რა დააშავეს ტურისტებმა?! - კვირის პალიტრა

რა დააშავეს ტურისტებმა?!

"N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" კლიენტები უჩივიან

"პასუხის გამცემი არავინაა - ყველა ეგვიპტეშია" (?!)

ერთხელ ერთმა ნაცნობმა უცნაური ამბავი მიამბო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თურქეთში დასვენების ბუმი იყო, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას მიმართა. დასასვენებლადაც გაემგზავრა, სასტუმროშიც დაბინავდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ტურისტულმა კომპანიამ სასტუმროს საჭირო ოდენობის თანხა არ გადაურიცხა. სასტუმროს მეპატრონემ დამსვენებელი ნომერში გამოკეტა და ქართულ ტურისტულ კომპანიას "მძევლის გამოხსნა" მოსთხოვა. საბედნიეროდ, ეს ამბავი "ჰეფი ენდით" დამთავრდა, თუკი "მძევლის" რამდენიმედღიან ნერვიულობას არაფრად ჩავთვლით...

ეს ამბავი წლების წინ მოხდა, როცა საქართველოში ტურისტული კომპანიები ახალწამოჩიტული იყვნენ და საკმარისი პროფესიონალიზმი და კონტაქტები არ ჰქონდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლიენტები უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს დღესაც უჩივიან. ვინ როგორ აღმოჩნდა დასვენებისას გაუთვალისწინებელი სიტუაციის მძევალი და როგორ პასუხობენ ტურისტული კომპანიები "N ტური" და "ინტერკონტინენტალი" კლიენტების პრეტენზიებს, ამის გარკვევა ვცადეთ.

მარიკა დარჩია, "N ტურის" ერთ-ერთი კლიენტი: "როცა ტურისტულ სააგენტოს მიმართავ, ყველაფერი ზუსტად უნდა იცოდე, როდის გაფრინდები, რომელი ავიაკომპანია მოგემსახურება, სასტუმროს როგორი ნომერი დაგხვდება დაჯავშნული და ა.შ. არცთუ მცირე თანხას იმიტომ იხდი, რომ უპრობლემოდ დაისვენო. ჩვენთან კი სულ სხვაგვარი ვითარებაა, შესაძლოა ძვირად ღირებული დასვენება გაუგებრობით შექმნილმა დისკომფორტმა ჩაგიშხამოს. ახლახან ჩემი მეგობრებისგან შემდგარმა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტურისტულ კომპანია "N ტურს" მივმართეთ. კომპანია რამდენიმე ფაქტორით ავირჩიეთ: ჯერ ერთი, ცნობილია, მეორე - მომსახურების დეტალებს წინასწარ გაცნობს. ვიცოდით, რომ ანტალიაში დილის 8 საათზე უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ რამდენიმე საათით ადრე მეგობარმა დამირეკა, სააგენტომ მაცნობა, ფრენა გადაიდოო. ჩვენ გაგვაფრთხილეს მაინც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენივე რეისის მგზავრების ნაწილი არც გააფრთხილეს და დილის 6 საათიდან აეროპორტში მიიყვანეს. ასე რომ, დროულად ვერ გავფრინდით და ამან დისკომფორტი შეგვიქმნა თუნდაც იმიტომ, რომ პირველივე დღეს ვერ გავედით ზღვაზე, სასტუმროში პირდაპირ ღამის გასათენებლად შევედით. მოკლედ, რეისის გადადებამ ერთი დღე დაგვაკარგვინა.

