"მას სტკიოდა ადამიანი! ეს იყო დვრიტა, რომელზეც პოეზია შეიძლებოდა დაშენებულიყო" - კვირის პალიტრა

"მას სტკიოდა ადამიანი! ეს იყო დვრიტა, რომელზეც პოეზია შეიძლებოდა დაშენებულიყო"

"არავის ესმის ჩემი პოეზია, არავინ არ არის მისი წაკითხვის ღირსი!"

"იგი გამოხვეულია თბილ, ჭუჭყიან ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე.

- ვინ არის ეს კაცი? - იკითხეს.

- გრანელია, პოეტი, - იყო პასუხი.

იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველა ადამიანი. ახლა ძონძებიც აღარ აცვია. თოვს, ზამთარია, ის კი თეთრეულის ამარა მიაბიჯებს.

- ვინ არის ეს კაცი? - იკითხეს.

- გრანელია, პოეტი, - იყო პასუხი."

ეს სტრიქონები პოეზიის მეფეს - გალაკტიონს ეკუთვნის. ვინც კარგად იცნობს მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, გაიგებს, რა იშვიათობა იყო და რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მან დაწერა "გრანელია, პოეტი!"

ტერენტი გრანელი პოეტი იყო, ამ სიტყვის გალაკტიონისეული გაგებით, რაც უფრო საგულისხმოა, ვიდრე კარგი, ან საინტერესო ლექსების ავტორი, ლანდებთან ლიცლიცი, ან სიზმარეულ ზმანებებთან საუბარი. ამ ყველაფრის სიღრმეში უნდა ყოფილიყო ერთი მარცვალი - პოეზიის მარცვალი, პოეტის დამოკიდებულება სამყაროსთან... ტერენტი გრანელს ეს ჰქონდა. ნაკლებმნიშვნელოვანი ჩანდა, როგორ გაირითმებოდა სტრიქონები, რამდენად იშვიათი იქნებოდა ლექსიკა, რომელსაც გამოიყენებდა... ის იყო პოეტი. ამას ვერც ის მძიმე სენი შეცვლიდა, ასე სასტიკად რომ ცვლიდა ადამიანის სახეს და ზამთარ-ზაფხულის შეგრძნებასაც ართმევდა... პირიქით... წარმოსახვებმა მეტი თავისუფლება იგრძნეს და პიროვნულ რღვევას კი არა, პიროვნების მკვეთრ გამოხატვას შეუწყვეს ხელი...

ტერენტი გრანელის და - ზოზია კვირკველია იხსენებდა: "ტერენტის ავადმყოფობა შემატყობინეს და სასწრაფოდ თბილისში ჩამოვედი. მაშოსთან ერთად სურამში ვაპირებდი გამგზავრებას. იქ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა ტერენტი. ის-ის იყო, უნდა გავსულიყავით სახლიდან, რომ ტერენტი გამოჩნდა. გავოცდით, ჯერ ერთი, არ ველოდით, მეორე და, ავადმყოფს არაფერი უგავდა. იმ ღამეს თითქმის არ ეძინა. ვინმეს ფეხის ხმას რომ გაიგონებდა, იჩემებდა: -“ამაღამ მომკლავენო... მაშინ ამისთვის საგანგებო მნიშვნელობა არ მიგვიცია, ტერენტის ავადმყოფობა გვტანჯავდა.

ტერენტი ნიჭიერი იყო, თავაზიანი, ნამეტნავად გულუბრყვილო, მაგრამ უღარიბესი, ამიტომ ეცოდებოდათ მეგობრებს, პოეზიის მოყვარულებს და ეხმარებოდნენ, მერე კი თვითონ ტერენტიც არ ერიდებოდა მათთვის კაპიკების გამორთმევას. თუკი საჭიროზე მეტს მისცემდნენ, უკან უბრუნებდა. მაშოს უთქვამს და ტერენტის მეგობრები წერენ, - ტერენტი ყოველთვის ცდილობდაო პატივისცემის გადახდას. აიღებდა თუ არა ლექსის ჰონორარს, იქვე დახარჯავდა. მეტიც: ერთხელ წიგნის ჰონორარი აუღია და იქვე დაუტოვებია - გამოიყენეთო. სიამაყე კი თავისი გონების საკადრისი ჰქონდა".

ვიღაცისთვის წარმოუდგენელი იყო ასეთ სიდუხჭირეში მცხოვრები პოეტის ხელგაშლილობა, ამიტომაც იოლად მიაწერდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ბევრ მის საქციელს, მაგრამ რა იცოდნენ, რომ არა ეს სენი, იგივე დარჩებოდა... ლამაზად ჩაცმული და თბილ ბუხართან მოკალათებულიც რომ ყოფილიყო, გარეთ გამოსული იმ პერანგს გაიხდიდა და სხვას მისცემდა... თბილ სახლში დაბრუნებას კი ეკლესიის ეზოში, ფიცარნაგზე ღამის გათენებას არჩევდა... ასე სხეულს სტკიოდა და სული ნეტარებდა... თუ ხელებს სიცივე არ დაუზრავდა, თუ სიცხე არ გათანგავდა დამაშვრალს, მაშინ სული საღათას ძილით მიიძინებდა... სენი კი... სენი იმას ცვლიდა, რომ მას არ შეეძლო, დაეგეგმა რამე... არ შეეძლო, აკვიატებულ შიშთან გამკლავებაც... ის ამბავი კი, რომ ტერენტი გრანელი უცნობ მიცვალებულებსაც მიაცილებდა სასაფლაომდე, სრულიად ლოგიკური იყო... სამყაროს ჭირისუფლად ყოფნა ეწადა. ამქვეყნიურ ცხოვრებას განშორებულ ყველა მოყვასს თავის ცრემლს აყოლებდა და ტკივილს იტოვებდა. მას სტკიოდა ადამიანი! ეს იყო დვრიტა, რომელზეც პოეზია შეიძლებოდა დაშენებულიყო.

აკაკი ანდრიაშვილი: "მე და ტერენტი ნიკოლოზის სასაფლაოდან მოვდიოდით. თხრობას უნდა გადავუხვიო და აღვნიშნო ტერენტის განსაკუთრებული ლტოლვა სამგლოვიარო პროცესიებისადმი... იმ დროს დამარხვა ხდებოდა სამხედრო ორკესტრის თანხლებით. საკმარისი იყო, ტერენტის ყური მოეკრა ამ მუსიკისათვის, რომ ყველაფერს თავს მიანებებდა და აჰყვებოდა პროცესიას. ამ დღესაც ტერენტიმ ვიღაც უცნობი მიცვალებული მიაცილა ნიკოლოზის სასაფლაოზე.

მე იქ შევხვდი. ერთად წამოვედით სახეტიალოდ. ესენინი შეგვხვდა, ორივეს გვთხოვა, პურმარილზე განგვეგრძო საუბარი. ჩავედით იქვე ახლოს სასადილოში. ტერენტიმ ესენინს ჩემი თავი გააცნო. ტერენტი საკმაოდ კარგად ფლობდა რუსულს და ესენინის რამდენიმე საუკეთესო ლექსი ზეპირად იცოდა.

ტერენტის პოეზიის სათავე იყო უკურნებელი სევდა: "რატომ არ შემიძლია ერთსა და იმავე დროს ვიყო ყველგან, დედამიწის ყველა კუთხეში, სხვა პლანეტებზე", - იტყოდა ხოლმე. გულს ტკენდა საზოგადოების მიერ მისი პოეზიის არასაკმარისად დაფასება. ერთხელ ვერის ხიდთან შემხვდა და აღელვებით მითხრა: "ამ წუთას ხიდზე რომ მივდიოდი, მტკვარში გადავყარე ერთი იღლია "მემენტო მორი". რატომ გააკეთე-მეთქი. მიპასუხა: "სულერთია, არავის ესმის ჩემი პოეზია, არავინ არ არის მისი წაკითხვის ღირსი!"

უნდოდა, ყველგან ერთდროულად ყოფილიყო, რომ კიდევ უფრო დიდი სამყარო ჩაეტია თავის არსებაში, კიდევ მეტი ტკივილი გაეზიარებინა...

ამიტომაც ეკლესიის ეზოში მეტ სიმშვიდეს პოულობდა, იქიდან ხედავდა, როგორ მიდიოდნენ სამსახურში ადამიანები, მერე როგორ ბრუნდებოდნენ შინ. მას არც სამსახური ჰქონდა, არც სახლი... ის ყვითელი ფოთოლივით იყო: თავის შემოდგომასთან და საკუთარ ერთადერთობასთან განმარტოებული. ამიტომაც დაუძახა ნიკა აგიაშვილს ერთხელ: "საყდრის ლაფაროში ჩაყრილი ხმელ-ხმელი ფოთლები ამოკრიფა, პეშვი აავსო, რკინის მესერს მოადგა და გამომიწოდა, - იხსენებს ნიკა აგიაშვილი, - თან სადღაც ჩემს იქით იყურებოდა ანთებული თვალებით და ნაღვლიანი ლაპარაკობდა:

- აი, ეს ყვითელ-ყვითელი ფოთლები ვიყავი მე. ტიფით ავად გავხდი და ამ ბჟოლის ფოთლებს დავემსგავსე. ასე გავყვითლდი და ძირს დამყარა ქარიშხალმა. ახლა აქა ვარ. მოდი. მწვანეზე წამოწექ!

მწვანე” კი არსად ჩანდა. მარტოოდენ ქვები იყო ამოჩრილი და მათ გარშემო შრიალ-შრიალით ატრიალებდა ქარი ხმელ-ხმელ და ჩაყვითლულ ფოთლებს.

- არ, გცივა? - შევეკითხე და მისი თხელი ხალათი შევათვალიერე. ცხვირი და ტუჩები სიცივისაგან გალიგვებოდა.

- შევეჩვიე, - მითხრა და კვლავ მომმართა, - წამოწექ აქ. ჩემსავით იქნები მეოცნებე ყვითელი ფოთოლი.

შემდეგ ჩაიცინა, ფოთლები მიმოაბნია და ქარს გაატანა. ხის ტოტიდან საღვარეში რომელიღაც ჩიტი ჩახტა და გაგოგმანდა. ჩიტს ხელი აუქნია - "აქშაო", -” შეუძახა. ფართოდ ჩამოხეული ცალი სახელო იდაყვამდე ჩამოეშვა, ქარმა ყურთმაჯივით აუფრიალა იგი და ლურჯი ნარმის პერანგი გამოუჩინა.

ხელი ჩამოვართვი. არ გამიშვა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა:

- რა მიგეჩქარება! მე აქ უნდა დავესახლო. კარგი ადგილია. მარტო ვიქნები და ხელს არავინ შემიშლის ოცნებაში. მალე თოვლი მოვა, მშრალი თოვლი. თოვლის ფანტელებს უნდა გავყვე"...

"ერთი იღლია" "მემენტო მორი" - მისი წიგნები იყო, შესაფერისი სახელით - "გახსოვდეს სიკვდილი". ეს ყველაფერს ხსნის. თბილად ჩაცმულსა და დაპურებულს, მოლხენილს და განებივრებულს  გახსოვდეს სიკვდილი! მაშინ საკუთარ ყვითელ ფოთლობას უფრო დაიჯერებ, ვიდრე კეთილდღეობას... და იქნებ მაშინ უფრო მართალიც გახდე საკუთარი თავის წინაშე...

("ჩემი რჩეულის" სერიით მკითხველი ტერენტი გრანელის ერთტომეულს მიიღებს, წიგნს, რომელიც მუდამ გაგახსენებთ ძველ პოსტულატს: "მემენტო მორი!")