"სააკაშვილი გვეუბნება, იდიოტი ვარო" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი გვეუბნება, იდიოტი ვარო"

"ამას ფაშისტები სჩადიოდნენ!"

სიდამპლე უნდა  მოიკვეთოს!

გასული კვირის შემზარავ მოვლენებს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ეხმაურება.

- არასდროს მინახავს მსგავსი სისასტიკე. ახლა მოდურია სიტყვა "შოკირებული" და ყველა გაიძახის, რომ ამ მდგომარეობაშია. მაგრამ როგორ მოვედით აქამდე?! არ დაიჯეროთ, რომ "ამნაირობა" წარსულში ხდებოდა. ტყუილია! ადრე ჭორად გავიგებდით ვინმეზე, რომ მსგავსი რაღაც გააკეთა და ესეც იმდენად დიდი იშვიათობა იყო, დაჯერება გვიჭირდა. ახლა კი ამ 9 წლის განმავლობაში პერმანენტულად ულახავდნენ პატიმრებს ღირსებას, საშინელი მეთოდებით აწამებდნენ. გამიგია, რომ ასეთი რამ საკონცენტრაციო ბანაკებში, ომის დროს ხდებოდა და ამას ფაშისტები სჩადიოდნენ! მაგრამ ქართველი ქართველს ამგვარად ექცეოდეს, პირველად ვნახე. ის, რომ არაფრის გამო ყოველდღე ახალგაზრდებს აუპატიურებენ, აბუჩად იგდებენ და ღირსებას ულახავენ, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება. რატომ? რისთვის? ასეთი რა დავაშავეთ? მიშა გაჰყვირის, დანაშაულმა იკლოო. როგორ იკლო? 2002 წელს 6 ათასი პატიმარი იხდიდა სასჯელს, ახლა - 35 ათასი იხდის. ან დანაშაულმა იმატა, ან უდანაშაულოები გვყავს ციხეში! პრეზიდენტმა თურმე არც კი იცოდა, რა ხდებოდა ციხეში. ბლეფია! დიახ, ბლეფის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ფეხებზე მკიდია ის სადისტები, ვინც ასეთ საშინელებებს აკეთებენ, მოსაკლავი არიან, მაგრამ უპირველესად უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც წლების განმავლობაში ხელს აფარებდნენ ამ დანაშაულს. ეს ის ხალხია, ვინც კიდევ შეეცდება, ამ ქვეყანაში  ხალხს დედა უტიროს და გაამწაროს.

გამოვიდა წიკლაური და გაამართლა ახალაია. ასეთი უბედურებაა ეს კაცი! ამისთანებს წარსულიც ფეხებზე ჰკიდიათ, არც მომავლის ფასი იციან,  ოღონდ აწმყო და დიდი ფული ჰქონდეთ და მეტი არაფერი უნდათ! ესენი საშინელი ადამიანები არიან, მაგრამ ასეთებსაც ხომ სჭირდება პოვნა, გაერთიანება, გუნდად ჩამოყალიბება? უნდა ვაღიარო, რომ პრეზიდენტმა ეს შეძლო. მან შემოიკრიბა საზიზღარი, ნამუსგარეცხილი არაადამიანები, რომლებიც შავზე თეთრს ამბობენ, თვალებში ნაცარს გვაყრიან. ხომ გახსოვთ, სვანეთში აფრასიძეები რომ დახოცეს!.. კი არ დაიჭირა პოლიციამ, არამედ ათასი კაცით გამოუცხადა ბრძოლა შვიდკაციან ოჯახს. წესით, ამის შემდეგ აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა. ახლა გავრცელდა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა და ვითომ პირველად ნახეს, გვიბოდიშებენ, ის გადააყენეს, ეს გადმოაყენეს. არა, თქვენი ჭირიმე! თანამდებობის პირების გადაყენება საქმეს ვერ უშველის! თევზი თავიდან ყარს! მთავარია, საიდანაც მოდის ეს სიდამპლე, ის მოიკვეთოს!

საქართველო დაემსგავსა ერთ დიდ ციხეს, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი,  - ერთი გისოსებს იქითაა, მეორე - აქეთ. თავისუფლების შეგრძნება აღარ არსებობს, ურთიერთსიყვარულიც დაგვაკარგვინეს, სიძულვილით აყვავდა ქვეყანა და, რასაკვირველია, ამაში ხალხიც ვართ დამნაშავე! არჩევანი აღარ დაუტოვეს ქვეყანას. ხშირად ვამბობთ, ილიას მშობელი ერი ვართო, მაგრამ ილიას მკვლელებიც რომ ვართ, ბარემ ეგეც ვთქვათ! "ყველა ყრუი, ყველა ცრუი", ესეც ხომ ჩვენზეა ნათქვამი. მიხარია, რომ გამოვფხიზლდით ამ საშინელი კოშმარისგან. ახალგაზრდობამ იფეთქა, იქუხა. ამ შესანიშნავმა მოვლენამ დაამტკიცა, რომ საქართველოში ჯალათებს არაფერი გამოუვათ არც წამებით, არც მკვლელობით, არც სატანობით. საქართველო ერთიანობით გაიმარჯვებს! პატიმრებს ახლა მხოლოდ იმიტომ არ სცემენ, რომ ეშინიათ! ეს ერის ერთიანობის შიშია. პრეზიდენტს ისღა დარჩენია, თქვას, რომ ამ უბედურებაში თავად არის დამნაშავე. ის, რომ ასეთი უვარგისი მინისტრები ჰყავდა, იმ მინისტრებს კი ისეთი სასტიკი ხელქვეითები, პრეზიდენტის ბრალია. თუკი არ იცოდა, ეს უბედურება რომ ხდებოდა (რაც არ მჯერა), ესეც მისი ბრალია! ახლა, ფაქტობრივად, სააკაშვილი გვეუბნება, იდიოტი ვარო, რა ხდებოდა ქვეყანაში, გაგებაში არ ვიყავიო. არადა, ყველა ციხეში და ნულოვანი ტოლერანტობაო, ის არ გაიძახოდა?!

ვაცხადებ, ჯერ პასუხი უნდა აგოს პრეზიდენტმა და შემდეგ სხვებმა. თუმცა, ამას დღეს არსებული სასამართლო ვერ გააკეთებს, ვერც დღევანდელი პროკურორი მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას. ისინი მართალმა ადამიანებმა უნდა გაასამართლონ.

- მივა კი სიტუაცია არჩევნებამდე?

- ბევრი იცვამს "ქართული ოცნების" მაისურს და ცდილობს, ამ ახალგაზრდებში  პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანი, გულწრფელი და თვითმყოფადია, მას არავინ მართავს. პროვოკატორებს არაფერი გამოუვათ!