"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის? - კვირის პალიტრა

"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის?

"დღეს უგემოვნო მუსიკაზეა მოთხოვნა"

"ყველაზე ახალგაზრდა ვარ ამ თანავარსკვლავედში"

მორიგ პაემანზე "კვირის პალიტრამ" მომღერალი მერაბ სეფაშვილი დაპატიჟა. რატომ მიიჩნია საზოგადოებამ მისი ნამღერი - "ჩემი გმირი გიწოდე" პრეზიდენტის მეხოტბეობად და თავად როგორ აფასებს ხელოვანის როლს პოლიტიკაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თქვენს სიმღერებს უსმენს ძველი და ახალი თაობა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა, რომ მხოლოდ კონკრეტული თაობის მომღერლად არ დარჩეს?

- პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მუსიკალური განათლება და საკმარისი ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ. Aარ უნდა იყოს შეზღუდული და ორიენტირებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში კარგად უნდა ერკვეოდეს. თუკი განსხვავებული სტილის მუსიკა იცი, მაშინ ბევრად ადვილია გემოვნებით აკეთო შენი საქმე. თუ ეს გამოგივა, შენი შემოქმედება დროს გაუძლებს.

- დღევანდელი საზოგადოება რამდენად განებივრებულია სწორედ ასეთი მუსიკოსებით?

- ძალიან ბევრი უგემოვნო პროდუქციაა ბაზარზე, რადგან დღეს სწორედ უგემოვნო მუსიკაზეა მოთხოვნა. Mეს იმის ბრალია, რომ მსმენელის არჩევანი მწირია და უსმენს იმას, რასაც წლების განმავლობაში სთავაზობენ. ეს არის არაპროფესიონალიზმზე დაფუძნებული, არც ქართული, არც უცხოური მუსიკა.

- ამბობენ, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო...

- ასე არ არის. ცოტა უტრირებული და გაბუქებულია. რაღაც დოზით არსებობს. ეს ის დოზა არ არის, რაც საჭირო და აუცილებელია, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ქვეყნის მდგომარეობა. შოუბიზნესს ფული ქმნის, საქართველოში კი ამ ინდუსტრიისთვის შესაბამისი თანხები არ არსებობს.

- რამდენიმე თვის წინ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართეთ, რასაც თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნაც მოჰყვა.

- არავინ თქვას, რომ არ გაახარებდა ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, მეც არ ვარ გამონაკლისი... ეს ვარსკვლავი რომც არ გაეხსნათ, ჩემთვის კონცერტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ხალხს მაინც ვუყვარვარ და ჩემს მოსასმენად ისევ მოვიდა. ჩემთვის დიდი პატივია ვარსკვლავის გახსნა, რადგან ჩემი ვარსკვლავის გვერდით ისეთი სახელებია, როგორებიცაა ქალბატონი ნინო რამიშვილი, ნანი ბრეგვაძე, სუხიშვილები. ყველაზე ახალგაზრდა ვარ ამ თანავარსკვლავედში (იცინის).

- ბატონო მერაბ, უთუოდ უნდა გავიხსენო "ჩემი გმირი გიწოდე". ამ სიმღერას, რომელიც თითქოს პრეზიდენტს მიუძღვენით, ხმაურიანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. საზოგადოების ნაწილმა თითქოს არ გაპატიათ ეს ფაქტი. დღეს რა კომენტარს გააკეთებთ?

- (იცინის) ჯერ ერთი, ეს სიმღერა 1943 წელს დაიწერა, მე ხომ არ დამიწერია? ამ სიმღერას ადრეც ვმღეროდი და დღესაც ვმღერი. რომელ საზოგადოებაზეა ლაპარაკი? მე ვარ მუსიკოსი, მომღერალი და რასაც მინდა და როცა მინდა, მაშინ ვიმღერებ! თავისუფალი ხელოვანი ვარ. ვერც მთავრობა ამიკრძალავს ამას და მით უმეტეს, ის, ვისაც ეს სიმღერა არ მოსწონს. ისე, აიტაცა საზოგადოებამ ეს, - აი, უმღერა... თითი გამოიშვირეს. მე შემიძლია ასეთივე განწყობით ვიმღერო: "შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია". ვის მივუძღვენი ეს სიმღერა, როგორ ფიქრობთ?

- მგონი, ვხვდები...

- ცოტა სასაცილოა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება და გაღიზიანება იმ ფაქტის მიმართ. ისე, თუ ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მე როცა მინდა, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. დღეს რეალურად რაც ხდება, ამასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას არ ვერიდები, არც არასოდეს მოვრიდებივარ, თუმცა არჩევნების თემაზე გამართულ კონცერტებში მონაწილეობას ყოველთვის გავურბოდი, დღეს აღარც ამას ვერიდები! მივხვდი, აზრი არა აქვს, მიიღებ მონაწილეობას თუ არა, მაინც ილაპარაკებენ... ამიტომ კონცერტზე უარის თქმა არ ღირს.

- დღეს ყველა მომღერალი არ დგას სცენაზე, ხომ ასეა?

- როგორ გითხრათ, რომ შოუბიზნესი პოლიტიზებულია? მე შემიძლია ნებისმიერ კონცერტზე გამოსვლა. პოლიტიზებული რას ნიშნავს? რომ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, არ ამღერებენ? თუ ასეა, ძალიან ცუდია, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს. ახლა ოპოზიციის კონცერტები ტარდება და ეს ადამიანები არც იქ მღერიან... თუ მართლა ასეა, რატომ არ მღერიან იქ? მე ძალიან მიყვარს ის ხალხი, რომლებიც თქვენ იგულისხმეთ. ჩემი კოლეგები არიან და თითოეულ მათგანს ვაფასებ. ვწუხვარ, რომ არ ჩანან. მაგრამ ღირებულს თუ შექმნი, გინდა თუ არა, შენზე მოთხოვნა გაჩნდება.

- დაბოლოს, როგორია მერაბ სეფაშვილი სცენისა და კამერების მიღმა?

- ჩვეულებრივი, ისეთი, როგორიც ყველა. თავისი სიხარულით, მწუხარებით, პრობლემებით. სცენის მიღმა არავარსკვლავური ცხოვრება მაქვს, ადამიანური, ყოფითი...

ქეთი საგინაშვილი