"პიროვნება უნდა გაქრეს!" - კვირის პალიტრა

"პიროვნება უნდა გაქრეს!"

ბრუნო ბეტელჰაიმის მიერ აღწერილი ფაშისტური  მეთოდიკისა და "ნაციონალური" მეთოდიკის პარალელები

"სისტემას, რომელიც მომართულია ძალმომრეობისა და ტოტალიტარიზმისკენ, არ სჭირდება პიროვნებები, სჭირდება შემსრულებლები"

როგორ მოქმედებს პრინციპი - "მოერიე, შეჭამე"

"სოციალ-დარვინიზმია ჩვენი მმართველების სიღრმისეული იდეოლოგია"

"ანტილიბერალები არიან, თავისუფალი არჩევანის საშუალებას სპობენ"

ახალგახსნილ ლიტერატურულ სააგენტო "უსტარში" ვარ სტუმრად. მის დამფუძნებელს, ჩემს კარგ ნაცნობს, ქალბატონ თამარ გელოვანს ვესაუბრები, თან ყავას მივირთმევთ - მყუდრო სამზარეულოში ვსხედვართ, შინაურულად.  სამზარეულოში შემოვიდა ირაკლი ლომოური, მწერალი, მთარგმნელი, ამჟამად კი, თურმე, ლიტერატურული აგენტიც (ანუ ხსენებული ლიტერატურული სააგენტოს თანამშრომელი).

საუბარი, ბუნებრივია, ჩვენს დღევანდელობას შეეხო... ვუსმენდი და გულწრფელად ვფიქრობდი: თამამი კაცია მწერალი ირაკლი ლომოური... სიტყვამ მოიტანა და ბრუნო ბეტელჰაიმი ვახსენეთ... ბოლო დროს ჩემს თანამოსაუბრეს არაერთხელ გაახსენა თავი ვენაში დაბადებულმა ებრაელმა ექიმმა ფსიქოლოგმა ბრუნო ბეტელჰაიმმა. ძალაუნებურად გაჩნდა პარალელები მის ნაშრომში აღწერილ სიტუაციასა და თანამედროვე ცხოვრებაში მომხდარ ფაქტებსა თუ მოვლენებს შორის... ნაშრომი "გული, ბანაკში განბრძნობილი (განთხეული, გასხივოსნებული, განწმენდილი)" ("თვითგადარჩენის თვითმასწავლებელი") კი იმ ორ წელიწადს ეხება, რომელიც ბეტელჰაიმმა ნაცისტების ბანაკში გაატარა.

- ეს წიგნი 90-იან წლებში წავიკითხე, მაშინ მეგონა, წარსულს ჩაბარდა XX საუკუნის სენი, ადამიანები მასობრივად რომ იმონებდნენ სხვა ადამიანებს, აპროგრამებდნენ, ამწყვდევდნენ, ხოცავდნენ, - თითქოს ხმამაღლა ფიქრობს ირაკლი ლომოური, - მეგონა, ეს სახადი უკვე მოხდილი ჰქონდა კაცობრიობას. დრომ აჩვენა, ეს ჩემი გულუბრყვილო, ბავშვური წარმოდგენა ყოფილა... ვიცით, რომ ადამიანები ვერ სწავლობენ თავის შეცდომებზე, უარეს შეცდომებს უშვებენ, ემონებიან უვიცსა და ბოროტს.

ბეტელჰაიმის წიგნი მართლა განსაცვიფრებელი და შემზარავი დოკუმენტია, რადგან აღწერილია ტოტალიტარული სისტემა, რომელიც ადამიანს აქცევს "იდეალურ ტუსაღად" - ეს მისი ტერმინია. ბანაკში სისტემა კონცენტრირებული სახით არის გამოხატული, თორემ მთელი საზოგადოება, ფაქტობრივად, ერთი დიდი საკონცენტრაციო ბანაკი გახლდათ.

