აღმოჩენა! - უცნობი ციხე და ეკლესიები თორთომის ხეობაში - კვირის პალიტრა

აღმოჩენა! - უცნობი ციხე და ეკლესიები თორთომის ხეობაში

საპაჯა-აშკისორის ციხე ოშკის მონასტრისა და ოშკის "ციხე-ქვეყნის" მთავარი დამცველი იყო

ტაო-კლარჯეთს თავისი დაავადება აქვს, ერთხელ რომ ნახავ, აუცილებლად მოგინდება კიდევ და კიდევ მიუბრუნდე, - ამას იმ ექსპედიციის წევრი მეუბნება, რომელმაც ამ ზაფხულს ტაო-კლარჯეთში ისეთი ციხესიმაგრე აღმოაჩინა, რომელზეც ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო საზოგადოებაში აქამდე არაფერი თქმულა.

ყველაფერი კი ჩვეულებრივ დაიწყო... საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული "ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის" მიერ შედგენილი მარშრუტით დაიგეგმა ჯგუფის ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა, ისინი შვიდნი იყვნენ: "ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის" კოორდინატორი მიხეილ ფხაჭიაშვილი, მწერალი და გეოგრაფი კოტე ჯანდიერი, გეოგრაფი გიგა მახარაძე, მხატვარი ზვიად აბაშიძე, ინჟინერი ოთარ ნიშნიანიძე, "ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის" წმ. ანდრია პირველწოდებულის გზისმკვლევი საექსპედიციო ჯგუფის წევრი დაუდ ჰაკან ბერკი და მძღოლი ვალერი მიროტაძე.

ჩემთვის იმ გეოგრაფიული სახელების ჩამოთვლაც საკმარისია, რომელიც ჯგუფს უნდა მოევლო, რომ გულისცემა ამიჩქარდეს: ფოცხოვი, ერუშეთი, არტაანი, შავშეთი, კლარჯეთი-ნიგალი, ტაო, ქალდია, ტრაპიზონის მხარე.

ეს გარკვეულწილად ვალიც იყო... დიდმა ქართველმა მეცნიერმა დევი ბერძენიშვილმა უკანასკნელ ექსპედიციაში ყოფნისას, ბევრი რამ ვერ მოასწრო. ჯერ ერთი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზის მკვლევი ექსპედიცია 2008 წლის ომის გამო დაბრკოლდა და მეორე - მეცნიერი ამ ექსპედიციაში გარდაიცვალა.

"Google"-ის საძიებელ პროგრამაში ექსპედიციის წევრებმა უცნობი ძეგლების მდებარეობას კარგა ხნის წინ მიაკვლიეს. საჭირო იყო მხოლოდ იმ ადგილზე მისვლა, რომელიც კომპიუტერის მონიტორზე ციმციმებდა. აი, ისიც: მდინარე თორთომის ხეობაში უცნობი ციხესიმაგრე, რამდენიმე ეკლესია და ნამონასტრალი, რომელთა შესახებაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. ამ ადგილზე ახლა სოფელი საპაჯაა, თუმცა შედარებით ადრინდელ რუკაზე სოფელი აშკისორის სახელითაა დატანილი.

ეს სერიოზული აღმოჩენაა, რომელმაც შესწავლის შემდეგ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალით გაამდიდროს საქართველოს ისტორია. მარტო ის რად ღირს, რომ ციხესიმაგრე და საკულტო ნაგებობები, ფრესკული წარწერები, რომლებიც IX-XI სს-ებით უნდა დათარიღდეს, ემთხვევა ოშკის მონასტრის აგების დროს.

ტაო-კლარჯეთში მონასტრების ირგვლივ მთელი კომპლექსი იყო გაშენებული: მძლავრი ციხესიმაგრეები, შედარებით მცირე მეწინავე ციხეები და საყარაულო კოშკები, რომლებსაც ადმინისტრაციული, საკულტო, საერო და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ. ნაგებობათა ამგვარ ერთობლიობას ქართული ისტორიული წყაროები "ციხე-ქვეყნებად" მოიხსენიებს.

