"ათეიზმმა გამოაშტერა ჩვენი საზოგადოება" - კვირის პალიტრა

"ათეიზმმა გამოაშტერა ჩვენი საზოგადოება"

"ხალხისთვის სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი იყო"

"სახარებაში წერია: დაემორჩილე ღმერთს, წინ აღუდექი ეშმაკს და ილტვოდეს შენგან!"

"მრავალი წამებულის მშობელი ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს ამ საშინელი სადიზმითა და უხამსობით!"

დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი: "სამართალი უნდა მოითხოვო, არ უნდა ელოდო"

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიმარს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა. არავინ არ არის დაზღვეული პატიმრობისაგან. ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით მინდა ვთხოვო: დაეხმარეთ, უშველეთ მათ. ახალგაზრდობა, რომელიც ციხეშია, იმ ასაკშია, როდესაც ოჯახს უნდა ქმნიდეს და არა - ციხეში იჯდეს"...”- ეს არის ამონარიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 2012 წლის 8 ივლისის საკვირაო ქადაგებიდან.

18 სექტემბერს, ვიდეომხილების გახმაურების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა  განცხადება, რომელშიც დაგმო ეს სისასტიკე. "ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება," - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქმა ერს მოუწოდა, პირველ ოქტომბრამდე ყოველდღე წაიკითხონ ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო" და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მისი თქმით, ამ ლოცვას ბევრჯერ უხსნია ერი განსაცდელისგან და ამჯერადაც იხსნის.

ციხეებში ჩადენილ სისასტიკეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა მიუნხენში ქართული, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე: "ითქვა, რომ ეკლესია და სასულიერო პირები არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს არაადამიანურობასთან, უზნეობასთან, ადამიანის და ერის ღირსების ფეხით გათელვასთან, სასულიერო პირებმა პირველებმა უნდა აღიმაღლონ ხმა. შემზარავია პატიმართა წამების ფაქტები საქართველოს ციხეებში. ასეთი სისასტიკე, ასეთი ჯალათური დამოკიდებულება პატიმართან განა შეიძლება 21-ე საუკუნეში არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც ევროპულობის პრეტენზია აქვს? როგორ შეუძლიათ ამ ჯალათებს, ასე სტანჯონ ადამიანი, თანამოქალაქე, ციხეში მყოფი ისედაც უბედური ადამიანი და მერე გამოვიდნენ ქუჩაში და ადამიანების სახით იარონ. ვთვლი, რომ ეს ადამიანები ღმერთისგან მიიღებენ საშინელ სასჯელს ამ ბოროტებისთვის. მაგრამ, ამ ქვეყნის კანონებითაც უნდა დაისაჯონ უმკაცრესად და სამაგალითოდ. მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ჩვენს მრევლს, სიტყვით მაინც უმკაცრესი შეფასება მისცენ ამ არაადამიანურ საქციელს.

სიმართლით ნათქვამ სიტყვას დიდი ძალა აქვს! ღმერთი არ გვაპატიებს ნელთბილობას! ცუდს უნდა ვუწოდოთ ცუდი, და კარგს - კარგი. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და შეუმსუბუქოს ტანჯვა ამ ძალადობის ყველა მსხვერპლს. ღმერთმა გადაარჩინოს საქართველო!"

თბილისის კარის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი: - სააკაშვილი რომ გაიძახის, არ ვიცოდი ციხეში რაც ხდებოდაო, სიცრუეა! ყველაფერი მაგის შეკვეთით იყო! პატრიარქმა უამრავჯერ გააფრთხილა, ხმები მომდის და ღმერთი არ გაგიწყრეთ, პატიმრებს არ შეეხოთ, არ აწამოთო. რამდენჯერ ქადაგებაში თქვა ამის შესახებ... სატანიზმი სხვა კი არაფერია - სჩადიოდე ასეთ ბოროტებას და თვალთმაქცობდე! ეს არის ეშმაკთან გარიგება, სულის გაყიდვა.

ერთმა მკითხა, მიშა ანტიქრისტე ხომ არისო? არა, ის ანტიქრისტეს საცდელი ვირთხაა.

- პატიმრების გაუპატიურების შესახებაც იცოდით, თუ ამას არ გეუბნებოდნენ?

- რაც ამ კადრებში ვნახე, წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით ვერ გავუძელი პატარა ბავშვის, 14 წლის ბიჭის წვალებას. როგორია, ამის ნახვის შემდეგ ჯალათის განადგურება არ მოგინდეს? მაგრამ უნდა მოითმინო ეშმაკის მოგვრილი ვნება. ეს არ უნდა მოხდეს! აქამდე არ უნდა მივიდეთ! ვინც ამ ხალხს აწამებდა, ისინიც მსხვერპლნი არიან - თუ ამას არ გააკეთებდნენ, მათ დასჯიდნენ. მხოლოდ პატიმრებს კი არ აწამებინებდნენ ჯალათები, ციხის მომსახურე პერსონალს აიძულებდნენ, მათი ბინძური დავალებები შეესრულებინათ. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ყველამ პატრიარქის მოწოდებას უნდა მიაპყროს ყური. მან მოგვიწოდა, დავშოშმინდეთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მკაცრი პოზიცია არ გამოვხატოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ნამდვილი ბრძოლა. სახარებაში წერია: დაემორჩილე ღმერთს, წინ აღუდექი ეშმაკს და ილტვოდეს შენგან! ამიტომაც ახლა მთავარია სიმშვიდე, რომ ვიღაცების ლინჩის წესით გასამართლების სურვილმა არ სძლიოს ხალხის გონიერებას. მშვიდად უნდა მოვითხოვოთ ყველა დამნაშავის გასამართლება. ამასთან, გვახსოვდეს, რომ რაც ხდება, არ არის მხოლოდ სააკაშვილის ცოდვა და დანაშაული - ეს მთელი ერის ცოდვაა, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგჯერ თვალს ვხუჭავდით, როდესაც ეს არ ეგებოდა და ვაკეთებდით არასწორ არჩევანს.

- რას გულისხმობთ არასწორ არჩევანში?

- გემახსოვრებათ, ყოველთვის შევარდნაძის მოწინააღმდეგე ვიყავი, მაგრამ როდესაც მიშამ მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, გამიკვირდა, ის ხომ მისი მამა და მოძღვარი იყო პოლიტიკაში? რაც უნდა უვარგისი იყოს მამა, მისი მაგინებელი შვილი უკეთესი ვერ გახდება. ამაზრზენი იყო, როდესაც "მამის" საშინელი განკითხვა დაიწყო და ხალხიც გვერდით დაუდგა. შევარდნაძის წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა, მაგრამ მამის წინააღმდეგ მებრძოლ შვილთან ერთად - არა. უნდა ეგრძნო ერს, რომ მიშაც ედუარდივით ურჩხული და უზნეოა.

ახლა მას ხომ ის ადამიანები აგინებენ, ვინც ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა? თავის თავში ჩაიხედოს ყველამ.

ქვეყანა როგორსაც იმსახურებს, ისეთი მმართველი ჰყავს. ეს ხელისუფლება თავიდანვე ავლენდა უზნეობის ნიშნებს. გავიხსენოთ, როგორ შეუვარდა ირაკლი ოქრუაშვილი ბონდო შალიკიანს საძინებელში, ან როგორ დაიწყეს ვერტმფრენით აფრასიძეებზე ნადირობა! არც ერთ შემთხვევაში არ მოერიდნენ ოჯახებს, ბავშვებს, უდანაშაულო ადამიანებს. ერთი კაცის აყვანას რა უნდოდა? გამოვიდა ვინმე და გააპროტესტა მომხდარი? ფოტორეპორტიორები რომ ვითომ ჯაშუშობისთვის დაიჭირეს და ჟურნალისტები მიტინგებს აწყობდით, რამდენი მოქალაქე დაგიდგათ გვერდით? ვხედავდი, აქციებს მხოლოდ ჟურნალისტები ესწრებოდით. რატომ, ხალხისთვის სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი იყო? ათეიზმმა გამოაშტერა ჩვენი საზოგადოება! ღვთისმშობლის წილხვედრი და მრავალი წამებულის მშობელი ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს ამ საშინელი სადიზმითა და უხამსობით! ამიტომაც, იქნებ ახლა მაინც ყური და გული მივუგდოთ პატრიარქს და დავუჯეროთ, რომ არჩევნებამდე მშვიდობით მივიდეთ.

