ვინ არის ანგელა მერკელის ქართველი ფავორიტი - კვირის პალიტრა

ვინ არის ანგელა მერკელის ქართველი ფავორიტი

გზა ბალერინობიდან კუნგ-ფუმდე

"რა ვქნა, მიყვარს, როცა ქალს თავის დაცვა შეუძლია"

ამბობენ, რომ ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საყვარელი ბალერინაა... თუმცა, მძიმე ტრავმის გამო, მისი საბალეტო კარიერა დროზე ადრე, 20 წლის ასაკში შეწყდა... ხატავს, მღერის და კუნგ-ფუსაც ეუფლება, რადგან ფიქრობს, რომ ქალს თავის დაცვა უნდა შეეძლოს...

თათა ჯაში: - თბილისში დავიბადე. დედა ხელოვნებათმცოდნეა, მამა კი ეკონომისტი. წლისა რომ გავხდი, მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად. 7 წლამდე იქ ვცხოვრობდით, შემდეგ საქართველოში დავბრუნდით.

მშობლებს არც უფიქრიათ ბალეტზე ჩემი მიყვანა, რომ არა დედას მეგობრის, მანანა დოიაშვილის რჩევა, ბალეტიც მოსინჯეო. მას უკვე დაჰყავდა შვილი ბალეტზე, მე კი ევროპულ და ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. იმ დროს ყაზბეგში ვისვენებდი, თბილისში ჩამომიყვანეს და საბალეტო გამოცდაზე გავედი, რომელსაც გოგი ალექსიძე ესწრებოდა. გამომიცხადეს, რომ მიმიღეს ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. დედა წინააღმდეგი იყო, ბალეტს გავყოლოდი, ფიქრობდა, რომ პროფესიონალურად მის შესწავლას დიდი შრომა სჭირდებოდა, მაგრამ ჩემმა პედაგოგმა, ნატალია დიღმელაშვილმა გადააფიქრებინა.

სხვათა შორის, თურმე ჯერ კიდევ 2-3 წლისა ვამბობდი, ბალერინა უნდა გამოვიდე-მეთქი, რაზეც ყველას ეცინებოდა, რადგან მაშინ პუტკუნა და ახტაჯანა ბავშვი ვიყავი.

ჩემი პირველი წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე "ჭაბუკიანი-ბალანჩინი" 9 წლის ასაკში მიღებული დიპლომი იყო, რომელიც როგორც საუკეთესო დებიუტანტს გადმომცეს. შემდეგ 13 წლისამ გერმანიის სახელმწიფო საბალეტო სკოლიდან მივიღე მოწვევა. მშობლებს ეშინოდათ ჩემი გერმანიაში გაშვება, მაგრამ წინადადება იმდენად მიმზიდველი იყო (სრული სპონსორობით, სტიპენდიითა და 15 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დაფინანსებით), რომ ამაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა და ბერლინში გავემგზავრე. იქ საბალეტო სკოლის ინტერნატში ვცხოვრობდი და პირადი აღმზრდელი მყავდა. თავიდან გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, მანამდე ხომ მშობლების გარეშე არსად ვყოფილვარ. იმავე წელს "შტადს ოპერის" ხელმძღვანელებმა ბალანჩინის "სერენადაში" მთავარი პარტია მომცეს.

ძნელი იყო ერთდროულად თეატრში მუშაობა და საბალეტო სკოლასა და თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა. დილის 6 საათზე ვდგებოდი და საღამოს 8 საათზე ვბრუნდებოდი შინ. ბევრს ვმეცადინეობდი და სულ რაღაც 4-5 საათი მეძინა, კვირაში კი მხოლოდ 1 დღე ვისვენებდი. დატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ ვახერხებდი ევროპის სხვადასხვა საბალეტო კონკურსში მონაწილეობას. მხოლოდ ერთხელ გავედი გერმანიის საერთაშორისო კონკურს "ტანცოლიმპზე", სადაც უამრავი მოცეკვავე იყო ჩამოსული მთელი მსოფლიოდან. მეორე ადგილი დავიკავე, ვერცხლის მედლის მფლობელი გავხდი. დასანანია, რომ კონკურსში გერმანიის სახელით გამოვდიოდი, რადგან სპონსორები ისინი იყვნენ.