- ციხე-ქვეყნის მთავარი სიმაგრე, როგორც წესი, ამა თუ იმ მსხვილი ფეოდალის მფლობელობაში იყო, - მიამბობს მიხეილ ფხაჭიაშვილი, - ბევრი ფეოდალური გვარიც სწორედ ციხის სახელწოდებასთან არის დაკავშირებული: ფანასკერტლები, კალმახელიძეები, კავკასიძეები, ხახულარები... შემორჩენილია ფარნაკის ციხეები ბანასთან, აზორტის, ანუ ხახულარების ციხე ხახულის მონასტერთან, კალმახის ციხე ვაჩეძორის მონასტერთან, კავკასიძეების ციხე, რომელიც ოთხთა სავანისკენ მიმავალ გზას აკონტროლებს.

ერთგვარად, განზე დგას ოშკი. ამ დიდებულ სამონასტრო კომპლექსს, ერთი შეხედვით, არც ერთი ცნობილი მსხვილი ფეოდალური სიმაგრე არ იცავს. ოშკიცა და ხახულიც, როგორც ცნობილია, X საუკუნეში, ტაოს მეფემ დავით კურაპალატმა ააგო. ეს მონასტრები საეკლესიო დანიშნულების გარდა, საგანმანათლებლო და ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ცენტრებსაც წარმოადგენდნენ. მით უფრო ალოგიკურია, ოშკის "ციხე-ქვეყანა" მძლავრი საფორტიფიკაციო (თავდაცვითი) კომპლექსით არ ყოფილიყო დაცულ-გამაგრებული. ამ გარემოებას, თავის დროზე, ყურადღება მიაქცია გამოჩენილმა ქართველმა მკვლევარმა დევი ბერძენიშვილმა და თავის შესანიშნავ ნაშრომში, "ტაოს ისტორიული გეოგრაფიიდან" (2007) ივარაუდა, რომ საშმაშენი ოშკის ციხე-ქვეყნის მთავარ ფეოდალურ სიმაგრედ შეიძლებოდა მოგვეაზრებინა...

მანძილი ოშკსა და ჩვენ მიერ აღმოჩენილ ციხესიმაგრეს შორის 15-20 კმ-ს არ აღემატება და, ამ მხრივ, ის ოშკის სავანესთან ყველაზე ახლო მდებარე მსხვილი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. ზემოხსენებული აშმაშენის ციხე კი, მონასტრიდან ორჯერ უფრო შორს, დაახლოებით 40 კმ სავალზე მდებარეობს. ბატონ დევი ბერძენიშვილს 2008 წელს ჩვენ მიერ აღმოჩენილი ციხის არსებობა რომ სცოდნოდა, ვფიქრობთ, ოშკის ციხედ ისიც სწორედ აშკისორ-საპაჯას ციხესიმაგრეს ივარაუდებდა.

- რომელი ფეოდალების საკუთრება შეიძლებოდა ყოფილიყო ის ციხე-სიმაგრე და ეკლესიები, რომლებსაც თქვენ მიაკვლიეთ?

- ოშკის მონასტერი 963-1023 წლებში ტაოს დიდი ფეოდალური გვარის, ჩორდვანელების, გამგებლობაში იყო. ამ დიდებული გვარის ორი წარმომადგენელი, თორნიკე ერისთავი (იოვანე-თორნიკე სვინგელოზად წოდებული) და მისი ძმა იოვანე-ვარაზვაჩე სწორედ ოშკის სავანეში აღიკვეცნენ ბერად. სავარაუდოა, რომ გარკვეულ პერიოდში ვარაზვაჩე ოშკის სკრიპტორიუმს ხელმძღვანელობდა. თორნიკე ერისთავის ღვაწლი ძალიან დიდია: მის მიერ ბარდა სკლიაროსზე მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ (979 წ.) დააჩქარა და გააადვილა დაქსაქსულ ქართულ სამეფოთა და სამთავროთა გაერთიანების პროცესი, რომელიც, საბოლოოდ, ბაგრატ III-ის ტახტზე ასვლითა და ერთიანი, ძლიერი ქართული სამეფოს შექმნით დასრულდა...

