რეკვიემი ადამიანის სულიერ სამყაროში - კვირის პალიტრა

რეკვიემი ადამიანის სულიერ სამყაროში

ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" მეორე ტომი "კვირის პალიტრის" მომდევნო ნომერთან ერთად შეემატება თქვენს რჩეულ ბიბლიოთეკას

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პირველად შეიძლებოდა ლევ ტოლსტოისაც მიეღო, მაგრამ გავლენიანმა შვედეთის აკადემიის მდივანმა კარლ ვირსენმა ამას ხელი შეუშალა, როდესაც განაცხადა: "მან ცივილიზაციის ყველა ფორმა განიკითხა და სანაცვლოდ, დაიჟინა მიეღოთ ცხოვრების პრიმიტიული წესი, რომელიც მოგლეჯილი იქნებოდა კულტურის ყველა მიღწევისაგან... არავინ გამოუცხადებს სოლიდარობას ასეთ შეხედულებებს".

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არის გარკვეული სიმკაცრე, გნებავთ, დაუნდობელი მიდგომა, როდესაც ცივილიზაციისა და კულტურის მიღწევებს უარყოფ და ხელოვნურად გამიჯნავ თავს შენი თანამედროვე სამყაროს რიტმისაგან, ამას არ შეუძლია დაჩრდილოს დიდი მწერალი და შემოქმედი. ამიტომაც იყო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა საოცრად განიცადა, რომ ტოლსტოის ნობელის პრემია არ მიანიჭეს და მას ფრანგი პოეტი სიული-პრიუდომი ამჯობინეს.

თავად მწერალს დიდად არ უდარდია. მიმართა კიდეც თაყვანისმცემლებს: "ძვირფასო და პატივცემულო საზოგადოებავ! მე ვიყავი და ვარ ძალიან კმაყოფილი იმით, რომ ნობელის პრემია არ მომენიჭა. უპირველესად იმიტომ, რომ ამან გამათავისუფლა ისეთი დიდი ტვირთისაგან, რასაც ჰქვია თანხის განკარგვა, რომელსაც პრემიის მონიჭების შემთხვევაში ავიღებდი, რადგან ყველა და ყველანაირ ფულს, ჩემი აზრით, ბოროტების მოტანა შეუძლია. მეორე მხრივ კი მერგო პატივი და სიამოვნება, რომ მივიღე თანაგრძნობა ისეთი დიდი ადამიანებისა, და მათ შორის უამრავი უცნობისა, როგორიც თქვენა ხართ. მიიღეთ ჩემგან გულწრფელი მადლიერება და საუკეთესო სურვილები. ლევ ტოლსტოი".

მისი წარდგენა მეორედაც სცადეს ნობელის პრემიაზე - 1906 წელს. ლევ ტოლსტოიმ ამჯერად დიდი თხოვნით მიმართა ყველას, ხელი შეეშალათ ამ საქმისთვის და როგორმე მოეხსნათ მისი კანდიდატურა.

ერთში ტოლსტოი არ ცდებოდა: მას მართლაც შეეძლო მშვიდად ყოფილიყო და ამქვეყნად ყველაზე პრესტიჟული პრემიის მოლოდინშიც კი არ დაეღალა თავი. ის უკვე იყო დიდი მწერალი! და კიდევ: მან იცოდა, რა მძიმე იყო, როცა ადამიანი ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს ატარებს, როცა გონება გრძნობას უტევს, გრძნობა - სულს. სწორედ ამ განცდაგამოვლილ რამდენიმე წელიწადში დაწერდა "ანა კარენინას" - წიგნს ადამიანში მეამბოხე სხვადასხვა გრძნობასა და განსჯაზე. ამ განცდების ფონზე, მართლაც გასართობი ჩანდა სხვა ყველაფერი!

მწერლის ფსიქოლოგიური წიაღსვლა და გამოუსწორებელი სატკივრის განცდა სიყვარულზე შექმნილ რომანს - "ანა კარენინას" დიდ განაცხადად აქცევს. ეს არ არის სატრფიალო თავგადასავალი თავისი დრამატული სიმძიმით, ეს არის რეკვიემი ადამიანის სულიერ სამყაროში გაჩენილი ნაპრალის გამო, იმ ნაპრალისა, რომელსაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი შესწირა თავად ლევ ტოლსტოიმ. ცხადია, პირდაპირი პარალელის ძიება სრული უაზრობაა. მთავარია, პიროვნული რღვევისა და პიროვნებაში გაჩენილი ორი უძლიერესი განცდის ერთმანეთთან დაჯახების შედეგზე ვილაპარაკოთ.

ნიკოლაი ბერდიაევი წერდა: "ტოლსტოის გასაოცარი რუსული ხასიათის ბარსკო-მუჟიკური სახე აქვს. მასში თითქოს ორად გახლეჩილი რუსეთი - რუსეთი ბატონური და რუსეთი ხალხოსნური - ცდილობს გაერთიანებას. და ჩვენ არ უნდა განვუდგეთ ამ სახეს, ვინაიდან მისგან განდგომა რუსეთის საშინელი გაღატაკების ტოლფასი იქნება. ლევ ტოლსტოი, სამყაროსეული გაგებით, სვებედნიერი კაცი იყო. მას დააბერტყა ღმერთმა სიკეთის კალთა: სახელი, სიმდიდრე, წარჩინებულობა, ოჯახური ბედნიერება... და მიუხედავად ამისა, იგი მაინც ახლოს იდგა თვითმკვლელობასთან, რამეთუ ეძებდა ცხოვრებისა და ღვთის არსს. მისთვის მიუღებელი იყო ცხოვრება მისი არსის გარეშე. არაჩვეულებრივი სიძლიერით იყო ამ მწერალში გამჯდარი ცხოვრების ინსტინქტი და ასეთივე თვისებრიობით - ყველანაირი ვნება. ლევ ტოლსტოის პიროვნებიდან გამომდინარე, ბატონური რუსეთი, მისი უმაღლესი კულტურული ფენა, საკუთარი ცხოვრების სიყალბეს ამხელს. მაგრამ ღვთის დაუცხრომელ ძიებაში, ცხოვრების არსისა და რეალობის ძიებაში ტოლსტოი თავიდანვე დამარცხდა იმ წინააღმდეგობებით, რამაც შემდგომში ფარ-ხმალი დააყრევინა".

ამქვეყნად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, იყოს! თავადაც იცხოვრებდა მშვიდად, დატკბებოდა სიმდიდრითა და პატივით, იმუშავებდა თავის შემოქმედებაზე... მაგრამ ფიქრს ვინ დაუწესა ზღუდე? ის მოდის ისე, როგორც სიყვარული... ასე დაემართა ანა კარენინასაც, თუმცა, ანასაც მშვიდი ცხოვრება, ყველასაგან აღიარებული და მიღებული ყოფა ერჩივნა ამღვრეული და ტრაგიკული გრძნობის ტყვეობას.

რამდენჯერაც უნდა წაიკითხოთ "ანა კარენინა", ყოველთვის რჩება განცდა, რომ ეს-ეს არის, ფარდა გადავწიეთ და ადამიანის სულის უმართავ, ყველაფრის მიუხედავად გაუხედნავ რაშს მოვექეცით ზურგზე. ეს მწერლის სულში გატარებული განცდებია, უფსკრულგავლილი გზაა, რომელსაც მოაქვს მარადიული, კლასიკური ლიტერატურა, როგორც გვირგვინი...

ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" მეორე ტომი "კვირის პალიტრის" მომდევნო ნომერთან ერთად შეემატება თქვენს რჩეულ ბიბლიოთეკას.