შევეწიოთ მონასტერს!
შევეწიოთ მონასტერს!
"ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს"

ცოტა ხნის წინ, რუის-ურბნისის ეპარქიის ყორანქედის ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის ბერების საცხოვრებელ სენაკებს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ბერების სენაკები და იქ არსებული ინვენტარი. სასულიერო პირებს დღესდღეობით უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.


იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი),მონასტრის წინამძღვარი:

- 24 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, საოცარი განსაცდელი დაგვატყდა თავს... იმ პერიოდში მე მონასტერში არ ვიყავი, ტაძრის (რომელიც მშენებლობის პროცესშია) ნახაზებში რაღაც დეტალების დამატება მინდოდა და ამასთან დაკავშირებით თბილისში
გახლდით  ამოსული. იმ დღეს მუშები ტაძრის მოპირკეთებაზე ჩვეულებრივად მუშაობდნენ, მონასტრის წევრები წმინდა გიორგის ტაძარში პარაკლისს იხდიდნენ. მოკლედ, როდესაც ყველანი, სხვადასხვა მიზეზით, კელიებიდან გამოსულები ვიყავით, იქაურობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი როგორც ირკვევა, მანსარდში ელექტროსადენიდან გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა: კელიები, სატრაპეზო, სათავსები... როდესაც მუშებმა კვამლი შენიშნეს, უკვე გვიანი
იყო, ცეცხლი გამძვინვარებულიყო და ყველანი მის ჩაქრობას ცდილობდნენ... შენობა, რომელშიც ვცხოვრობდით, 3 წლის აშენებულია, მაგრამ როგორც ჩანს, სახურავში რომელიღაც სადენი სუსტი აღმოჩნდა...

ხაშურის სახანძრომაც ცოტათი დააგვიანა მოსვლა (გზაში უამრავი აღმართია გასავლელი) და სახანძრო რომ მოვიდა, შენობას სახურავი აღარ ჰქონდა. ჩვენს დასახმარებლად ბორჯომიდანაც წამოვიდა სამხიდიანი "კამაზი", მაგრამ ისიც გზაში რაღაცამ შეაფერხა...

- მომხდარის შესახებ თქვენ როდის შეიტყვეთ?
- მაშინვე დამირეკეს. თბილისში ყველაფერი გადავდე და მონასტრისკენ გავეშურე, მაგრამ გზაში ავარიაში მოვყევი, უკნიდან მანქანა დაგვეჯახა. ღვთის წყალობით გადავრჩით, მაგრამ მანქანა, რომელშიც ვიჯექი, აღარ ვარგა... მონასტერს რომ მივუახლოვდით, გზაში დედაო გველოდებოდა, ჯიპით რომ ავსულიყავით ზემოთ. ჯიპში ჩავსხედით თუ არა, მანქანაში წყალი ადუღდა. შემდეგ ჩემს ასაყვანად მონასტრის მანქანას დავურეკე და მასაც საწვავი გამოელია... ყველა წინააღმდეგობა თითქოს იმიტომ შეიქმნა, რომ დროულად არ ავსულიყავით იქ... ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ნამდვილად განსაცდელი იყო და არა უბრალოდ შემთხვევა...
მადლობა ღმერთს, რომ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ვართ.

- კი, მაგრამ ამ ზამთრისთვის ღია ცის ქვეშ რომ დარჩით...
- კი, ასეა. თან, ხაშურის რაიონში ადრე ზამთრდება...

- ახლა დროებით სად ცხოვრობთ?
- ბერებიდან ზოგმა კარავს შეაფარა თავი, ზოგი ღია ცის ქვეშ ათენებს, ზოგიც  ვტოფარეხში, კონტეინერში... იმედი მაქვს, რომ ადამიანების დახმარებით, ყველაფერი მალე აღდგება. ყოველ შემთხვევაში, შენობა გადაიხურება და ფანჯრები ჩაისმება, რომ ზამთარში შიგ შესვლა  შევძლოთ.