ტოტალიტარული სისტემის მიზანი იყო, ადამიანი გადაექციათ "იდეალურ ტუსაღად", დაემსგავსებინათ მექანიზმისათვის, რობოტისთვის, მიეყვანათ ისეთ დონემდე, ფიურერი ბრძანებას რომ გასცემდა, წამსვე შეესრულებინა. ნაცისტური, ისე როგორც საბჭოთა ბანაკები, მოწოდებული იყო, ადამიანი ხელახლა "აღეზარდა", გარდაექმნა.

2002 წელს ბრუნო ბეტელჰაიმის წიგნის შესახებ სტატია გამოვაქვეყნე ჟურნალ "ომეგაში" და მივაწერე, ისტორიის ცოდნა აუცილებელია, რომ მომავალი თაობები გადავარჩინოთ იმავეს განმეორებისაგან-მეთქი. მაშინ ვერც წარმომედგინა, რომ დემოკრატიის ნიღბით შეიძლებოდა ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი გაჩენილიყო. ის კი მეგონა, კომუნიზმის ან სხვა კოლექტივისტური იდეის საფუძველზე შეიქმნებოდა რაღაც ახალი, დიდი ტყუილი და ადამიანები დაიჯერებდნენ...

ამ ათი წლის მანძილზე მოხდა საშინელი რაღაც, რასაც კოშმარულ სიზმარშიც ვერ ვნახავდი... თურმე დემოკრატიის ლოზუნგებით მოსულ ხელისუფლებას შეუძლია ასეთივე ავტორიტარულ-ტოტალიტარული სისტემის მშენებლობა დაიწყოს, ადამიანები დააპროგრამოს, რომ იყვნენ მისი ერთგულები და უსიტყვო შემსრულებლები. აიძულონ, რასაც უბრძანებენ, განუსჯელად მიიღონ...

- დღევანდელი რეალობის შეფასება თითქოს რთული არ უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება შეგხვდეთ ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა მიმდინარე აღმშენებლობის, დემოკრატიის...

- ჩვენი უბედურებაც ეგაა, რომ, ეტყობა, ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს კრიტერიუმებზე, რითიც უნდა შევაფასოთ რეალობა. XXI საუკუნის ტოტალიტარიზმი თურმე შეიძლება აღმოცენდეს ღია საზოგადოებაში, მსოფლიოში, რომელშიც წაიშალა საზღვრები და ბარიერები, და იცით, რის ხარჯზე? მმართველი და მის გარშემო შეკრებილი ჯგუფი მართავს ქვეყანას ერთპიროვნულად, განუკითხავად, მის ხელშია ყველაფერი: საიდუმლო სამსახურები, პოლიცია, ჯარი... ეკონომიკა და ბიზნესი მონოპილიზებული აქვს... რეჟიმი ფლობს ყველა ბერკეტს, შეუძლია ნებისმიერი ადამიანი გააქროს, ანდა ჯიბეში რაღაც ჩაუდოს და ციხეში გაუშვას და ამას წინ ვერავინ აღუდგება. ეს ახალი ტიპის ტოტალიტარიზმია, გასხვავებული კლასიკური მოდელებისგან. თურმე სულაც არ ყოფილა აუცილებელი მართლა ტოტალური კონტროლი ადამიანის გონებასა თუ მასმედიაზე, როდესაც შენს ხელშია მძლავრი რეპრესიული აპარატი... ეს ხდება რუსეთში, ეს ხდება ჩვენთან...

გვაქვს თავისუფალი მედია, შესაძლოა, აქ მეტად, რუსეთში ნაკლებად. ამ მედიამ შეიძლება თქვას, რა ხდება, მაგრამ ხელისუფლებაზე ეს არავითარ გავლენას არ ახდენს. ყურსაც არ იბერტყავენ! რასაც უნდა, იმას აკეთებენ! ყველაფერი მათ ხელშია, არავის წინაშე არ აგებენ პასუხს!.. ქვეყანას ისე მართავენ, როგორც საკუთარ კარ-მიდამოსა თუ მამულს. ამას რეალურად ვერავინ ეწინააღმდეგება, დასავლეთი კი თვალს ხუჭავს... ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არც დემოკრატიაა და არც კაპიტალიზმი.

- და ყველაფერი სხვისი ბრალია? იქნებ ყველანი ერთად ვართ დამნაშავენი...

- რა თქმა უნდა! ჩვენი გულგრილობა და პასიურობა არის ამ განუკითხაობის წინა პირობა. ჩვენ, ვისაც შეგვიძლია რეალობა აღვიქვათ ისე, როგორც ვხედავთ, როგორც არის, და არ დავემორჩილოთ სხვის განკარგულებებს, ერთი რამ გვეშლება: ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე... ვინც ვაცნობიერებთ, რომ ეს ტყუილი და სიყალბეა, უნდა ავუხსნათ ადამიანებს, რა ხდება.. ლოიალობა მმართველის მიმართ, მისი აღიარება ერთადერთ ჭეშმარიტ და მართალ კაცად, ის, რომ მან თვითონ იცის, როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო და არავის აზრი არ აინტერესებს, - სწორედაც ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი, ავტოკრატიული მმართველობაა, რომლის წინააღმდეგ შინაგანად მაინც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირის დროს და ზოგი ხომ აშკარადაც იბრძოდა, ციხეშიც იჯდა...

ჩვენ კომუნიზმიდან მოვდივართ, დავინახეთ, რა ბოროტებაც იყო, არ გვინდოდა იმ სისტემაში ცხოვრება, გვინდოდა თავისუფალი სახელმწიფო... სინამდვილეში უფრო ფარისევლურ საშინელებაში აღმოვჩნდით. სსრკ-ში ცხოვრება უფრო მარტივი იყო, რადგან ერთმნიშვნელოვნად ვიცოდით, რომ ესაა საშინელება, ტყუილი. შავი და თეთრი გამიჯნული იყო. აქ კი გვარწმუნებენ, რომ ეს არის პროდასავლური, პროამერიკული სისტემა, რომელიც გვინდოდა! სინამდვილეში კი, სულ სხვა რაღაცაა...

- საინტერესოა, ბრუნო ბეტელჰაიმის მიერ აღწერილი მეთოდიკა, რომლითაც ადამიანებს იდეალურ ტუსაღებად აქცევდნენ. "ბავშვის დონეზე დაყვანა", როცა მხოლოდ ბრძანებასა და მითითებას ელოდები, სრულად კონტროლდები... "კოლექტიური პასუხისმგებლობა", როცა სხვისი დანაშაულის გამო შენც ისჯები და ამდენად, შენ თვითონ იწყებ სხვის კონტროლს, რომ არ დაგსაჯონ...

- აი, ერთი მაგალითი: ტუსაღების ჯგუფი ქვებს ეზიდებოდა. მეთვალყურე ესესელმა შენიშნა, ორი მათგანი ცდილობდა მომცრო ქვები ამოერჩია და ამით არღვევდა წესს - "არ გამოირჩე". საჭირო იყო მათი დასჯა - ესესელმა უბრძანა მათ, საფლავი გაეთხარათ და შიგ ჩამდგარიყვნენ. შემდეგ პატიმართა მეორე ჯგუფიდან ერთ-ერთს უბრძანა, ესენი ცოცხლად დამარხეო. მან კი უარი განაცხადა! ესესელმა გაიმეორა ბრძანება და თან კონდახი ჩასცხო. ისევ უარი! ამ ადამიანის სახელი ცნობილია - ეს იყო პოლონელი არისტოკრატი, გრაფი სტშასკა. სახელი ცნობილია იმიტომ, რომ ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა ბანაკში აშკარა ურჩობისა, რისთვისაც ერთადერთი სასჯელი არსებობდა - დაუყოვნებლივ დახვრეტა. მაგრამ იმ ესესელმა ბანაკის არსის უფრო ღრმა, ინტუიციური გაგება გამოავლინა. მან სტშასკა ადგილზე კი არ დახვრიტა, არამედ იმ ორს უბრძანა, ცოცხლად დაემარხათ იგი და მათაც მორჩილად დაიწყეს მისი დაფლვა. როცა სტშასკას თავი ოდნავღა ჩანდა მიწის ზედაპირზე, ესესელმა უბრძანა, ისევ შეეცვალათ ადგილები, ანუ სტშასკა ამოეთხარათ და ის ორი ისევ ჩამდგარიყო საფლავში. ესესელმა ისევ უბრძანა სტშასკას მათი დამარხვა. სტშასკამ ამჯერად ისინი ცოცხლად დამარხა... მერე კი, დახვრიტეს...

სტშასკას ჰქონდა შინაგანი, ზნეობრივი მიჯნა და ის ადამიანი იყო. ის რომ მაშინვე დაეხვრიტათ, დაიღუპებოდა თავის მიჯნიანად, დაიღუპებოდა, როგორც ადამიანი. ბანაკისთვის კი მთავარი იყო მისი გატეხა, მისი პიროვნების მოსპობა და არა უბრალოდ ფიზიკური მოსპობა, რაც კიდეც მოახერხა რიგითმა ესესელმა ჯოჯოხეთური ოსტატობით.

- არსებობენ შემსრულებლები, მაგრამ აღარ არიან პიროვნებები, - ეს ხომ სახელმწიფოსთვისაც დიდი კატასტროფაა!

- სისტემას გააჩნია! სისტემას, რომელიც მომართულია ძალმომრეობისა და ტოტალიტარიზმისკენ, არ სჭირდება პიროვნებები, სჭირდება შემსრულებლები.

- ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება პიროვნებები...

- ვის "ჩვენ"? საღად მოაზროვნე და პატიოსან ადამიანებს სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არავითარი საშუალება, გარდა იმისა, რომ შეგვიძლია სამზარეულოში ვილაპარაკოთ ან ინტერვიუ მივცეთ და ერთმა ან ორმა გაზეთმა გააშუქოს. მაგრამ ჩვენს სიტყვას დაეკარგა ძალა, აღარ ეშინია ხელისუფალს, ჩვენს სიტყვას გავლენა არ აქვს... კიდეც სათავისოდ იყენებენ ამას, ამბობენ, ჩვენთან დემოკრატიაა, რაც გინდათ, ხომ ლაპარაკობთო...

ესაა XXI საუკუნის ტოტალიტარიზმის თავისებურება, ორუელის ანტიუტოპიაში ახალ ენას ქმნიან, ადამიანების სრული მართვა-დაპროგრამება რომ მოახერხონ, არადა, ჩვენდა საუბედუროდ, აღმოჩნდა, ეს ძველი ენისა და "სიტყვის თავისუფლების" (ნაწილობრივი თავისუფლების) პირობებშიც კი შესაძლებელი ყოფილა. ტოტალიტარიზმის ახალი მოდელი, ჩვენთან და რუსეთში რომ ყალიბდება, როგორც უკვე ვთქვით, ძალაუფლების ტოტალიტარულ კონცენტრაცია-მონოპოლიზაციას გულისხმობს, ადამიანის სრულ უუფლებობა-დაუცველობას მმართველის წინაშე, და კიდევ ერთი ნიშანი: საზოგადოება და მმართველი ელიტა ცალ-ცალკე განზომილებაშია, რეალურად შეხების წერტილიც კი არ აქვთ, მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში შეიძლება დაინახონ ერთმანეთი... სინამდვილეში, ჩვენ მათთვის ხელის შემშლელები ვართ, თუ სხვა აზრს გამოვთქვამთ, მტრები ვართ, მექანიკურად ვიქცევით მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად... ურჩევნიათ, საერთოდ არ ვარსებობდეთ.

- და თუ ასე გაგრძელდა, რას მივიღებთ?

- თუ დავკარგეთ შეწინააღმდეგების სურვილი და შევეგუეთ ყველაფერს, დავკარგავთ საკუთარ თავს. თუ გავჩუმდით, ყველაფერი მოვითმინეთ, - უსამართლობა, ბოროტება, უზნეობა - ვიქნებით საშუალებები, ბრმა იარაღი მმართველისათვის. გადავიქცევით "იდეალურ ტუსაღებად". ეს არის ტრაგედია!..

