რით ჰგავს ინფორმაცია სოდას - კვირის პალიტრა

რით ჰგავს ინფორმაცია სოდას

რით განსხვავდება ინფორმაციის მიღება სოდის მიღებისგან ქართულ სინამდვილეში? -როგორც ჩანს, ბევრით არაფრით. მაგალითად, სოდის ზედმეტმა მიღებამ გულისრევა იცის, მცირეოდენი კი წამალივითაა. ასეა ინფორმაციაც. და მაინც, შევადაროთ ერთმანეთს სოდისა და ინფორმაციის მიღების ხერხები.

სოდის მიღების ხერხი (ზურიკელა ვაშალომიძის მიხედვით): ”ილიკო ჩიგოგიძე პირდაპირ ენაზე იყრის და ისე ყლაპავს, ილარიონა შევარდნაძე კი ერთი სუფრის კოვზ სოდას ერთ ჭიქა თბილ წყალში ურევს და სულმოუთქმელად სვამს პახმელიაზე”.

ინფორმაციის მიღების ხერხი (გიგა ბოკერიას მიხედვით): ”მაესტროს” ანტენებს ყადაღა მოეხსნება და მათი საშუალებით ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებს”.

ვისაც ტელევიზორი აქვს, ხომ კარგი, დაელოდოს, საქართველოს ფოსტა როდის გაუგზავნის ანტენას და დაუმონტაჟებს. ვისაც არც ტელევიზორი აქვს (ასეთი კი სოციალურად დაუცველებში საკმაოდ ბევრია), არც საქმე და არც მახათი, ანტენას დანიშნულებას თავად უპოვის.

ასეა თუ ისე, ყინული დაიძრა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლები მსჯელობენ, თუ როგორ მიაწოდონ ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელობას ინფორმაცია, რა ფასად ან რა ვადაში იქნება შესაძლებელი ”მაესტროს” დაყადაღებული სატელიტური ანტენების დამონტაჟება. სოციალური მომსახურების სააგენტო კი იმას არკვევს, ვის აქვს ტელევიზორი და ვის არა. ე. ი. ხალხს საქმე მიეცა და დასაქმდა!

პ.ს. ყოველი შემთხვევისთვის, ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საჭიროებას აგიხსნით: -ახალახან შიომღვიმის მონასტრისკენ მიმავალ მტვრით, ბუღითა და ქვებით სავსე გზას რომ დავადექი, ვიკითხე, აქ ასფალტი რატომ არ არის დაგებული-მეთქი? თანამგზავრისგან პასუხად მივიღე, როგორ არ არის, მაგრამ არ გინდა დანახვა და ვერ ხედავო!

ასევე იხილეთ: ემიგრანტები სარფის გავლით საქართველოში ბრუნდებიან - "ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს"