ვინ "დააყადაღა" სასკოლო წიგნები? - კვირის პალიტრა

ვინ "დააყადაღა" სასკოლო წიგნები?

ახალი სასწავლო წელი ერთ კვირაში იწყება. ამ დროს, მშობლებსა და მოსწავლეებს სასკოლო სამზადისი უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ. ნებისმიერი მშობელი დამეთანხმება, რომ ყველაზე მძიმე ტვირთი, ფინანსური თვალსაზრისით, ამ დროს სახელმძღვანელოების შეძენაა.

"იაფი" წიგნის ძვირი ფასი

ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ წიგნები 10 ლარამდე გააიაფა, სასკოლო სახელმძღვანელოები მაინც ძვირი ღირს და ზოგ შემთხვევაში იმაზე მეტიც, რა ფასადაც შარშან იყიდებოდა. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა ჩემი შვილის სკოლიდან იმ სახელმძღვანელოების ჩამონათვალი წამოვიღე, რომლის შეძენაც წელს მისთვის მომიწევს. მართალია, ახალი სახელმძღვანელო წამლად რომ დაგჭირდეს, ჯერ ვერსად იშოვი, მაგრამ ფასების ნახვა უკვე შესაძლებელია "საქართველოს ფოსტის" ოფიციალურ ვებგვერდზე და ასეთი სურათი მივიღე: მათემატიკა (10 ლარი), ქართული ენა და ლიტერატურა (წიგნი და რვეული 13,50 ლარი), ხელოვნება (10 ლარი), ფიზიკა (წიგნი და რვეული 14 ლარი), ქიმია (წიგნი და რვეული 13,80 ლარი), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (9 ლარი), საქართველოს გეოგრაფია (10 ლარი), საქართველოს ისტორია (10 ლარი), ბიოლოგია (10 ლარი), რუსული ენა (წიგნი და რვეული 11 ლარი), ინგლისური ენა (წიგნი და რვეული 15 ლარი), სამოქალაქო განათლება (წიგნი და რვეული 12 ლარი), მუსიკა (6.40 ლარი).

ჯამში გამოვიდა, რომ წელს ჩემი შვილისთვის ახალი, გრიფირებული და განათლების სამინისტროს მტკიცებით გაიაფებული სახელმძღვანელოები 144,70 ლარი დამიჯდება. გადავწყვიტე წიგნების ახლანდელი ფასები გასული წლის, იმავე IX კლასის, არაგრიფირებული სახელმძღვანელოების ფასებთან შემედარებინა და ასეთი სურათი მივიღე: მათემატიკა (12,70 ლარი), ხელოვნება (8,20 ლარი), ფიზიკა (წიგნი და რვეული 9,50 ლარი), ქიმია (წიგნი და რვეული 10,20 ლარი), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (8,20 ლარი), საქართველოს გეოგრაფია (9,90 ლარი), საქართველოს ისტორია (14 ლარი), ბიოლოგია (10,30 ლარი), მუსიკა (5,80 ლარი), ქართული ენა და ლიტერატურა (წიგნი და რვეული 19 ლარი), რუსული ენა (10,80 ლარი), ინგლისური (წიგნი და რვეული 14,90 ლარი), სამოქალაქო განათლება (წიგნი და რვეული 9,50 ლარი). გამოდის, რომ გასულ წელს IX კლასის წიგნების კომპლექტი 143 ლარი ჯდებოდა. ანუ წიგნები დაპირებისამებრ კი არ გააიაფეს, არამედ გააძვირეს კიდეც.

ფასები იმგვარად გადაანაწილეს, რომ ერთი სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარზე მეტი არ ყოფილიყო. სამაგიეროდ, გააძვირეს ის, რომელიც შედარებით იაფი ღირდა, ან ერთი წიგნი რამდენიმე ნაწილად გაყვეს, რომლის ერთი ნაწილი 10 ლარზე ძვირი არ ღირს, მაგრამ საერთო ჯამში ბევრად მეტი ჯდება.

თუ სწორად მახსოვს, სკოლაში მეორე კლასში ასწავლიან, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

აი (კორუფც)ია!

