სად ვეძებოთ რუსული ფული - კვირის პალიტრა

სად ვეძებოთ რუსული ფული

"როგორ უნდა მართოს ეკონომიკა ჩრდილოეთმა, როდესაც პოლიტიკური კურსი დასავლეთზეა ორიენტირებული?"

"სააკაშვილს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა სჭირდება"

მიუხედავად ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ანტირუსული პოლიტიკისა და დიდმოხელეთა განცხადებებისა, რუსული ინვესტიციების რაოდენობა ქართულ ბიზნესში სულ ათიოდე პროცენტიაო, სინამდვილეში რუსული კაპიტალის ხვედრითი წილი ჩვენს ეკონომიკაში გაცილებით მაღალია. ეკონომიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა «კვირის პალიტრის» შეკითხვას, სად ვეძებოთ რუსული ფული, ასეთი ჩამონათვალით უპასუხა:

- «თელასი»

- «მადნეული»

- «კვარციტი»

- «ენერჯი ინვესტი»

- «აზოტი»

- «ბილაინი»

- «ლუკოილ გრუზია»

- «იტერა გრუზია»

- «ხრამი 1»

- «ხრამი 2»

- ტრანსჯორჯიან რესორსის «თბილისის წყალი»

- «ენერგოპრო ჯორჯია»

- «მტკვარიენერგეტიკა»

- «ვითიბი გრუზია ბანკი»

- ღვინის ქარხნების ნახევარზე მეტი და ა.შ.

არსებობს სხვა კომპანიებიც, მაგალითად, «კაპიტალ ვოსტოკი», რომელზეც ამბობენ, რომ შვეიცარიული კომპანიაა, მაგრამ, მოგეხსენებათ, შვეიცარია ფრანგული და გერმანულენოვანი ქვეყანაა და არც ერთ ამ ენაზე აღმოსავლეთს «ვოსტოკი» არ ჰქვია. პირი, რომელიც  ფირმას აფუძნებს და «ვოსტოკს» არქმევს, ხომ გასაგებია, სადაური წარმომავლობისაა? მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქვია აღმოსავლეთს «ვოსტოკი».

სასტუმრო «ინტერკონტინენტალი», რომელიც ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის ადგილას უნდა ყოფილიყო, თავის დროზე, კომპანია «ჯორჯიან პროპესთიმ» შეიძინა 6 მილიონად  და კიდევ 40-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, მაგრამ კომპანიას  მსგავსი არაფერი გაუკეთებია. დაბეჯითებით არ ვაცხადებ, რომ ამ კომპანიების სახით რუსული ფული შემოვიდა საქართვლოში, მაგრამ... გაუმჭვირვალე ბიზნესგარემოს გამოა, კახი კალაძეს რომ აჯარიმებენ და ერთწლიან გადავადებას არ აძლევენ, რადგან პარტნიორად ზურაბ ნოღაიდელი ჰყავდა, სამაგიეროდ «ჯორჯიან პროპესთის», რომელმაც 40 მილიონი არ შემოიტანა ქვეყანაში, არაფერს ეუბნებიან. იმიტომ, რომ მის უკან ცნობილი პირები დგანან და კიდევ, მათ ქართველობაში ეჭვი არ გვეპარება.

ქონების გასხვისების თუ საინვესტიციო პროგრამა საქართველოში იმდენად გაუმჭვირვალეა (უზარმაზარი არადეკლარირებული თანხებითურთ), რომ პატიოსანი გზით ნაშოვნ კაპიტალს ასეთ გარიგებებში არავინ დააბანდებს. როცა კანონზე ზევით სატელეფონო სამართალი დგას და ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემაა როგორც ელიტური კორუფცია, ისე სახელისუფლებო რეკეტი ბიზნესზე, ცხადია, ასეთ პირობებში მხოლოდ ისეთი ბიზნესმენები ნახავენ მოგებას, რომელთა კაპიტალი საეჭვო წარმოშობისაა. ასეთია სწორედ რუსული კაპიტალი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოიშვა, მაშინ, როდესაც რუსეთში უზარმაზარი ქონება ველური მეთოდებით გადანაწილდა. ამ პროცესს თავად კრემლი და უშიშროების სამსახურები ზედამხედველობდნენ.

შარშანდელი აგვისტოს ომი კეთილსინდისიერი კაპიტალისა და დასავლეთის ქვეყნებისთვის დიდი დარტყმა იყო. გაიხსენეთ, რა ობიექტები დაზიანდა ომის დროს საქართველოში. ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც მკითხველისთვის ხელმისაწვდომია, დავრწმუნდებით, რომ რუსული კაპიტალი ზოგიერთი ობიექტისათვის ფარად იქცა. სწორედ რუსულმა კაპიტალმა  დაიცვა ისინი  რუსული ავიაციისაგან. გერმანელთა საკუთრება - კასპის ცემენტის ქარხანა კი დაიბომბა. არაბების საკუთრება (მიუხედავად იმისა, რომ ამ «არაბების» გვარი «შვილსა» და «ძეზე» მთავრდება) - ფოთის პორტიც დაიბომბა, თურქებისა ახალგორში მთლიანად მიიტაცეს. არც ერთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სადაც რუსული კაპიტალია დაბანდებული, არ დაზარალებულა. რუსული საკუთრება უვნებელი დარჩა ომის დროსაც და ახლაც ასეა, - ის რაოდენობრივადაც და მოცულობითაც იზრდება.

რუს და ქართველ ხელისუფალთ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ორივე ქვეყანაში აბსოლუტურად ერთნაირი სქემები მოქმედებს. უშიშროების სამსახურის ზეწოლა ბიზნესზე საგადასახადო სისტემის მეშვეობით რუსეთში აპრობირებული მეთოდია, რაც დიდი ენთუზიაზმით დაინერგა საქართველოში. სააკაშვილს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა სჭირდება. თავიდან მოტივი დიდი ფული იყო, ახლა კი ხელისუფლების შენარჩუნებაა.

ხელისუფალთაგან დღეს არავინ უარყოფს, რომ შესაძლოა, რუსეთი  სააქციო საზოგადოება «საქართველოს რკინიგზის» მეპატრონეც გახდეს.

- როდესაც ხელისუფლებას ვეკითხებით, რატომ უნდა ყიდულობდეს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ ობიექტებს, მაგალითად "თელასი" მოჰყავს, - თუკი «თელასი» რუსეთის საკუთრება იყო, ვინ იტყვის იმას, რომ ომის დროს თბილისი ჩაბნელდა - ხელშეკრულების პირობები ქართული მხარის ინტერესებს იცავსო.

- კრემლს მართლაც არ აძლევდა ხელს ომის დროს საქართველოს ჩაბნელება, მერე ციდან სამიზნეებს როგორღა დაინახავდნენ? თბილისში რომ დენი გამოეთიშა, «თელასი» თავსაც დააზარალებდა და კრემლსაც. საინტერესოა, მაინც რა ისეთი პირობა დევს იმ ხელშეკრულებაში, რომ კრემლის ბრძანების შემთხვევაში «თელასმა» შუქი არ გამოთიშოს? თუკი რომელიმე კომპანია დივერსიას განიზრახავს, იმასაც იოლად მოიფიქრებს, რომ მას არ დაჰბრალდეს მისი მოწყობა.

- თქვენს ჩამონათვალში არ არის «ენგურჰესი», რომელიც 25-წლიანი მართვით გადაეცა რუსეთს.

- შეგნებულად არ დავასახელე «ენგურჰესი». არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს გარიგება საბოლოოდ შედგა, რადგან გარდა იმისა, რომ «ენგურჰესი» შიდარუსული დაპირისპირების საგნად იქცა, ამ სქემით ძალიან უკმაყოფილო იყვნენ აფხაზებიც. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო საჯაროდ არ ლაპარაკობს ამ პროექტზე, ჩემთვის მიმანიშნებელია, რომ ეს არ არის ერთადერთი გარიგება, რომელიც მოსალოდნელია რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისას. ეს მოდელი მშვენივრად მოერგება რკინიგზის საკითხსაც. თუ ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემა, ხელისუფლების აზრით, საფრთხეს არ შეიცავს, იქნებ ის მაინც განგვიმარტონ, რას ნიშნავს სიტყვა «ოკუპანტი». თუ ოკუპანტს ამხელა პრივილეგია აქვს ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მართვაში, ასეთი რა პოლიტიკური სიმდიდრე გვაქვს, რომ მაინცდამაინც ეს სფერო უნდა ვმართოთ თავად. ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია დასავლეთისკენ არის მიმართული და ამ დროს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა ჩრდილოეთიდან გვაქვს ოკუპირებული. როგორ უნდა მართოს ეკონომიკა ჩრდილოეთმა, როდესაც პოლიტიკური კურსი დასავლეთზეა ორიენტირებული? როდესაც მსოფლიოში ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყანა თანაბრად მიმზიდველია რომელიმე ხელისუფლებისთვის, ეს აღარ არის რაიმე ტიპის ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზის საკითხი. ამას სხვა სფერო და სხვა მეცნიერება სწავლობს.

საბოლოოდ კი ეს ყველაფერი იქამდე მიგვიყვანს, რომ ყველაზე აპოლიტიკური მოქალაქეებიც კი იმდენად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან, რომ თავის გადარჩენის მიზნით გამოცვივდებიან ქუჩაში.