გადაშენების გზაზე ვართ?! - კვირის პალიტრა

გადაშენების გზაზე ვართ?!

"ვის ვატყუებთ, ვის?!"

"სტატისტიკური მონაცემების გაყალბებას  არჩევნებამდე მივყავართ"

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა ფონდმა მსოფლიოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. რომ ჩავხედე, გული მომეწურა და თავში მხოლოდ ერთადერთი აზრი ამომიტივტივდა: "ჩვენ გადავშენდებით!"

გაეროს სპეციალური ფონდის 2011 წლის მონაცემებით, 2050 წლამდე სომხეთში მოსახლეობა გაიზრდება 7%-ით, აზერბაიჯანში - 34%-ით,  ხოლო საქართველოს მოსახლეობა, გაზრდას ვიღა ჩივის, 28%-ით შემცირდება.

ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: - დიდი ხანია განგაშის ზარებს ვარისხებ, რომ ვიღუპებით, მაგრამ არავის ესმის. მგონი, ვერც კი აცნობიერებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ერი გადაშენების გზაზეა. ასეთ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს, უმთავრესი კი უმძიმესი ეკონომიკური პირობებია. გაეროს სპეციალურმა ფონდმა ამ მონაცემებთან ერთად სხვა მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც საქართველოში საშინელი სიღატაკეა და 600 000 კაცი დღეში მხოლოდ 2 ლარზე ნაკლები თანხით ირჩენს თავს.

- მაშინ საიდან მოდის სტატისტიკური მონაცემები, რომ ქვეყანას შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს?

- მართალია, ხელისუფება გვიყიჟინებს რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ ჩვენი ყოფა ყოველგვარ ყიჟინსა და სტატისტიკაზე უტყუარი მონაცემია. თანაც, გაერო უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია მგონია, ვიდრე ჩვენი სტატისტიკური მაჩვენებლები. მის მონაცემებში მითითებულია,  საქართველოში მოსახლეობის 13%  (600 000 კაცი) დღეში 2 ლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს.

ასეთ პირობებში შობადობის გაზრდაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გარდა ამისა, გაერო აქვეყნებს კიდევ ერთ მონაცემს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დემოგრაფიასთან. ამიერკავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეპროდუქციული მკურნალობისა და მშობიარობის ხარჯებს ორსულები და მშობიარეები ანაზღაურებენ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ყველაზე უარესი პირობები პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გვაქვს. დეკრეტული შვებულებისას სომხეთში ორსული ქალი  2.700 ლარის ეკვივალენტს იღებს, აზერბაიჯანში - 8.462 ლარის, რუსეთში - 7.300-ის, ჩვენთან კი მშობიარე ქალებს სახელმწიფო 600 ლარზე მეტს არ აძლევს. გაეროს მონაცემებით, სომხეთში ყოველ მშობიარეზე სახელმწიფო 350 ამერიკულ დოლარს გამოყოფს და აქედან 60% ეძლევა სამედიცინო პერსონალს, რომ უფრო კარგად მოუაროს მშობიარეს, აზერბაიჯანში ორსულის ყველა მომსახურებას, მათ შორის - ბავშვის დაბადებისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოშია - უმრავლესი რეპროდუქციული მომსახურება ფასიანია. თუ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა დაუყოვნებლივ არ გავატარეთ, გადავშენდებით.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ კი არ ვიკლებთ, ვიმატებთ.

- ტყუილია, ტყუილი! Mმარკ ტვენი ამბობდა, არსებობს სიცრუე, საშინელი სიცრუე და ზღვარგადასული სტატისტიკაო. ის, რაც დღეს ჩვენს სტატისტიკაშია ასახული, საშინელ სიცრუეზე უარესია!

ოფიციალური მონაცემებით, 2008-2009 წლებში მოსახლეობა უცბად 7-7 ათასით გაიზარდა. ასეთი ზრდა მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ასეთი რამ წარმოუდგენელია. თუ გაიზრდება მოსახლეობა, მაქსიმუმ 1-2 ათასით. თანაც, ასეთი დემოგრაფიული აფეთქება კრიზისისა და ომის წლებს დაემთხვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დემოგრაფიული მონაცემები ყალბია.