დასვენების ბოლო დღესაც არ ჩაუვლია უსიამოვნების გარეშე. წამოსვლის წინადღეს ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს სასტუმროდან გამოსახლება დაუპირეს, არადა, თანხა გადახდილი ჰქონდა, მაგრამ რაღაც შეცდომის გამო მისთვის წინა დღის რიცხვით იყო დაჯავშნული ნომერი. დავიწყეთ რეკვა თბილისში, "N ტურის" სათავო ოფისში, სადაც გვითხრეს, თქვენი მეგობარი ამ ღამით საკუთარი ფულით დარჩეს სასტუმროში და თბილისში რომ დაბრუნდება, ავუნაზღაურებთო. ხომ შეიძლებოდა, რომ ფული წამოსვლის წინადღეს დაეხარჯა? ასეთი მოულოდნელობის წინაშე რატომ უნდა აღმოჩენილიყო? თან პატარა თანხა სულაც არ იყო. გამოდის, ბავშვებით ღამე ქუჩაში უნდა გაეთია? ვერც წამოსვლისას გამოვფრინდით იმ რეისით, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, თითქმის 2 საათით გადაიდო ფრენა. თანაც, ჩვენს ორ თანამგზავრს უთხრეს, თქვენი ადგილი არა გვაქვსო და სხვა თვითმფრინავში გადასვეს. ძებნა რომ დავიწყეთ, თავად დაგვირეკეს, მეორე თვითმფრინავში ვართო. მოკლედ, ცოლმა ერთი თვითმფრინავით იმგზავრა, ქმარმა და მაზლმა - მეორით.

ცხადია, ასეთი რამ უცხოეთში რომ მოხდეს, რეაგირების გარეშე არავინ დატოვებს. ჩვენთან კი რატომღაც იმედი აქვთ, რომ ყველაფერი გაუვათ და სხვისთვის მიყენებული ზარალი შერჩებათ. "N ტურის" ოპერატორიც, რომელსაც ყველა პრობლემის გამო ვურეკავდით, მძიმე დღეში იყო, რადგან რასაც ხელმძღვანელობა ეუბნებოდა, იმას აკეთებდა.

ბევრი რამ ჩვენი ბრალიც არის, - თავის დროზე, პასუხს არავის ვთხოვთ. არადა, ამით ტურისტული კომპანიის სხვა კლიენტების ინტერესებს ვაზარალებთ".

ცისანა სეფიაშვილი: "ჩვენ ტურისტული კომპანია "ინტერკონტინენტალი" გვემსახურებოდა. ბავშვებთან ერთად წავედი ეგვიპტეში. ვიცოდი, რომ ხურგადიდან დღისით უნდა გამოვფრენილიყავი. რომ მცოდნოდა, ფრენა ღამით იქნებოდა, უარს ვიტყოდი გამგზავრებაზე. ბავშვები ძალიან გაწვალდნენ, - ღამის 2 საათზე გამოგვყარეს სასტუმროდან, დილის ოთხ საათზე კი გამოვფრინდით. ფრენის გრაფიკის შეცვლის გამო დასვენების ერთი დღე დაგვეკარგა, არადა, შეთანხმებისამებრ, შეგვეძლო დილის 12 საათამდე დაგვეტოვებინა სასტუმრო. ფრენა საღამოს უნდა ყოფილიყო, ე. ი. დარჩენილ დროს სანაპიროზე გავატარებდით. იმ დღის ფული წყალში გადაგვეყარა და ღამით მგზავრობითაც საშინლად დავიღალეთ. ეგვიპტეში "აირზენას" თვითმფრინავით გავემგზავრეთ და დაბრუნების დროსაც იგივე ავიაკომპანია უნდა მოგვმსახურებოდა, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ეგვიპტური ავიაკომპანიის ჩარტერული რეისით გადმოგვაფრინეს. თბილისში ჩამოსვლისთანავე დაღლილ-დაქანცული მგზავრები "ინტერკონტინენტალის" სათავო ოფისს მივადექით და ახსნა-განმარტება ვთხოვეთ. თავი იმით იმართლეს, რომ ჩვენთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ჰქონიათ, რომ ტურისტულ სააგენტოს 24 საათის განმავლობაში შეუძლია შეცვალოს ტარიფი, გაფრენის დრო, ავიაკომპანია და ა.შ. იურისტი არა ვარ და არ ვუკვირდები, რომელი პუნქტის მიღმა რა ქვეტექსტი იკითხება, მე ამ სააგენტოს კეთილსინდისიერების იმედი მქონდა, ვენდობოდი. გულსატკენია, როცა ასე გექცევიან. როგორ შეიძLლება კლიენტების ასე გაწბილება? Nნუთუ ამ მაქინაციებით იმდენ ფულს ზოგავენ, რომ ეს კლიენტების დაკარგვად უღირთ?! ფაქტია, მე და ჩემი მეგობრები ამ კომპანიას აღარასდროს მივმართავთ".

დიმიტრი ქუმსიშვილი: "მეგობრების 19-კაციან ჯგუფთან ერთად "ინტერკონტინენტალს" მივმართე. რამდენჯერმე ვთხოვე ამ კომპანიის თანამშრომელს, ისეთი ნომერი დამიჯავშნეთ, რომლის ფანჯრიდან აუზი გამოჩნდება და აივანიც მექნება-მეთქი. არადა, დამხვდა აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნომერი. რასაკვირველია, გავაპროტესტე, დავრეკე "ინტერკონტინენტალის" ოფისში და მითხრეს, ერთი ღამით მოითმინეთ და ხვალვე გამოვასწორებთ ყველაფერსო. მეორე დღეს ყურადღება რომ არავინ მომაქცია, ისევ დავრეკე "ინტერკონტინენტალში". მითხრეს, პრობლემა მოგვარებულია და ახლავე გადაგიყვანენ სასურველ ნომერშიო. მართლაც მომაკითხეს, ჩამიყვანეს მიმღებში, იქ კი მეუბნებიან, აბა, ახლა აგვიხსენით, რა პრობლემა გაქვთო, ბოლოს კი უარით გამომისტუმრეს. შეურაცხყოფილი ვიყავი. ტურისტული სააგენტო კლიენტს ასე არ უნდა ატყუებდეს, თუმცა მე კიდევ ბევრი არაფერი მეთქმის. იყო შემთხვევა, როცა კლიენტს სხვა სასტუმროში დაჰპირდნენ ნომრის დაჯავშნას და სულ სხვაში შეიყვანეს. კარგი იქნება, თუ ტურისტული კომპანიები კლიენტების უფლებებს არ დაარღვევენ".

რა თქმა უნდა, კომენტარისთვის ორივე კომპანიას "N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" დავუკავშირდით. "დაგვიტოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და კომპანიის დირექტორი გიორგი შენგელია თავად დაგირეკავთ, მხოლოდ მას შეუძლია გიპასუხოთ", - გვითხრა "N ტურის" ოფისის თანამშრომელმა. ჩვენთან კი აღარავის დაურეკავს. "ინტერკონტინენტალის" ოპერატორმა კი მოგვახსენა: "ყველა, ვისაც კი შეუძლია კლიენტების პრეტენზიებს პასუხი გასცეს, პიარმენეჯერის ჩათვლით, ეგვიპტეშია. ერთ კვირაში დარეკეთ"(?!).

10-დღიანი დასვენება 12-ის ნაცვლად

ორიოდ კვირის წინ კლიენტებმა ტურისტულ კომპანია "N ტურს" უჩივლეს და ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. დამსვენებლები "N ტურის" საგზურით თურქეთის ქალაქ ქემერში ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავება ძლივს მოახერხეს.

2012 წლის 19 მარტს კი კურორტ შარმ-ელ-შეიხში მიმავალ მგზავრებს თბილისის აეროპორტში ლოდინი 21 მარტამდე მოუხდათ. ამის მიზეზი ავიარეისის რამდენჯერმე გადადება იყო. ტურისტების განცხადებით, მათ 12-დღიანი ტურის ფული გადაიხადეს, მაგრამ დაგვიანების გამო 10-დღიანი ტური გამოუვიდათ. კლიენტები ტუროპერატორებისგან დაკარგული დღეების საფასურის ანაზღაურებას ითხოვდნენ. კომპანია კი აცხადებდა, რომ ფრენების გადადება ფორსმაჟორულმა ვითარებამ გამოიწვია, რისი ალბათობაც ყოველთვის არსებობს და რისკფაქტორები კლიენტებთან კონტრაქტში გათვალისწინებულია.