორდანიასთან, შეეკამათა ამ გადაწყვეტილების გამო, რაზეც ჟორდანიამ უხეშად მიმართა პატრიარქს: "დატოვე ჩემი კაბინეტი!"

მისმა უწმინდესობამ დატოვა კაბინეტი და მენშევიკური ხელისუფლებაც დატოვა იმ ღვთაებრივმა მადლმა, ჯერ კიდევ რომ იცავდა. სამშობლოდან გადახვეწილებს გულზე ქართული მიწის დაყრა არ ეღირსათ. ქართველ ერს კი ახალი, მენშევიკების განაყარი ძმების, ბოლშევიკების სამოცდაათწლიანი საზვერეების გავლა მოუხდა. ეს ყველაფერი, ჩვენი აზრით, წმინდა ილიას გზის დაწუნებისა და უარყოფის გამო მოხდა. ალბათ, არც იმის გახსენება გვაწყენს, რომ საქართველოს გასაბჭოების დღეს, 25 თებერვალს, ჩვენი ქვეყნის მფარველის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ესეც ერთი საგულისხმო გაფრთხილება მათთვის, ვისაც თარიღებით საკუთარი "წარმატების" გამართლება უყვარს - დღესასწაულზე მომხდარი შენი გამარჯვება, ზოგჯერ შენივე ხალხის დამარცხებაა.

გადის წლები და მოვლენები თითქოს მეორდება საქართველოში. ჩვენ ბევრჯერ მოგვიწევს ბოროტსა და კეთილს შორის, ქრისტესა და ბარაბას შორის, წმინდა ილია მართლისა და ფსევდოკოსმოპოლიტურ პარტიებს შორის არჩევანის გაკეთება. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ამ არჩევანზე. პასუხს აგებს თავისი ქვეყნისა და ოჯახის მომავალზე. რა ხეირიც უღმერთო, ეროვნებისა და სამშობლოს უარმყოფელმა იდეოლოგიამ დაგვაყარა, ეს უკვე კარგად ვიწვნიეთ. ჯერი ჩვენზეა. ჩვენი ბრძენი წინაპრები ამბობდნენ: ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, უგუნური კი საკუთარზეც ვერაო.

(სპეციალურად საიტისთვის)