დემოგრაფებმა ერთი ამბავი რომ ატეხეს, მაშინ 5 ათასი ბავშვით შეამცირეს შობადობის მაჩვენებელი. ოფიციალურ მონაცემებს სტატისტიკის დეპარტამენტი სამოქალაქო რეესტრის მონაცემების საფუძველზე აქვეყნებს. სამოქალაქო რეესტრი ან მაამებლურ პოლიტიკას ატარებს ან უდიდეს არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.

ოფიციალური სტატისტიკის გარდა არსებობს შეფასებითი მონაცემებიც. შეფასებითი და ოფიციალური მონაცემები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ოფიციალური მონაცემებით 2011 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 469 ათასი კაცი იყო, შეფასებითი მონაცემებით - 3 მილიონ 785 ათასი.

- რატომ უნდა ვენდოთ შეფასებით Mმონაცემებს და არა ოფიციალურ სტატისტიკას?

- მონაცემები გაერთიანებული ერების ფონდის დაკვეთით კეთდება და მას ილიას უნივერსიტეტის პროფესორები ადგენენ, რომლებიც ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. მათი შეფასებითაც კი საქართველოს მოსახლეობა 3 785 000 არ აღემატება. ამ მონაცემებს აქვს საყოველთაოდ მიღებული კანონზომიერებანი. როცა ვამბობთ, რომ შეფასებითი მონაცემები უფრო სანდოა, ვგულისხმობ, რომ აქ ყველა კანონზომიერება, სხვადასხვა მონაცემი შეჯერებული და პროფესიონალურად არის დათვლილი.

მსოფლიოში არსად მომხდარა, რომ 1 000 სულ მოსახლეზე 140 ახალშობილი დაბადებულიყოს. შობადობითG გამორჩეულ ქვეყნებშიც კი ეს მონაცემი 1 000 სულ მოსახლეზე 50-60 ახალშობილს არ აჭარბებს.

ჩვენ მიჩვეული ვართ პიარს, მაგრამ ეს პიარი აღარ არის, ბატონებო, ვის ვატყუებთ, ვის?! ჩვენ გადაშენების გზაზე ვართ, გაეროს მონაცემები ამას მოწმობს და რა დემოგრაფიულ აფეთქებზეა ვლაპარაკობთ?!

სამხრეთ კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი იცვლება და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - როცა ერი ძალიან მცირდება რიცხობრივად, ის ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს.

1926 წელს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის მთელ რაოდენობაში საქართველოს მოსახლეობის წილი 45% იყო, აზერბაიჯანის - 19, სომხეთის - 15%. გაეროს სპეციალური ფონდის მონაცემებით, მალე ამიერკავკასიაში აზერბაიჯანელი მოსახლეობის რაოდენობა იქნება 63%, საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობა კი 18-18%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ დავიცათ ეროვნულ ინტერესებს...

მონაცემების გაყალბება მხოლოდ პიარს არ უკავშირდება. მას საბოლოოდ არჩევნებამდე მივყავართ. ის, რომ თითქოს მოსახლეობის რიცხოვნობა იზრდება, ხელს უწყობს ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურ გაზრდას, რაც გაყალბებულ არჩევნებზე მიუთითებს.

2050 წლამდე სომხეთში მოსახლეობა გაიზრდება 7%-ით, აზერბაიჯანში - 34%-ით, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება(!!!)

”დეკრეტული შვებულებისას სომხეთში ქალი 2.700 ლარის ექვივალენტს იღებს, აზერბაიჯანში 8.462 ლარის, რუსეთში კი 7.300-ის, ჩვენთან კი მშჴბიარე ქალებს სახელმწიფო 600 ლარზე მეტს არ აძლევს”

ქვეყანა, რომელშიც გოგონებს დედობა არ სურთ, ბიჭებს კი ჯარისკაცობა - განწირულია!

ვ. დალი

(გაგრძელება იქნება)