სამართალი უნდა მოითხოვო, არ უნდა ელოდო. ახლაც მოითხოვე, დამნაშავეები დაისაჯონ, შენი მთავარი პროტესტი კი არჩევნებზე გამოხატე და მერეც შენი არჩეული მუდმივად აკონტროლე!

სამწუხაროდ, ქართველობა აირჩევს ვიღაცას და ან როგორც მამა-მარჩენალს მონა, ისე შესჩერებია, ან ხელისუფლებას მიანდობს მთლიანად საქმეს. როგორ შეიძლება ეს? სწორედ ამიტომ ისიც ნახირივით თავის ჭკუაზე მიგვერეკება. სახლს რომ აშენებ და მუშების ჯგუფს ხელმძღვანელს დაუნიშნავ, არ უნდა მიაქციო ყურადღება? შენ რომ კაცს ხმას აძლევ და პოლიტიკაში მოგყავს, სახლზე მეტს - სახელმწიფოს აბარებ. მუშები თუ ცემენტს გპარავენ და სახლს ცუდად გიშენებენ, ხმას თუ არ ამოიღებ, ხომ დაგენგრევა თავზე? პირველ რიგში ერს, საზოგადოებას სჭირდება თავის თავში ჩახედვა და სულიერი გამოწრთობა.

ეკლესია აპოლიტიკური უნდა იყოსო! რატომ? ეკლესია  კაცს სამოთხის კარს უღებს და ამქვეყნად ცხოვრებას ვერ ასწავლის?

- ბოლო დროს თავად მღვდელმსახურნი ამბობენ, რომ პრობლემა ეკლესიაშიც შეიპარა უზნეო სასულიერო პირების სახით.

- ეკლესიაში პრობლემა არ არსებობს. თუ არსებობს, არც ეს დაიმალება, როდესაც ამ მთავრობას გააგდებ, მათ საიდუმლო სეიფებში ყველა უზნეო სასულიერო პირის შესახებ იქნება საბუთი. იქ იქნება განმარტებული, ვინ რითი ჰყავდათ გამოჭერილი და რას ავალებდნენ. თუ ზნეობრივი ხელისუფლება მოვა, ამ დოკუმენტებს პატრიარქს გადასცემს და ის გაგვწმენდს უზნეოთაგან. რომ გაიძახიან, რუის-ურბნისის კრება უნდა ჩავატაროთო, ჩატარება აღარ უნდა - დავით აღმაშენებლის დროს რა კანონებიც მიიღეს, ის უნდა დავიცვათ.

"რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს, რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ“ (ძველი აღთქმა; ამოსი 5: 11-12).

ეს მთელი ერის შეურაცხყოფაა

"გვჭამენ ვამპირები, გვიშველეთ"! "მესამე დღეა, არაფერი არ ხდება, მაგრამ გვპირდებიან, ჩაწყნარდება ყველაფერი და დაგლეწავთო"; "გვიშველეთ"! "ჩვენი უფლებები ირღვევა"!" - ასეთია შინაარსი პატიმრების წერილებისა, რომლებიც მათ 22 სექტემბერს გლდანის მერვე საპყრობილეში შესულ სასულიერო პირებსა და ჟურნალისტებს გადასცეს.

გლდანის ციხის პირველ კორპუსში მყოფი ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები ქსნის #19 დაწესებულებაში, ტუბზონაში გადაყვანას მოითხოვენ. "კვირის პალიტრა" მერვე საპყრობილეში პატიმრების მონახულების შემდეგ დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა.

- უმძიმესი სურათი ვნახე. დაჩაჩანაკებული, გაუბედურებული, პატივაყრილი, ღირსებაწართმეული კაცები.  წუხდნენ, დღეს თქვენ აქ ხართ, სასულიერო პირები და ჟურნალისტები, როცა წახვალთ, რა გვეშველებაო.  დაიჩივლეს, რომ კვლავ სამსახურში რჩებიან ოფიცრები, ვინც პატიმრებს აწამებდა. ერთY-ერთი მათგანი თურმე თავიდანვე გამოჰყვა ჩვენს ჯგუფს. მას პატიმრებმა ლანძღვა დაუწყეს და ამის მერე ჩამოგვშორდა. აღსანიშნავია, რომ პატიმრები მადლობას უხდიდნენ იმ ოფიცრებს, რომელთა წყალობითაც ცოცხლები გადარჩნენ. ყველა ძალიან მადლიერი იყო ციხის უფროსის მოადგილის - ალეკოსი. სამწუხაროდ, მისი გვარი ვერ დავიმახსოვრე. ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ჩანს. მან ჩაიბარა პატიმრების მიერ დასახელებული ბოროტმოქმედი ოფიცრების სია და თქვა, რომ ყველაფერს მიხედავს. საინტერესო იყო ერთი ფაქტი: ოფიცრები, რომელთაც პატიმრები მადლობას უხდიან, ამბობენ, ყველა დაგვაყენონ პატიმრების წინაშე, ვის შესახებაც ისინი იტყვიან, რომ გასაგდებია, გაგვყარონ, ან დაგვსაჯონო. ამჟამად იქ მართლა სიმშვიდეა. ხალხი ამბობს, ახლა მოგვეცა ხმის ამოღების უფლება, თორემ აქამდე საშინლად გვექცეოდნენო.

- თურმე, ზოგმა პატიმარმა შიმშილი დაიწყო, ზოგმა პირი ამოიკერა...

- დიახ, ჩვენ ვნახეთ მოშიმშილეები. მესამე სექტორში იყვნენ და ერთს პირიც ჰქონდა ამოკერილი. ვთხოვეთ, პირი გაეხსნა და დაგვიჯერა. დანარჩენებმაც შეწყვიტეს შიმშილობა. ტუბერკულოზით დაავადებულები შიმშილობდნენ. ყველა არასრულწლოვანიც მოვინახულეთ.

- ხმები დადის, რომ პატიმრებს ემუქრებიან, ნაციონალები გავიმარჯვებთ და მერე ვერავინ გიშველითო.

- დიახ, თუმცა ახალი ნაცემი არავინ იყო. უახლოესი  სამი დღის განმავლობაში ხელი არავისთვის დაუკარებიათ. მანამდე კი თურმე, ძირითადად, აბანოში გაჰყავდათ, იქ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, შემდეგ კი კიბეებზე მოათრევდნენ ძირს დაგდებულს. ახლა მათზე ძალადობა რომ ხორციელდებოდეს, იტყოდნენ, არ დამალავდნენ, რადგან მწამებლებს ღიად დაუპირისპირდნენ. ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა ერთმა ამბავმა.

მიმიყვანეს ერთ საკანთან, სადაც იჯდა პატიმარი, რომელსაც თავის მოკვლა ჰქონია გადაწყვეტილი. ის ნაწამები და შეურაცხყოფილი იყო. აწამეს იმით, რომ მეგობრის გაუპატიურებას აყურებინეს.

ველაპარაკეთ მასაც და აღგვითქვა, რომ თვითმკვლელობის ცოდვას არ ჩაიდენს. საწყალი, ძალიან დათრგუნვილი იყო. როგორც ამბობენ, პატიმრებს ადრე ძირითადად იმისთვის აწამებდნენ, რომ ქურდებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ... ბოლო ხანებში კი, მათ აწამებდნენ ერთი მიზეზით - ბიძინას რატომ არ აგინებთო. ამაზრზენია, რაც მოხდა, ეს მთელი ერის საშინელი შეურაცხყოფაა.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები | რა ხდება ქართულ ციხეებში |

- პატიმრების ნაამბობი გლდანის ციხის ეგრეთ წოდებული "პატარა ჯოჯოხეთიდან"

- "მკურნალობიდან ამოღებულ წამლებს გვასმევენ" - ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები შიმშილობენ

- რა ხდება გლდანის ციხეში - პირველი კადრები საპყრობილიდან

- პატიმრებს აცეკვებდნენ და უხამს ანეკდოტებს აყოლებდნენ - რას უყვება პრობაციონერი "პალიტრა ტვ"-ის

- არასრულწლოვნების წამების ამსახველ ახალ ვიდეომასალას მე-9 არხი ავრცელებს