"ისლამის უცოდველობას" შეწირული მსახიობები - კვირის პალიტრა

"ისლამის უცოდველობას" შეწირული მსახიობები

სკანდალური ფილმის გამო მუსლიმანური სამყარო აშშ-ს დაუპირისპირდა. დემონსტრანტები აშშ-ის წარმომადგენლობასა და საელჩოს დაესხნენ თავს, რასაც ოთხი ამერიკელი ემსხვერპლა

სკანდალურ ფილმში "ისლამის უცოდველობა" მონაწილე მსახიობებმა ანა გიორგობიანმა და ლილი დიონმა განაცხადეს, რომ ისინი მოატყუეს, სულ სხვა ფილმში გადაიღეს, საბოლოოდ კი ეკრანზე სრულიად განსხვავებული კინოპროდუქცია გამოვიდა. "რეჟისორმა ჩვენი სახელებითა და სახეებით ბოროტად ისარგებლა", - ამბობენ ლილი და ანა გურჯის სახელით ცნობილი ქართველი მსახიობი.

როდესაც ისინი კასტინგზე დაიბარეს, იცოდნენ, რომ რეჟისორს ფილმი "უდაბნოს მეომარი" ტომებს შორის ბრძოლებზე უნდა გადაეღო. ფანტასტიკური ჟანრის ფილმში მოვლენები დედამიწაზე კომეტის ჩამოვარდნის შემდეგ ვითარდებოდა. კინოპროდუქციის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ მსახიობები დაიბნენ. მათ მიაჩნიათ, რომ აფერისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ. რეჟისორმა და პროდიუსერებმა ბოროტად გამოიყენეს მათი სახელები, სახეები და მსოფლიოში რელიგიათა დაპირისპირების ნიადაგზე ომის დაწყების საფრთხე შექმნეს. მსახიობების განმარტებით, შეცვლილია არა მხოლოდ ფილმის სახელწოდება, არამედ გახმოვანებაც. კადრებს სულ სხვა ხმა ედო, მსახიობების ჩანაწერები გამქრალია, მხოლოდ პირის მოძრაობაზე თუ მიხვდები, რომ არტიკულაცია სკანდალურ შინაარსს არ ემთხვევა.

ახალი ხმოვანი ტექსტით ფილმის შინაარსი შეცვლილია. სახელი "უდაბნოს მეომარიც" გადააკეთეს და მიიღეს პროვოკაცია, რომლის გამოც ატეხილმა აჟიოტაჟმა არაბეთის ქვეყნებში უდანაშაულო ადამიანები შეიწირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის ერთ-ერთი შემქმნელის, ბასილი ნიკოლას ოჯახი გაიხიზნა და სავარაუდოდ, უკვე ძებნილ ოჯახის უფროსს შეუერთდა.

ფილმის გამოსვლის შემდგომ დაწყებული ისლამისტების მღელვარების გამო ანა გურჯმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა, სადაც სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ ისიც დაზარალებული და შეურაცხყოფილია. "მუჰამედი და რელიგია გადაღებების დროს არც კი უხსენებია არავის. დარწმუნებული ვარ, გადაღებებში მონაწილე არც ერთმა მსახიობმა არ იცოდა, სინამდვილეში, რა იყო დაგეგმილი. მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ამ საზიზღრობის შესაქმნელად გამოგვიყენეს. რომ მეკითხებიან, რა რეაქცია მქონდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ჩემი პასუხია - "შოკი". არ ვიცი, კიდევ რა გავაკეთო, გარდა იმისა, რომ ვთქვა სიმართლე, არაფერი მაქვს დასამალი. თუ სიმართლეს არ ვიტყვით, მაშინ სამყაროში არაფერი  რჩება ღირებული, რომ ვიცხოვროთ", - ამბობს ანა გურჯი. ამერიკაში მცხოვრებ ანას დაცვა მიუჩინეს და, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებთანაც კი ეკრძალება ურთიერთობა. მისი დის, რეჟისორ ხათუნა გიორგობიანის განცხადებით, ანას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის დაცულია, მის მიმართ აგრესიაც შემცირდა, თუმცა, მანამდე ემუქრებოდნენ როგორც რადიკალი, ასევე ის ისლამისტებიც, ვისაც სჯერა, რომ მსახიობები მოატყუეს.

სკანდალური ფილმის გამო მუსლიმანური სამყარო ამერიკას დაუპირისპირდა. ფილმში მუსლიმანთა წინასწარმეტყველი მუჰამედი უღირს ადამიანად არის წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს მუსლიმანებმა შეურაცხყოფად მიიღეს და დღემდე არ წყდება მათი დემონსტრაციები. ლიბიის ქალაქ ბენღაზში გამძვინვარებული დემონსტრანტები აშშ-ის წარმომადგენლობასა და საელჩოს დაესხნენ თავს, რასაც ოთხი ამერიკელი ემსხვერპლა. მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო რამდენიმე წლის წინ აბობოქრებული მუსლიმანური სამყარო კიდევ ერთხელ აპირებს ანგარიში გაუსწოროს ამერიკას და ტერორიზმით იმუქრება.

მომხდარის თაობაზე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფილმი მართლაც ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლება ვერავის აუკრძალავს ფილმის გადაღებას.

ანა გიორგობიანი (ანა გურჯი)

ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი (ანა გურჯი) 1991 წლის 1-ელ აპრილს დაიბადა. ის გადაღებულია ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში "ეს დღე რომ არ ყოფილიყო" (2005). 1998 წელს ითამაშა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "ქალაქი" ეპიზოდში. 2007 წელს ანა ამერიკულ ტელეპროექტ "სიგნალებში" დაამტკიცეს ათანასიას როლზე და ამავე დროს მიიწვიეს რეჟისორ დუსან რაპოსის 2008 წლის სლოვაკურ-უნგრულ ფილმში "ჩინკა პანა", სადაც XVIII საუკუნეში მცხოვრები მევიოლინე გოგონა განასახიერა.

ჯვართხერხვის" აქცია

10 სექტემბერს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კედელზე დახატული წმინდა ნინოს კარიკატურის გამო მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა მცირემასშტაბიანი აქცია გამართა. მათ გააპროტესტეს დაუდგენელი პირების მიერ წმინდა ნინოს კარიკატურის გამოსახვა. აქციის მონაწილეების ვარაუდით, წმინდა ნინოს კარიკატურა რუსეთის ფემინისტური პანკჯგუფ Pussy Riot-ის დაპატიმრებულ წევრთა მხარდამჭერებმა გამოსახეს და ეს არის რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული რელიგიის შეურაცხყოფა და ეკლესიაზე თავდასხმა. მათ მიმართეს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, გამოიძიონ ეს ფაქტი და დამნაშავეებს დააკისრონ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. Pussy Riot-ის ე.წ. მხარდაჭერა უკრაინელ ექსტრემისტ ფემინისტთა მოძრაობა "ფემინამ" ჯვრების გადახერხვით გამოხატა და პირობა დადო, რომ რუსეთში "ჯვართხერხვის" გასტროლებს მოაწყობდნენ. დაუდგენელმა პირებმა მართლაც გადახერხეს მართლმადიდებლური ჯვრები. "ჯვართხერხვის" აქცია ჩატარდა ჰოლანდიაშიც.

ასევე იხილეთ სტატიები და ვიდეო:

- "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

- კალიფორნიაში ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდიუსერი დააკავეს

- ექსკლუზიური დეტალები ანა გურჯის ცხოვრებიდან

- ქაშუეთთან, ტაძრის ეზოში გამოსახული წმ. ნინოს ხატის კარიკატურა გააპროტესტეს