გათავისუფლებულია პოლიტიკური შეხედულების გამო(?!) - კვირის პალიტრა

გათავისუფლებულია პოლიტიკური შეხედულების გამო(?!)

"ბაკურიანში აქამდე რატომ არ აშენდა ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო პარკი? მთავრობის დაპირებით, ეს პარკი 2011 წელს უნდა ყოფილიყო მზად"

კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, სოზარ სუბარის განცხადებით, მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა სამსახურებიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა გათავისუფლების შესახებ. "ეს ფაქტი ვაცნობე უწყებათაშორის კომისიას და გიგა ბოკერიას, პასუხი კი არაადეკვატური მივიღე - გავარკვევთ, ვინ გაათავისუფლა ეგ ხალხი სამსახურიდან, სახელმწიფო კომპანიამ, თუ კერძომო. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ხომ ფაქტია, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა დანაშაულია და კანონით ისჯება? "ქართული ოცნების" წრმომადგენლებს "ხრამჰესში" რუსული კომპანია "რაოესი" დევნის, სწორედ იქიდან გაათავისუფლეს ჩვენი მხარდამჭერები", - განაცხადა მან.

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს სსიპ გუდაურის განვითარების ფონდის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი დანიელ დოინიცინი. ის აცხადებს, რომ ხელი მოაწერინეს უკვე მზა განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ დანიელი ოჯახური პირობების გამო ითხოვს გათავისუფლებას. სამსახურში უთხრეს, რომ ფინანსური პრობლემები აქვთ და ნოემბერში კვლავ დააბრუნებენ, რისი იმედიც დანიელს არ აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს, განცხადებას კი იმიტომ მოაწერა ხელი, რომ დაიღალა მუდმივი უსიამოვნებებით. რაც პოლიტიკური შეხედულებების გამო ჰქონდა სამსახურში. ამბობს, რომ ამავე ნიშნით სხვებიც გაათავისუფლეს, თუმცა ისინი დუმილს ამჯობინებენ.

დანიელ დოინიცინი: - ვითომ ოჯახური მდგომარეობის გამო წამოვედი სამსახურიდან, მაგრამ არავითარი ოჯახური მდგომარეობა ხელს არ მიშლიდა საქმიანობაში. უსახსრობის გამო დროებით უნდა გაგათავისუფლოთო. თუ ასეა, მაშ, რა საჭირო იყო ასეთი განცხადებების წერა?.. უფროსობას ჩემს პროფესიონალიზმზეც არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია - ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებდი, ვიდრე მევალებოდა. ამის შემდეგ როგორ უნდა დავიჯერო ხელისუფლების დაპირება, რომ ყველა მოქალაქეს დაასაქმებს...

არასდროს ვმალავდი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს და მთელი რიგი პრობლემებისადმი დამოკიდებულებას. ყოველთვის ვაპროტესტებდი იმას, რაც ჩვენს კურორტებზე ხდება, თუნდაც ფასებს. ნურავის შეექმნება ილუზია, რომ კურორტებზე წარმოუდგენელი რაოდენობის უცხოელი ჩამოდის. საქართველოს ზამთრის ყველა კურორტზე მაქსიმუმ 5-დან 10%-მდე მერყეობს უცხოელების რაოდენობა და ძირითადად ის ხალხია, ვინც აქამდეც დადიოდა; ამ 5-10%-ს გუდაურში რუსეთიდან გადმოსული ტურისტები შეადგენენ. ამიტომაც მივესალმები რუსეთთან საზღვრის გახსნას.

საბაგირო გზების მაღალი ფასი კიდევ უფრო აფერხებს ადგილობრივი დამსვენებლის კურორტებზე ასვლას, არადა, უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი ტარიფების დაწესება შესაძლებელია. კურორტზე შაბათ-კვირა დასვენებას დაახლოებით 400 ლარამდე სჭირდება, დაუსაქმებელი ახალგაზრდებისათვის ამ თანხის შოვნა წარმოუდგენელია...

არ შემიძლია, არ გავიხსენო დიდველის მშენებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ქარიანია და თოვლი ქედიდან იყრება, ეს პირველი პრეცედენტი იყო საქართველოში გონდოლისებური საბაგიროს მშენებლობისა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიდველის მთას საფრთხე ემუქრებოდა. ტარიფები დიდველზე შედარებით ნორმალურია, მაგრამ ბაკურიანის განვითარებას ბევრად მეტი მუშაობა სჭირდება, პოტენციალი ნამდვილად დიდია. იქაურები გასაუბრებისას ჩიოდნენ, რომ არც ტურიზმის დეპარტამენტი და არც სახელმწიფო ორგანოები ბაკურიანს ყურადღებას არ აქცევენ. ასევე გაუგებარია, ბაკურიანში აქამდე რატომ არ აშენდა ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო პარკი? მთავრობის დაპირებით, ეს პარკი 2011 წელს უნდა ყოფილიყო მზად.

(სპეციალურად საიტისთვის)