მახსოვს, გასულ წელს, ჩვენი თანამოქალაქეების გაოცებული სახეები, როცა სასკოლო სახელმძღვანელოების გაყიდვა აფთიაქებმაც დაიწყეს. რა უნდოდა წიგნს აფთიაქში, ამაზე პასუხი არავის ჰქონდა, მაგრამ წელს უფრო უარესი გვჭირს - სასკოლო სახელმძღვანელოები წიგნების მაღაზიებში აღარ გაიყიდება! შარშანდლის შემდეგ არ გამიკვირდებოდა, წიგნები გასაყიდად კვების ობიექტებში ან სულაც საავადმყოფოებში რომ შეეტანათ, მაგრამ იმან კი გამაოცა, რომ თურმე განათლების სამინისტრო განსაზღვრავს, სად უნდა გაიყიდოს სასკოლო სახელმძღვანელო და სად არა. არადა, სასკოლო წიგნთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ფუნქცია გრიფის მინიჭებით იწურება. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უწყებამ, რომელიც, წესით, ჩვენი შვილების განათლების ხარისხზე უნდა ზრუნავდეს, გადაწყვიტა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 400-მდე საჯარო და კერძო სკოლაში და 20-მდე სავაჭრო ობიექტში გაიყიდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის მასშტაბით, განათლების სამინისტროს რჩეულთა შორის მხოლოდ 4 სავაჭრო ობიექტი მოხვდა და ასამდე სკოლა, სადაც "სასკოლო ბაზრობები" სააქტო და სპორტულ დარბაზებში მოეწყობა. სასკოლო სახელმძღვანელოების გამოწერა ასევე შესაძლებელი იქნება "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით, რომელიც ასევე სახელმწიფო ორგანიზაციაა. არადა შარშან, სახელმძღვანელოების შეძენა 350 სავაჭრო ობიექტში იყო შესაძლებელი და პლუს, 5 სექტემბრიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ბაზრობები იმართებოდა. ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან ასეთი სახის შეზღუდვამ უამრავი ლოგიკური კითხვა გააჩინა: რა ინტერესი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფო უწყებას, რომელმაც სახელმძღვანელოს ფასის ზედა ზღვარი უკვე განსაზღვრა, წიგნზეც მიუთითა და რეალიზატორმა, რომც მოინდომოს, ამ ფასს ვეღარ შეცვლის და ა.შ.

ის, რაც დღეს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ხდება, გასულ წელს, დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრობისას დაწყებული "ცვლილებების" ლოგიკური გაგრძელებაა. სხვათა შორის, "კვირის პალიტრა" ამის შესახებ შარშანაც წერდა, რასაც მაშინდელმა მინისტრმა ერთი მეტად უცნაური ფრაზით უპასუხა: "სისულელეზე კომენტარს არ ვაკეთებ, კაცოო!" ის, რასაც მან სისულელე უწოდა, ასობით ადამიანს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა, ჩვენ და ჩვენს შვილებს კი ხელში უხარისხო და ძვირი წიგნები შეგვრჩა.

გასულ წელს გამომცემლობებს, რომლებსაც წიგნის ბეჭდვის დიდი გამოცდილება აქვთ, განათლების სამინისტრომ პირდაპირ მიუთითა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები გაზეთ "24 საათის" სტამბაში დაებეჭდათ. მაშინ, როცა აღნიშნულ სტამბას წიგნების დაბეჭდვის ტექნიკური საშუალებები არ გააჩნდა და მხოლოდ გაზეთის დასაბეჭდად თუ გამოდგებოდა. როგორც გამომცემლები ამბობდნენ, "24 საათი" მხოლოდ შუამავალი იყო მათსა და საზღვარგარეთ არსებულ სტამბას შორის და ამით კარგი ფულიც იშოვა. ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელი მაშინ ასეთ რამესაც კი ჰყვებოდა: "როდესაც კონკურსში გამარჯვებული და გრიფირებული სახელმძღვანელოები გახდა ცნობილი, განათლების სამინისტროში გამომცემლებთან რამდენიმე შეხვედრა მოეწყო. ზოგს თავად მინისტრი (დიმიტრი შაშკინი) ხვდებოდა, ზოგსაც მისი მოადგილეები. პირდაპირ გვითხრეს, რომ წიგნები დასაბეჭდად სტამბა "24 საათში" უნდა მიგვეტანა. რა თქმა უნდა, გავიოცეთ, რადგან მათ ამის ტექნიკური საშუალება არა აქვთ, მაგრამ პასუხი ასეთი იყო: ეგ თქვენი საქმე არ არისო.

