მსოფლიო რეკორდსმენი - ქართველი ქალთევზა - კვირის პალიტრა

მსოფლიო რეკორდსმენი - ქართველი ქალთევზა

"ჩვენ გადავცურავთ ლა-მანშს"

30 აგვისტოს 17 წლის ქართველმა სკოლის მოსწავლემ, ანა ლომინაძემ, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის ერთადერთი ქალია, რომელმაც ხელფეხშეკრულმა გადაცურა ევროპისა და აზიის შემაერთებელი დარდანელის სრუტე. რეკორდის დასამყარებლად ძველი ქართული საბრძოლო-საწვრთნელი - ხელფეხშეკრული ცურვის სტილი გამოიყენა. სტარტი ევროპის კონტინენტიდან, ქალაქ ეჯიაბეთიდან აიღო და 5,5 კილომეტრის გაცურვის შემდეგ აზიის მხარეს, ქალაქ ჩანაქკალეს სამხრეთით, ქეფეზის ნავმისადგომთან 50 წუთში ამოვიდა. ანამ გამარჯვება მიუძღვნა მწვრთნელის, ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის სრუტის ხელფეხშეკრულად გადაცურვის 10 წლისთავს.

ქართველი "ქალთევზა" ნაპირზე ასვლისთანავე გაიცნო მსოფლიომ. მისი რეკორდის შესახებ სი-ენ-ენმა გაავრცელა ინფორმაცია. სამწუხაროდ, იქ არ იყო არც ერთი ქართული ტელევიზია. ჰენრი კუპრაშვილის თქმით, ვერ მოიცალეს ჩვენთან ერთად თურქეთში წამოსასვლელადო(?!). რეკორდის დამყარების შემდეგაც კი სპორტის სამინისტროდან არავის მოუკითხავს გოგონა, რომლის სახელითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ანა მორიგი წარმატებისთვის ემზადება, თუმცა, ჩანაფიქრს ჯერ არ ამხელს.

ანა ლომინაძე: - ცურვა ოთხი წლისამ დავიწყე. 6 წლისამ პირველი ადგილი დავიკავე აუზის შეჯიბრებაში, 8 წლისა კი საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვასა და კოლხურში, საქართველოს მრავალგზის პრიზიორი სხვადასხვა სახეობაში, თბილისის თასის მფლობელი, აზერბაიჯანის ჩემპიონი და უკვე მსოფლიოს რეკორდსმენი. ბატონმა ჰენრიმ ორი წლის წინაც შემომთავაზა ამის გაკეთება, სამწუხაროდ, სპონსორები ვერ ვიპოვეთ, თორემ უფრო პატარა დავამყარებდი რეკორდს. თურქეთში ამჯერადაც ხელს მიშლიდნენ, გადაცურვის უფლებას არ მაძლევდნენ. ვნერვიულობდი, თუ ნებას არ დამრთავდნენ, ეს ჩემთვის დამარცხებას ნიშნავდა. აქ ვის დავაჯერებდი, რომ ნამდვილად არ ჩამიშვეს წყალში? 30 აგვისტოს არის თურქების ბერძნებზე გამარჯვების სამხედრო  დღესასწაული და სრუტე ორი საათის განმავლობაში ყველა გემისთვის იკეტება. ამ დროს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იწყებენ მარათონს თავისუფალი ცურვით სრუტის გადასაცურად. ორგანიზატორებმა უარი მითხრეს, 500 კაცი მონაწილეობს და 501-ედ ვერ მიგიღებთო.

მათი აზრით, თუ მე ხელფეხშეკრული, თან 17 წლის და თანაც გოგონა, სრუტეს გადავცურავდი, ჩემ გვერდით დანარჩენები თითქოს თავს უხერხულად იგრძნობდნენ. მარათონს აზრი დაეკარგებაო, განმიცხადეს მათ(?!). ბატონმა ჰენრიმ მირჩია, მარათონელებისგან მოშორებით, ნებართვის გარეშე ჩავსულიყავით წყალში. სანაპირო დაცვას რომ დავენახეთ, აუცილებლად ამოგვიყვანდნენ წყლიდან. ძალიან სწრაფად მივცურავდი, 90-ის ნაცვლად, 50 წუთში გადავცურე. ვერავინ მოახერხა ჩემი დანახვა და რეკორდის ჩაშლა.

