საით გადირთვება გურია - კვირის პალიტრა

საით გადირთვება გურია

გურია არჩევნებს ეგებება. გურულების ხასიათიდან გამომდინარე, ჯერ ვერ იტყვი, რა აქვთ ჩაფიქრებული, - აქ მარცხი "ელანძეა" (უცებ). ისე კი, ყველა თავისას ცდილობს: გურულებზე უფრო დაფაცურებული ხელისუფლება, "გადელებული" ოპოზიცია და ხალხი, რომელიც დროს მაინც ეწევა და უსწრებს.

"ბიზნესი" გურულად

აქ ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი "არქაული" საბავშვო ეტლებია, რატომ? ორი რამის გამო, - ჯერ ერთი, ამ ეტლებში გაზრდილი თაობა ოცდაათი წლის მაინც არის და ეს "ტრანსპორტი" უკვე "ანტიკვარია"; მეორეც, გურიამ ჩაი და მანდარინი რომ დაკარგა, მას შემდეგ ჯიბე ისე დაუცარიელდა, სხვა ტრანსპორტს მაინც ვეღარ ყიდულობენ. და რახან აქ ვირები არ ხეირობენ, რომ მაგდანასავით მაწვნის "ბიზნესში" ჩართონ, "პადვლებიდან" ათეული წლების დამტვერილი ეტლები ამოიღეს და გასაყიდ საქონელს ქუჩა-ქუჩა დაატარებენ. ასე რომ, მთავარია, ჭკუა გქონდეს კაცს, თორემ "ბიზნესს" საბავშვო ეტლითაც წამოიწყებ.

ათეთრებენ, ხომ არ აშავებენ?!

ოზურგეთში, წინასაარჩევნოდ თეთრკომბინეზონიანი კაცები გამოჩნდნენ და პალმის ძირებს საგულდაგულოდ დაუწყეს შეთეთრება. ამაზე წასწრებულს ეს ამბავი დიდად მესიამოვნა, - მთავარია, რომ საქმე კეთდება, რა მნიშვნელობა აქვს მავნე მწერები წინასაარჩევნოდ დაიხოცებიან თუ არჩევნების შემდეგ-მეთქი! მაგაზე მთავარი კი ის არის, რომ პალმებს ხსენებული მავნე მწერები საერთოდ არ ჰყავთ, მით უფრო შემოდგომის დასაწყისში, პალმის შეთეთრებაც არავის გაუგია, მაგრამ რა უჭირს, მაინც ათეთრებენ! ისე, რა შავდება? ათეთრებენ, ხომ არ აშავებენ?!

რა ხეირი "ხუთოსანს"?!

აგერ ბიძია თეთრი ქუდით, წითელი გულით და წითელი ხუთიანით. მშვენივრად ახურავს და აახალგაზრდავებს. - გეხვეწები რა, სურათს გადაგიღებ მაგ ქუდში-მეთქი, რომ ვუთხარი, - რაია, ბიძია, მასე მოგწონს აი ქუდი, ნაციონალების ოფისში მაჩუქეს, თუ გინდა შენც მიდი და გაჩუქებენო! რომ არ მაჩუქონ-მეთქი? მიდი და ნახავ, თუ არ გაჩუქებენო. რაზე უნდა მივიდე, რა ხეირია-მეთქი? მაგას თუ ვერ ხდები, მაშინ რაიზა მელაპარაკებიო და... წავიდა!

სიმინდმა მინისტრიც გაიყოლა...

როცა ბაზარში სიმინდის ყიდვა დავაპირე და გამყიდველს ეჭვით ვკითხე, - ეს ამერიკული სიმინდი ხომ არ არის-მეთქი? მიპასუხა, - მაი ამერიკული სიმინდიც წევიდა ჩვენი ცხოვრებიდან და ბაკურ კვეზერელიც. გლეხი კაცი კიდო როის იყო მთავრობის მისლა-მოსლაზე მუშაობდა, მშიერი არცა როის არ მომკტარვარ და არც აწი ვაპირებ სიკტილს, ჩემი სიმინდის თესლი შევინახე, დავთესე და კი ვყიდი აგერო!

"უკვე გადამართვი, ნენა, სურათი?"

ოზურგეთის ტალახიან ბაზარშიც მწვანილების გასაყიდად გამოსული ბებო ზის, - ამ მწვანილების გაყიდვით რა გრჩება-მეთქი და, - ძონძი და ტალახიო, - მომახალა. ერთი კი გავიფიქრე, რა ვქნა, იქნებ არც ღირს სურათი გადავუღო-მეთქი, მაგრამ მაინც ვცადე და სანამ ჩავაჩხაკუნებდი, ბებომ ჩაის საკრეფი, მაგრამ ამ საქმისთვის უკვე გამოუსადეგარი ჩალის ქუდი გაისწორა და მითხრა: უკვე გადამართვი, ნენა, სურათი? ჯერ რომ არ ვიყავი გახაზირებული? სირცხვილია, ხალხი რას იტყვის ზედ რო დახედავს, წაშალე მაი და გადამართვი მეორე!

ჰოდა, მეც მეორე სურათი "გადავართვი" სასწრაფოდ.

ნეტა, ასე სასწრაფოდ გადაერთვებოდეს გურიაში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება უკეთესობისკენ.