XIX საუკუნეში გაჩნდა ილუზია, რომ სამყაროს ცენტრში ადამიანი დგას და არა ღმერთი, და ადამიანმა გადაწყვიტა ღმერთის "გაუქმება", არარსებულად გამოაცხადა... ანუ ადამიანმა დაკარგა ღმერთი და მერე, XX საუკუნის საზარელი სოციალური ექსპერიმენტების შემდეგ, აღმოაჩინა - თავის თავში ადამიანი დაუკარგავს... ესაა პირდაპირი გზა ცხოველად, მხეცად გადაქცევისა... ჩვენი მმართველები სოციალ-დარვინისტები არიან. მათთვის ევოლუცია საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც ვრცელდება. ბრძოლა გადარჩენისთვის, კონკურენცია, თეზისი: ძლიერი მართალია, მათი ცნობიერებისა და ქცევის საფუძველია. სინამდვილეში არაფრისა სწამთ, პრაგმატიკოსები და მატერიალისტები არიან. რაც ამას ეწინააღმდეგება, უბრალოდ, აღიზიანებთ.

ჩემი აზრით, სწორედ სოციალ-დარვინიზმია ჩვენი მმართველების სიღრმისეული იდეოლოგია. უფრო ზუსტად, ცხოვრებისეული პრინციპი - "მოერიე, შეჭამე"... არავითარი დემოკრატია და ლიბერალური ფასეულობები! ანტილიბერალები არიან, თავისუფალი არჩევანის საშუალებას სპობენ. ისე, როგორც, ვთქვათ, სპობენ განათლების სისტემას. ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ადამიანმა მხოლოდ წერა-კითხვა, ინგლისური და კომპიუტერი იცოდეს. განა შეიძლებოდა იმ სამეცნიერო პოტენციალის დაკარგვა, რაც გვქონდა?!. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გონივრულად უნდა გამოგვეყენებინა ინტელექტუალური რესურსები, კი არ მოგვესპო... გაანადგურეს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტები (მაგ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი), ვითომ უმაღლეს სასწავლებლებს შეუერთეს, მაგრამ იქაც მოსპეს შესაბამისი სკოლები, გააუქმეს ფაკულტეტები. ანდა, განა უნივერსიტეტი დამოუკიდებელია? ავტონომიურია? სინამდვილეში, ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით იმართება. ვინც არ არის მმართველის ერთგული და მეტ-ნაკლებად აქტიურია, სამსახურიდან უშვებენ...

- ისე, როგორც ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაუშვეს ლელა გაფრინდაშვილი...

- ზუსტად მაგას მოგახსენებთ! და არა მხოლოდ ქალბატონი ლელა, არამედ მრავალი სხვაც... ნოდარ ხადური, დავით ნარმანია, გიორგი ყიფიანი, ხათუნა ჩარკვიანი... ეს, ვინც გამახსენდა... მოკლედ, ყველანაირ ზღვარს გადადიან... სინამდვილეში  გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ.

საქართველო დღემდე ღვთის წყალობით მოვიდა, მართალი ადამიანების მცდელობით, ვინც თავისი თავისთვის კი არა, მოყვასისა და ღვთისთვის ცხოვრობდა. ახლა გადარჩენა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მეტი გავაცნობიერებთ, თუ რა გვჭირს და როგორ უნდა ვიცხოვროთ... ვიცხოვროთ არა საკუთარი თავისათვის, არა საკუთარი სიამოვნებისათვის, არამედ სულისათვის, ერთმანეთისათვის...

P.S. ეს ინტერვიუ ცნობილი სადისტური წამების კადრების გავრცელებამდე ათი დღით ადრე ჩაიწერა. ვიფიქრე, მიმდინარე ამბებზეც მეკითხა რესპონდენტისთვის, მაგრამ ყველაფერი იმდენად ნათლად იყო ნათქვამი, რომ გადავწყვიტე სიტყვა აღარ მიმემატებინა...

უდაბნოს აშენებენ და... ედემს უწოდებენ

ტაციტი