- ამ ფაქტმა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობას ხელი ხომ არ  ეუშალა?
- ვფიქრობ, რომ ეს განსაცდელი სწორედ მაგ ტაძრის მშენებლობას უკავშირდება. მართლაც ისეთი რუდუნებით, წვალებითა და შრომით იგება ეს ტაძარი, რომ...

- რას გულისხმობთ?
- ნებისმიერ განსაცდელს თავისი ახსნა აქვს: დიდი მადლის კეთებისას წინააღმდეგობები  ოველთვის იქმნება ხოლმე... მადლობა ღმერთს, რომ ღვთის წყალობით, ტაძარი მშენებლობის
იმ ეტაპზეა, რომ საქმის 70% უკვე გადალახულია... განსაცდელი იმიტომ შეგვემთხვა, რომ მშენებლობა გაჩერებულიყო და ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაგვეტანა. ღვთის შეწევნით,
არ ვჩერდებით! ადამიანებს არც ჩვენთვის და არც ტაძრისთვის სითბო და სიყვარული არ მოუკლიათ. ამ ამბის შემდეგაც აქტიურად მოდიან, რეკავენ, ყოველთვის გვერდში გვედგნენ...

ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს. უნდა მოვითმინოთ! მით უმეტეს, ქრისტიანი ადამიანი ხომ მუდმივად ღვთის ნებასა და განგებაზეა დამოკიდებული... ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ყოველ წელიწადს ახალ მონასტერში მიწევდა გადასვლა. აშენდებოდა, გაკეთდებოდა და იქაურობას ვტოვებდი. ამ მონასტერში უკვე სამი წელიწადია, რაც ვმოღვაწეობ. თავიდან რომ მოვედით, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. არაფერი გვქონდა და ახლაც ნულიდან გვიწევს დაწყება.

- ბევრ მონასტერში იმსახურეთ?
- მეცხრე წელია, რაც რუის-ურბნისის ეპარქიაში ვმსახურობ. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მონასტერში მომიწია მოღვაწეობამ, კერძოდ, ძამის ხეობაში - ტბეთის მონასტერში, ბერად იქ აღვიკვეცე, საიდანაც სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერში გადავედი, შემდეგ ურბნისის საკათედრო ტაძარში ერთი წელი ვიმსახურე და მერე ყინწვისის წინამძღვრად გადამიყვანეს. ახლა კი ხაშურის სოფელ ხცისის მახლობლად ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღოლი ვარ. იმ ადგილას, სადაც ახლა ვმოღვაწეობ, სამონასტრო ცხოვრება როგორც გითხარით, ნულიდან დავიწყეთ. პატარა ტაძარი, რომელიც ავირჩიეთ, VIII საუკუნეში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გარშემო საუცხოო ბუნებაა და  ამონასტრო ცხოვრების დასაწყებად ადგილმდებარეობა ძალიან მოგვეწონა.

- როგორც გავიგე, ყინწვისიდან იქ თქვენი ნებით წასულხართ. რატომ გადაწყვიტეთ ასე?
- მეტი სიმყუდროვე გვინდოდა... მოკლედ, გადავედით თუ არა, დავიწყეთ წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა. მლოცველებმაც იმატა. მრევლი გაიზარდა და პატარა ტაძარში, რომელიც ზომით - 9/4-ზეა, ვეღარ ვეტეოდით და სივიწროვის გამო ახალი, მასშტაბური ტაძრის აშენება გადავწყვიტეთ. თანდათან მონასტრის ძმობაც გაიზარდა და უკვე 2 წელია, რაც ჩვენი სურვილი, უფლის შეწევნით, რეალობად იქცა და ელია წინასწარმეტყველის სახელზე ტაძარს ვაშენებთ.როგორც გითხარით, ძირითადი სამუშაოები უკვე დამთავრებულია და მოპირკეთება მიმდინარეობს.