ჰენრი კუპრაშვილი: - 2002 წელს, მე რომ დარდანელი გადავცურე, ამ მარათონს ხელმძღვანელობდა თურქეთის ქალაქ ჩანაკალის მერიის სპორტის განყოფილება და ყველაფერი სპორტის პოპულარიზაციის მიზნით კეთდებოდა. ახლა ეს საქმე კერძო კომპანიების ხელშია და დიდ ფულს აკეთებენ. ერთი კაცის მარათონში მონაწილეობა 550 ევრო ღირს. 17 წლის, ხელფეხშეკრული გოგონას გადაწყვეტილება თურმე მათ ბიზნესინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ძალიან გაგვაწვალეს. ვერც თურქეთში საქართველოს საელჩომ და საკონსულომ გვიშველეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ დახმარებას. სხვა გზა აღარ გვრჩებოდა - მალულად უნდა მიგვეღო მონაწილეობა. სანაპირო დაცვის ყურადღება მონაწილეებისკენ იქნებოდა მიპყრობილი და თუ ჩვენც მათთან ერთად ავიღებდით სტარტს, თვალში არავის მოვხვდებოდით.

წარმოშობით ლაზი მეპატრონისგან დავიქირავეთ კატერი, გავედით მარათონელებისგან 6 კილომეტრის მოშორებით და ანამ, ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით გადაცურა სრუტე. მებრძოლი ხასიათი აქვს, გამარჯვებისთვის ბრძოლაში უკან არ იხევს. იმ ტალღებთან  გამკლავების ბევრს შეეშინდებოდა, ის კი უდრეკად მიდიოდა წინ. ვიდეოს რომ ვუღებდით, შუა გზაზე ამოგვძახა, ფოტოებიც გადამიღეთო. ზღვიდან ამოსული ხელფეხშეკრული გოგონას დანახვაზე მეთევზეები კინაღამ გაგიჟდნენ. ეს რეკორდი გინესის რეკორდების წიგნში რომ შესულიყო, გინესის ორი კომისიის მოწვევა იყო საჭირო. ჩვენი რეკორდი სი-ენ-ენის ეთერითაც გადაიცა. არსებობს ცურვის მთელი პროცესის ამსახველი ვიდეომასალა. თუ ვინმეს სურს რეკორდის აღიარება, ყველა დოკუმენტი გვაქვს ამისთვის. ძალიან კი მიკვირს, რომ ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა. ანას რეკორდზე უკეთესი მაგალითი რა გინდა მისცე მომავალ თაობებს? ახლა ლა მანშის სრუტისთვის მინდა ვავარჯიშო სხვა გოგონა. ვაჟებიც არიან დაინტერესებული ცურვით, მაგრამ ქალები უფრო გამოირჩევიან აქტიურობით და მიზანდასახულობით. თითქოს შინაგანად უფრო ძლიერებიც არიან, ვიდრე ბიჭები, ეს კი რეკორდისთვის ზოგჯერ გადამწყვეტიც არის. ჩვენ გადავცურავთ ლა მანშს და იქნებ მაშინ მაინც ვიგრძნოთ სახელმწიფოს მხარდაჭერა.

ადამიანი-დელფინი

2002 წლის 30 აგვისტოს, როდესაც ხელფეხშეკრულმა ჰენრი კუპრაშვილმა დარდანელის სრუტე გადაცურა, სი-ენ-ენმა იგი ადამიან-დელფინად მონათლა. მან ასეთი მსოფლიო რეკორდით სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს, გააცოცხლა ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური, კოლხურ-იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებას. ის ითვლება პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ. მის მიერ არის შედგენილი ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.

ხელფეხშეკრული ცურვის სტილი 3 000 წელზე მეტს ითვლის. აიეტის მეფობისას სავალდებულო ყოფილა, რომ მეომარს ხელფეხშეკრულად ცურვა შესძლებოდა. ვინც წყლის სტიქიის მიმართ შიშს ხელფეხშეკრული დაძლევდა, ყოველგვარ წინააღმდეგობას იოლად გადალახავდა. ცურვის ასეთი სტილი კოლხეთიდან გატაცებული ტყვეების გამბედაობამაც განამტკიცა - გაკოჭილები მონობიდან თავის დასაღწევად გემიდან ხტებოდნენ და სამშვიდობოს გამოდიოდნენ...

ასევე იხილეთ:  ელიზაბეთ სტოუნი - ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია