დენი + ნაგავი = გაუმაძღრობას?! - კვირის პალიტრა

დენი + ნაგავი = გაუმაძღრობას?!

"ჩვენს ქვეყანაში კორუფცია კი არ აღმოიფხვრა, მმართველმა კლანმა პრივატიზაცია გაუკეთა"

მას შემდეგ, რაც ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიისას მიაბეს, წელიწადზე მეტი გავიდა და თბილისის მოსახლეობამ დღემდე არ იცის, რაში იხარჯება გადახდილი თანხები. მერიის ბიუჯეტი დიდი შავი ხვრელივით არის, სადაც თანხები შედის, მაგრამ სად მიდის, ამის გარკვევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა სასამართლოსაც მიმართეს, მაგრამ საჯარო ინფორმაცია მაინც ვერ მოიპოვეს. სასამართლომ იმ დოკუმენტების გაცემაზე, რომლებიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში წესით, საჯარო უნდა იყოს, კონფიდენციალურობის მოტივით უარი თქვა. მართალია, თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი თავგამოდებით გვიმტკიცებდა, რომ ამით სოციალური თანასწორობა აღდგება, დასუფთავების ხარჯი თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს გაუძვირდება"(?!), 75% კი შეღავათს იგრძნობსო, მაგრამ ექსპერტები იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ ხიზანეიშვილის ფიცი მხოლოდ დემაგოგია იყო.

მაშინდელი საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი დეკლარირებულ დასუფთავების ხარჯებს (მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ დასუფთავების ხარჯები უფრო მეტი იყო, ვიდრე მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხები) თავიდანვე აყენებდა ეჭვქვეშ და კატეგორიულად მოითხოვდა ტარიფის დადგენას თბილისში მცხოვრებთა რაოდენობისა და დასუფთავების რეალური ხარჯების გათვალისწინებით, მაგრამ ამაოდ.

თინა ხიდაშელი: "დასუფთავების გადასახადი რომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ, ცხადია, მაგრამ ტარიფი მომსახურების ადეკვატური უნდა იყოს. ძალიან მარტივად შეიძლებოდა ტარიფის დადგენა, - თუ იცი, რა ჯდება თბილისში დასუფთავება და რამდენი კაცი ცხოვრობს, გაყოფდი და მიიღებდი კოეფიციენტს. ქალაქის ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა, რა ჯდებოდა დასუფთავება ქალაქში, მაგრამ არ გვეუბნებოდა, რამდენი კაცი ცხოვრობდა დედაქალაქში. მაშინ სხდომაზე ძალიან საინტერესო "აღიარებითი ჩვენება" მოგვცა ""ნაციონალურმა მოძრაობამ"". ბატონ ხიზანეიშვილს წამოსცდა, თბილისში 800.000 კაცი ცხოვრობსო. 2010 წლის თბილისის საარჩევნო სიაში კი მილიონი ჰყავდათ შეყვანილი. ეს რაც შეეხებოდა ტარიფის დადგენას. პრობლემა იმთავითვე იყო ამ თანხების ბრუნვისა და ხარჯვის ბუნდოვანება. დასუფთავების გადასახადი აბსოლუტურად უკონტროლოა. ფული, რომელსაც ვიხდით, კაცმა არ იცის, სად მიდის.

გიგი უგულავამ ამ "არაჩვეულებრივი" დადგენილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე "გუდაურის ფონდი" დააარსა. ფონდებში თანხების ბრუნვას ვერავინ აკონტროლებს, სასამართლოს ძალითაც კი ვერ ხერხდება ინფორმაციის მოპოვება.

თავიდანვე ვეჭვობდი, რომ უგულავამ თბილისელების გატყავებით ფულის მოგროვება არჩევნებისთვის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო. სწორედ ეს ფონდია შავი ხვრელი, სადაც არა მარტო თბილისელებისაგან იღებენ ხარკს, არამედ ბიზნესისგანაც. ჩვენმა მერმა სააკაშვილისაგან დამოუკიდებლად გაიკეთა ყულაბა და დასუფთავების ტარიფის გაზრდით ხალხისთვის ფულის წაღლეტა დაიწყო.

თანხები დასუფთავების მომსახურების ცენტრში ირიცხება და იქიდან სად მიდის, ამის გაკონტროლება შეუძლებელია". ისეა ყველაფერი გასაიდუმლოებული, თითქოს მერია სამხედრო ობიექტი იყოს. მიუხედავად ამისა, იმის დათვლა მაინც არის შესაძლებელი, რა თანხები შეუვიდა მერიას ერთი წლის განმავლობაში დენზე ნაგვის გადასახადის მიბმით. რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს თბილისი, ცნობილია, კილოვატსაათზე 5 თეთრი ნაგვის გადასახადია, უცნობია მხოლოდ ის, ნაგვიდან ამოღებული თანხა ვის ჯიბეებში ილექება".

შალვა მექვაბიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: "1998 წლიდან ვაკვირდები და ვსწავლობ იმ ციფრებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას ეხება, მაგრამ ისეთი გაუმჭვირვალე ბიუჯეტი, როგორიც ახლა ქალაქის მერიას აქვს, ჯერ არ ყოფილა.

იყო თანხები, რომელთაც გრიფი "საიდუმლო" ედო, მაგრამ ის, რაც უგულავას უწყებაში ხდება, პირდაპირ დანაშაულია. როცა ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიისას მიაბეს, დავიწყე შესწავლა, თუ არსებობდა მსოფლიოში მსგავსი სისტემა და დავადგინე, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გამორჩეული ქვეყანა. როგორ დაუშვა კერძო კომპანიამ, "თელასმა" ასეთი რამ?! რადგან სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ყველაფერს მალავენ, საკითხის შესწავლა ერთი კორპუსის მაგალითზე გადავწყვიტე, - ჩემი კორპუსი შემოვიარე, რომელიც 36 ბინისაგან შედგება. სულ 29 ბინა ვნახე, 7 ბინის მეაპატრონე გასული იყო ქალაქიდან. 29 მობინადრიდან მხოლოდ ერთს, სოციალურად დაუცველს ჰქონდა გაიაფებული ნაგვის გადასახადი და ისიც 10 თეთრით. გამოვთვალე და ზაფხულში თბილისელების უმეტესობისათვის დასუფთავების გადასახადი საშუალოდ სამჯერ, ზამთარში კი 6-ჯერ გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით თბილისი წელიწადში 2 მლრდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. აქედან რამდენია მოსახლეობის, კვების ობიექტების, საწარმოებისა და თავად ქალაქის მოხმარებული ელექტროენერგიის წილი, ეს გამიჯნული არ არის.

სპეციალურად არ ასაჯაროებენ მონაცემებს. თუმცა, კვების ობიექტები იქნება თუ სხვა რამ, ისინიც ჩვეულებრივ იხდიან დადგენილ ტარიფს. ასე რომ, 2 მილიარდი კილოვატსაათი რომ გავამრავლოთ 5 თეთრზე, 100 მილიონ ლარს მივიღებთ. მერიის ბიუჯეტში ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ნაგვის დენზე მიბმით 100 მილიონი ლარია შესული. ქალაქის მერი ხშირად ამაყობს დასუფთავების სამსახურით, თუმცა ამ სამსახურში თავისი კორუფციული სქემები აქვთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული, გამოძიება სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში კორუფცია კი არ აღმოიფხვრა, არამედ გაუმაძღარმა მმართველმა კლანმა პრივატიზაცია გაუკეთა!"

მერიის დასუფთავების სამსახურში არსებულ მდგომარეობაზე "თბილსერვისჯგუფის" ყოფილმა ბრიგადირმა ნუგზარ ქანთარიამ "კვირის პალიტრას" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მისცა სკანდალური ინტერვიუ. მისი თქმით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და მეეზოვეებს აიძულებენ გამწვანების ზოლის აუნაზღაურებლად დასუფთავებას. გამწვანების სამსახური კი ცალკე სამსახურია და გამწვანების ზოლის მოვლა-პატრონობა მას ევალება, ცალკე ბიუჯეტი აქვს, ქალაქის გამწვანებაზე ტენდერები ტარდება და ამ საქმისთვის დიდი ფულიც არის გამოყოფილი. ნუგზარ ქანთარიას განცხადებით, მეეზოვეებს კონტრაქტზე ისე აწერინებდნენ ხელს, წაკითხვის უფლებასაც არ აძლევდნენ და შემდეგ გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდნენ.

დალი მამოევა, ყოფილი მეეზოვე: "მეეზოვეებისა და დამგველების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ძალიან დიდი ტერიტორიის დაგვას გვაიძულებდნენ. თან უნდა დაგვეხვეტა, თან ნაგავი აგვეღო, თან გამწვანების ზოლიც დაგვესუფთავებინა და ეს ყველაფერი 300 ლარად. თბილისის დასუფთავების სამსახურში დიდი ფული ტრიალებს. ნაგავში ნაგავივით იჭრება ფული. ვთქვათ, ხელშეკრულებით 10 მეტრის დაგვა მეკუთვნის, 100 მეტრს რომ მაგვევინებენ, 90 მეტრის ფული სად მიდის? ერთი გაჩერების მაგივრად ხუთ გაჩერებას რომ მაგვევინებენ და მხოლოდ ერთის ფულს მიხდიან, დანარჩენი 4-ის ფული ვის ჯიბეშია?

ძალიან ბევრი "ლევი" ხალხი ჰყავთ გაფორმებული. მათ სამუშაოს ჩვენ გვაკეთებინებენ, ფული კი ხაზეინების ჯიბეში მიდის.

დასუფთავების სამსახურში ყველამ იცის ეს. ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ დაშინებული ჰყავთ".