- მონასტერი სოფელს დიდად არის დაშორებული?
- სოფლიდან კილომეტრ-ნახევარია. მთიანი ადგილია კია, მაგრამ რამდენიმე სამანქანო გზა ადის. ულამაზესი ბუნება და იშვიათი მიკროკლიმატია: ფრინველები და ცხოველები გასამრავლებლად მთებიდან ყორანქედის მიდამოებში ჩამოდიან... ყოფილა შემთხვევა, დათვებს ჩვენთვის საზამთრო მარაგიც კი შეუჭამიათ. ცხვრები გვყავდა და ისინიც გაგვინადგურეს. რამდენიმე კვირის წინ, 15 მეტრში დავინახეთ, დათვი როგორ ჭამდა ტყემალს. რომ დაგვინახა, გაიქცა.

- ხანძრამდე როგორ ცხოვრობდით მონასტერში?
- ჩვენი მეურნეობა გვაქვს: საკუთარი ნაკვეთი, რომელსაც ვამუშავებთ. გვყავს საქონელი და ფრინველი. საზამთროდ ჩვენს მოწეულ მოსავალს ვიმარაგებთ. ასევე მრევლიც გვეხმარება. ვისაც შეხება აქვს ეკლესიასთან და წარმოდგენა აქვს ეკლესია-მონასტრის დანიშნულებაზე, ყველა გვერდში გვიდგას: ზოგი ფიზიკურად გვეხმარება, ზოგი - მატერიალურად, ზოგიც მასალით... მოკლედ, ერთსულოვნებითა და ღვთის შეწევნით ვცხოვრობთ...

- ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობა უშუალოდ ვინ დააფინანსა?
- არის ერთი პიროვნება - ვეფხვია კობახიძე, რომელმაც ამ ტაძრის ასაშენებლად დიდი საქმე გააკეთა. ამასთან, ჩვენი მონასტრის სახელზე ბანკში გახსნილია ანგარიშიც. საკმაოდ მასშტაბური ტაძარია. მისი ზომებია: 17/12-ზე; სიმაღლეში ჯვრიანად 19 მეტრი. უკვე ჯვარიც დავადგით. ტაძარი სულ ორი სართულისგან შედგება. პირველი სართული მიწისქვეშაა, სადაც კიბით ჩადიხარ. იმ სართულზე კიდევ სამი ტაძარია: მაცხოვრის შობის სახელობის, ღვთისმშობლის და პანტელეიმონ მკურნალის...

- მამაო, წარმოშობით სადაური ხართ?
- სიღნაღიდან ვარ, ქიზიყელი, მაგრამ თბილისში გავიზარდე და სკოლა და უმაღლესი განათლებაც თბილისში მივიღე.

- ბერობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეთ?
- კი. თუმცა მანამდე ეკლესიამონასტრებში ვცხოვრობდი... 2004 წლიდან კი უკვე ბერი ვარ...

- ისე, ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. თან, ძალიან ახალგაზრდა  ღკვეცილხართ ბერად...
- 21 წლის ვიყავი, მაგრამ მანამდე ღმერთმა ბევრი რამ დამანახვა... ვნახე, რა იყო ღირებული და რა - არა... დღეს ბევრი მეკითხება, - 21 წლისას ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ გაგიჭირდაო?..

- დედა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- აბა, რა გითხრათ? გვარში ერთადერთი გვარის გამგრძელებელი მე ვიყავი... ძალიან რთული იყო ჩემი მშობლებისთვის ჩემი ნაბიჯის აღქმა. მამა ექიმია, დედა - ფარმაცევტი... 4 წელიწადი ფაქტობრივად, მამასთან ურთიერთობა არ მქონია. ნაწყენი იყო, მაგრამ დღეს ჩემთან ერთად არის, გვერდში მიდგას და მეხმარება...

- დედმამიშვილი არ გყავთ?
- და მყავს, რომელსაც 3 შვილი ჰყავს... ყველანი გვერდში მიდგანან.

- საერთოდ, საკუთარი ცხოვრების შესახებ სასულიერო პირები, მით უფრო ბერები, თითქმის არ ლაპარაკობენ... მინდა, მადლობა გითხრათ, ჩემს კითხვებს რომ უპასუხეთ.
- რაღაც ისე მოხდა, რომ მართლაც ბევრი ვილაპარაკე (იღიმება). საერთოდ, მეუბნებიან, განსაკუთრებული სიტყვაძუნწობით გამოირჩევიო...

- რა დაგანახვათ თქვენმა განვლილმა ცხოვრებამ, როგორ შეაფასებდით მას?
- შეფასება ის არის, რომ სულზე ღირებული არაფერია! ამაზე დიდი საუნჯე სხვა არ არსებობს.

- მერე ამ გზაზე სიარული ადვილი რომ არ არის?

- სულისთვის ზრუნვა არ არის ძნელი, მთავარია, ამ ყველაფერს სწორად მიუდგე. ღმერთი სიყვარულია, ყველაფერს ითვალისწინებს და გაგიგებს, მაგრამ ის, რომ საღმრთო სჯული დავარღვიოთ და ურჯულოდ ვიცხოვროთ, ამის პირობას არ გვიქმნის... სახარებაში წერია: "რომელსაც თვალნი აქვს და ყურნი აქვს, ესმოდეს და სწორად ხედავდეს". დიახ, სწორად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ხოლო თუ სწორად ცხოვრება გინდა, აუცილებლად მოძღვარი
უნდა გყავდეს, რადგანაც ცხვარი მწყემსის გარეშე ყოველთვის დაბნეული იქნება. ვერც ერთ წინააღმდეგობას ვერ გადალახავს... უფალი ბრძანებს: "არ არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს". ადამიანი ისე ვერ იცხოვრებ, რომ შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ მთავარი სინანულია. ყველა ადამიანს თავისი უნდა ჰქონდეს.

P.S. გთხოვთ, შეეწიოთ მონასტერს, რათა დროულად მოხდეს სენაკების აღდგენა
და ბერები ზამთარს მომზადებულნი შეხვდნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!


საბანკო კოდი: TBCBGE22,
ლარის ანგარიშის ნომერი
GE95TB0652936080100004,
დოლარი/ევრო
GE15TB0652936180100005,
მიმღები: რუის-ურბნისის
ყორანქედის ელია
წინასწარმეტყველის სახელობის
მამათა მონასტერი, ან
დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან
და ბილაინიდან ტელეფონის
ნომერზე: 0901080809
ზარის ღირებულება - 1 ლარი:
მონასტრის საკონტაქტო
ტელეფონია: 593 121055


ლალი ფაცია (ჟურნალი ”გზა”)
tamo
21 აგვისტო 2014 13:56
ვიღაც ჯონი ხარ თუ ვინც ხარ ნეტავ ღმერთის თუ არ გეშინია. ეტყობა ვის ლოცვას აქვს ძალა, დღესდღეისობით ეს ადამიანი მღვდელმთავარია და შენ ვინ ხარ ან რას წარმოადგენ
rosto
17 სექტემბერი 2012 15:35
ჯონი

ეხ შენ საზიზღარო არსებავ ,
ჯონი
13 სექტემბერი 2012 13:54
საყოველთაო სიღატაკეში მონასტრებს შეაფარეს თავი. ყოველგვარი ნიჭისგან მოკლებულნი, სხვების ხარჯზე კაის ჭამენ, კაის სვამენ, არაფერი სადარდებელი არა აქვთ. რო კითხო ლოცულობენ! რაში წაგვადგა თქვენი ლოცვა?!!! ბიბლია და ქრისტიანობა იქადაგეთ. არსად არ წერია ბიბლიაში ასკეტური ცხოვრებით იცხოვრეთო! რათქმაუნდა კომფორმისტი კვირის პალიტრა ამ კომენტარს არ გამომიქვეყნებს, აქაოდა საპატრიარქო არ გადავიმტეროთო!!!! გეშინოდეთ ღმერთის წარმართებო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?