იოვანე-თორნიკეს და მის ძმას იოვანე ვარაზვაჩეს დიდი ღვაწლი მიუძღვით სასულიერო და საგანმანათლებლო საქმეში. "ცხოვრებაი იოანე ოქროპირისაი" (გადამწერი იოვანე ჩირაი), ხელნაწერის მომგებლებს (დამკვეთებს), იოვანე-თორნიკეს და მის ძმას იოვანე ვარაზვაჩეს უწოდებს "უფალთ", ხოლო თავის თავს მათ მსახურს. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ ამ პერიოდში ოშკის ლავრა ჩორდვანელთა დიდი ფეოდალური გვარის მფლობელობაში იყო.

აშკარაა, რომ ამ მასშტაბის ფეოდალთა საუფლოს მთავარი ციხესიმაგრე ვერ იქნებოდა განცალკევებით მდგარი, მხოლოდ თავდაცვითი ფუნქციის მქონე, მოკრძალებული ზომის საფორტიფიკაციო ნაგებობა.

- როგორ მდგომარეობაშია თქვენ მიერ მიკვლეული ციხესიმაგრე და ეკლესიები?

- ადგილობრივებმა დაგვათვალიერებინეს ციხესიმაგრეც და ნამონასტრალი ადგილიც. სამწუხაროდ, ნამონასტრალი ოქროს მაძიებლებს აბსოლუტურად გაუნადგურებიათ. შემორჩენილია დიდრონი ქვები და ამოთხრილი ბევრი ორმო-ღრმულები. სოფლის ამ უბანს თავს დაჰყურებს ტყიან ბორცვზე მდგარი ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ეკლესია. მისი კამარა ჩაქცეულია. ეკლესია პერანგის ქვებისაგან მთლიანად შემოძარცულია. სამაგიეროდ, იქვე ახალი სკოლის კედლებში ჩაუშენებიათ რამდენიმე ჩუქურთმიანი ქვა. შემორჩენილია ფრესკებისა და ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

წინასწარი კვლევის საფუძველზე ივარაუდება, რომ წარწერები IX-XI საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ციხეც ამავე პერიოდს მივაკუთვნოთ.

სოფლის ქვემო უბანში შემორჩენილია ბაზილიკის ტიპის ორი ეკლესიის ნანგრევი. აქედან ერთი დავათვალიერეთ. კამარა მასაც ჩამოქცეული აქვს. მეორე ეკლესია ვერ ვნახეთ, როგორც გვითხრეს, ის ადგილობრივი მცხოვრებლის საკუთრებაა და საკუჭნაოდ და თივის შესანახავად იყენებს.

P.S. ტაო-კლარჯეთი გადათხრილია ოქროს მაძიებლებისაგან, იქ მართლაც არის ოქრო, ოღონდ მიწაში კი არა, ზედაპირზე - ოქრო ისტორიისა და სულიერების თვალსაზრისით... ჩვენთვის აქამდე უცნობი, ახალაღმოჩენილი საპაჯა-აშკისორის ციხე სავარაუდოდ, ოშკის მონასტრისა და ოშკის "ციხე-ქვეყნის" ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო და იმ პერიოდში ეკუთვნოდა ჩორდვანელთა ფეოდალურ გვარს - თორნიკე ერისთავის საგვარეულოს მომდევნო მეცნიერული კვლევა ამ მოსაზრების დასაბუთებას და დამტკიცებას შეეცდება.