საბოლოო ჯამში ეს ჩვენს გამომცემლობას თითო სახელმძღვანელოს შემთხვევაში ზედმეტი 20.000 ლარი დაუჯდა, ანუ 20.000-ით მეტი გადავიხადეთ თითო სახელმძღვანელოს ტირაჟში, ვიდრე საქართველოში ან თურქეთში, სხვა სტამბებში დავბეჭდავდით. ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მოსახლეობამაც იზარალა. სახელმძღვანელოები რომ ჩამოვიდა, სახტად დავრჩით, აღმოჩნდა, რომ როტაციული წესით დაუბეჭდავთ, ანუ ისე, როგორც გაზეთები იბეჭდება. ამიტომაც არის, რომ ზოგან ტექსტი ცუდად იკითხება და ქაღალდიც ძალიან უხარისხოა, სახელმძღვანელოები მალევე იშლება და ა.შ. ამ კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, წიგნების ბეჭდვა ორ-სამჯერ უფრო იაფი უნდა დამჯდარიყო, ჩვენ კი სოლიდური ფული "აგვახიეს", რომელიც კონკრეტული ადამიანების ჯიბეში წავიდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმძღვანელოების უმეტესობა ერთმა სტამბამ "დაბეჭდა", ვიღაცამ ჯიბეში მხოლოდ შუამავლობით, სულ მცირე, 2 მილიონი ლარი ჩაიდო".

ხელისუფლების "რეკომენდაციის" გამო გასულ წელს გამომცემლობებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. წელს გამომცემლებს წიგნი სარეალიზაციოდაც აღარ მისცეს, ფაქტობრივად მთელი ტირაჟები "დაუპატიმრეს" და რეალიზაციას ისევ თავისი პარტნიორი "24 საათი პრინტის" მეშვეობით აპირებენ. უფრო მეტი სიცხადისთვის გეტყვით, რომ "24 საათი პრინტის" დამფუძნებლები და გაზეთ "24 საათის" დამფუძნებლები ერთი და იგივე პირები არიან, ეს უკანასკნელი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სხვა ბევრი ბენეფიტებითაც სარგებლობს სახელმწიფოს ჯიბიდან. გამომცემლობებმა ჯერ ისიც კი არ იციან, რა თანხას მიიღებენ რეალიზებული სახელმძღვანელოებიდან. ასე რომ, მთავრობა სახელმძღვანელოების გამოცემის ბიზნესს თითქმის მთლიანად დაეპატრონა. გამომცემლობები შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც გრიფი უკვე ყველა კლასის სახელმძღვანელოს მიენიჭა, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები აღარ შეიცვლება. შესაბამისად, გამომცემლობების ინტელექტუალური შრომა 4-5 წელი აღარავის სჭირდება და განათლების სამინისტრო მათ მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს. ამის თქმის საფუძველს მათ შექმნილი ვითარების გარდა ის საეჭვო ხელშეკრულება აძლევთ, რომელზეც სამინისტრომ ხელი ჯერ კიდევ შარშან მოაწერინათ და სადაც დაახლოებით ასეთი შინაარსის პუნქტი იკითხება: სახელმძღვანელოები შეიძლება გადავიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში. ის თავად, რომელიმე სტამბას მისცემს შეკვეთას, შემდეგ გამომცემელს გაყიდულის მხოლოდ 10%-ს გადაუხდის.

რამდენიმე მილიონი ელიტური კორუფციონერებისთვის

არც არის გასაკვირი, რომ გამომცემლები პრესასთან ღიად საუბარს ერიდებიან, პირად საუბრებში კი გაუგონარ ამბებს ჰყვებიან. "წლების განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოების უმეტესობა, დაახლოებით 50-60% თურქეთში იბეჭდებოდა. ოთხი წლის წინ ბაზარზე შემოვიდა რამდენიმე მსხვილი პოლიგრაფიული ფირმა, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ წიგნების დიდი ნაწილი საქართველოში დაგვებეჭდა და მხოლოდ მცირე ნაწილის ბეჭდვა მოგვეხდინა თურქეთში. ადგილობრივ სტამბებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც გამომცემლებისთვის, შეამცირა წიგნის ბეჭდვის ფასი და მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა. რა თქმა უნდა, უკეთესია საქართველოში დაიბეჭდოს ქართული ენა, მათემატიკა, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, ვიდრე თურქეთსა და საქართველოში, ხალხიც დასაქმდეს და საქართველოში დარჩეს ის ფული, რომელიც თურქეთში რჩებოდა.

წიგნის ხარისხიც უკეთესი იყო, რადგან აქ სახელმძღვანელო ფურცლოვანი წესით იბეჭდებოდა, ხოლო თურქეთში ხშირად როტაციული წესით ბეჭდავდნენ. დაახლოებით ორი წელი მუშაობდნენ ადგილობრივი სტამბები და გამომცემლებიც კმაყოფილი ვიყავით მათთან თანამშრომლობით. ამით ხეირობდა აბსოლუტურად ყველა, ქვეყნის ბიუჯეტით დაწყებული, ქაღალდის შემომტანით, მტვირთავითა და წიგნის გამსაღებლით დამთავრებული. შარშან კი განათლების მაშინდელმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დაგვიბარა და პირდაპირ გვითხრა, სახელმძღვანელოების ბეჭდვა სტამბა "24 საათს" შეუკვეთეთ, რადგან ეს სახელმწიფო ინტერესშიაო. ზოგ გამომცემლობას თავისი სტამბაც ჰქონდათ და იმათაც კი აუკრძალეს თავის სტამბაში წიგნის დაბეჭდვა: არ გვაინტერესებს თქვენია თუ არა, მაინც იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ჩვენ გეტყვითო. ამის გამო ბევრი ქართველი პოლიგრაფისტი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: ფული ჩადებული ახალ წარმოებაში და ბანკებიდან აღებული კრედიტები.

განათლების ახალ მინისტრთანაც გვქონდა შეხვედრა გამომცემლებს. რა შედარებაა, შაშკინთან შედარებით ხატია დეკანოიძე თავაზიანი მაინც არის, მაგრამ ცალსახად გვითხრა: ის პირობები, რაც შარშან იყო, ძალაში რჩება ყველაფერიო. მაგრამ შარშანდელი ვითარება სანატრელი გაგვიხდა წელს. გამომცემლობებს წიგნები აღარ დაგვიბრუნეს, მთელი ტირაჟები თვითონ დაიტოვეს და "24 საათი პრინტის" და "საქართველოს ფოსტის" დახმარებით აპირებენ გაყიდვას. გამომცემლობას ხელში არანაირი ბერკეტი აღარ უჭირავს, არანაირი კონტროლი აღარ აქვს წიგნის ბაზარზე. რამდენსაც უნდათ დაბეჭდავენ და გაყიდიან, ჩვენ კი ჩვენივე წიგნის რაოდენობას ვერანაირად ვერ გავაკონტროლებთ. ალბათ ჩვენც იგივე მოგვივა, რაც ადგილობრივ სტამბებს: ზოგი დაიხურა, ზოგი გაიყიდა. "24 საათი" კი ჩვენი წიგნების უმეტესობას ისევ თურქეთში ბეჭდავს. თუ ადრე ერთი წიგნის ბეჭდვა 1 ლარი გვიჯდებოდა, შუამავალი 1,60 ლარს გვართმევს და თვითონ რამდენად აბეჭდინებს თურქულ სტამბებს, არავინ იცის. თურქეთში რომ ჩახვიდეთ და ნახოთ, ერთდროულად ხუთი სტამბა ბეჭდავს ქართულ სახელმძღვანელოებს. აქ კი სტამბები გაჩერებულია. საქართველოში ხალხი მზად არის იმუშაოს და სამუშაოს არ აძლევენ. გამოდის, რომ ხელისუფლებაში ადამიანთა ერთი ჯგუფი სერიოზულ ფულს შოულობს, დაახლოებით 3-5 მილიონ ლარს სეზონზე, ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული ასობით და ათასობით მოქალაქეზე ნაწილდებოდეს," - გვითხრა ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელმა.

თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, განათლების სპეციალისტი: "სკოლებს უნდა ჰქონდეთ იმხელა დაფინანსება, რომ მათ თავად შეძლონ შეიძინონ წიგნები სკოლის ყველა მოსწავლისთვის. შემდეგ ეს სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკაში შეინახება და მომდევნო წლების განმავლობაში სხვა მოსწავლეები ისარგებლებენ. შესაბამისად, თანხა, რომელიც სკოლამ სახელმძღვანელოების შესაძენად უნდა დახარჯოს, არ იქნება ყოველ წელს ერთი და იგივე. ეს არ არის ჩემი მოგონილი მეთოდი, დიდი ხნის აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იქ, არც ერთი მშობელი სახელმძღვანელოს არ ყიდულობს და მით უფრო, არც ერთი სახელმწიფო ორგანო არ ერევა იმაში, თუ რომელი წიგნი სად უნდა იყიდოს სკოლამ თუ მშობელმა. გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ინტერესი სახელმძღვანელოს ყიდვა-გაყიდვის საქმეში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ ერევა სახელმწიფო იმაში, რაც კერძო სექტორის საქმეა?

განათლების სამინისტროს საქმე სახელმძღვანელოების გრიფირება და ლიცენზირებაა. მე მაინტერესებს, რატომ იწუხებს სახელმწიფო ამ რთული და საკმაოდ ხარჯიანი პროცესით თავს, როცა ეს არანაირი შეღავათის მომტანი არ არის მშობლებისთვის. წიგნის გაყიდვა სახელმწიფოს საქმე არ არის, მისი საქმეა იზრუნოს იმაზე, რომ ეგება გაუზარდოს სკოლებს დაფინანსება და სკოლებმა შეძლონ სახელმძღვანელოების ბიბლიოთეკების შექმნა, რითაც წლების განმავლობაში ისარგებლებენ სხვა მოსწავლეები. ხელისუფლებამ რეალურად უნდა იფიქროს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე და არა პოპულისტური გამოსვლებით. სახელმწიფო არაერთხელ ჩაერია ამ პროცესში, გაამკაცრა და გააძვირა სახელმძღვანელოს შექმნის პროცესი. შემდეგ გამომცემლებს ჩამოართვა ბეჭდვის უფლება და ახლა ყიდვა-გაყიდვაც. პარალელურად ამ პროცესის უკან დგას ასიათასობით მოსწავლე, რომელიც ყიდულობს მილიონობით სახელმძღვანელოს. თუ სახელმწიფოს ინტერესი იყო ყიდვა-გაყიდვა ეკონტროლებინა, როგორ გგონიათ, იოლად გაუშვებს ამ შესაძლებლობას ხელიდან? მე არ მგონია ამ ყველაფერმა დადებითი ასახვა პოვოს საბოლოოდ განათლების დონეზე. ახლა მისი ფანტაზია იქამდე მივიდა, რომ სკოლებსაც კი კარნახობს, აქ მიდი და იყიდეო. ცოტა კურიოზული ამბავია."

წიგნის მაღაზია უწიგნოდ

სასკოლო სახელმძღვანელოების ძიებაში თბილისის რამდენიმე წიგნის მაღაზია შემოვიარე, მაგრამ ყველგან უარით გამომისტუმრეს: წელს სასკოლო წიგნები არ გვექნებაო. წიგნების მაღაზია "ლიტერაში" მითხრეს, რომ განათლების სამინისტრომ გასულ წელსაც სცადა სასკოლო სახელმძღვანელოების გაყიდვა რამდენიმე სკოლაში, მაგრამ ამან სრული ქაოსი გამოიწვია და მშობლები ისევ წიგნის მაღაზიას აკითხავდნენ სახელმძღვანელოების შესაძენად. "ლატერნაში" კი პირდაპირ გვითხრეს, რომ მათ აუკრძალეს წიგნების გაყიდვა. "რამდენიმე მაღაზიაა ქალაქში, სადაც შარშან გამოცემული დაბალი კლასის წიგნები აქვთ შემორჩენილი, მაგრამ მაღალი კლასის წიგნებს ვერსად ნახავთ. გამომცემლობებმა პირდაპირ გვითხრეს: წიგნებს ვერ მოგცემთ, რადგან ჩვენგან წიგნები "24 საათს" მიაქვს და ისინი ანაწილებენო... მშობელთა დიდი ნაწილი ყველა წიგნს ერთად ვერც ყიდულობდა. რამდენი იყო, შარშან მოდიოდა და შვილისთვის ჯერ ერთ წიგნს ყიდულობდა, მერე - მეორეს და ა.შ. ახლა გინდა ეს თუ არა, ერთიანად მოუწევთ ფულის გადახდა, რადგან სკოლაში წიგნები მხოლოდ განსაზღვრულ ვადებში გაიყიდება," - მითხრეს "ლატერნაში". იგივე პრობლემა შეექმნა მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსსაც", რომელსაც გამომცემლობებმა უარი უთხრეს წიგნების მიწოდებაზე, რადგან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, მოხდებოდა წიგნების გაყიდვა ცენტრალიზებულად, თუ საცალო ქსელში გაყიდვის უფლება ექნებოდათ. რა თქმა უნდა,  განათლების სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ის არავის ზღუდავს და მისი საქმე არ არის სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და რეალიზაციაში ჩარევა, თუმცა ქართული ანდაზისა არ იყოს: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო...

მე მცირე ექსპერიმენტიც ჩავატარე და იმ შუამავალ ორგანიზაციაში დავრეკე, რომელშიც დამიდასტურეს, რომ ამ საქმეში სამინისტროს მარჯვენა ხელია და ბეჭდვის გარდა, ახლა უკვე სახელმძღვანელოების დისტრიბუციაც ევალება. შპს "24 საათი პრინტის" წარმომადგენელს, ბატონ ანდროს, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის მესვეურად გავეცანი და ვთხოვე, სასკოლო სახელმძღვანელოების მოწოდება უზრუნველეყო. სატელეფონო საუბარში მანაც დაადასტურა, რომ განათლების სამინისტრომ მკაცრად განსაზღვრა იმ ობიექტების სია, რომლებსაც წიგნებს სარეალიზაციოდ მიაწვდიან და ბოდიში მომიხადა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა(!).

P.S. ფაქტია, რომ განათლების სამინისტრო ბიზნესში უხეშად ჩაერია. საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით, სხვა ბიზნესსუბიექტები საქმიდან გააძევა და სახელმძღვანელოების გამოცემის მონოპოლისტად მოგვევლინა. მონოპოლია კი, თუნდაც ის კეთილშობილური მიზნებით იყოს შექმნილი, მაინც მახინჯი ფორმაა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველას აზარალებს, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული და სახელმწიფო ინტერესებით დამთავრებული. ამ "თამაშში" მოგებული მხოლოდ ადამიანთა ვიწრო ჯგუფია, რომელთა კვალს აშკარად სახელისუფლებო წრეებთან მივყავართ.

ფასები იმგვარად გადაანაწილეს, რომ ერთი სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარზე მეტი არ ყოფილიყო. სამაგიეროდ, გააძვირეს ის, რომელიც შედარებით იაფი ღირდა, ან ერთი წიგნი რამდენიმე ნაწილად გაყვეს, რომლის ერთი ნაწილი 10 ლარზე ძვირი არ ღირს, მაგრამ საერთო ჯამში ბევრად მეტი ჯდება