- ამბობენ, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საყვარელი ბალერინა ხარ.

- "ტანცოლიმპის" შემდეგ, გერმანიაში გამართულ ყველა მნიშვნელოვან კონცერტსა თუ წვეულებაზე მიწვევდნენ. მაყურებელთა შორის იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, გერმანიის ცნობილი პირები, პოლიტიკოსები. ანგელა მერკელმა ბერლინის სასახლე "ბელევიუში" მნახა, ძალიან მოვეწონე და მისი სახელით გამართული ხელოვნების საღამოების გახსნის პატივი დამდო.

- ფოტომოდელიც ხარ...

- ფოტომოდელობით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. დეიდაჩემს, ლიკა ყაზბეგს სამოდელო სააგენტო აქვს და ამდენ მოდელს რომ ვუყურებდი, მეც მინდებოდა პოდიუმზე გამოსვლა. გერმანიაშიც გავაგრძელე ფოტომოდელობა, მაგრამ დროის სიმცირის გამო აქტიურად ვერ ჩავერთე იქაურ სამოდელო ბიზნესში. გალერეა "ლუმას" 2009 წლის სახე გავხდი, მსოფლიოში სულ 11 ასეთი გალერეაა და ჩემი ფოტოები ყველგან იყო გამოფენილი. თითოს ფასი 1.900 ევროდან იწყებოდა. 2009 წელს, ახლა უკვე საქართველოს სახელით, გავემგზავრე სილამაზის კონკურსზე Queen of the World, სადაც 60 ქვეყანა მონაწილეობდა. საუკეთესო ათეულში მოვხვდი და მეექვსე ადგილი დავიკავე.

- წარმატებული კარიერა გქონდა ბალეტში, მაგრამ იძულებული გახდი, თავი დაგენებებინა...

- მძიმე ტრავმა მივიღე ხერხემალზე და ნახევარი წელი მოძრაობაც კი მიჭირდა. როცა უკეთ გავხდი, წონაში ძალიან მოვიმატე. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე - ბალეტს თავი დავანებე, რადგან ფორმის აღდგენას დიდი დრო დასჭირდებოდა.

ამის შემდეგ ხატვაზე დავიწყე სიარული, ვოკალის დამუშავებას შევუდექი და თან, პიარის კურსებიც გავიარე. მოკლედ, გადავწყვიტე, თავი სხვა სფეროში მეცადა. მართალია, ხატვაც და სიმღერაც კარგად გამომდიოდა, მაგრამ ცეკვა ძალიან მენატრებოდა. მუსიკა რომ მესმის, ან ცეკვას ვუყურებ, ტანში ჟრუანტელი მივლის. ამიტომ მოდერნისა და Contemporary-ს მიმართულებით დავიწყე ვარჯიში.  ცეკვის ეს სახეობები საქართველოში არ არის განვითარებული, ევროპაში კი პოპულარობის ზენიტშია.

- უცნაურია, მაგრამ ორთაბრძოლების ოსტატიც ხარ, ასე არ არის?

- რამდენიმე ფილმსა და სარეკლამო კლიპში გადამიღეს. სამი თვე ვემზადებოდი კუნგ-ფუში და ამით ჩემი ბავშვობის ოცნებაც ავისრულე. ძალიან მინდოდა კარატეზე სიარული. ცოტა ხანს კრივზეც დავდიოდი, მაგრამ მშობლებმა როგორც კი გაიგეს, მაშინვე გამომიყვანეს. რა ვქნა, მიყვარს, როცა ქალს თავის დაცვა შეუძლია.